ბრძანება N 9823

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.05.2023
№ დოკუმენტი 9823
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9823

4 მაისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ "-------" (პ/ნ "-------" )

(მის.: "-------" )

2023 წლის 9 და 10 მარტის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი №41) განიხილა ფ/პ "-------" - ის (პ/ნ "-------" ) 2023 წლის 9 მარტის №79563/1/2023 და 2023 წლის 10 მარტის №41678/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 თებერვლის №071-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მომჩივანი აცხადებს, რომ მის მიერ შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებში მითითებული საქონლის რეალიზებულად მიჩნევა არასწორია და ვინაიდან არ არსებობს აღნიშნული საქონლის რეალიზაციის ფაქტი. მომჩივანი განმარტავს, რომ შიდა გადაზიდვის დროს არსებული მასალა არასდროს ყოფილა რეალიზებული, შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებების გამოწერა ხდებოდა მყიდველის მიერ საქონლის დაწუნების ან ავტომობილის გაუმართაობის გამო საქონლის უკან დაბრუნების დროს. აცხადებს, რომ ყველა შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადები გასაუქმებელია და მათში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაციაში ჩართვა არ უნდა მომხდარიყო.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 ნოემბრის №28815 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ფ/პ "-------" - ის (პ/ნ "-------" ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 10 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 22 თებერვალს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 24 თებერვლის №3559 ბრძანება და 2023 წლის 27 თებერვლის №071-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 31 573 ლარი, მათ შორის, გადასახადი 22 078 ლარი, ჯარიმა 6 175 ლარი, საურავი 3 320 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ფ/პ "-------" - ის (პ/ნ "-------" ) მიერ ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებით დგინდება, რომ ფ/პ "-------" -ს სახერხი საამქროების მიერ გაცემული ცნობები გამოყენებული აქვს ხის მასალის შიდა გადაზიდვის და რეალიზაციის ამსახველ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში. გარკვეულ პირებს, ფ/პ "-------" - თვის ხის მასალის მიწოდება რეალურად არ განუხორციელებიათ და მეწარმეებს, მათ წარმომადგენლებს, შორის ადგილი ჰქონდა ფიქტიურ ოპერაციებს, რის შედეგადაც ფ/პ"-------" -თვის გამოწერილ იქნა შესყიდვის/რეალიზაციის ამსახველი ხე-ტყის ყალბი სასაქონლო ზედნადებები. ასევე დადგენილია, რომ ფ/პ "-------" -ის მიერ ზემოხსენებული ყალბი სასაქონლო ზედნადებები და მასში მითითებული სახერხი საამქროების მიერ გაცემული ცნობის ნომრები გამოყენებულია არაერთ შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებში, რომლითაც "-------" -ის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან სხვადასხვა ქალაქებში/სოფლებში განახორციელეს ხის მასალის შიდა გადაზიდვა და მისი უსაბუთოდ, ზედნადების გარეშე რეალიზაცია, შემდგომ აკორექტირებდნენ შიდა გადაზიდვის ზედნადებებს, უცვლიდნენ ტრანსპორტირების დასრულების ადგილს და უთითებდნენ მასში ფიქსირებულ ტრანსპორტირების დაწყების მისამართს, საიდანაც იგივე ცნობის ნომრით არაერთხელ განახორციელეს ხის მასალის გადაზიდვა და რეალიზაცია.

შემოწმებით ირკვევა, რომ ფ/პ "-------" (პ/ნ "-------" ), შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, რეგისტრირებულია ფიზიკურ პირად და მინიჭებული აქვს მიკრო ბიზნესის სტატუსი. პირის საქმიანობას წარმოადგენს სოფლის მეურნეობის ტექნიკაზე (ტრაქტორზე) მექანიზატორის საქმიანობა. პირს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია წარდგენილი არ აქვს. გადამხდელს მიღებული შემოსავალი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის და 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაებეგრა საშემოსავლო გადასახადით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით, ფ/პ "-------" -ს 2021 წლის დასაბეგრი შემოსავალი გაეზარდა 117 048 ლარით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.

 შემოწმებით ირკვევა, რომ ფ/პ "-------" არ იყო რეგისტრირებული დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად. გადამხდელის მიმართ შესამოწმებელ პერიოდზე შედგენილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის ბრუნვის ცხრილი, ნებისმიერი 12 უწყვეტი კალენდარული თვის პერიოდზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დამატებული ღირებულების გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2021 წლის 12 დეკემბერი. შემოწმებით გაზრდილმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ გამოიწვია დამატებული ღირებულების გადასახადში თანხის დარიცხვა. მეწარმე ასევე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ხოლო, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 ნაწილების თანახმად:

1. შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა. 2. საგადასახადო სამართალდარღვევით მიღებული შემოსავალი ან განხორციელებული სხვა ოპერაცია იბეგრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების, თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის/მასალებით დადგენილია, რომ ფ/პ "-------" -ს ყალბი სასაქონლო ზედნადებები და მასში მითითებული სახერხი საამქროების მიერ გაცემული ცნობის ნომრები გამოყენებული აქვს არაერთ შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებში, რომლითაც "-------" -ის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან სხვადასხვა ქალაქებში/სოფლებში ახორციელებდა ხის მასალის შიდა გადაზიდვას და დოკუმენტების გარეშე რეალიზაციას. შემდგომ, ხდებოდა აღნიშნული შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებების კორექტირება, უცვლიდა ტრანსპორტირების დასრულების ადგილს და დასრულების მისამართში უთითებდა ტრანსპორტირების საწყის ადგილს, საიდანაც იგივე ცნობის ნომრით არაერთხელ განახორციელა ხის მასალის გადაზიდვა და რეალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, საგამოძიებო მასალებში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, გაიზარდა ფ/პ "-------" - ის 2021 წლის ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

აგრეთვე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯიც. კერძოდ, ისეთი სახეობის საქონელზე, რომელთა შეძენაც დასტურდებოდა დოკუმენტით (დოკუმენტში არსებული ფირნიშის ნომრები არის ყალბი), აღებული იქნა დოკუმენტურად დაფიქსირებული ხარჯის 75%-ი, ხოლო შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებების მიხედვით მიღებული შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯად დაფიქსირდა საგამოძიებო მასალებში, გამოკითხვის ოქმის მიხედვით დაფიქსირებული შეძენის ღირებულებები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, არ იყო რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად, არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით და არსებული ინფორმაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ "-------" - ის (პ/ნ "-------" ) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებით დგინდება,რომ მომჩივანს სახერხი საამქროების მიერ გაცემული ცნობები გამოყენებული აქვს ხის მასალის შიდა გადაზიდვის და რეალიზაციის ამსახველ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში. გარკვეულ პირებს, ფ/პ -თვის ხის მასალის მიწოდება რეალურად არ განუხორციელებიათ და მეწარმეებს, მათ წარმომადგენლებს, შორის ადგილი ჰქონდა ფიქტიურ ოპერაციებს, რის შედეგადაც ფ/პ-თვის გამოწერილ იქნა შესყიდვის/რეალიზაციის ამსახველი ხე-ტყის ყალბი სასაქონლო ზედნადებები. ასევე, მომჩივნის მიერ ზემოხსენებული ყალბი სასაქონლო ზედნადებები და მასში მითითებული სახერხი საამქროების მიერ გაცემული ცნობის ნომრები გამოყენებულია არაერთ შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებში

გადამხდელს მიღებული შემოსავალი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის და 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაებეგრა საშემოსავლო გადასახადით.

გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.

ასევე,შემოწმებით გაზრდილმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ გამოიწვია დამატებული ღირებულების გადასახადში თანხის დარიცხვა.

მეწარმე ასევე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

136(3),159,163,164,100,102,