გადაწყვეტილება №20534/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.01.2024
№ დოკუმენტი 20534/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20534/2/2023

31 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (პ/ნ ---)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ს 10.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20534/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ქონების გადასახადის ნაწილში რიცხული დავალიანების შემცირებაზე უარი;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია გასაჩივრების ვადა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 11.04.2023 წლის №21-11/30459 წერილი;

2. შემოსავლების სამსახურის 3.10.2014 წლის №046-1026 შეტყობინება;

3. ანალიტიკური დეპარტამენტის 16.12.2020 წლის №021-1289 ბრძანება;

4. ვალის მართვის დეპარტამენტის 2.04.2021 წლის №2020/021-1289/01 აქტი;

5. შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18633 ბრძანება.

 

პროცედურული გარემოებები

2011-2017 წწ. საანგარიშო პერიოდზე დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების შემცირების მოთხოვნით მომჩივანმა შემოსავლების სამსახურს მიმართა განცხადებით. მომსახურების დეპარტამენტის 11.04.2023 წლის №21-11/30459 წერილით გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა 2011-2017 წლების პერიოდზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის შემცირებაზე არ დაკმაყოფილდა.

საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, მისი გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით შემოსავლების სამსახურის 3.10.2014 წლის №046-1026 შეტყობინებით მომჩივნის ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, ხოლო აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამო ანალიტიკური დეპარტამენტის 16.12.2020 წლის №021-1289 ბრძანებით ყადაღა დაედო მომჩივნის ქონებას, რაზეც შედგა ვალის მართვის დეპარტამენტის 2.04.2021 წლის №2020/021-1289/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.07.2023 წლის №18633 ბრძანებით საჩივარი შემოსავლების სამსახურის 3.10.2014 წლის №046-1026 შეტყობინების, ანალიტიკური დეპარტამენტის 16.12.2020 წლის №021-1289 ბრძანების და ვალის მართვის დეპარტამენტის 2.04.2021 წლის №2020/021-1289/01 აქტის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, ხოლო მომსახურების დეპარტამენტის 11.04.2023 წლის №21-11/30459 წერილის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18633 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ქონების გადასახადის ნაწილში რიცხული დავალიანების შემცირებაზე უარი

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2.10.2014 წელს --- რაიონში, სოფელ --- მდებარე 3,5 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ----) მომჩივანს დაერიცხა 2011-2013 წლების ქონების გადასახადი. 2011-2013 წწ. გადასახადი დარიცხულია საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე 2011 წელს წლიურად 227 ლარის ოდენობით, 2012-2013 წწ. წლიურად 255 ლარის ოდენობით, ხოლო 2014-2022 წწ.

გადასახადი დარიცხულია ავტომატური რეჟიმით (STS პაკეტით) საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, ასევე წლიურად 255 ლარის ოდენობით. აღნიშნული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამის (NAPRWEB3.5) მონაცემებით, მომჩივნის საკუთრებაში ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს 12.01.2010 წლის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის (№2397) საფუძველზე.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით:

- 2011-2013 წწ. დარიცხვებზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები ადრესატისთვის ჩაბარებულია ფოსტით 27.10.2014 წელს;

- 2014 წ. დარიცხვაზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა - 22.01.2015 წელს;

- 2015-2017 წწ. დარიცხვებზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები გადამხდელთან არ გაგზავნილა;

- 2018-2020 წწ. დარიცხვებზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნებს მომჩივანი გაეცნო ელექტრონულად გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული ვებგვერდზე 18.08.2021 წელს;

- 2021 წლის საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 12.01.2022 წელს;

- 2022 წლის საგადასახადო მოთხოვნა

- 21.04.2023 წელს.

ფ/პ ---მ (პ/ნ ---) 3.04.2023 წლის №57144/21 განცხადებით მოითხოვა 2011-2017 წწ. საანგარიშო პერიოდებზე დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება. მომსახურების დეპარტამენტის 11.04.2023 წლის №21-11/30459 წერილის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (----: 31.13.24.005) არ ვრცელდება საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათი.

2011-2013 წწ. ქონების გადასახადი დარიცხულია 2.10.2014 წელს და 1.01.2013 წლის მდგომარეობით გადამხდელს დავალიანება არ ერიცხებოდა, შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1 “ ქვეპუნქტის თანახმად დავალიანების ჩამოწერა ვერ განხორციელდება. ასევე, 2011-2014 წწ. დარიცხვებზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები ადრესატისთვის ჩაბარებულია ფოსტით და გადასახადი ითვლება აღიარებულად, შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 45-ე ნაწილით საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა ვერ განხორციელდება. ამასთანავე, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ტერიტორიებზე და არც მიმდებარედ, შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 50-ე ნაწილის თანახმად დავალიანების ჩამოწერა ვერ განხორციელდება.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1 “ ქვეპუნქტზე და 45-ე და 50-ე ნაწილებზე და მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2011-2013 წლების ქონების გადასახადი დარიცხულია 2.10.2014 წელს და 1.01.2013 წლის მდგომარეობით ფ/პ---ს (პ/ნ ---) დავალიანება არ ერიცხებოდა, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1 “ ქვეპუნქტის თანახმად დავალიანების ჩამოწერა ვერ განხორციელდა. ამასთან, რადგან 2011-2014 წლების დარიცხვებზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები ჩაბარებულია ფოსტით და შესაბამისად გადასახადი ითვლება აღიარებულად (საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად) საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 45-ე ნაწილით საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა ვერ განხორციელდა, ხოლო ვინაიდან ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ტერიტორიებზე და არც მიმდებარედ, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 50-ე ნაწილის თანახმად დავალიანების ჩამოწერა ვერ განხორციელდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის ბრძანება არ შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და უნდა გაუქმდეს. გასაჩივრებულ ბრძანებაში შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2011-2013 წლების ქონების გადასახადი დარიცხულია 2.10.2014 წელს და 1.01.2023 წლის მდგომარეობით მომჩივანს დავალიანება არ ერიცხებოდა, შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1 “ ქვეპუნქტის თანახმად დავალიანების ჩამოწერა ვერ განხორციელდა, რაც არამართებულია. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ბარათზე ყველა სახის ოპერაციის ჩაწერა წარმოებს თავისდროულად და ქრონოლოგიური წესით, ჩანაწერის გაკეთების თარიღისა და დამადასტურებელი დოკუმენტაციის სისწორის დადგენით.

ამავე მითითების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ბარათებზე საგადასახადო ვალდებულების დარიცხვა ხორციელდება საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვადების მიხედვით. იგივე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ბარათზე აღურიცხავი ან/და არასწორად აღრიცხული მონაცემების გამოვლენის შემთხვევაში, საგადასახადო/საბაჟო ორგანო ახორციელებს ბარათზე ადრე დაფიქსირებული მონაცემების კორექტირებას შესაბამისი საგადასახადო/საბაჟო ორგანოს უფროსის/მოადგილის მიერ გამოცემული მოტივირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე.

ამდენად, 1.01.2013 წლამდე პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული უნდა იყოს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის კუთვნილი გადასახადები. დღეის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება გადასახადები, რომელთა გადახდის ვალდებულებაც აღარ აქვს, რაც უკანონოა.

საყურადღებოა, რომ „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანების მე-4 მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უუქმდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელზეც მომდევნო წლის პირველი იანვრის მდგომარეობით გასულია საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, თუ მას გაუქმების ოპერაციის გატარების თარიღამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (მათ შორის, დროებითი აღრიცხვის ბარათზე) გატარებული ოპერაცია.

ამ მიზნით, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ჩასათვლელი თანხა დარიცხული თანხის ტოლია).

რა მოტივით არ უნდა ჩამოეწეროს ის გადასახადები, რომელთა გადახდევინებისთვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვტილებით შემოსავლების სამსახური გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას ვერ გაატარებს, ხოლო მომჩივანს მისი გადახდის ვალდებულება აღარ აქვს. შესაბამისად, უკანონოა გასაჩივრებულ ბრძანებაში არსებული ჩანაწერი, რომ აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. ბათილად უნდა იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18633 ბრძანება საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილში. უნდა ჩამოიწეროს 2011-2017 წლების საანგარიშო პერიოდზე დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები, რომელთა გადახდის ვალდებულება გადასახადის გადამხდელს აღარ აქვს და გაუქმდეს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით მომჩივნის მიმართ გავრცელებული ღონისძიებები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაცია (მონაცემები), მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისთვის;

საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამის პერიოდში მოქმედი რედაქციით, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის ამჟამად მოქმედი რედაქციით აღნიშნული ვადა შეადგენს 3 წელს. საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 62-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-8 და მე-9 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა, აგრეთვე ამ კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და 72-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა არის:

ა) 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 5 წელი;

ბ) 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 4 წელი.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ, საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად:

5. ბარათებზე მონაცემთა შეტანის შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მონაცემები აისახება ბარათების სპეციფიკისა და შინაარსის გათვალიწინებით.

6. გადასახადის თანხების დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ კონკრეტულ საგადასახადო პერიოდისთვის გადასახადის გადამხდელის კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების თანხების აღრიცხვას და ასახვას მის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

7. ბარათებზე ყველა სახის ოპერაციის ჩაწერა წარმოებს თავისდროულად და ქრონოლოგიური წესით, ჩანაწერის გაკეთების თარიღისა და დამადასტურებელი დოკუმენტაციის სისწორის დადგენით.

თითოეულ სტრიქონზე ჩაიწერება მხოლოდ ერთი ოპერაცია, თავისუფალი სტრიქონები არ დაიტოვება. საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1 “ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება აღიარებული, 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისათვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ პირს 2013 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1611 მუხლის პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) ან საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1611 მუხლის პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება).

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 45-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწეროს საგადასახადო დავალიანება, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ იგი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით აღიარებულად არ ითვლება, აღნიშნული დავალიანების თანხის დარიცხვასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელისათვის არ ყოფილა წარდგენილი საგადასახადო ორგანოს შეტყობინება/საგადასახადო მოთხოვნა და გასულია მისი წარდგენის ხანდაზმულობის ვადა. საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 50-ე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება:

ბ) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწის მიხედვით დარიცხული და გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ მიწა მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ, რის გამოც პირი ვერ სარგებლობს მოცემული მიწის ნაკვეთით, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობით;

გ) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ქონების და მასზე დამაგრებული მიწის მიხედვით დარიცხული თუ გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ იგი ამ ქონებით ვერ სარგებლობს იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიერ საცხოვრებლად გამოყენების გამო და ეს ქონება რეგისტრირებულია, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რაც დასტურდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, რომლითაც დგინდება, რომ --ს რაიონში, სოფელ ---ში მდებარე მომჩივნის საკუთრებაში არსებული 3,5 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (---) 2011-2013 წლების ქონების გადასახადი მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულია 2.10.2014 წელს. გადასახადი დარიცხულია საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. 2014-2022 წწ. გადასახადი დარიცხულია ავტომატური რეჟიმით საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად.

2011-2013 წწ. დარიცხვებზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები ადრესატისთვის ჩაბარებულია ფოსტით 27.10.2014 წელს.

2014 წლის დარიცხვაზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა ჩაბარებულია 22.01.2015 წელს. 2015-2017 წწ. დარიცხვებზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები გადამხდელთან არ გაგზავნილა.

მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ შესაბამისი პერიოდების ქონების გადასახადი გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული უნდა ყოფილიყო 1.01.2013 წლამდე. ასევე, 2011- 2017 წლების საანგარიშო პერიოდებზე დარიცხულ ქონების გადასახადთან მიმართებით შემცირებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები მიჩნეული იქნა ხანდაზმულად.

მომსახურების დეპარტამენტის 11.04.2023 წლის №21-11/30459 წერილის მიხედვით, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (---) არ ვრცელდება საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათი.

2011-2013 წწ. ქონების გადასახადი დარიცხულია 2.10.2014 წელს და 1.01.2013 წლის მდგომარეობით გადამხდელს დავალიანება არ ერიცხებოდა, შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1 “ ქვეპუნქტის თანახმად დავალიანების ჩამოწერა ვერ განხორციელდება.

ასევე, 2011-2014 წწ. დარიცხვებზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები ადრესატისთვის ჩაბარებულია ფოსტით და გადასახადი ითვლება აღიარებულად, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 45-ე ნაწილით საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა ვერ განხორციელდება. ამასთანავე, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ტერიტორიებზე და არც მიმდებარედ, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 50-ე ნაწილის თანახმად, დავალიანების ჩამოწერა ვერ განხორციელდება.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე გადასახადი დარიცხულია შესაბამისი საფუძვლების წარმოშობის შემდეგ, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, არ დასტურდება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა, ხოლო საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებების ხანდაზმულად მიჩნევის თაობაზე მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტები არ წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულებების ჩამოწერის საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია გასაჩივრების ვადა

ფაქტების აღწერა

საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო გამოიცა შემოსავლების სამსახურის 3.10.2014 წლის №046-1026 შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული აღიარებული საგადასახდო დავალიანების საფუძველზე გამოიცა ანალიტიკური დეპარტამენტის 16.12.2020 წლის №021-1289 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, ასევე შედგენილია ვალის მართვის დეპარტამენტის 2.04.2021 წლის №2020/021-1289/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 299-ე მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილებზე და 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 3.10.2014 წლის №046-1026 შეტყობინება გადასახადის გადამხდელს ოსტით ჩაბარდა 17.10.2014 წელს. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 16.12.2020 წლის №021-1289 ბრძანება გადამხდელმა ხელზე ჩაიბარა 2.04.2021 წელს, ხოლო 2.04.2021 წლის №2020/021-1289/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტზე ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა.

შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 11.07.2023 წელს. მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის აღნიშნულ ნაწილში განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი 3.10.2014 წლის №046-1026 შეტყობინების, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 16.12.2020 წლის №021-1289 ბრძანების და 2.04.2021 წლის №2020/021- 1289/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი, რაც არამართებულია. არანაირი ბრძანება არ გასაჩივრებულა. არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების უფლება საგადასახადო ორგანოს არ აქვს, ხოლო გადასახადის გადამხდელს არ აქვს გადასახადის გადახდის ვალდებულება. 4.06.2021 წელს ვალის მართვის დეპარტამენტმა შუამდგომლობით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე ბრძანების გაცემა. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 17.06.2021 წლის ბრძანებით შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ღია აუქციონის წესით რეალიზაციას ექვემდებარება მომჩივნის კუთვნილი ყადაღადადებული ქონება, რეალიზაციის დროისათვის არსებული აღიარებული საგადასახდო დავალიანების ფარგლებში.

გადასახადის გადამხდელმა ზემოხსენებული ბრძანების გაუქმებისა და შუამდგომლობის უარყოფის მოთხოვნით საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 3.11.2021 წლის ბრძანებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 17.06.2021 წლის ბრძანება ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ხელახლა განიხილა შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა და 17.02.2022 წელს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ვალის მართვის დეპარტამენტს უარი ეთქვა მომჩივნის კუთვნილი ყადაღადადებული ქონების ღია აუქციონის წესით რეალიზაციაზე.

სასამართლომ განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების

- ქონებაზე ყადაღის დადების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი 2.04.2021 წელს წარედგინა. იმის გათვალიწინებით, რომ ამ აქტის წარდგენის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა აითვლება დავალიანების წარმოშობის კალენდარული წლის დასასრულიდან, აშკარაა, რომ 2018 წლამდე არსებულ დავალიანებაზე კანონით განსაზღვრული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით წარედგინება გადახდევინების უზრუნველსაყოფად საგადასახდო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების, ქონებაზე ყადაღის დადების გამოყენების შესახებ აქტი, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

ვინაიდან 2011-2017 წლების დავალიანებებზე გადახდევინების უზრუნველსაყოფად საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების - ქონებაზე ყადაღის დადების გამოყენების შესახებ აქტი კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის დარღვევით წარედგინა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტს უარი უნდა ეთქვას მომჩივნის კუთვნილი ყადაღადადებული ქონების ღია აუქციონის წესით რეალიზაციაზე.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 17.02.2022 წლის ბრძანება შემოსავლების სამსახურმა გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასმართლოს შემაჯამებელ დასკვნას შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და 8.07.2022 წლის ბრძანებით არ დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურის საჩივარი და უცვლელად დატოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 17.02.2022 წლის ბრძანება.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-9 ნაწილზე და განმარტავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ბრძანების შესაბამისად, მას შემოსავლების სამსახურის მიერ კანონით განსაზღვრული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით წარედგინა 2018 წლამდე არსებულ დავალიანებაზე გადახდევინების უზრუნველსაყოფად საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ღონისძიების გამოყენების შესახებ აქტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე მის მიმართ 2018 წლამდე არსებულ დავალიანებაზე გადახდევინების უზრუნველსაყოფად საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენება უკანონოა და უნდა გაუქმდეს.

ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს ადმინისტრაციული კანონი განსაზღვრავს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ბრძანებით მომჩივნის ქონების მიმართ 2018 წლამდე არსებულ დავალიანებაზე გადახდევინების უზრუნველსაყოფად საგადასახადო კოდექსით გათვალიწინებული ღონისძიების გამოყენება უკანონოდ ჩაითვალა. ამიტომ მომჩივნის ქონებაზე 2018 წლამდე არსებულ დავალიანებაზე გადახდევინების უზრუნველსაყოფად საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიება ვერ გატარდება.

შესაბამისად მომჩივნის ქონება 2018 წლამდე არსებული დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ვერ იქნება. აქედან გამომდინარე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ბრძანებით უკანონოდ იქნა ცნობილი 2011-2017 წლების საანგარიშო პერიოდებზე დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერისა და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით საგადასახადო ორგანოს მიერ გავრცელებული ღონისძიებები, რისი გაუქმების თხოვნით არაერთხელ მიმართა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს, მაგრამ უშედეგოდ.

ვალის მართვის დეპარტამენტიდან მიღებული წერილებში მხოლოდ საგადასახადო კოდექსის მუხლების ციტირებაა მოყვანილი და არ პასუხობს განმცხადებლის მოთხოვნას. წერილებიდან არ ირკვევა უნდა გაუქმდეს თუ არა 2018 წლამდე არსებულ დავალიანებაზე გავრცელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები და უნდა შეამციროს თუ არა 2018 წლამდე დარიცხული მიწაზე ქონების გადასახადი, რომლის გადახდის მოთხოვნის უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო შემოსავლების სამსახურს აღარ აქვს.

2018 წლამდე დარიცხული მიწაზე ქონების გადასახადი შემოსავლების სამსახურის მიერ გადახდევინების მოთხოვნის უფლების არქონას ადასტურებს სამტრედიის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ბრძანებაც.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-9 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის 35-ე თავით განსაზღვრული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები გამოიყენება მხოლოდ იმ საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად, რომელთა მოთხოვნის უფლება შემოსავლების სამსახურს გააჩნია.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში 2018 წლამდე დარიცხული მიწაზე ქონების გადასახადის მოთხოვნის უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო შემოსავლების სამსახურს აღარ აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებების გამოყენება უკანონო და დაუშვებელია. მომჩივანი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ბრძანებით მისი ქონების მიმართ 2018 წლამდე არსებულ დავალიანებაზე გადახდევინების უზრუნველსაყოფად საგადასახადო კოდექსით გათვალიწინებული ღონისძიების გამოყენება უკანონოდ იქნა ცნობილი. მის ქონებაზე 2018 წლამდე არსებულ დავალიანებაზე გადახდევინების უზრუნველსაყოფად საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიება ვერ გატარდება, შესაბამისად 2018 წლამდე არსებული დავალიანების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ვერ იქნება. განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო რიცხული საგადასახდო ვალდებულების შესრულების ვალდებულება არ გააჩნია, ხოლო საგადასახადო ორგანოს გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების უფლება აღარ აქვს.

ქონება შემოსავლების სამსახურის მიერ დღემდე უკანონოდ დაყადაღებულია, რის გამოც იზღუდება მისი კანონიერი უფლებები, ადგება ზიანი, კერძოდ ვერ ახერხებს საქმიანობის (სოფლის მეურნეობა) განვითარებას. ბათილად უნდა იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18633 ბრძანება საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილში, გაუქმდეს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით გავრცელებული ღონისძიებები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა ადრესატს პირადად.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილების თანახმად:

4. პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

10. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილების თანახმად:

2. ამ კოდექსით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო დღიდან.

დღე შეიძლება იყოს სამუშაო ან კალენდარული.

თუ არ არის მითითებული, დღე არის კალენდარული დღე. სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრული უქმე დღისა, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით, მოქმედება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სამუშაო დღის 24 საათამდე.

საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია განისაზღვროს სხვა უქმე დღეებიც. საქართველოს მთავრობის 16.04.2021 წლის №175 დადგენილების პირველი მუხლით 2021 წლის 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით დღეები და 10-11 მაისი განისაზღვრა უქმე დღეებად.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. ვალის მართვის დეპარტამენტის 16.08.2023 წლის №82419-21-17 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 3.10.2014 წლის №046-1026 შეტყობინება გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ფოსტით და ჩაბარდა 17.10.2014 წელს. ანალიტიკური დეპარტამენტის 16.12.2020 წლის №021-1289 ბრძანება გადასახადის გადამხდელმა ჩაიბარა ხელზე 2.04.2021 წელს. ხოლო, ამავე წერილით წარმოდგენილია ვალის მართვის დეპარტამენტის 2.04.2021 წლის 10 №2020/021-1289/01 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი, რომელიც ხელმოწერილია გადასახადის გადამხდელის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე:

ა) შემოსავლების სამსახურის 3.10.2014 წლის №046-1026 შეტყობინების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 17.11.2014 წელს (30-ე დღე ემთხვევა არასამუშაო კვირა დღეს);

ბ) ანალიტიკური დეპარტამენტის 16.12.2020 წლის №021-1289 ბრძანების და ვალის მართვის დეპარტამენტის 2.04.2021 წლის №2020/021-1289/01 აქტის გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 12.05.2021 წელი (30-ე დღე ემთხვევა არასამუშაო კვირა დღეს, მომდევნო დღე, ორშაბათი ემთხვევა საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ უქმე დღეს, ხოლო 2021 წლის 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით დღეები და 10-11 მაისი საქართველოს მთავრობის 16.04.2021 წლის №175 დადგენილებით განისაზღვრა უქმე დღეებად).

მომჩივანი მიუთითებს, რომ მის მიერ არცერთი ბრძანება არ გასაჩივრებულა. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ბრძანების შესაბამისად, მას შემოსავლების სამსახურის მიერ კანონით განსაზღვრული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით წარედგინა 2018 წლამდე არსებულ დავალიანებაზე გადახდევინების უზრუნველსაყოფად საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ღონისძიების გამოყენების შესახებ აქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მის მიმართ 2018 წლამდე არსებულ დავალიანებაზე გადახდევინების უზრუნველსაყოფად საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენება უკანონოა და უნდა გაუქმდეს. ქონება შემოსავლების სამსახურის მიერ დღემდე უკანონოდ დაყადაღებულია, რის გამოც იზღუდება მისი კანონიერი უფლებები და ადგება ზიანი. უნდა გაუქმდეს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით გავრცელებული ღონისძიებები. ვინაიდან მომჩივანმა გაუშვა სადავო აქტების გასაჩივრების ვადა, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18633 ბრძანება საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ქონების გადასახადის ნაწილში რიცხული დავალიანების შემცირებაზე უარი;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია გასაჩივრების ვადა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2011-2017 წწ. საანგარიშო პერიოდზე დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების შემცირების მოთხოვნით მომჩივანმა შემოსავლების სამსახურს მიმართა განცხადებით. მომსახურების დეპარტამენტის 11.04.2023 წლის №21-11/30459 წერილით გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა 2011-2017 წლების პერიოდზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის შემცირებაზე არ დაკმაყოფილდა.

საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, მისი გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით შემოსავლების სამსახურის 3.10.2014 წლის №046-1026 შეტყობინებით მომჩივნის ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, ხოლო აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამო ანალიტიკური დეპარტამენტის 16.12.2020 წლის №021-1289 ბრძანებით ყადაღა დაედო მომჩივნის ქონებას, რაზეც შედგა ვალის მართვის დეპარტამენტის 2.04.2021 წლის №2020/021-1289/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.07.2023 წლის №18633 ბრძანებით საჩივარი შემოსავლების სამსახურის 3.10.2014 წლის №046-1026 შეტყობინების, ანალიტიკური დეპარტამენტის 16.12.2020 წლის №021-1289 ბრძანების და ვალის მართვის დეპარტამენტის 2.04.2021 წლის №2020/021-1289/01 აქტის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, ხოლო მომსახურების დეპარტამენტის 11.04.2023 წლის №21-11/30459 წერილის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18633 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61 (3); 4; 309 (62; 37 ა1; 45; 50) 44 (6); 301 (ე); 299 (10).