ბრძანება N 11991
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11991
31.05.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------, ----------)
2022 წლის 26 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 10 ნოემბრის და 2023 წლის 4 მაისის სხდომებზე (ოქმი №106, №48) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 26 ივლისის №72976/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ივლისის №21-14/61250 წერილთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის წერილის შინაარსს და აცხადებს, რომ პასუხი არ შეესაბამება მის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რატომ ერიცხება 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ნაწილში დავალიანება, რომელიც 2022 წლის 2 აპრილს დროებითი ბარათიდან გადმოტანილია აღიარებულ დავალიანებაში. მომჩივანი აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის №ბს910(2კ-18) გადაწყვეტილების მიხედვით, გადამხდელს სრულად უნდა შემცირებოდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელში დარიცხული თანხები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის №27548 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2007 წლის 1 ივლისიდან 2012 წლის 28 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა 2013 წლის 19 ივლისის შუალედური, 2013 წლის 18 დეკემბრის შუალედური და 2016 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტები, გამოიცა 2013 წლის 22 ივლისის №33893, 2013 წლის 23 დეკემბრის №67724 და 2016 წლის 23 დეკემბრის №37868 ბრძანებები და 2013 წლის 22 ივლისის №031-9, 2013 წლის 23 დეკემბრის №31-26 და 2016 წლის 23 დეკემბრის №031-11 საგადასახადო მოთხოვნები. 2013 წლის 22 ივლისის №031-9 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 658 007 ლარი, მათ შორის, გადასახადი 320 546, ჯარიმა 117 947 და საურავი 219 514 ლარი, 2013 წლის 23 დეკემბრის №31-26 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით - სულ 8 637 ლარი, მათ შორის, გადასახადი 3 946 ლარი, ჯარიმა 1 601 ლარი და საურავი 3 090, ხოლო 2016 წლის 23 დეკემბრის №031-11 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებითი თანხები არ დარიცხვია.
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ნაწილში განხორციელებულ დარიცხვასთან დაკავშირებით შუალედური საგადასახადო შემოწმების აქტების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ფიზიკური პირებისგან შესაბამისი სასაქონლო ზედნადებებითა და შესყიდვის აქტებით შესყიდული აქვს მერქნული რესურსები, ხოლო საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, შესყიდვის და საქონლის ღირებულების გადახდის ფაქტები არ დასტურდება. გადამხდელს აღნიშნულ დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ ხე-ტყის ოდენობაზე შემოწმებით დაერიცხა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი, ხოლო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული თანხები განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 22 ივლისის №031-9 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2013 წლის 30 დეკემბრის №69166 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საჩივარი ასევე არ დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით.
აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის №31-26 საგადასახადო მოთხოვნა მომჩივანმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2014 წლის 8 აპრილის №20021 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საჩივარი ასევე არ დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით.
გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნები და მათთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ გამოცემული გადაწყვეტილებები გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტები და შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ შესაბამისი მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მიზნით გამოყენება. არც განსახილველ საქმეზე იქნა წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებს მიზნით ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების ფაქტს. ამასთან, განაჩენის მიხედვით, გამოძიებამ ვერ უზრუნველყო სასაქონლო ზედნადებებში მითითებული პირების იდენტიფიცირება. ხოლო ასეთ პირობებში დადგენილი გარემოებები, სასამართლოს მოსაზრებით, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად და საფუძვლად დაედოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის განჩინებებით, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2021 წლის 9 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა 2013 წლის 19 ივლისის შუალედური საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები სულ 196 450 ლარით, მათ შორის, გადასახადი 138 545 ლარით (მ.შ მოსაკრებელი 73 686) და ჯარიმა 57 904 ლარით. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა 2021 წლის 10 სექტემბრის №031-16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ამავე აღსრულების ფარგლებში აუდიტის დეპარტამენტის მიერ, ასევე გამოიცა 2023 წლის 13 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა 2013 წლის 18 დეკემბრის შუალედური საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები სულ 3 293 ლარით, მათ შორის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი 2 486 ლარით და ჯარიმა 807 ლარით. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა 2023 წლის 22 მარტის №031-7 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 მარტის №464 განკარგულების საფუძველზე შპს „----------“ (ს/ნ ----------) და შემოსავლების სამსახურს შორის 2022 წლის 1 აპრილს გაფორმდა №ა213-21 საგადასახადო შეთანხმება, რომლის მიხედვით 2021 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების თანხა განისაზღვრა 315 000 ლარის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის 24 ივნისის №124813 (რეგ. №112781/21-11) განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რაზეც გაეგზავნა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ივლისის №21-14/61250 და მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 11 ივლისის №21- 11/62512 წერილები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო შემოწმების აქტი.
გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 22 მარტის №1205 ბრძანების პირველი მუხლის თანახმად:
2. გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათი არის საგადასახადო ორგანოს პირველადი აღრიცხვის საბუთი, რომელშიც აისახება გადამხდელის მიერ დეკლარირებული და გადახდილი თანხები, აგრეთვე საგადასახადო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახდელად დარიცხული ან შემცირებული თანხები, ზედმეტად გადახდილი, უკან დაბრუნებული ან სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშებში გადატანილი თანხები, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებები, საგადასახადო სანქციები (ჯარიმები და საურავები), ნულოვანი განაკვეთით დასაბეგრი ოპერაციები, სასაქონლო დეკლარირების განხორციელების დროს გადახდილი ექსპორტის და იმპორტის გადასახდელის თანხები.
3. ბარათის წარმოება გულისხმობს ბარათების გახსნის, მასში მონაცემების შეტანის, ბარათების გაერთიანების/გაყოფის, გადაცემის და დახურვის პროცედურებს.
4. ბარათის წარმოებას ახორციელებენ საგადასახადო ორგანოს უფროსის/მისი მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები.
ამავე მეთოდური მითითების მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბარათზე მონაცემთა შეტანის საფუძველს წარმოადგენს საგადასახადო ორგანოსა და სხვა უფლებამოსილი მაკონტროლებელი ორგანოების შემოწმების მასალები და სხვა სათანადო ინფორმაცია.
ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ბარათში ყველა სახის ოპერაციის ჩაწერა წარმოებს თავისდროულად და ქრონოლოგიური წესით (თვეებისა და კვარტალების მიხედვით და ყოველი თვის და კვარტალის ფარგლებში – რიცხვების მიხედვით), ჩანაწერის გაკეთების თარიღისა და დამადასტურებელი დოკუმენტაციის სისწორის დადგენით. თითოეულ სტრიქონზე ჩაიწერება მხოლოდ ერთი ოპერაცია, თავისუფალი სტრიქონები არ დაიტოვება. გპაბ-ში ჩანაწერები კეთდება შესაბამისად ,,დარიცხულია”, ,,შემცირებულია”, ,,გადახდილია” და ,,ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებულია“ ან ,,გადატანილია” გრაფების მიხედვით. მასში ყოველი ჩანაწერის შემდეგ გამოიყვანება სალდო გადასახადის, ჯარიმისა და საურავის თანხების მიხედვით.
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ივლისის №21-14/61250 წერილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის 2022 წლის 6 ივლისის მდგომარეობით შპს „----------“ გპაბ-ზე 2021 წლის 10 სექტემბრის №031-16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული/შემცირებული თანხები გადასახადების სახეებისა და სავადო თარიღების მიხედვით სწორად და სრულადაა აღრიცხული ბარათზე, შესაბამისობაშია პირადი აღრიცხვის წარმოების წესთან და არ ექვემდებარება კორექტირებას.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით ასევე დგინდება, რომ 2023 წლის 22 მარტის მდგომარეობით შპს „----------“ გპაბ-ზე 2023 წლის 22 მარტის №031-7 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით შემცირებული თანხები გადასახადების სახეებისა და სავადო თარიღების მიხედვით სრულადაა აღრიცხული ბარათზე. აღნიშნულის შედეგად, გადასახადის გადამხდელის ნაერთი ბარათის მიხედვით, შპს „----------“ 2023 წლის 4 მაისის მდგომარეობით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ნაწილში ერიცხება ზედმეტობა 11 607,29 ლარის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ივლისის №21-14/61250 წერილი გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება პირადი აღრიცხვის ბარათზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ნაწილში აღიარებულ დავალიანებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სრულად უნდა შემცირებოდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელში დარიცხული თანხები.
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შუალედური საგადასახადო შემოწმების აქტების მიხედვით, საწარმოს ფიზიკური პირებისაგან სასაქონლო ზედნადებებითა და შესყიდვის აქტებით შესყიდული აქვს მერქნული რესურსები, ხოლო საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, შესყიდვის და საქონლის ღირებულების გადახდის ფაქტები არ დასტურდება. გადამხდელს აღნიშნულ დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ ხე-ტყის ოდენობაზე დაერიცხა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი, ხოლო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული თანხები განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოწმების აქტის საფუზველზე გამოცემული ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა არაერთხელ გასაჩივრდა, როგორც შემოსავლების სამსახურში ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და საქალაქო სასამართლოში.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, მომჩივანს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები და წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ამასთან, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე შპს-სა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.
გადაწყვეტილება
აუდიტის დეპარტამენტის წერილის მიხედვით, კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული/ შემცირებული თანხები სწორად და სრულადაა აღრიცხული გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე, შესაბამისობაშია ბარათის წარმოების წესთან და არ ექვემდებარება კორექტირებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის, საქმეში არსებულ მასალებსა და გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის წერილი გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61; 293(5)
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 22 მარტის №1205 ბრძანება