გადაწყვეტილება №19785/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19785/2/2023
14 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "------" (ს/ნ "------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------" ის 25.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19785/2/2023).
დავის საგანი:
ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.11.2021 წლის №058-14 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5301 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 28 269 ლარი.
მათ შორის:
ქონების გადასახადი - 14 499
ჯარიმა - 7 249
საურავი - 6 521
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2021 წლის №14449 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2018, 2019 და 2020 წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი ობიექტიდან (გარდა მიწისა) გამომდინარე ქონების (გარდა მიწისა) გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 25.10.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში.
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება, რომ მომჩივნის ოჯახს 2017 წელს უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, ხოლო 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მას ჰქონდა 2018-2020 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გადამხდელს 2017-2019 წლების საანგარიშო პერიოდებში საკუთრებაში უფიქსირდება სხვადასხვა უძრავი ქონება და მსუბუქი ავტომობილები. საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების შესაბამისად, დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით, ხოლო საბაზრო ღირებულება განსაზღვრულ იქნა საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე მსგავსი ან/და იდენტური უძრავი ქონებების სარეალიზაციო ფასებთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით. ამდენად, პირს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 9.11.2021 წლის №35045 ბრძანება და ამავე თარიღის №058-14 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 24.05.2022 წლის №12927 ბრძანებით საჩივრები დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 13.10.2022 წლის №16703/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა შემოსავლების სამსხურის 24.05.2022 წლის №12927 ბრძანება. საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5301 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც 25.05.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (საჩივრის რეგისტრაციის №19785/2/2023). მომჩივანმა 20.06.2023 წელს წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი (№20017/2/2023).
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის მე-5, მე-6 და მე7 ნაწილებზე, მე-8 მუხლის მე-16 ნაწილზე, 205-ე მუხლის მე-12 და მე-14 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, ფ/პ "------" -ის ოჯახს 2017 წელს უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი, ხოლო 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდებში 40 000- დან 100 000 ლარამდე შემოსავალი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გადამხდელს 2017-2019 წლების საანგარიშო პერიოდებში საკუთრებაში უფიქსირდება სხვადასხვა უძრავი ქონება და მსუბუქი ავტომობილები. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი.
წარმოდგენილი საჩივრით მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხულ ქონების გადასახადს და აცხადებს, რომ დარიცხვა გამოწვეულია მისი ყოფილი მეუღლის შემოსავლების გამო და თავად შემოსავალი არ უფიქსირდება, ხოლო მათი ფაქტობრივი და იურიდიული მისამართები განსხვავდება ერთმანეთისგან, არ ცხოვრობენ ერთად და არ წარმოადგენენ ოჯახს. აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან ფ/პ "------"-ის ოჯახს 2017 წელს უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი, ხოლო 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდებში 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავალი და გადამხდელს საკუთრებაში აქვს სხვადასხვა უძრავი ქონება და მსუბუქი ავტომობილები, შემოწმების მიერ ქონების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება, შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის ოდენობას, გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ განსაზღვრული ქონების საბაზრო ღირებულებები განსხვავდება რეალური ფასებისგან. მომჩივანი ასევე აცხადებს, რომ დასაბეგრი ქონების ჩამონათვალში შეცდომით დაფიქსირებულია ავტომობილი „ვოლგა“, რომელიც ფიზიკურად აღარ არსებობს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის და გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ შემოწმების პერიოდში არანაირი შემოსავალი არ უფიქსირდება, ასევე აღნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმ პერიოდში იყო მძიმე და დღეის მდგომარეობითაც იმყოფება ექიმების მუდმივი კონტროლის ქვეშ, წარმოადგენს ფორმა 100-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შემოსავლები უფიქსირდება მის ყოფილ მეუღლეს და აქედან გამომდინარე გადასახადი უნდა დაერიცხოს მის ყოფილ მეუღლეს "------"-ს , შესაბამისად მის საკუთრებაში არსებული ქონებიდან გამომდინარე.
20.06.2023 წლის დაზუსტებულ საჩივარში (№20017/2/2023) მომჩივანი მიუთითებს, რომ საჩივარში ერთერთი თხოვნა იყო, რომ მომჩივნის მხრიდან საგადასახადო კოდექსის დარღვევა გამოწვეული იყო მისი საგადასახადო კოდექსის არცოდნით, არ ფლობდა ინფორმაციას მისი ყოფილი მეუღლის შემოსავლების შესახებ, რის გამოც (მეუღლის შემოსავლების) მას დაარიცხეს ქონების გადასახადი, ასევე არ იყო რეგისტრირებული RS.GE პორტალზე, შესაბამისად ვერ მოახდენდა ქონების გადასახადის დეკლარირებას ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გაუქმდეს დამატებით დარიცხული ჯარიმა და საურავი, ხოლო ძირითადი გადასახადი დაფარული იქნება უახლოეს დღეებში, რის დოკუმენტურ მტკიცებულებასაც წარმოადგენს დამატებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-16 ნაწილის მიხედვით, ოჯახი განმარტებულია როგორც - პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ ფ/პ "------"-ის ოჯახს 2017 წელს უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, ხოლო 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება 40 000- დან 100 000 ლარამდე შემოსავალი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გადამხდელს 2017-2019 წლების საანგარიშო პერიოდებში საკუთრებაში უფიქსირდება სხვადასხვა უძრავი ქონება და მსუბუქი ავტომობილები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არ არის მის მეუღლესთან რეგისტრირებული ქორწინების გაუქმების თაობაზე მტკიცებულებები, ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულების მიზნებისთვის ოჯახის შემოსავალი განსაზღვრულია მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5301 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5301 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს დამატებით დარიცხული ჯარიმა და საურავი.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გაუქმდეს დამატებით დარიცხული ჯარიმა და საურავი.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის ოჯახს 2017 წელს უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, ხოლო 2018-2019 წლების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მას ჰქონდა 2018-2020 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გადამხდელს 2017-2019 წლების საანგარიშო პერიოდებში საკუთრებაში უფიქსირდება სხვადასხვა უძრავი ქონება და მსუბუქი ავტომობილები.პირს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
201,202,206,269(7),275