გადააწყვეტილება №21030/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 21030/2/2023
08 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 10.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21030/2/2023).
დავის საგანი:
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 18.08.2023 წლის №011-229 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. მომსახურების დეპარტამენტის 22.08.2023 წლის №011-229/1 ბრძანება;
3. მომსახურების დეპარტამენტის №000-239 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 20.09.2023 წლის №23353 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 17 769.94 ლარი.
მათ შორის:
ჯარიმა - 6509.17
ჯარიმა - 11260.77
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელმა 10.08.2023 წელს ID:---------- განცხადებით მიმართა მომსახურების დეპარტამენტს და მიუთითა, რომ 5.04.2023 წლისთვის დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და შესაბამისად 5.04.2023-10.08.2023 წ.წ. პერიოდში ეკონომიკური საქმიანობა განახორციელა დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე.
ღნიშნულზე მომჩივანს მომსახურების დეპარტამენტის მიერ 18.08.2023 წლის №011-229 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 65 09.17 (2023 წლის აგვისტოს თვის განცხადება 130183.3*5%=6509.17) ლარის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელმა 21.08.2023 წელს წარადგინა 2023 წლის აპრილის, მაისი, ივნისის და ივლისის თვეების დღგ-ის დეკლარაციები. აღნიშნულზე 22.08.2023 წელს გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის ბრძანება №011-229/1 (საგადასახადო მოთხოვნა №000-239 22.08.2023წ), დამატებით დარიცხვას დაექვემდებარა 11 260.77ლარი.
მომსახურების დეპარტამენტის 18.08.2023 წლის №011-229 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, 22.08.2023 წლის №011-229/1 ბრძანება და
№000-239 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის 22.09.2023 წლის ბრძანებით №23353 საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 22.09.2023 წლის №23353 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანებაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“, რომლითაც განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმისგან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე პირის გათავისუფლების ღონისძიებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
18.08.2023 წლის №011-229 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, დღგ-ის გადამხდელად დაგვიანებით დარეგისტრირებისათვის და 5.04.2023-10.08.2023 პერიოდში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად წარდგენილი 2023 წლის აპრილის, მაისის და ივნისის დღგ-ის დეკლარაციებში დაფიქსირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 6 509,17 ლარი. 15.08.2023 წელს ასევე წარდგენილი იქნა 2023 წლის ივლისის თვის დღგ-ის ნულოვანი დეკლარაცია, რადგან ამ პერიოდისთვის არ იცოდა თუ რა თანხა უნდა ჩაეწერა დასაბეგრ ბრუნვაში.
ხოლო შემდგომ დაზუსტებული იქნა აღნიშნული დეკლარაცია, რომელშიც უკვე დაბეგრილი იქნა საკომპენსაციო თანხა. ივლისის დღგ-ის დეკლარაციაში დაფიქსირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შესაბამისად შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №011-229/1 ბრძანებით საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დამატებით დაერიცხა 11 260.77 ლარი.
შესაბამისად, დარიცხული ჯარიმის თანხამ ნაცვლად 6 509,17 ლარისა შეადგინა 17 769,94 ლარი. დამატებით დარიცხულ თანხაზე - 11 260.77 ლარზე შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული იქნა 22.08.2023 წლის №000-239 საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურში წარდგენილი იქნა საჩივარი დარიცხული ჯარიმებისა და საურავების გაუქმების თხოვნით. საჩივრის განხილვის შედეგად გამოიცა შემოსავლების სამსახურის 22.09.2023 წლის №23353 ბრძანება, რომლითაც საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მომსახურების დეპარტამენტს დაევალა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელებინა დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
დარიცხვის გამომწვევი ფაქტობრივი გარემოებები იყო: მომჩივნის საქმიანობაა შპს ------------სათვის (ს/ნ ---------) სხვადასხვა სახის მომსახურების გაწევა. კერძოდ, ეხმარება საორგანიზაციო საკითხებში, უგეგმავს სხვადასხვა ღონისძიებებს, უზრუნველვყოფს შპს ---------- კლიენტების ტრანსპორტირების საკითხებს, საოფისედ ყიდულობს სხვადასხვა წვრილ ინვენტარს და სხვა (კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე). აღნიშნული მომსახურებების სანაცვლოდ იღებს საკომპენსაციო თანხებს.
ყველა ზემოთ ხსენებულ მომსახურებებზე გამოწერილია ინვოისები, ხოლო თანხების მიღება ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით. მცირე მეწარმის სტატუსი მიენიჭა 1.01.2023 წლიდან და ეგონა, რომ 500 000 ლარის ფარგლებში მიღებულ შემოსავალზე დაადეკლარირებდა და გადაიხდიდა შემოსავლის 1%-ს, ხოლო დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება ეგონა მცირე მეწარმეს არ წარმოეშობოდა.
შემოსავლების დამალვა, რომ არ ჰქონდა მიზნად, ამას ისიც ადასტურებს, რომ ყოველთვიურად დადგენილ ვადაში წარადგენდა მცირე მეწარმის (საშემოსავლოს) დეკლარაციებს და ბიუჯეტში იხდიდა შესაბამის თანხებს.
აღნიშნული დეკლარაციებით უფიქსირდებოდა მიღებული შემოსავალი, რაც რამდენიმე თვის ჭრილში აჭარბებდა 100 000 ლარს. შემდგომ, როდესაც სრულიად შემთხვევით შეიტყო, რომ მცირე მეწარმის სტატუსი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულებას არ უხსნიდა, დაუყოვნებლივ, 10.08.2023 წელს მიმართა შემოსავლების სამსახურს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მოთხოვნით, მიუთითა ის პერიოდი 5.04.2023-10.08.2023 რაც დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა, ასევე ის შემოსავალი, რაც 5.04.2023-30.06.2023 პერიოდში მიიღო, ხოლო 2023 წლის ივლისში მიღებული შემოსავალი არ მიუთითა, რადგან 10 აგვისტოს ივლისის დღგ-ის დეკლარაციის წარდგენის სავადო ჯერ არ იყო დამდგარი და იფიქრა თავად დაადეკლარირებდა 15 აგვისტოს ივლისის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.
როგორც კი მოიძია ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის თანხები 21.08.2023 წელს წარადგინა 2023 წლის აპრილის, მაისის და ივნისის დღგ-ს პირველადი, ხოლო 2023 ივლისის თვის დღგ-ს დაზუსტებული დეკლარაციები, რომელთა მიხედვით გადასახდელმა დღგ-მ შეადგინა 40 536 ლარი. ამასთან, იმავე დღეს გადაიხადა ბიუჯეტში თანხა 42 781 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებით დამტკიცებული საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დანართი №2-ის მე-3 პუნქტის თანახმად: საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე, მომსახურების დეპარტამენტი უფლებამოსილია პირი გაათავისუფლოს ამავე კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისგან, თუ კმაყოფილდება შემდეგი პირობები:
ა) დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა გამოვლენილია უშუალოდ გადასახადის გადამხდელის მიერ, საგადასახადო ორგანოსთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის საფუძველზე;
ბ) გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმისგან გათავისუფლების შესახებ მომსახურების დეპარტამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის, პირადი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება/აღიარებული მოსაკრებელი;
გ) დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე პირის მიერ საგადასახადო ორგანოში განცხადების წარდგენის შემდგომ, მაგრამ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტზე შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გამოცემამდე, პირს წარდგენილი აქვს დღგ-ის შესაბამისი დეკლარაცია;
დ) დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე საგადასახადო ორგანოში წარდგენილ განცხადებაში პირმა დააფიქსირა ამ განცხადების წარდგენის თვეში (მიმართვის თვის დასაწყისიდან მიმართვის მომენტამდე) განხორციელებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა.
აღწერილი გარემოებებიდან გადმომდინარე, ფიქრობს, რომ აკმაყოფილებს ზემოხსენებული მეთოდური მითითების ოთხივე პირობას, კერძოდ,1. როგორც კი შეიტყო დაშვებული შეცდომის შესახებ, დაუყოვნებლივ თავადვე მიმართა შემოსავლების სამსახურს განცხადებით დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მოთხოვნით;
2. 282-ე მუხლით სანქციის დარიცხვამდე პირად ბარათზე არ ერიცხებოდა დავალიანება, პირიქით, ერიცხებოდა ზედმეტობა 74 ლარის ოდენობით.
3. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე საგადასახადო ორგანოში წარდგენილ განცხადებაში დააფიქსირა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, თუმცა როგორც აღნიშნა, ვინაიდან შემოსავლების სამსახურს განცხადებით მიმართა 10 აგვისტოს, ხოლო ამ პერიოდისთვის ივლისის დღგ-ის დეკლარაციის წარდგენის სავადო ჯერ არ იყო დამდგარი, ჩათვალა, რომ ივლისის თვე არ ჩაეთვლებოდა დაგვიანებად და თავად დაადეკლარირებდა 15 აგვისტოს ივლისის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და ასეც მოიქცა, ხოლო შესაბამისი გადასახადი გადავიხადე ბიუჯეტში.
4. წარდგენილი აქვს დღგ-ის შესაბამისი დეკლარაციები. მართალია სამართალდარღვევის ოქმის თარიღი (18.08.2023) წინ უსწრებს დეკლარაციების წარდგენის თარიღს, რის გამოც შემოსავლების სამსახურის ოქმით უარი ეთქვა ჯარიმების მოხსნაზე, მაგრამ შემოსავლების სამსახურისათვის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციაზე განცხადების წარდგენის შემდეგ დეკლარაციების დაგვიანებით წარდგენის ერთადერთი მიზეზი იყო მოეძიებინა ბიუჯეტში გადასახდელი ფულადი სახსრები.
დადეკლარირების და თანხის არ გადახდის შემთხვევაში ხომ დაუყადაღდებოდა პირადი ანგარიშები, რასაც იყენებს ყოველდღიურად. აქვს იმედი გადაწყვეტილებები არ იქნება შაბლონური და გათვალისწინებულ იქნება საქმის გარემოებები, ქცევების ლოგიკურ ახსნას და იმას, რომ მიზანი არ ყოფილა გადასახადების დამალვა.
შეეძლო დარღვევების აღმოჩენიდან დაუყოვნებლივ კი არა, არამედ, რამდენიმე დღეში, ბიუჯეტში გადასახდელი თანხების მოძიების შემდეგ ეცნობებინა რეგისტრაციის დაგვიანების შესახებ, მაგრამ საჭიროდ ჩათვალა ისედაც დაგვიანებულს კიდევ უფრო მეტად არ დაეგვიანა და განაცხადით დაუყოვნებლივ მიმართა შემოსავლების სამსახურს. მხოლოდ იმიტომ რომ სამართალდარღვევის ოქმის თარიღი (18 აგვისტო) 3 დღით უსწრებს წინ
დღგ-ს დეკლარაციების წარდგენის თარიღს, ითხოვს მხოლოდ ამიტომ ნუ დაისჯება, რადგან სხვა ასპექტებში კეთილსინდისიერად მიუდგა საქმეს და დაგვიანებული სამი დღე არ ცვლის გარემოებებს.
მიზანი არ ყოფილა გადასახადებისგან თავის არიდება, რასაც მოწმობს მცირე მეწარმის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში დაფიქსირებული ციფრებიც. შეცდომები გამოწვეულია არ ცოდნით, მითუმეტეს რომ არ სარგებლობს ბუღალტრის მომსახურებით. არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი.
ბიუჯეტს არ ცოდნით ზიანი არ მიუღია, რადგან თავადვე, გამოასწორა დაშვებული შეცდომები და ბიუჯეტში გადაიხადა დღგ-ს თანხა. თუმცა ცხადია ამ თანხის მოსაძიებლად დრო დასჭირდა და მხოლოდ ამიტომ დაასწრო ოქმის თარიღმა დეკლარაციების წარდგენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს საჩივარს გულდასმით გაცნობას, საკითხი გადაწყდეს ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით და არა შაბლონურად, მეთოდური მითითების მუხლების მოყვანით, ვინაიდან, მთავარი არის მიზეზი, თუ რატომ დამაგვიანდა დეკლარირება და ასევე დაგვიანების შედეგი.
შედეგი კი არის ის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში თანხა მოიძია და გადაიხადა. შესაბამისად ბიუჯეტმა არ იზარალა. ითხოვს გამოყენებულ იქნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი (--------), ეპატიოს დაკისრებული სანქცია (ჯარიმა და საურავი). ითხოვს სრულად გაუქმდეს 18.08.2023 წლის №011-229 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი და 22.08.2023 წლის №011-229/1 ბრძანება, ასევე ბათილად იქნას ცნობილი
№000-239 მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული 22.09.2023 წლის №23353 ბრძანება.
ითხოვს შეუმცირდეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაციის საფუძველზე დარიცხული თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
მომჩივანი საჩივარში განმარტავს, რომ მიზანი არ ყოფილა გადასახადებისგან თავის არიდება, რასაც მოწმობს მცირე მეწარმის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში დაფიქსირებული ციფრებიც. შეცდომები გამოწვეულია არ ცოდნით, მითუმეტეს რომ არ სარგებლობს ბუღალტრის მომსახურებით. არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი.
ბიუჯეტს არ ცოდნით ზიანი არ მიუღია, რადგან თავადვე, გამოასწორა დაშვებული შეცდომები და ბიუჯეტში გადაიხადა დღგ-ს თანხა. თუმცა ცხადია ამ თანხის მოსაძიებლად დრო დასჭირდა და მხოლოდ ამიტომ დაასწრო ოქმის თარიღმა დეკლარაციების წარდგენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს საჩივარს გულდასმით გაცნობას, საკითხი გადაწყდეს ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით და არა შაბლონურად, მეთოდური მითითების მუხლების მოყვანით, ვინაიდან, მთავარი არის მიზეზი, თუ რატომ დამაგვიანდა დეკლარირება და ასევე დაგვიანების შედეგი.
შედეგი კი არის ის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში თანხა მოიძია და გადაიხადა. შესაბამისად ბიუჯეტმა არ იზარალა. ითხოვს გამოყენებულ იქნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი (--------), ეპატიოს დაკისრებული სანქცია (ჯარიმა და საურავი). ითხოვს სრულად გაუქმდეს 18.08.2023 წლის №011-229 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი და 22.08.2023 წლის №011-229/1 ბრძანება, ასევე ბათილად იქნას ცნობილი
№000-239 მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული 22.09.2023 წლის №23353 ბრძანება.
ითხოვს შეუმცირდეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაციის საფუძველზე დარიცხული თანხები.
მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, საბჭო აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 20.09.2023 წლის №23353 ბრძანებით მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
ამასთან აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 20.09.2023 წლის №23353 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული 29.09.2023 წლის №011-229/2 ბრძანება და №000-295 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.10.2023 წლის №26928 ბრძანებით მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გათავისუფლდა მომსახურების დეპარტამენტის სადავო ადმინისტრაციული აქტებით დაკისრებული ჯარიმისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელმა 10.08.2023 წელს განცხადებით მიმართა მომსახურების დეპარტამენტს და მიუთითა, რომ 5.04.2023 წლისთვის დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და შესაბამისად 5.04.2023-10.08.2023 წ.წ. პერიოდში ეკონომიკური საქმიანობა განახორციელა დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე. აღნიშნულზე მომჩივანს მომსახურების დეპარტამენტის მიერ 18.08.2023 წლის №011-229 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა.
აღნიშნული მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის 22.09.2023 წლის ბრძანებით №23353 საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;270(1);282(1);