ბრძანება N 13860
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13860
13 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 13 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 მაისის (ოქმი №54) და 6 ივნისის სხდომებზე (ოქმი №60) განიხილა განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 მაისის №21560/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) №172664/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის №005-146 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან ქონების გატანის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. გადამხდელი განმარტავს, რომ 100% წილის მესაკუთრე ქონების შეტანის შემთხვევაშიც და გამოტანის დროსაც დამფუძნებელი ფ/პ იყო 100%-იანი წილის მფლობელი. ასევე, გადამხდელი უთითებს, რომ შემოწმებას უნდა გამოეკვლია კაპიტალში ბინის შეტანა-დაბრუნების მიზეზი. ემსჯელა არა ფორმის, არამედ ნამდვილი შინაარსის მიხედვით. აღნიშნავს, რომ საწარმოს ვალდებულებები უზრუნველყოფილი იყო დამფუძნებლის პირადი საკუთრებით, როცა საწარმომ პანდემიის პერიოდში ვერ შეასრულა სს „----------" ვალდებულებები, სასამართლოს მიერ ბანკის მიმართვის საფუძველზე აღსრულებაში მოექცა დამფუძნებლის საკუთრებაც. გადამხდელი უთითებს, რომ ამ მომენტში მოქმედებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არაკონსტიტუციური ნორმა, რომელიც დამფუძნებელს აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგების ეფექტურად გასაჩივრებას ხელს უშლიდა (შემდეგში 2023 წელს გაუქმდა ეს ნორმა). საწარმომ დაიწყო გადახდისუუნარობის წარმოება, იმისთვის რომ აღნიშნული მორატორიუმი დამფუძნებლის ბინასაც შეხებოდა და არ მომხდარიყო მისი რეალიზაცია, მან კაპიტალში შეიტანა ქონება. გადახდისუუნარობის წარმოების ფარგლებში შეთანხმება მოხდა კრედიტორთან, რის შესაბამისადაც სესხის რესტრუქტურიზაცია მოხდა. მას შემდეგ, რაც სასამართლოს განჩნების საფუძველზე მოიხსნა იძულებითი აღსრულების საშიშროება დამფუძნებლის მერ კაპიტალში შეტანილი ქონება დაუბრუნდა დამფუძნებელს. გადამხდელი მიიჩნევს, რომ ბათილია გარიგება, რომელიც წარმოადგენს მოჩვენებით, ე.ი. უცილოდ ბათილ გარიგებას. გადამხდელი ითხოვს ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებას.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14072 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლითაც შემოწმდა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდზე იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორე. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 29 სექტემბრის №23965 ბრძანება და ამავე თარიღის №005-146 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 356 992 ლარი, მათ შორის, გადასახადი 215 185 ლარი, ჯარიმა 107 593 ლარი, საურავი 34 214 ლარი.
ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 13 ოქტომბერს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 ნოემბრის №29516 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 2 მაისის №21560/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 ნოემბრის №29516 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 მაისის №21560/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომ შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია მის მიერ წარდგენილ არგუმენტებზე და მტკიცებულებებზე, რომლის თანახმად, განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის არგუმენტები და დასკვნები ზოგადი ხასიათისაა და არ შეიცავს არგუმენტირებულ პასუხს მის მიერ დასახელებულ არცერთ კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხზე, დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებს. ამასთან, შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისაგან გათავისუფლების მიზანშეწონილობაზე.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სპორტული (საცურაო აუზის) მომსახურების გაწევა. კომპანიის დამფუძნებელმა და 100% წილის მესაკუთრემ, ---------- (პ/ნ ----------) 2021 წლის ივლისის თვეში გაზარდა კომპანიის კაპიტალი საცხოვრებელი ბინის კაპიტალში შეტანის გზით, კერძოდ, შეტანილი იყო უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს ---------- (ს.კ. ----------). ზემოთ აღნიშნული ქონება გამოტანილი იქნა საწესდებო კაპიტალიდან 2022 წლის ოქტომბრის თვეში და დარეგისტრირდა ისევ ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) სახელზე, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით. შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილ იქნა კერძო კომპანიის (შპს „----------“ (ს/ნ ----------) შემფასებლის მიერ შედგენილი ქონების შეფასების დასკვნა. აღნიშნული დასკვნით ქონების ღირებულება 2021 წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა 510 000 აშშ დოლარს (დღგ-ის ჩათვლით). აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 2022 წლის ოქტომბერში დამფუძნებელზე გადაცემული ბინის ღირებულებით (გატანის მომენტში არსებული კურსის გათვალისწინებით). საწარმოს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
ამავე კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება საწარმოს ან ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის, წილის სანაცვლოდ საქონლის საკუთრებაში გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის:
რ) საბაზრო ფასი − ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის:
რ.ა) საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ საწარმოს დამფუძნებელმა ---------- (100%-იანი წილი), 2021 წლის ივლისის თვეში გაზარდა კომპანიის კაპიტალი საცხოვრებელი ბინის კაპიტალში შეტანის გზით, ზემოთ აღნიშნული ქონება გამოტანილი იქნა საწესდებო კაპიტალიდან 2022 წლის ოქტომბრის თვეში და დარეგისტრირდა ისევ ფ/პ ---------- სახელზე, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით. ამასთან, შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილ იქნა შპს „----------“ (ს/ნ ----------) შემფასებლის მიერ შედგენილი ქონების შეფასების დასკვნა, რომლის მიხედვით განსახილველი ქონების ღირებულება 2021 წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა 510 000 აშშ დოლარს (დღგ-ის ჩათვლით). აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 2022 წლის ოქტომბერში დამფუძნებელზე გადაცემული ბინის ღირებულებით (გატანის მომენტში არსებული კურსის გათვალისწინებით).
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან ქონების გატანის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა (100%-იანი წილი), 2021 წლის ივლისის თვეში გაზარდა კომპანიის კაპიტალი საცხოვრებელი ბინის კაპიტალში შეტანის გზით, ზემოთ აღნიშნული ქონება გამოტანილი იქნა საწესდებო კაპიტალიდან 2022 წლის ოქტომბრის თვეში და დარეგისტრირდა ისევ ფიზიკური პირის სახელზე, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით. ამასთან, შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილ იქნა შემფასებლის მიერ შედგენილი ქონების შეფასების დასკვნა, რომლის მიხედვით განსახილველი ქონების ღირებულება 2021 წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა 510 000 აშშ დოლარს (დღგ-ის ჩათვლით). აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 2022 წლის ოქტომბერში დამფუძნებელზე გადაცემული ბინის ღირებულებით (გატანის მომენტში არსებული კურსის გათვალისწინებით). ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1„ა,ბ“); 168; 275.