ბრძანება N 4658
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4658
13.03.2023
შპს „---------------ის“ (ს/ნ --------------)
(ფაქტ. მის.: -----------------------------;
იურ. მის.:-------------------------------/)
2023 წლის 10 და 27 იანვრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა შპს „---------------ის“ (ს/ნ -------------)2023 წლის 10 იანვრის №77904/1/2023 და 27 იანვრის №78650/1/2023 საჩივრები,შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №081-335 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკური პირებისათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრას. მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2021 წლიდან დღგ-ში განხორციელებულ ცვლილებაზე და განმარტავს, რომ ბარტერული ოპერაციები შემმოწმებლის მიერ დაბეგრილია ფართების გაფორმების მომენტში, რაც წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კანონდმებლობასთან. აცხადებს, რომ აღნიშნული ფართების დაბეგვრა არსებული კანონმდებლობით უნდა განხორციელდეს შენობის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.
2. რეალიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების დღგ-ის დაბეგვრის ნაწილში გადასახადის გადამხდელი ასევე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2021 წლიდან დღგ-ში განხორციელებულ ცვლილებაზე და განმარტავს, რომ უძრავი ნივთის მიწოდების ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში, თუ არ დადგა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა. აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი ფართების რეესტრში, რომლებიც განხილულ იქნა რეალიზებულად, არის ფართები, რომლებზეც შემოსავალი კომპანიას არ მიუღია, ხოლო გარკვეული ფართები დაბრუნებული და შემდგომ ხელმეორედ რეალიზებულია. შესაბამისად, კომპანიის მიერ დეკლარირებული და გადახდილია. ასევე აღნიშნავს, რომ ფიზიკურ პირებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებული პუნქტი, რომ თანხა გადახდილია, წარმოადგენს შაბლონური ხელშეკრულების ნაწილს. გადამხდელი ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას და საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შესაბამისად შემოწმებით განსაზღვრული შემოსავლების იმ ნაწილის მოხსნას, რომლებიც საწარმოში არ არის შემოსული ფულადი (ავანსის) სახით.
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ასევე მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის დაკონკრეტებული რა სხვაობებზე და რა ტექნიკურ ხარვეზებზეა საუბარი.
ამასთან, დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილულ თანხებთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ გაუგებარია რა თანხები იქნა განხილული დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად, ვინაიდან, მთლიანი პროექტის მოცულობა შეადგენს 52 520 მ2-ს, რომლის საპროექტო ღირებულება 2022 წლის ფასებით შეადგენს 28 მლნ ლარს, რომლის აშენებაც ხორციელდება სრულად მოზიდული თანხებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფართების მიწოდებიდან მიღებული ავანსები სრულადაა აღრიცხული სააღრიცხვო დოკუმენტაციაში და მიმართულია მშენებლობის ხარჯების დასაფარად.
შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მშენებლობაზე გახარჯულმა თანხამ შეადგინა 9 მლნ ლარი (პროექტის ღირებულების მესამედი).
3. დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილულ თანხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ გაუგებარია კონკრეტულად რა თანხები იქნა განხილული დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ვინაიდან, მთლიანი პროექტის მოცულობა შეადგენს 52 520 მ2-ს, რომლის საპროექტო ღირებულება 2022 წლის ფასებით შეადგენს 28 მლნ ლარს, რომლის აშენებაც ხორციელდება სრულად მოზიდული თანხებით, მათ შორის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული სესხებით, დამფუძნებლის შენატანით საწესდებო კაპიტალში და ა.შ.
აღნიშულიდან გამომდინარე ნებისმიერი თანხა, რომელიც კომპანიის მიერ იქნა მოძიებული სრულად არის აღრიცხული სააღრიცხვო დოკუმენტაციაში და მიმართულია მშენებლობის ხარჯების დასაფარად. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მშენებლობაზე გახარჯულმა თანხამ შეადგინა 9 მლნ ლარი (პროექტის ღირებულების მესამედი).
4. გადამხდელი მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ივლისის №17759 ბრძანების საფუძველზე შპს „---------------ის“ (ს/ნ -------------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის - იანვრიდან 2022 წლის - ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №33431 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №081-335 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 2 447 280 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 1 398 076 ლარი, ჯარიმა 718 249 ლარი და საურავი 330 955 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. შპს „-------სა“ და ორ ფიზიკურ პირს შორის 2019 წელს დაიდო ხელშეკრულებები უძრავი ქონების (მიწის) ნასყიდობის შესახებ. ხელშეკრულებების თანახმად, ფიზიკურმა პირმა --- -----------მა (პ/ნ ----------) შპს „კ---------ს“ გადასცა არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (---- კვ.მ --.--.--.-), სანაცვლოდ შპს „------მა“ აიღო ვალდებულება მშენებარე მრავალფუნქციურ საცხოვრებელ სახლში ფიზიკური პირისთვის გადაეცა ---- კვ.მ იზოლირებული საცხორებელი ფართი. აგრეთვე, ფ/პ --- -----სგან (პ/ნ ---------) 2019 წლის ------ში შეძენილი აქვს მიწის ნაკვეთი (--- კვ.მ -------), რომლის სანაცვლოდ, 2022 წლის -------- გადაუფორმა ორი იზოლირებული საცხოვრებელი ფართი. კორპუსების მშენებლობა დაიწყო 2019 წელს. საწარმომ ფიზიკური პირებისთვის ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ფართები არ განიხილა ბარტერულ ოპერაციად და არ ასახა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერთი მხრივ, ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების სანაცვლოდ ფართების მიღება, ხოლო მეორე მხრივ, საწარმოსთვის ფართების აშენების სანაცვლოდ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღება წარმოადგენს ბარტერულ ოპერაციას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის გათვალისწინებით და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირებზე გადაცემული საცხოვრებელი ფართების საბაზრო ფასებით გაიზარდა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, სულ 1 333 289 ლარით. საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შპს „-------ის“ მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულია დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა სულ 7 809 440 ლარის ოდენობით. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხო დოკუმენტაცია, საბუღალტრო პროგრამა, საწარმოს მიერ რეალიზებული ბინების ხელშეკრულებები და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფრომაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია. შედეგად, გამოვლინდა მცირე სხვაობები დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის, რაც გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზებით. გარდა ზემოაღნიშნულისა, შემოსავლების სამსახურის მიერ საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს „------ის“ მიერ რეალიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შესახებ, რის შესწავლის შედეგადაც, დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებითა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ანალიზით. აგრეთვე, აღნიშნულ პირებთან ჩატარდა სატელეფონო კომუნიკაცია და მოთხოვნილ იქნა შესაბამისი ახსნა-განმარტებები შეძენილი ფართებისა და გადახდილი თანხების შესახებ. აღნიშნული ოპერაციები (ფართების რეალიზაცია და მიღებული ფულადი სახსრები) გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო ასახული ბუღალტრულ გატარებებში (პროგრამაში) და არც მათი დეკლარირება განხორციელებულა. შესაბამისად, საწარმოს მიერ რეალიზებული ფართები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. ამასთან, მიღებული ფულადი საშუალებები განხილულ იქნა დირექტორზე, ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად. შედეგად საწარმოს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. შემოსავლების სამსახურის მიერ საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს „--------ის“ მიერ რეალიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შესახებ, რის შესწავლის შედეგადაც დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებითა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ანალიზით. დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში განხორციელდა გადამხდელის მიერ რეალიზებული ფართების უკან დაბრუნება და შემდგომი რეალიზაცია სხვა პირზე, აგრეთვე გადახდილი თანხების უკან დაბრუნება, რაც დღგ-ის ბრუნვის მიზნებისთვის შემოწმების მიერ დაექვემდებარა კორექტირებას შესაბამის პერიოდებში. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული თანხების მიღება სალაროში არ ფიქსირდება, ხოლო შემოსავლის მიღების ფაქტი დასტურდება შემოწმების მიერ მესამე მხარიდან გამოთხოვილი ინფორმაციით. შემოწმებამ აღნიშნული ოპერაცია განიხილა კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად, დაბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, იმ პერიოდებში, როდესაც შპს „--------ის“ მიერ ხდებოდა ფიზიკური პირებისგან ადრე მიღებული თანხების უკან დაბრუნება, განხორციელდა დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა. აგრეთვე, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრა დირექტორის მიერ უპროცენტო სესხზე მიღებული სარგებელი. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მარეგისტრირებელ ორგანოში მშენებარე ობიექტზე დარეგისტრირდა, ამ ნივთის მიწოდებასთან დაკავშირებით მისი მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად განიხილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:
ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში;
დ) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 112-ე მუხლის 48-ე ნაწილის თანახმად, თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მშენებარე ობიექტზე მარეგისტრირებელ ორგანოში დარეგისტრირდა 2021 წლამდე, ხოლო ამ ნივთზე უძრავი ნივთის მიმწოდებლის მიერ 2021 წელს ან შემდგომ პერიოდში დასრულდა სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება, აღნიშნული მომსახურება განიხილება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად, ხოლო ამ ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში, თუ არ დადგა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უძრავი ნივთის მიწოდება დაბეგრილია დღგ-ით 2021 წლამდე პერიოდში, მისი ექსპლუატაციაში მიღება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების გარემოებას და ექვემდებარება კორექტირებას შესაბამისი უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შპს „------სა“ და ორ ფიზიკურ პირს შორის 2019 წელს დაიდო ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად, ფიზიკურმა პირებმა გადასცეს მიწის ნაკვეთები გადასახადის გადამხდელს, სანაცვლოდ გადამხდელმა აიღო ვალდებულება ფიზიკური პირებისათვის გადაეცა საცხოვრებელი ფართები. კორპუსების მშენებლობა დაიწყო 2019 წელს, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში ზემოაღნიშნული შენობის ექსპლუატაციაში მიღება არ განხორციელებულა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ ფიზიკური პირებისათვის ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული საცხოვრებელი ფართების დღგ-ით დაბეგვრა არამართლზომიერია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოსა და ფიზიკურ პირებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ფართების გადაცემის ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მარეგისტრირებელ ორგანოში მშენებარე ობიექტზე დარეგისტრირდა, ამ ნივთის მიწოდებასთან დაკავშირებით მისი მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად განიხილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:
ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში;
დ) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 112-ე მუხლის 48-ე ნაწილის თანახმად, თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მშენებარე ობიექტზე მარეგისტრირებელ ორგანოში დარეგისტრირდა 2021 წლამდე, ხოლო ამ ნივთზე უძრავი ნივთის მიმწოდებლის მიერ 2021 წელს ან შემდგომ პერიოდში დასრულდა სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება, აღნიშნული მომსახურება განიხილება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად, ხოლო ამ ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში, თუ არ დადგა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უძრავი ნივთის მიწოდება დაბეგრილია დღგ-ით 2021 წლამდე პერიოდში, მისი ექსპლუატაციაში მიღება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების გარემოებას და ექვემდებარება კორექტირებას შესაბამისი უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებითა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ანალიზით. აგრეთვე, აღნიშნულ პირებთან ჩატარდა სატელეფონო კომუნიკაცია და მოთხოვნილ იქნა შესაბამისი ახსნა-განმარტებები შეძენილი ფართებისა და გადახდილი თანხების შესახებ. აღნიშნული ოპერაციები, კერძოდ, ფართების რეალიზაცია და მიღებული ფულადი სახსრები გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო ასახული ბუღალტრულ პროგრამაში და არც მათი დეკლარირება განხორციელებულა. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული სხვა თანხები საკმარისი იყო მშენებლობის მიმდინარე ხარჯების დასაფარად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ რეალიზებულად იქნა განხილული ისეთი ფართები, რომლებზეც შემოსავალი კომპანიას არ მიუღია, ხოლო გარკვეული ფართები დაბრუნებული და შემდგომ ხელმეორედ რეალიზებულია და კომპანიის მიერ დეკლარირებული და გადახდილი. ასევე აღნიშნავს, რომ ფიზიკურ პირებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში მითითებული პუნქტი, რომ თანხა გადახდილია წარმოადგენს შაბლონური ხელშეკრულების ნაწილს. ამასთან, გადამხდელი მიუთითებს საკანონმდებლო ცვლილებებზე და განმარტავს, რომ საწარმოს სრულად აქვს აღრიცხული და დაბეგრილი ფართების მიწოდებიდან მიღებული შემოსავალი. აღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები. ასევე სადავო საკითხი შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ
საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი გარემოებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები. რიგ შემთხვევებში განხორციელდა გადამხდელის მიერ რეალიზებული ფართების უკან დაბრუნება და შემდგომი რეალიზაცია სხვა პირზე, აგრეთვე გადახდილი თანხების უკან დაბრუნება, რაც დღგ-ის ბრუნვის მიზნებისთვის შემოწმების მიერ დაექვემდებარა კორექტირებას შესაბამის პერიოდებში, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული თანხების მიღება სალაროში არ ფიქსირდება, თუმცა შემოსავლის მიღების ფაქტი დასტურდება საგადასახადო შემოწმების მიერ მესამე მხარიდან გამოთხოვილი ინფორმაციით. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული სხვა თანხები საკმარისი იყო მშენებლობის მიმდინარე ხარჯების დასაფარად.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ზემოხსენებული უძრავი ქონების რეალიზაციის ოპერაციის შედეგად მიღებული თანხების კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა მართლზომიერია. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------------ის“ (ს/ნ -------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოსა და ფიზიკურ პირებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ფართების გადაცემის ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები. ასევე, სადავო საკითხი შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.