ბრძანება N7531
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N7531
06.04.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
( მის.: ქ------------------)
2022 წლის 7 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 მარტის სხდომაზე (ოქმი №23) განიხილა შპს „-------------“ (ს/ნ ----------------) 2022 წლის 7 ნოემბრის №18136/2/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ოქტომბრის №005-148 საგადასახადო მოთხოვნასთან და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2022 წლის 7 ოქტომბრის №005-16344 შეტყობინებასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2022 წლის 29 მარტს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩხრეკის შედეგად სრულად იქნა ამოღებული პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები. აცხადებს, რომ დღემდე მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისად შეუძლებელი გახდა შემოწმების პერიოდში დოკუმენტაციის წარდგენა. მიუთითებს, რომ დირექტორი შემოწმების პერიოდში საქართველოში არ იმყოფებოდა და არც გადამხდელთან და არც რწმუნებულ პირებთან კომუნიკაცია შემოწმების მიმდინარეობისას არ განხორციელებულა. აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელთან არ ჩატარებულა ინვენტარიზაცია, არ ჩამოწერილა ვადაგასული საქონელი, არაა აღრიცხული ძირითადი საშუალებები. აცხადებს, რომ აუდიტორს 2022 წლის 30 სექტემბერს დაევალა რევიზიის ჩატარება და ამავე დღეს დასრულდა შემოწმება. გარდა ზემოაღნისნულისა შემოწმების პერიოდი ნაწილობრივ მოიცავს ისეთ პერიოდს, რისი ანგარიშვალდებულების დროც ჯერ არ დამდგარა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე აცახდებს, რომ შემოწმება ჩატარდა არასრულყოფილად და ითხოვს დაინიშნოს ხელახალი საგადასახადო შემოწმება.
ფაქტების აღწერა:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 19 ნოემბრის №36133, 2022 წლის 30 მაისის №13448 და 30 სექტემბრის №25097 ბრძანებების საფუძველზე შპს „-----------“ (ს/ნ -----------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 20 ივნისიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო
შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 6 ოქტომბრის №25549 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №005-148 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 134 135 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 86 284 ლარი, ჯარიმა 43 417 ლარი და საურავი 4 434 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო დავალიანების გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, შპს „---------------“ (ს/ნ -----------) მთელ ქონებაზე 2022 წლის 7 ოქტომბრის №005-16344 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „---------“ (ს/ნ ----------) შესამოწმებელ პერიოდში საბაჟო საწყობში შემოაქვს და ასევე ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს საღეჭ თამბაქოს, რეალიზაციას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე. გადამხდელისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილია ინფორმაცია ორჯერ, ერთხელ დაჯარიმებულია ინფორმაციის წარუდგენლობისთვის, ხოლო მეორედ გადამხდელის წამომადგენელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომ მათ მიერ ვერ ხერხდებოდა ინფორმაციის წარმოდგენა. საწამოს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ საბანკო ამონაწერი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებით დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა, საბანკო ამონაწერი, საქონლის/მომსახურების შეძენა რეალიზაციის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, საბაჟო დოკუმენტაცია და განსაზღვრულ იქნა საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციით დაფიქსირებული სმფ-ს საბოლოო ნაშთის გათვალისწინებით. საქონელი რეალიზებულად ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის შესაბამის თვეებში გადამხდელის დოკუმენტაციაში დაფიქსირებული ფასნამატით. 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის და 2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით, საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, ადგილობრივი ჩასათვლელი დღგ-ის თანხა შეადგენს სულ - 108 709 ლარს. აღნიშნული თანხები ედრება დეკლარაციაზე მიბმულ ჩასათვლელ თანხებს, თუმცა მოიცავს, როგორც ავანსის, ისე მისი გამნაშთავი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჯამს. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში დაკორექტირდა (შემცირდა) ჩასათვლელი თანხა, კერძოდ, ჩათვლებში გათვალისწინებული იქნა ავანსის და გამნაშთავი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გასალდოვებული მონაცემები დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების თარიღების მიხედვით, რაზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შპს „------------“ (ს/ნ ------------) 2022 წლის იანვარში ჩათვლილი აქვს შპს „ -------------“ (ს/ნ -----------) გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლის შინაარსშიც მითითებულია „კვების მიწოდება“. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმებით ვინაიდან საწარმოს მიერ ვერ მოხერხდა აღნიშნული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირების დადასტურება, შპს „-------------“ (ს/ნ------------) დაერიცხა მოგების გადასახადი, ასევე გაუუქმდა მიღებული ჩათვლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად და დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მხოლოდ საბაჟო დეკლარაციები.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე ინფორმაცია ორჯერ, ერთხელ დაჯარიმებულია ინფორმაციის წარუდგენლობისთვის, ხოლო მეორედ გადამხდელის წარმომადგენელმა წარადგინა ახსნა-განმარტება, რომ მათ მიერ ვერ ხერხდებოდა ინფორმაციის წარდგენა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად იქნა განსაზღვრული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, მართლზომიერია საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა და საქონელის რეალიზებულად განხილვა გადამხდელის დოკუმენტებში დაფიქსირებული ფასნამატით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლის და მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს ჩათვლილი აქვს დღგ-ის თანხები, რომლებიც ედრება დეკლარაციაზე მიბმულ ჩასათვლელ თანხებს, თუმცა მოიცავს, როგორც ავანსის, ისე მისი გამნაშთავი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჯამს. შესაბამისად ორმაგად არის დღგ-ის თანხები ჩათვლებში ასახული. აგრეთვე გადამხდელს 2022 წლის იანვარში ჩათვლილი აქვს შპს „-------------“ (ს/ნ ------------) გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლის შინაარსშიც მითითებულია „კვების მიწოდება“, თუმცა საწარმოს მიერ ვერ განხორციელდა აღნიშნული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირების დადასტურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ განხორციელდა ზემოაღნიშნული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირების დადასტურდება მართლზომიერად განხორციელდა მოგების გადასახადით დაბეგვრა, ასევე შემოწმებით მართლზომიერად დაკორექტირდა/გაუქმდა დღგის (შემცირდა) ჩასათვლელი თანხები.
აგრეთვე შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 7 ოქტომბრის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2022 წლის 7 ოქტომბრის №005-16344 შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------------“ (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი აცახდებს, რომ შემოწმება ჩატარდა არასრულყოფილად და ითხოვს დაინიშნოს ხელახალი საგადასახადო შემოწმება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, მომჩივანს ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ, რომლის მიხედვით განესაზღვრა გადამხდელს საგადასახადო ვალდებულების შესრულება.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს, საბაჟო საწყობში შემოაქვს და ასევე ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს საღეჭ თამბაქოს, რეალიზაციას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე. გადამხდელისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილია ინფორმაცია ორჯერ, ერთხელ დაჯარიმებულია ინფორმაციის წარუდგენლობისთვის, ხოლო მეორედ გადამხდელის წამომადგენელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომ მათ მიერ ვერ ხერხდებოდა ინფორმაციის წარმოდგენა. საწამოს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ საბანკო ამონაწერი.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:136,73,160,161,159,164,173,174,176,97,239,238