გადაწყვეტილება №19386/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19386/2/2023
11 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------------- 11.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19386/2/2023).
დავის საგანი:
გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.10.2022 წლის №007-265 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №5944 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 92 690 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 59 151
ჯარიმა - 29 576
საურავი - 3 963
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის პირველადი საგადასახადო დოკუმენტების ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების და საბანკო ანგარიშების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას გააჩნია დებიტორული მოთხოვნა 236 397 ლარის ოდენობით შპს---------- მიმართ. ამასთან, კომპანიის მიმართ საგადასახადო შემოწმების ჩატარებამდე განხორციელდა დეკლარაციების კონტროლის სამმართველოს მიერ რისკის შეფასების და გაქარწყლების პროცედურები, რომლის ფარგლებში გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილი ინფორმაციით გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ აღნიშნული მოთხოვნა წამოადგენს ძირითადი საშუალების შესაძენად 2009 წელს გადახდილ ავანსს. თუმცა,შემდგომში ეს შენობა შპს --------- ჩამოართვეს, რის გამოც ვერ მოხდა მისი გადმოცემა და ვერც ავანსად გადახდილი თანხის დაბრუნება.
გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა შესაბამისი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რადგან მისი განმარტებით, არ მოეპოვება ძველი პერიოდის დოკუმენტები (მათ შორის საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები). შპს ---------- რეგისტრირებულია 2005 წლის 29 აგვისტოს, რომლის 49%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს 2011 წლის 7 სექტემბრამდე წარმოადგენდა ----------, რომელიც წარმოადგენს შპს ----------ტერმინალის პარტნიორის ----------- დედას, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში წარმოადგენდა შპს ------------ 25%-იანი წილის მფლობელს და დირექტორს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემებით, კომპანიას 2016 წლიდან არ უფიქსირდება არანაირი აქტივობა. გადასახადის გადამხდელს ეცნობა ზემოაღნიშნული რისკის არსებობის და საგადასახადო შემოწმების მიზანშეწონილობის შესახებ. საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული პროგრამის ჩანაწერებში ფიქსირდება საწყისი დებიტორული დავალიანება შპს ------------ მიმართ 236 397 ლარის ოდენობით და ასევე, საწყისი კრედიტორული დავალიანება 5210 ანგარიშზე (საწესდებო კაპიტალი) 314 600 ლარის ოდენობით და 5210 ანგარიშზე კრედიტორული დავალიანება (პარტნიორთა კაპიტალი შეზღუდული პასუხისმგებლობის არმქონე საზოგადოებაში) 214 597 ლარის ოდენობით. შემოწმების ფარგლებში, კომპანიის მიერ არ იქნა წარდგენილი აღნიშნულ ანგარიშებზე თანხის მოძრაობის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები და ასევე, წინა წლის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები მათი ხანდაზმულობის გამო.
შემოწმების შედეგად, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ აღნიშნული დებიტორული მოთხოვნის ჩანაწერის შინაარსი არ შეესაბამება მის ფორმას, არ მტკიცდება პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით და პირებს შორის ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს ოპერაციის შინაარსზე და ფორმაზე, აღნიშნული ჩანაწერის (214 597 ლარი) მიზანია კომპანიაში არსებული ნაღდი ფულადი სახსრების შემცირების/დანაკლისის გამართლება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიიდან თანხის გატანა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ სახელფასო განაცემად. საგადასახადო კოდექსის მე-19, 43-ე, 73- ე, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ოქტომბრის №26072 ბრძანება და №007-265 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №5944 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, 491 მუხლზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს, საწესდებო კაპიტალის შემცირების საფუძვლით, კომპანიიდან გაჰქონდა თანხები, თუმცა საწესდებო კაპიტალის რეალობის დადგენის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიიჩნია, რომ კომპანიიდან გატანილი თანხა, რომელზეც გადასახადის გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი შესაბამისი ინფორმაცია, თავისი შინაარსის გათვალისწინებით წარმოადგენს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასს. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების პერიოდში გადასახადის გადამხდელმა, აუდიტორს წარუდგინა ანგარიშის ბარათი, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანიას 2009 წლის ივლის-დეკემბრის პერიოდში შპს ---------- მიმართ გადახდილი აქვს 236 397 ლარი, საიდანაც 43 000 ლარი გადახდილია სალაროს გასავლის ორდერის მეშვეობით, ხოლო დანარჩენი თანხა საბანკო გადარიცხვის გზით. შესაბამისად, აღნიშნული თანხა კომპანიას ბუღალტრულ პროგრამაში 2010 წლის 1 იანვრიდან ერიცხება, როგორც დებიტორული დავალიანება.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 4 ოქტომბრის №49532 ბრძანებით ასევე განხორციელდა კომპანიის სრული საგადასახდო შემოწმება, რომელიც მოიცავდა 2007-2013 წლების პერიოდს. ამ შემთხვევაშიც, აუდიტორს წარედგინა შესაბამისი ანგარიშის ბარათი, რომელიც ადასტურებდა, რომ კომპანიას 2009 წლის ივლის-დეკემბრის პერიოდში შპს ---------- მიმართ გადახდილი ჰქონდა 236 397 ლარი, შესაბამისად იმ პერიოდისთვისაც აღნიშნული თანხა კომპანიის ბუღალტრულ პროგრამაში ირიცხებოდა, როგორც დებიტორული დავალიანება, თუმცა სრულიად კანონიერად, ამ ნაწილში დარიცხვა არ განხორციელებულა. მოცემულ ოპერაციაზე, გადასახადის გადამხდელის მხრიდან აუდიტორისათვის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების წარუდგენლობა ვერ გახდება დარიცხვის საფუძველი, რადგან გასულია ამ დოკუმენტების შენახვის კანონით დადგენილი ვადა და მათი შენახვის ვალდებულება გადასახადის გადამხდელს არ ეკისრება.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ ოპერაციის განხორციელების დროა 2009 წლის ივლისი - დეკემბერი. შესაბამისად, ამ ოპერაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის ვალდებულება გადასახადის გადამხდელს ჰქონდა ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის (2009 წლის) დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში, ანუ 2012 წლის ჩათვლით. ამდენად, აუდიტორის მხრიდან საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის გამოყენება არარელევანტურია.
განსახილველ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული დარიცხვა არ შეესაბამება საგადასახადო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, რადგან დარიცხვა ხანდაზმულია.
საგადასახდო კოდექსით დადგენილია ხანდაზმულობის ვადები, მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლზე, ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 62-ე ნაწილზე და მიიჩნევს, რომ აუდიტორმა და შემოსავლების სამსახურმა ასევე არასწორად გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი, რამაც გამოიწვია გადასახადის გადამხდელის მიმართ გადასახადის უკანონოდ დარიცხვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადასახადით დაბეგვრის ობიექტის დადგენისათვის აუცილებელი დოკუმენტი შეინახოს 3 წლის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება იმ საგადასახადო პერიოდის კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი.
საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული პროგრამის ჩანაწერებში ფიქსირდება საწყისი დებიტორული დავალიანება შპს ---------- მიმართ 236 397 ლარის ოდენობით, ასევე საწყისი კრედიტორული დავალიანება 5210 ანგარიშზე (საწესდებო კაპიტალი) 314 600 ლარის ოდენობით და 5210 ანგარიშზე კრედიტორული დავალიანება (პარტნიორთა კაპიტალი შეზღუდული პასუხისმგებლობის არმქონე საზოგადოებაში) 214 597 ლარის ოდენობით. კომპანიის მიერ არ იქნა წარდგენილი აღნიშნულ ანგარიშებზე თანხის მოძრაობის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები და ასევე, წინა წლის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები მათი ხანდაზმულობის გამო. ამგვარად, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს საწესდებო კაპიტალის შემცირების საფუძვლით კომპანიიდან გაჰქონდა თანხები, თუმცა საწესდებო კაპიტალის რეალობის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურს პოზიციას, რომ კომპანიიდან გატანილი თანხა, რომელზეც ვერ იქნა წარდგენილი შესაბამისი ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის მიერ, თავისი შინაარსით წარმოადგენს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასს.
მომჩივანი შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტების ანალოგიურად, შემოწმებით განხორციელებულ დარიცხვას არ ეთანხმება და უკანონოდ მიიჩნევს, მაგრამ როგორც შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაშია აღნიშნული და შესაბამისად ირკვევა, არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე არ წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს ისეთ მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და შესაძლებელია შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გამხდარიყო.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გატანილი თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიიდან გატანილი თანხა, რომელზეც ვერ იქნა წარდგენილი შესაბამისი ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის მიერ, თავისი შინაარსით წარმოადგენს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასს. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ოქტომბრის №26072 ბრძანება და №007-265 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №5944 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
73(9);19(1);101(1);154(1ა);