გადაწყვეტილება №17770/2/2022
📄 სრული ტექსტი
№17770/2/2022
8.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----------- (პ/ნ -----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 8.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------------- 15.09.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17770/2/2022).
დავის საგანი:
საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე, მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 12.06.2022 წლის №EL168570 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 4.07.2022 წლის №17319 ბრძანება.
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 1 000 ლარი.
ფაქტების აღწერა
12.05.2022 წელს, ს.გ.პ. „--------------“ კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან შევიდა მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება №--------------. საბაჟო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ სატვირთო ავტომობილზე გეზი „----------------“ დაიბეჭდა საბაჟო დეკლარაცია C--------------- ექსპორტის საბაჟო პროცედურაში და დანიშნულების საბაჟოდ განესაზღვრა ს.გ.პ. „------------------“. მომჩივანი ნაცვლად დანიშნულების საბაჟო გამშვები პუნქტისა გამოცხადდა ს.გ.პ „----------------“. საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევას, რაზეც მომჩივანს 12.06.2022 წლის №EL168570 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.07.2022 წლის №17319 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი დადგენილია, რომ მომჩივანმა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლით დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებით გადაუხვია მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე. შესაბამისად, ადგილი აქვს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტს და დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
სატრანსპორტო საშუალება მიემართებოდა დაგეგმილი მარშრუტით და აპირებდი ქვეყნის დატოვებას ------------ გავლით, თუმცა ს.გ.პ „-------------“ მოხვდა საცობში, რომელიც დაგეგმილზე მეტი დროით გაჩერებას საჭიროებდა. სატრანსპორტო საშუალება მიემართებოდა ------------ მიმართულებით, საბაჟოს თანამშრომლის სიტყვიერი რჩევის გათვალისწინებით დატოვა ს.გ.პ „--------------“ და გამოცხადდა ს.გ.პ „------------“.
ითხოვს, ხელახლა მოხდეს აღნიშნული საკითხის განხილვა და ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სატრანსპორტო საშუალებამ გადაუხვია დადგენილ მარშრუტს საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლის რჩევით, რამდენადაც მისი დანიშნულების ადგილზე მისაღწევად ორივე გამშვები პუნქტი ხელსაყრელი იყო, თუმცა ს.გ.პ. „------------“ გაუთვალისწინებლად დიდი საცობი იწვევდა დროში გაჭიანურებას, რის გამოც მან გადაუხვია მარშრუტს და ქვეყანა დატოვა ს.გ.პ „--------------“ გავლით.
ითხოვს გაუქმდეს ჯარიმა რამდენადაც აღნიშნული არ იყო განპირობებული კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის განზრახვით, არამედ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა იმოქმედა საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლის რჩევის შესაბამისად და ვერ გაითვალისწინა, რომ აღნიშნული დაკვალიფიცირდებოდა როგორც საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.
შესაბამისად, სახეზეა საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული არცოდნით ჩადენილი სამართალდარღვევა. ასევე, ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან, რამდენადაც სამართალდარღვევა გამოწვეულია საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომელზე მინდობის შედეგად და მძღოლს ვერ ეცოდინებოდა, რომ რჩევის გათვალისწინების შემთხვევაში დადგებოდა სამართალდარღვევა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა იგი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტით დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.
ამავე კოდექსის 157-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში საბაჟო ორგანოს შეუძლია განსაზღვროს მარშრუტი, რომლითაც უნდა გადაადგილდეს გასატანი საქონელი, და ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი უნდა იქნეს გატანილი. ამასთან, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:
ა) პირმა, რომელსაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გააქვს;
ბ) პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გამტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;
გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მომჩივანმა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე, მოძრაობისთვის დადგენილ საბაჟო მარშრუტს გადაუხვია, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე და სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით და შესაბამისად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს სადავო 12.06.2022 წლის №EL168570 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 12.06.2022 წლის №EL168570 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.