გადაწყვეტილება №19939/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19939/2/2023
19 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "------" (ს/ნ "------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,14.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------" - ის 9.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19939/2/2023).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 7.07.2022 წლის №16583/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 15.02.2023 წლის №006-56 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 2 470 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 1 638
საურავი - 832
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 20.11.2014 წლის №006-342 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა 8 387 ლარი. მათ შორის, საშემოსავლო გადასახადი - 3 224 ლარი, ჯარიმა - 1 224 ლარი და საურავი - 3 939 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 11.03.2015 წლის №7439 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
აღნიშნული აქტები 2015 წლის 11 მაისს გასაჩივრდა დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 2015 წლის 14 აგვისტოს №10228/2/15 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება). ამასთან, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან.
აუდიტის დეპარტამენტის 24.09.2015 წლის №006-528 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხა 1 620 ლარით. შესწორებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 9.12.2015 წლის №47079 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა დავების განხილვის საბჭოში. მომჩივანი ითხოვდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე განხორციელებული დარიცხვების და უძრავი ქონების ნაწილზე გირავნობა/იპოთეკის უფლების გაუქმებას. დავების განხილვის საბჭოს 20.05.2016 წლის №12141/2/16 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადასახადის გადამხდელმა მიმართა სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა "------" -ის სააპელაციო საჩივარი. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 23 სექტემბრის №35547 ბრძანება, 2015 წლის 24 სექტემბრის №006-528 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 9 დეკემბრის №47079 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 20 მაისის №12141/2/16 გადაწყვეტილება და შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 აგვისტოს დასკვნა, 2021 წლის 22 სექტემბერს №29664 ბრძანება და №006-712 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად დამატებით დარიცხული გადასახადი შემცირდა 738 ლარით და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 3 370 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2021 წლის 12 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 11 მარტის №5944 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 13.05.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 7.07.2022 წლის №16583/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.02.2023 წლის დასკვნა, 15.02.2023 წლის №2797 ბრძანება და №006-56 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 452 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 2 470 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
დავების განხილვის საბჭომ კიდევ ერთხელ დაავალა აუდიტის დეპარტამენტს თავიდან დაეანგარიშებინა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება, რადგან გადასახადი ერთიდაიგივე საქმეზე სულ სხვადასხვა თანხით იყო წარმოდგენილი. ამიტომ იყო, რომ ორივე სასამართლო ინსტანციამ - სააპელაციო და უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ეს გაურკვეველი საგადასახადო ვალდებულება. ამასთან, კერძო აუდიტის მიერ დადგენილია, რომ საგადასახადო ვალდებულების ძირითადი თანხა არის 548 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტმა ისევ არასწორად შეასრულა დავალება და მხოლოდ 452 ლარით შეამცირა გადასახადი.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ საქმე ეხება 2007-2010 წლებში წარმოებულ იმ ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც მოულოდნელად უმუშევრად დარჩენილმა და ოჯახური პრობლემებით დამძიმებულმა სპონტანურად დაიწყო და 2010 წელს ისე დაზარალდა, რომ პროკურატურის მიერაც დაზარალებულად არის ცნობილი.
ამის შემდეგ არანაირი ეკონომიკური საქმიანობა არ უწარმოებია და დღემდე დაუსრულებელ, უსამართლო დავაში იმყოფება შემოსავლების სამსახურთან.
მას რომ ეკონომიკური საქმიანობა ეწარმოებინა, იძულებული იქნებოდა გადაეხადა არასწორად დარიცხული საგადასახადო ვალდებულება. მაგალითად, როცა გააქირავა საკუთარი საძინებელი ოთახი, გადაიხადა კუთვნილი 180 ლარი, რომელიც თურმე ჩარიცხეს 2007 წლის საანგარიშო პერიოდში, რომელშიც მას სარგებელი არ ჰქონდა და არასდროს უღიარებია. მათ კი ჯარიმა-საურავებით გაზარდეს და აღიარებულ გადასახადს მიაკუთვნეს.
მიუხედავად იმისა, რომ 2010 თუ 2013 წლიდან ქვეყნის კანონმდებლობაში არსებობს ხანდაზმულობის პერიოდი და გამოქვეყნებულია რამდენიმე ფინანსური ამნისტია, მას, ამ მარტოხელა, დაზარალებულ და 2011 წლიდან შემოსავლების გარეშე დარჩენილ ადამიანს, რატომღაც არც ერთი არ შეეხო. ვითომ იმიტომ, რომ არ ჰქონდა აღიარებული ის არასწორი საგადასახადო ვალდებულება, რომელიც თავად სასამართლომაც არ ჩათვალა სწორად და გააუქმა.
ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს დევნას, ფსიქოლოგიურ და ფინანსურ ზეწოლას და ძალადობას.
აქვს სულ 10 კერძო იპოთეკური სესხი გაცემული. აქედან პირველი და ბოლო შემთხვევა დასრულდა ზარალით. ბოლო თანხა - 3 000 დოლარი დღემდე არ დაბრუნებია. დარჩა 8 კერძო შემთხვევა. ამ რვიდან მათი ყოველთვიური გადასახადი შეადგენდა 100 დოლარიდან დაწყებული მაქსიმუმ 500 დოლარს. აქედან, მხოლოდ 2 შემთხვევაში უნდა მიეცათ 500 დოლარი, დანარჩენს გაცილებით ნაკლები (100, 240, 340 და ა.შ.), რომელიც ხელშეკრულების მიხედვით 3 თვე უნდა გადაეხადათ. ეს ასე ზუსტად და საათივით აწყობილი არ ხდებოდა, ძირი თანხის ამოღებაც დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. ცხადია, პროცენტსაც სრულად არ აძლევდნენ. მას ამ საქმეში გამოცდილება არ ჰქონდა და არასდროს დაუფიქსირებია შესაბამისი ფორმულირებით. მაგალითად, ვალის პატიებით და ა.შ. ამიტომ ასეთი შემთხვევებით არც აპელირებს. თუმცა, არსებობს ნოტარიულად დადასტურებული "-----" ის აღიარება, რომ სულ მხოლოდ თვენახევრის პროცენტი აქვს მიცემული.
ჩავთვალოთ, რომ თითოეული მათგანი თითქოს თვეში აძლევდა 500 დოლარს, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 3 თვეში გამოდის 1 500 დოლარი. ისიც გავითვალისწინოთ, რომ დოლარის კურსიდან გამომდინარე, ზოგჯერ დაბრუნებული თანხა ლარებში უფრო ნაკლები იყო ვიდრე მომჩივნის მიერ გაცემული. ერთ შემთხვევაში სესხი გაგრძელდა მხოლოდ ერთი თვე და პროცენტის რაოდენობა კი იყო 100$.
დავუშვათ, რომ თითქოს თითოეულმა მათგანმა მისცა 1 500$. ერთად გამოდის 12 000 დოლარი. ცხადია, ამ არარსებულ ვითომ სარგებელს ხომ უნდა გამოვაკლოთ მასზე მიყენებული, არსებული რეალური ზარალი - 3 000 დოლარი (რომლის რაოდენობა შედის მის მიერ აღებულ საკუთარ იპოთეკურ სესხებში და დღემდე პროცენტს იხდის). სწორედ ამ ეკონომიკურ საქმიანობაში აკისრებენ საგადასახადო ვალდებულებას. ეკონომიკურ საქმიანობაში კი ლოგიკურია რომ ზარალი უნდა გავითვალისწინოთ. სხვაგვარად სარგებელი ვერ იქნება სწორი. ამ ეკონომიკურ საქმიანობაში მის მიერ 10 წლის განმავლობაში გადახდილ პროცენტებზე აღარ საუბრობს. როცა 12 000$-ს გამოვაკლებთ 3 000$-ს, მივიღებთ 9 000$-ს.
მასზე მიყენებული ზარალის (3 000$) სანაცვლოდ საგადასახადო ვალდებულებას აკლებენ 396 ლარს.
უფრო ზუსტად განმარტავს 396 ლარის შესახებ: მაშინდელი დოლარის კურსით 1 დოლარი შეესაბამება 1,860 ლარს, რაც უდრის 5 568 ლარს. დანარჩენ შემთხვევებშიც დოლარის კურსი დაახლოებით კიდევ უფრო მცირეა. რაც შეეხება 396 ლარს, იგი 7,12%-ია 5 568 ლარის ანუ 3 000 დოლარის.
საგადასახადო კოდექსის 196-ე მუხლის მიხედვით განისაზღვრება საპროცენტო სარგებლის დაბეგვრის განაკვეთები, რომელიც გარდამავალ და დასკვნით დებულებებში არის დაზუსტებული, 2008- 2009-2010 წლების ჭრილში, შესაბამისად 2008 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე 10%, 2009 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე 7,5%-იანი განაკვეთით, ხოლო 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე - 5%-იანი განაკვეთით.
რადგან 9 000 დოლარში 3 3 000 დოლარია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება მათი ანგარიშით იქნება 3 გამრავლებული 396 ლარზე. ესეც დავამრგვალოთ, ე.ი. ნაცვლად 396 ლარი ჩავთვალოთ 400 ლარი. მაშასადამე, ამ მეტობით დამრგვალებული და გაბერილი ციფრებითაც კი მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება არის 1 200 ლარი.
დიახ, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების ძირი თანხა ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი მეტობით დამრგვალებული და დაანგარიშებული გამოვიდა 1 200 ლარი და არანაირად 3 878 ლარი. ე.ი. სწორია კერძო აუდიტის მიერ დადგენილი საგადასახადო ვალდებულების ძირი თანხა 548 ლარი. აღსანიშნავია, რომ ამ ციფრს მომჩივნის მიერ გადახდილი 1 000 ლარი ლოტის ფული არ აქვს გამოკლებული. მაშინ ვერ მიაწოდა აუდიტს ეს დოკუმენტი. საქმეში კი დევს და უკვე იპოვა კიდეც. ამიტომ აქვს დაწერილი აუდიტს დასკვნაზე, ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტებით, სავარაუდო გადასახადი ასეთიაო. მან ხომ იცოდა, რომ ლოტის ფულის გადახდის გარეშე აუქციონზე მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
ამასთან აღსანიშნავია, რომ მართალია სოფ. "------" -ში სახლი აღსრულების სახით მომჩივნის სახელზე გადაფორმდა 2011 წელს, მაგრამ დღემდე ცხოვრობს ძველი მეპატრონის ოჯახი და ფულსაც არ უბრუნებს. ვერც არსებული კანონმდებლობა ეხმარება რეალურად. მაშინ რატომ აკისრებს სახელმწიფო საგადასახადო ვალდებულებას, მით უფრო არარეალურს.
ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ 10 000 ლარი აქვს გადახდილი აუქციონზე ამ სახლში და ცალკე 1 000 ლარი ლოტის ფული, შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო ვალდებულების გარანტად არ ჩაუთვალა და საგადასახადო გირავნობა ჩატოვა.
იმ საოცრად მეტობით დაანგარიშებულ 1 200 ლარში ის არასდროს აღებული პირგასამტეხლოებიც კი მოთავსდება დიდი ალბათობით. პირგასამტეხლოები, რომლებიც არასდროს აუღია, არ არსებობს მისი აღების არანაირი მტკიცებულება. ამიტომ სასამართლომაც მიუთითა შემოსავლების სამსახურს, რომ არასწორად არიცხავდნენ ამ გადასახადს.
შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის პრინციპებიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირთათვის, როგორც 2010 წლამდე პერიოდში (138-ე მუხლი), ისე 2010 წლის შემდეგ პერიოდში (136-ე მუხლი), ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და სხვა ჯარიმები აღირიცხება საკასო მეთოდით. 2010 წლის შემდგომ პერიოდში ეს მუხლი ვრცელდება იურიდიულ პირებზეც.
არც ის არის სამართლიანი, რომ დაუბრუნებელ ძირ თანხას - 3 000 დოლარს აღებული სარგებლის სტატუსით რომ განიხილავს საგადასახადო ორგანო და 3 000 დოლარის სანაცვლოდ მხოლოდ 396 ლარს აკლებს საგადასახადო ვალდებულებას. სარგებელი სხვაა და ძირი თანხა სხვაა. თუ ამის დიფერენცირების საშუალებას არ იძლევა კანონმდებლობა, მაშინ კანონი მოიკოჭლებს.
თუ ყველა ზარალს გავითვალისწინებთ, გადასახადი რეალურად არ აქვს.
ცხადია, ბუნებრივად იბადება კითხვა, რა პროგრამებით ანგარიშობენ საგადასახადო ვალდებულებებს?! ან რა კანონმდებლობით არ აქვს ხანდაზმულობის ვადა 2007-2010 წლებში არსებულ ამ ვითომ ეკონომიკურ საქმიანობას?! სხვათაშორის, ამის შესახებ წერია აპელაციის დასკვნაში, რომ ასეთი მუშაობით შემოსავლების სამსახური ხელს უშლის მეწარმეობის განვითარებას.
ჭეშმარიტად სამართლებრივ ქვეყანაში ნამდვილად არ დასჭირდებოდა არც იმ ეკონომიკური საქმიანობის დაწყება, რომელმაც დააზარალა და არც შემოსავლების სამსახურიდან ექნებოდა ამდენი უსიამოვნება. თუ შეცდომა მოხდებოდა, იმ არასწორად დაკისრებული საგადასახადო ვალდებულების გამო მიყენებულ ზარალს 2013 წლიდან საათებით აუნაზღაურებდნენ და არამხოლოდ ერთ წელში მიყენებულ ზარალს, რომელსაც ითხოვდა სასარჩელო მოთხოვნაში (12 780 ლარი).
დიახ ზარალს, რადგან ხან საგადასახადო გირავნობის და ხან ყადაღის გამო, ვერ ყიდიდა თავის უძრავ ქონებას დროზე, ვერ იღებდა არაკაბალურ სესხს. როგორც საქმეში არსებულ დოკუმენტებში ჩანს, მომჩივანი ამ ხნის განმავლობაში იხდიდა და იხდის პროცენტებს სხვადასხვა ბანკში და მხოლოდ აღებული სესხით არსებობს, რომლის რაოდენობა ცხადია იზრდება.
ისიც აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლო თავად იხსენებს საგადასახადო კოდექსის 411-ე მუხლს, რომლის თანახმად, მიყენებული ზარალი შესაბამისმა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა აანაზღაუროს. ამავე დროს, იმასაც აღნიშნავს, რომ უნდა ანაზღაურდეს არამხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლებისთვისაც, რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამაზეა ნათქვამი: „ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო“.
მომჩივანი არის პროფესიით ექიმი, პუბლიცისტიც, რომანიც აქვს დაწერილი და პიესაც. ათეული წლები ემსახურებოდა ქვეყანას. არავისზე ნაკლები დამსახურება არ აქვს ქვეყნის წინაშე, მაგრამ ქვეყნად მიმდინარე რეფორმების გამო მისი სამსახურები გაუქმდა და იქ ვეღარ მუშაობს. შემდეგ კი შემოსავლების სამსახურის გამო ბევრი ჩაფიქრებული საქმე ვერ განახორციელა. ნერვიულობამ და ცუდმა ცხოვრების პირობებმა გაუუარესა ჯანმრთელობა.
ამასთან, მისი ოჯახის ვალი აქვს ამ ქვეყანას, რომელიც ქვეყნის საშინაო ვალის რაოდენობაშია შესული.
ამ უსამართლო 10 წლიანმა დავამ კი ძალიან შეულახა ჯანმრთელობა, აქვს დიაბეტი. უსახსრობის გამო სახლიდან თითქმის ვერ გადის. ნორმალურად ვერც სათანადო გამოკვლევებს იტარებს და ვერც დანიშნულ მკურნალობას. ვერ ყიდულობს აუცილებელ მედიკამენტს და საჭირო საკვებსაც კი. გასაკეთებელი აქვს თვალის ოპერაცია, რომელიც საყოველთაო დაზღვევის ზემოთ ითვალისწინებს კონკრეტულ თანხებს, რომლის მოძიება მისთვის ძალიან რთულია. არადა, თანდათან უუარესდება მხედველობა.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ ითხოვს გამოიჩინოთ სამართლიანობა. უფლება გაქვთ გააუქმოთ ეს ისედაც არასწორად დარიცხული საგადასახადო ვალდებულება, საგადასახადო კოდექსის ძალიან ბევრი მუხლის შესაბამისად, 2013 წლიდან 2023 წელს მაინც! ნუ გავაგრძელებთ ამ დავას ზემდგომ ინსტანციაში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დავების განხილვის საბჭოს 7.07.2022 წლის №16583/2/2022 გადაწყვეტილებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივნის მიერ გაფორმებულია სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებები (სულ 10 ხელშეკრულება). საკითხის დამატებით შესწავლისთვის, საჯარო რეესტრის საინფორმაციო პორტალზე მოძიებული იქნა თითოეულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იპოთეკის მოხსნის საფუძველი (სესხის და იპოთეკის მოხსნის/მოშლის ხელშეკრულება და სანოტარო აქტები), სადაც ძირითად შემთხვევებში იპოთეკის მოხსნის საფუძველია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება და ცალკეულ შემთხვევაში მითითებულია გადახდილი სესხის პროცენტის ოდენობა. გადასახადის გადამხდელის შემოსავალი გაანგარიშდა საკასო მეთოდით. იმ შემთხვევაში, როდესაც იპოთეკის მოხსნის საფუძველში მითითებულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება, საპროცენტო სარგებელი გაანგარიშდა ხელშეკრულებებში მითითებული საპროცენტო სარგებლის და გაცემული სესხის ვადების მიხედვით, დათქმული პირობების შესაბამისად, ხოლო იმ შემთხვევაში როდესაც იპოთეკის მოხსნის საფუძველში მითითებულია გადახდილი საპროცენტო თანხის კონკრეტული ოდენობა, შემოსავლის გაანგარიშებისას, საპროცენტო შემოსავალი დათვლილია მითითებული თანხების გათვალისწინებით. ამასთან, გათვალისწინებულია მომჩივნის მიერ დამატებით წარმოდგენილი "-------" (მსესხებელი) ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი, გადახდილი/გადასახდელი თანხის შესახებ. ამასთან, ვინაიდან სესხები გაცემულია სხვა ვალუტაში (აშშ დოლარი), შემოწმებით კურსთაშორის სხვაობები გაანგარიშდა მხოლოდ სესხის ძირითად თანხაზე (ვინაიდან საპროცენტო სარგებელი გაანგარიშებულია საკასო მეთოდით და ამ ნაწილში კურსთაშორის სხვაობა არ წარმოიქმნება) და გათვალისწინებულია წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებაში.
გადაანგარიშების მიმდინარეობისას ზემოთ აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული საპროცენტო სარგებელი შესაბამისი კურსთაშორის სხვაობების გათვალისწინებით არ ემთხვევა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდენილ 2019 წლის 24 ივნისის აუდიტორულ დასკვნაში მითითებულ საპროცენტო შემოსავლებს (შედარება განხორციელდა თითოეული გაცემული სესხის ჭრილში). მომჩივნის მიერ წარმოდგენილ 2019 წლის 24 ივნისის აუდიტორულ დასკვნას არ ახლავს მასში მითითებული საპროცენტო სარგებლის დეტალური გაანგარიშების ცხრილები და მეთოდიკა.
რაც შეეხება 2010 წლის 8 ივნისს "------- "-თან გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, 2011 წლის 2 სექტემბერს აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული ქონება, მდებარე "-------" რაიონი, სოფელი "------" (ს/კოდი №"------" ) გატანილი იქნა იძულებით აუქციონზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს "------" განკარგულებით იძულებით აუქციონზე შეძენილი ქონების მესაკუთრე გახდა "------" , ნივთი შეიძინა 10 400 ლარად. ასევე, წარმოდგენილია 2012 წლის 22 ივნისის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, რომლის მიხედვითაც მომჩივანი გამოცხადდა დაზარალებულად. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალეებად ფიქსირდებიან "------" და "------" , ხოლო აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 3 000 აშშ დოლარს. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული უკავშირდება 2010 წლის 8 ივნისს "------" -თან გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში საპროცენტო სარგებლის მიღება ვერ დასტურდება, დავების განხილვის საბჭოს 14.08.2015 წლის №10228/2/15 გადაწყვეტილების საფუძველზე, 2015 წლის 11 სექტემბერს შედგენილი დასკვნის მიხედვით, აღნიშნული სესხის ნაწილში დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანხით უკვე შემცირებულია 2011 წლის ერთობლივი შემოსავალი. შესაბამისად, მიმდინარე გადაანგარიშების ეტაპზე აღნიშნულ ნაწილში ცვლილება აღარ განხორციელდება.
რაც შეეხება წარმოქმნილ ზარალს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 121-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მეწარმე ფიზიკური პირის მიმართ გამოქვითვების გადამეტება ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალზე, რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან, არ გამოიქვითება ამ პირის მიერ მიღებული ხელფასის ხარჯზე. იგი გადაიტანება 5 წლამდე ვადით და დაიფარება მომავალი პერიოდების ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტების ხარჯზე, რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. საქმეში არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და გასაჩივრებული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს არასწორად დარიცხული საგადასახადო ვალდებულების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
დავების განხილვის საბჭოს7.07.2022 წლის №16583/2/2022 გადაწყვეტილებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივნის მიერ გაფორმებულია სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებები (სულ 10 ხელშეკრულება).
თითოეულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოძიებულ იქნა იპოთეკის მოხსნის საფუძველი (სესხის და იპოთეკის მოხსნის/მოშლის ხელშეკრულება და სანოტარო აქტები),სადაც ძირითად შემთხვევებში იპოთეკის მოხსნის საფუძველია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება და ცალკეულ შემთხვევაში მითითებულია გადახდილი სესხის პროცენტის ოდენობა. გადასახადის გადამხდელის შემოსავალი გაანგარიშდა საკასო მეთოდით. იმ შემთხვევაში, როდესაც იპოთეკის მოხსნის საფუძველში მითითებულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება, საპროცენტო სარგებელი გაანგარიშდა ხელშეკრულებებში მითითებული საპროცენტო სარგებლის და გაცემული სესხის ვადების მიხედვით, დათქმული პირობების შესაბამისად, ხოლო იმ შემთხვევაში როდესაც იპოთეკის მოხსნის საფუძველში მითითებულია გადახდილი საპროცენტო თანხის კონკრეტული ოდენობა, შემოსავლის გაანგარიშებისას, საპროცენტო შემოსავალი დათვლილია მითითებული თანხების გათვალისწინებით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
121(3)