გადაწყვეტილება №25551/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.11.2025
№ დოკუმენტი 25551/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25551/2/2025

03 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 31.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25551/2/2025).

 

დავის საგანი:

დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 16.05.2025 წლის №002-61 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.07.2025 წლის №15379 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 204 497,93 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 122 219,62

ჯარიმა - 58 350,49

საურავი - 23 927,82

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა სწრაფი კვების მომსახურება, რომელსაც ახორციელებს "------"-ში, იჯარით აღებულ ფართში. რეგისტრირებულია 29.10.2020 წელს.

აუდიტის დეპარტამენტის 13.05.2025 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი საქონლის რეალიზაციისას იყენებს, როგორც საკონტროლო-სალარო აპარატს, ასევე პოსტერმინალს. დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით მიღებული შემოსავალი შეადგენს - 134 974 ლარს, ხოლო პოსტერმინალის გამოყენებით - 1 333 911 ლარს. უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში კომპანიის მიერ მიღებულმა შემოსავლებმა 100 000 ლარს გადააჭარბა 10.07.2023 წელს, შესაბამისად დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოიშვა 10.07.2023 წელს, ნაცვლად 15.08.2023 წლისა.

აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე და 275-ე მუხლების გათვალისწინებით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.05.2025 წლის №002-61 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.07.2025 წლის №15379 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საკონტროლოსალარო აპარატზე ამობეჭდილი და პოსტერმინალზე მიღებული თანხების მიხედვით, გადამხდელს უფიქსირდება უწყვეტი 12 თვის განმავლობაში საქონლის რეალიზაციით მიღებული ბრუნვის 100 000 ლარისთვის გადაჭარბება 2023 წლის 10 ივლისს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით გადამხდელს განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2023 წლის 10 ივლისიდან და დაერიცხა დღგ.

შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან საგადასახადო დავის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი ისეთი არგუმენტი/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების პერიოდად განისაზღვრა 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს კომპანია არ ოპერირებდა ბაზარზე, არ იყო რეგისტრირებული და მან საქმიანობა შეაჩერა 22.01.2025 წელს.

აცნობიერებს, რომ ადგილი ჰქონდა რიგ საბუღალტრო ხარვეზებს, რაც არ იყო განზრახი ან მიზნად არ ჰქონდა სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება. კერძოდ, დარღვევების მიზეზები იყო ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე - კომპანია ოპერირებდა დაბალბიუჯეტიან ბაზარზე, სადაც მომწოდებელთა დიდი ნაწილი საბუღალტრო დოკუმენტაციას ვერ გასცემდა შესაბამისი უფლებამოსილების არქონის გამო, რადგან არ გახლდათ საგადასახადო აგენტი. ამის გამო, რიგ შემთხვევებში შეუძლებელი იყო მიღებული საქონლის სრულყოფილი აღრიცხვა. 15 აგვისტოს კომპანიამ მოითხოვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია, ავტომატურად გახდა არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელი. შემდგომში, 2024 წლის მარტის თვეში გახდა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელი.

კანონის შესაბამისად, ამ სტატუსის მონიჭების მიზნით, შემოსავლების სამსახურში გადაიგზავნა ახსნა-განმარტება, ობიექტის ვიზუალური დასურათება, საწარმოს ბანკის ამონაწერი (შესაბამისი პერიოდის - საწარმოს დაარსებიდან განცხადების წარდგენის დღემდე), იჯარის ხელშეკრულება და ა.შ. ამ დოკუმენტების განხილვის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიანიჭა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი ისე, რომ არ გაუხდია საეჭვოდ კომპანიის მხრიდან დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი. ეს რომ ასე ყოფილიყო, კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია დაჯარიმდებოდა ვადის დაუცველობის გამო და თუ ეს ჯარიმა კანონიერად ჩაითვლებოდა, მისი გადახდის საშუალება იმ პერიოდში ექნებოდა საწარმოს, რადგან მას საქმიანობა და არ ჰქონდა შეჩერებული, როგორც მას ეს აქვს 22.01.2025 წლიდან, რომლის დამადასტურებლად კომპანიას განცხადება აქვს გადაგზავნილი შემოსავლების სამსახურში საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე.

კომპანიამ მისი ოპერირების პერიოდში (სულ რაღაც 20 თვე - 2023 წლის 21 აპრილიდან 2025 წლის 22 იანვრამდე), მუდამ მობილიზებული იყო, რომ მაქსიმალურად სწორი და კანონიერი მიდგომა ჰქონოდა თანამშრომელთა დასაქმების პოლიტიკისადმი. არ ყოფილა შემთხვევა, მიუხედავად შემოსავლების სამსახურის მხრიდან, რა თქმა უნდა მრავალი გაუფრთხილებელი შემოწმებისა, რომ კომპანია დაჯარიმებულიყო საწარმოში აღმოჩენილი გაუფორმებელი თანამშრომლის გამო. საწარმოს ზაფხულის პერიოდში არასრულწლოვნებიც აჰყავდა მოკლე ვადით სამსახურში, მშობლის ხელწერილით (კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე) და ისინი მაშინვე აღნიშნულნი იყვნენ დასაქმებულ პირთა რეესტრში და შესაბამისად, იბეგრებოდა მათი ხელფასებიც.

ასევე არ ყოფილა შემთხვევა, როცა საკონტროლო შესყიდვისას (ასეთი შესყიდვები კი შემოსავლების სამსახურის მხრიდან უამრავი ხორციელდებოდა საწარმოში), კომპანია თუნდაც ერთხელ დაჯარიმებულიყო ჩეკის ამოუბეჭდაობის ან შეცდომით ამობეჭდვის გამო, შემოსავლების დამალვის მიზნით.

ამის დასტურია 2025 წლის დეკემბერში სალარო აპარატით დაფიქსირებული თანხაც. კომპანიის ფასების პოლიტიკა ითვალისწინებდა ბაზრის მკაცრ კონკურენციას და მომხმარებელთა გადახდისუნარიანობას. აღნიშნული სტრატეგია გულისხმობდა პროდუქციის შედარებით დაბალ ფასს, რაც მიზნად ისახავდა მომხმარებელთა წრის გაფართოებას და მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. ეს მიდგომა ზრდიდა მომხმარებელთა დაინტერესებას და ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას სტაბილურ პირობებში.

კომპანიის შემოსავალი, თვიან თვემდე, შეპირისპირებული და უმეტესს შემთხვევაში მეტიც იყო საწარმოო ხარჯებსა და ვალდებულებებზე. ამდენი ვალდებულებიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ საწარმოს მართვისას წარმოქმნილი უზარმაზარი ფინანსური თუ სხვა პრობლემების დაძლევის პარალელურად, ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური აღრიცხვაში შესაძლებელია არის შეუსაბამობები, თუმცა საწარმოს ხელმძღვანელობის განზრახვა გადასახადების თავიდან არიდების მცდელობისა, კატეგორიულად გამორიცხულია.

საწარმო აწარმოებდა მოლაპარაკებებს სხვადასხვა კერძო აუდიტორებთან თუ სააუდიტორო კომპანიებთან, რათა საბოლოოდ კანონთან შესაბამისად გასწორებულიყო კომპანიის ფინანსური აღრიცხვა. ეძებდა აუდიტორს, რომელიც შედარებით ბიუჯეტურ ფასად მოუგვარებდა ამ პრობლემას. საწარმოსთვის პრიორიტეტი გახლდათ კანონთან შესაბამისობაში ყოფნა და გადასახადების სწორი ადმინისტრირება, მაგრამ დიდი ვალდებულებების გამო, კომპანიამ ვეღარ შეძლო საკუთარი თავის შენახვა და იძულებული გახდა 22.01.2025 წელს საქმიანობა შეეჩერებინა.

კომპანიის მფლობელი ზრდის 5 შვილს. კომპანიის შემოსავალი წარმოადგენდა ოჯახის ერთადერთ შემოსავლის წყაროს. დასახელებული სანქციის ამ ოდენობით დაკისრება ფაქტობრივად გამოიწვევს არა მხოლოდ კომპანიის ფუნქციონირების შეწყვეტას, არამედ ოჯახური ეკონომიკის ჩამოშლას. ამდენად, ითხოვს სანქციის გადახედვას ასევე ჰუმანურ-სოციალური ჭრილიდანაც.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე, მოითხოვს:

1. კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, დაკორექტირდეს და სრულიად მოეხსნას საგადასახადო სანქციის ის ნაწილი (ძირითადიც, ჯარიმაც და საურავიც), რომელიც გათვალისწინებულია კომპანიის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვადის დარღვევის გამო, რადგან ამ ვადების და ზოგადად გადასახადების ადმინისტრირების ზედამხედველობის უფლებამოსილება გააჩნია შემოსავლების სამსახურს და მისი პასუხისმგებლობის საკითხიც მნიშვნელოვანია, ამგვარი ფაქტის გამოპარვის გამო;

2. სანქცია არ შეესაბამება დარღვევის ხასიათს, მასშტაბსა და გარემოებებს. დაკისრებული ჯარიმა მრავალჯერ აღემატება კომპანიის წმინდა წლიურ მოგებას, რაც წარმოადგენს არა სანქციას, არამედ ფაქტობრივ ლიკვიდაციას და ეწინააღმდეგება როგორც შიდა კანონმდებლობის, ასევე ევროპული სამართლის პრინციპებს (პროპორციულობა, ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლება, მეწარმეობის მხარდაჭერა).

ამასთანავე, აუდიტის მიერ მოწოდებულ შედეგებში არ იკვეთება კონკრეტული ქმედება, რომელიც მიუთითებს კომპანიაში მიზანმიმართულ, სისტემურ დარღვევებზე და კომპანიის მხრიდან გადასახადების დამალვის გამიზნულ ქმედებებზე. შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა რიგი გარემოებები, როცა არ დააკმაყოფილა ადმინისტრაციული საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში იკითხება:

1. ფაქტობრივ გარემოებათა არასათანადო შეფასება;

2. დარიცხული გადასახადისა და სანქციების მიმართ პროპორციულობის პრინციპის დარღვევა;

3. მეწარმის კეთილსინდისიერების უგულებელყოფა;

4. ფორმალური დარღვევისთვის ზედმეტად მკაცრი პასუხისმგებლობის დაკისრება;

5. მტკიცებულებების შეფასების არარელევანტურობა. გამომდინარე აქედან, არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში გადასახადის დარიცხვას და მოითხოვს სრულიად მოეხსნას ჯარიმაც და საურავიც.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილია, რომ მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 10.07.2023 წელს, ნაცვლად 15.08.2023 წლისა, ვინაიდან უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში შესამოწმებელ პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატის და პოსტერმინალის გამოყენებით მიღებულმა შემოსავლებმა 100 000 ლარს გადააჭარბა 10.07.2023 წელს. შესაბამისად დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდზე კომპანიას დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით, ხოლო იმ პერიოდიდან, როდესაც გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია, დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

საჩივრის განხილვა ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

საბჭოს აღნიშნავს, რომ მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი განსაზღვრულია საკონტროლო-სალარო აპარატის და პოსტერმინალის გამოყენებით მიღებული შემოსავლების მიხედვით, ხოლო, მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება, რომ აღნიშნული შემოსავლები არ უკავშირდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციას ან/და შესამოწმებელ პერიოდს.

აღნიშნულიდან გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განსაზღვრულია მართებულად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში გადასახადის დარიცხვას და მოითხოვს სრულიად მოეხსნას ჯარიმაც და საურავიც.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა სწრაფი კვების მომსახურება.გადამხდელი საქონლის რეალიზაციისას იყენებს, როგორც საკონტროლო-სალარო აპარატს, ასევე პოსტერმინალს.უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში კომპანიის მიერ მიღებულმა შემოსავლებმა 100 000 ლარს გადააჭარბა 10.07.2023 წელს, შესაბამისად დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოიშვა 10.07.2023 წელს, ნაცვლად 15.08.2023 წლისა.აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განსაზღვრულია მართებულად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

159,164,165,282,