უზენაესი სასამართლოს განჩინება N ბს-42(3-24)
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
N ბს--42(3-24)
4 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
შპს „-----" ბს-42{კ-24)
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „----“-ის (მოსარჩელე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 19 ივნისს შპს „------“-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა დღგ-ის სახით 22 495 ლარის დარიცხვის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 6 დეკემბრის N 34966 ბრძანებისა და 2018 წლის 6 დეკემბრის N 038-9 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა; ასევე, დღგ-ის სახით 22 495 ლარის დარიცხვის კანონიერად მიჩნევის ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 22 მაისის N 8126/2/2019 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით, შპს „-----"-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შპს „-----"-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითნის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 6 დეკემბრის N 34966 ბრძანება 22 495 ლარის დარიცხვის ნაწილში; სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 6 დეკემბრის N 038-9 საგადასახადო მოთხოვნა 22 495 ლარის დარიცხვის ნაწილში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავებ განხილვის საბჭოს 2019 წლის 22 მაისის N 8126/2/2019 გადაწყვეტილება 22 495 ლარის დარიცხვის ნაწილში; სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხე მხარეებმა გაასაჩივროს სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლები სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურ საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე მათი განხილვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის განჩინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის – სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 იანვრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინების გამოტანისას ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა არასრულყოფილად და განჩინება იურიდიული თვალსაზრისით იყო დაუსაბუთებელი საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა 2018 წლის 10 მაისის N 16052018-9 მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად შპს „-----“ ახორციელებს უცხოელი ტურისტების ჯგუფურად საქართველოში შემოყვანასა და მათთვის ტურისტული პაკეტის მიწოდებას და „ტურიზმისა და კურორტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-14, მე-20 და 21-ე პუნქტების საფუძველზე განმარტა, რომ არ იზიარებდა აპელანტების პოზიციას შპს „-----“-ს ტუროპერატორად არ მიჩნევის შესახებ, რამდენადაც საქმეში მომსახურების გაწევის შესახებ N 16052018-9 წლის არსებული 10.05.2018 ხელშეკრულებით შპს „------" ახორციელებდა ტურისტულ მომსახურებას.
სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოებისას არ შეაფასა საქმეში არსებული ხელშეკრულებები და შემოიფარგლა ზედაპირული განმარტებით იმის შესახებ, რომ შპს „------“ არ წარმოადგენდა ტუროპერატორს. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ „მოპასუხეებმა მართალია მიუთითეს ადეკვატური სამართლის ნორმა, თუმცა არასათანადო შეფასება მისცეს მას, რაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა, ხოლო აღნიშნული გარემოება ადმინისტრაციული ორგანოსათვის დამატებითი ადმინისტრაციული წარმოების ჩასატარებლად საქმის დაბრუნების საფუძველია“.
საკასაციო სასამართლომ უპირველეს ყოვლისა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ შპს „-----“ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად ეყრდნობოდა არარეზიდენტ კომპანიებთან „-----"-სა და „Booking.com“-თან გაფორმებულ ხელშეკრულებებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 22 მაისის N 8126/2/2019 გადაწყვეტილებით ასევე დგინდებოდა, რომ „-----“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებულმა შპს „------"-ს მომსახურებამ შეადგინა 131 369 ლარი, რომელიც მოსარჩელის მიერ დაბეგრილი იყო დღგ-ით 20 040 ლარით, ხოლო „Booking.com“-თან მომსახურებამ შეადგინა 16 094 ლარი, რაც ასევე დაბეგრილი იყო დღგ-ით 2 455 ლარით. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული არ ექვემდებარებოდა დაბეგვრას და მოპასუხე მხარეებმა არ გაითვალისწინეს, რომ მითითებული ხელშეკრულებების ფარგლებში არსებობდა საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით დადგენილი ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლების საფუძველი. საკასაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შპს „----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები 22 495 ლარის დარიცხვის ნაწილში. დასახელებული თანხა კი წარმოადგენს ორივე არარეზიდენტ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების დაბეგრილი დამატებული ღირებულების გადასახადის ჯამს (20 040 – 2 455 = 22 495). საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართალია შეაფასეს „Booking.com“-თან დადებული მომსახურების ხელშეკრულება, თუმცა ხელშეკრულება საქმის მასალებს არ ერთვოდა და მისი შინაარსის გაცნობა საკასაციო სასამართლოსათვის შეუძლებელი იყო. ამასთან, საქმის მასალებს არ ერთვოდა შპს „------"-ის წესდება, რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა შპს -ს საგანი, რაც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს განესაზღვრა შპს-ს საქმიანობის მიმართულება.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლოს უნდა დაევალებინა მხარეთათვის „Booking.com”-თან გაფორმებული ხელშეკრულებისა და შპს „------“-ის წესდების წარდგენა, საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა დაედგინა ფაქტობრივი გარემოებები და არ უნდა შემოფარგლულიყო მხოლოდ „------“-სთან დადებული ხელშეკრულების შეფასებით. ამასთან, რაც შეეხება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საქმის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნებას, საკასაციო პალატამ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საქმის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნება და ახალი აქტის გამოცემის დავალება საჭიროებდა იმ გარემოებების მითითებას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემისას და ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე ამ გარემოების გარკვევის დავალებას. გასაჩივრებული განჩინება კი ასეთ მითითებას არ შეიცავდა. საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მიერ ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლად, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სამართლებრივი ნორმის არასწორად განმარტების დასახელება და მიუთითა, რომ სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენდა.
ამდენად, საკასაციო პალატის განმარტებით, საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლოს სრულყოფილად უნდა გამოეკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ადმინისტრაციული ორგანოსათვის დავალების ნაცვლად, სადავო სამართლებრივი საკითხი თავად შეეფასებინა, ემსჯელა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე და მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „------“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს უნდა შეეფასებინა წარმოადგენდა თუ არა გადასახადის გადამხდელი სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით (დღეს მოქმედი რედაქციის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტი) დადგენილი შეღავათით მოსარგებლე პირს, რაც უნდა გამოევლინა სრულ საგადასახადო შემოწმებას.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული შეღავათით სარგებლობის მოთხოვნას გადასახადის გადამხდელი უკავშირებს იმ გარემოებებს, რომ გადამხდელის შეფასებით, შპს „------“-მ მოახდინა ტურისტული პაკეტის ფორმირება და გააფორმა ხელშეკრულება ყაზახურ კომპანია „------“-სთან. რომლის მეშვეობითაც ახორციელებს უცხოელი ტურისტების ჯგუფურად საქართველოში შემოყვანას და მათთვის ტურისტული პაკეტის მიწოდებას, რომლის ღირებულებაშიც შედის აეროპორტიდან ტრანსფერი, ღამის თევა სასტუმროში, დღეში სამჯერადი კვება, თერაპევტის კონსულტაცია, სისხლის და შარდის საერთო ანალიზი, წყალქვეშა აბაზანა ოზონით, პროცედურა დიუბაჟი 4 პროცედურა, დახურული და ღია აუზით მომსახურება. ანალოგიურად შპს „------“-მ მოახდინა ტურისტული პაკეტის ფორმირება და გააფორმა ხელშეკრულება უცხოურ კომპანია „BOOKING.COM"- თანაც, რომლის მეშვეობითაც ასევე ახორციელებს უცხოელი ტურისტების საქართველოში - შემოყვანას და მათთვის იგივე ტურისტული პაკეტის მიწოდებას. შესაბამისად. აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში მოსარჩელის პოზიციით, შპს „-----" წარმოადგენს ტუროპერატორს „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, რის გამოც ჩათვლის უფლებით თავისუფლდება დღგ-სგან, თანახმად საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 წაწილის „ჟ“ ქვეპუნქტისა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, შპს „-----“-ის წესდებებზე, „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) და აღნიშნა, რომ დაფუძნების დღიდან კომპანიის საქმიანობა მიმართულია კურორტზე (-----) საკურორტო მომსახურების ორგანიზებისკენ. შპს „-----“ მის გამგებლობაში არსებული სასტუმროებითა და სხვა ინფრასტრუქტურით, სწორედ კურორტ ----ში სასტუმრო და საკურორტო მომსახურების გამწევ სუბიექტად გვევლინება. კომპანია მართავს სასტუმროებს, პოლიკლინიკას, ბარ-რესტორანს და სხვა ობიექტებს კურორტზე ჩამოსული დამსვენებლებისთვის (ქართველი თუ უცხოელი) საკურორტო მომსახურების სერვისის მისაწოდებლად.
ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტებით, ის ფაქტი, რომ ესა თუ ის კომპანია ეწევა ტურისტულ საქმიანობას და ქმნის ტურისტული მომსახურების პაკეტს, როგორც ამას განმარტავს „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონი, ან წარმოადგენს ამავე კანონით განსაზღვრულ ტუროპერატორს, არ ქმნის საკმარის საფუძველს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული შეღავათებით მოსარგებლე სუბიექტად მისი მიჩნევისათვის. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა მხოლოდ სუბიექტის ტუროპერატორულ საქმიანობას არ უკავშირდება, ამ შეღავათით სარგებლობისთვის ერთდროულად სამი პირობა უნდა იყოს სახეზე:
1) უნდა ხდებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტულ ობიექტში უცხოელი ტურისტების ორგანიზებული შემოყავნა,2) უნდა ხდებოდეს უცხოელი ტურისტებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების პაკეტის მიწოდება და
3) ამ ყველაფრის ორგანიზება უნდა ხდებოდეს ტუროპერატორის მიერ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა შპს „-----“-ის მიერ ყაზახურ კომპანია „-----“-სთან და უცხოურ კომპანია „BOOKING.COM“-თან დადებული ხელშეკრულებების შინაარსზე და მათი გათვალისწინებით არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ამ შეთანხმებებით/ხელშეკრულებებით განსაზღვრული მომსახურების ფარგლებში შპს „------“ ახდენდა საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტულ ობიექტებში უცხოელი ტურისტების ორგანიზებულ შემოყვანას. სააპელაციო პალატის მითითებით, ყაზახურ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით აშკარაა, რომ ამგვარ შემოყვანას უზრუნველყოფს სწორედ არარეზიდენტი კომპანია, შპს „------“ კი მხოლოდ სასტუმრო და საკურორტო მომსახურებას უწევს მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ ყაზახური კომპანიის გაცვლითი ტურისტული საგზური. ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტებით, მით უმეტეს, შეუძლებელია მოსარჩელის პოზიციის გაზიარება „Booking.com“-თან დადებულ ხელშეკრულებასთან მიმართებით, ვინაიდან მესამე პირები, ჯგუფურად თუ ინდივიდუალურად, თავად ირჩევენ შემოვიდნენ თუ არა საქართველოში და რომელი სასტუმრო-საკურორტო მომსახურებით ისარგებლონ, რისთვისაც ისინი სარგებლობენ „Booking.com“-ის მიერ შეთავაზებული სასტუმროს ვარიანტებით. შესაბამისად, შპს „-----“ უბრალოდ შუამავლის საშუალებით სთავაზობს მის მომსახურებას და პირობებს დაინტერესებულ პირებს და კომპანია, გარდა სასტუმრო-საკურორტო სერვისის მიწოდებისა, სხვა არცერთი ფორმით ჩართული არ არის ამ ხელშეკრულების ფარგლებში უცხოელი ტურისტების, მით უფრო მათ ორგანიზებულ შემოყვანაში საქართველოს ტერიტორიაზე.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შპს „-----“ შესაძლოა ქმნიდეს ტურისტული მომსახურების პაკეტს, თუმცა კომპანია მისი საქმიანობის ხასიათის გათვალისწინებით, ვერ ჩაითვლება ტუროპერატორად, მით უმეტეს იმ ტიპის ტუროპერატორად, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტულ ობიექტში უცხოელი ტურისტების ორგანიზებულ შემოყვანას უზრუნველყოფს, რაც მას საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობის უფლებას მისცემდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შპს „-----“ ტურისტული ინდუსტრიის სფეროში მოქმედი სუბიექტია, თუმცა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში მისი საქმიანობა ტუროპერატორის საქმიანობად ვერ მიიჩნევა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „------“ -ის მიერ.
კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტზე, „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, მე-2 მუხლის მე-14, მე-20, 21-ე პუნქტებზე და აღნიშნავს, რომ კომპანიის ძირითად შემოსავალს წარმოადგენს სასტუმროს მომსახურება. გარდა ამისა, კომპანია ერთიანი კომპლექსის სახით ფლობს და აერთიანებს სხვადასხვა მომსახურებას, კერძოდ, 3 სასტუმრო კომპლექსი, გარე საცურაო აუზი, შიდა საცურაო აუზი, აფთიაქი, პოლიკლინიკა, ქართული და იტალიური რესტორანი, მარკეტი, სუვენირების მაღაზია, ზიპლაინი, ბაწრების ქალაქი, სასროლეთი და სპა ცენტრი. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, შპს „-----“ წარმოადგენს ტუროპერატორს, ხოლო უცხოური კომპანია ასრულებს ტურაგენტის ფუნქციებს, კერძოდ, ყიდის „------“-ის მიერ ფორმირებულ ტურისტულ პაკეტებს.
ამასთან, კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებებით დგინდება, რომ კომპანია უზრუნველყოფს კურორტ ---ში საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტების ორგანიზებულ შემოყვანას და მომხმარებლებს სთავაზობს სასტუმრო-საკურორტო მომსახურების გაწევას, აეროპორტიდან ტრანსფერს, დღეში სამჯერად კვებას, თერაპევტის კონსულტაციას, სისხლის და შარდის საერთო ანალიზს, წყალქვეშა აბაზანას ოზონით 5 პროცედურით, დიუბაჟის 4 პროცედურას და დახურული და ღია აუზით მომსახურებას. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული სამივე პირობის (1) უნდა ხდებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტულ ობიექტში უცხოელი ტურისტების ორგანიზებული შემოყავნა, 2) უნდა ხდებოდეს უცხოელი ტურისტებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების პაკეტის მიწოდება და 3) ამ ყველაფრის ორგანიზება უნდა ხდებოდეს ტუროპერატორის მიერ) კუმულატიურად არსებობა და აღნიშნავს, რომ გაუგებარია თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ, რომ შპს „------“ ვერ ისარგებლებდა კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „------“-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „------“-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს _ სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „------'' მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 2001 წლის 30 ივლისიდან. შპს „----“-ის 2010 წლის წესდების მე-3 მუხლის (საქმიანობის ძირითადი მიმართულებები) თანახმად, კომპანიის ძირითადი საქმიანობის საგანია საკურორტო მომსახურება; კომპანიის ქონების მართვა; კომპანიას უფლება აქვს განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, კომპანიისა და პარტნიორების ინტერესებს; კომპანიის ძირითადი მიზანია მოგების მიღება, წესდებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობის შედეგად.
შპს-ის 2011 წლის წესდების (ცვლილება წესდებაში) მე-3 მუხლის (საზოგადოების საქმიანობის საგანი) 3.2 პუნქტის თანახმად, საზოგადოების საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს: კურორტების განვითარება, რეაბილიტაცია. საკურორტო მომსახურება; გამოფენების, ბაზრობების, აუქციონების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, საზკვების ობიექტების, სასტუმროების, სასაწყობო სატრანსპორტო მეურნეობების მოწყობა და ექსპლოატაცია; საპროექტო, სამშენებლო- დიზაინერული, სამხატვრო სამონტაჟო, სახარჯთაღრიცხვო, სარესტავრაციო, გაფორმებითი სამუშაოები; სამშენებლო კონსტრუქციების და მასალების წარმოება, შესყიდვა და რეალიზაცია; ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები) და სხვა ქონების კანონიერ საკუთრებაში მიქცევასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება; მარკეტინგი და სარეკლამო საქმიანობა; საქველმოქმედო საქმიანობა; საზოგადოება უფლებამოსილია განახორციელოს სხვა ნებისმიერი საქმიანობა, რაც აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით. საქმიანობის სახეებს, რომელთა განსახორციელებლად აუცილებელია სპეციალური ნებართვა (ლიცენზია), საზოგადოება აწარმოებს ამ ნებართვის მიღების შემდეგ. ანალოგიურად არის განსაზღვრული საზოგადოების საქმიანობის ძირითადი საგანი შპს ,----"-ის 2016 წლის წესდების (ცვლილება წესდებაში) მე-3 მუხლის (საზოგადოების საქმიანობის საგანი) 3.2 პუნქტითაც.
ასევე დადგენილია, რომ შპს „-----“-ის 2019 წლის წესდების (ახალი რედაქცია) მე-2 მუხლის (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საქმიანობის საგანი)
2.8 პუნქტის თანახმად, კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს: კურორტის განვითარება, რეაბილიტაცია, საკურორტო მომსახურების გაწევა; კურორტის ტერიტორიაზე განთავსებული, მის საკუთრებაში არსებული სასტუმროებისა და სხვა კომერციული ობიექტების მართვა; გამოფენების, ბაზრობების, აუქციონების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვების ობიექტების მოწყობა და ექსპლუატაცია. ამავე მუხლის 2.9 პუნქტის მიხედვით კი, კომპანიას უფლება აქვს განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი სახის საქმიანობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა სადამფუძნებლო დოკუმენტებით გათვალისწინებული. ის საქმიანობა, რომელიც კანონმდებლობით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე, დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მიღების მომენტიდან. ამასთან, შპს „-----“-ის 2022 წლის წესდების მე-2 მუხლის (საზოგადოების საქმიანობის საგანი და პასუხისმგებლობის ფარგლები) 2.2 პუნქტის თანახმად, საზოგადოების ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს კურორტის განვითარება, რეაბილიტაცია, საკურორტო მომსახურების გაწევა, კურორტი ---ის ტერიტორიაზე განთავსებული, მის საკუთრებაში არსებული სასტუმროებისა და სხვა კომერციული ობიექტების მართვა, გამოფენების, ბაზრობების, აუქციონების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვების ობიექტების მოწყობა და რეაბილიტაცია, თუმცა საზოგადოებას უფლება აქვს მოგების მიღების მიზნით განახორციელოს კანონით ის საქმიანობა, რომლის აუკრძალავი ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობა. განხორციელებაც მხოლოდ შესაძლებელია სპეციალური ლიცენზიის/ნებართვის/ავტორიზაციის საფუძველზე, დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მიღების ან/და ავტორიზაციის მომენტიდან.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „-----“-ის სრული გასვლითი საგადასახადო შემოწმება (შესამოწმებელი პერიოდი: 01.04.2015 - 01.07.2018), ხოლო შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 3 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. აღნიშნული შემოწმების აქტის საფუძველზე, დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 6 დეკემბერს გამოიცა N 34966 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა N 038-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შპს „-----“-ის მიერ. გადასახადის გადამხდელი მათ შორის არ ეთანხმებოდა დამატებული ღირებულების გადასახადში დარიცხულ თანხებს, მიუთითებდა ყაზახურ კომპანია „-----“-სა და უცხოურ კომპანია „BOOKING.COM“-თან დადებულ ხელშეკრულებებზე და აცხადებდა, რომ მითითებული ხელშეკრულებების ფარგლებში გაწეული მომსახურება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ ექვემდებარებოდა დღგ-ით დაბეგვრას.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 2 აპრილის N 8956 ბრძანებით, შპს „-----“-ის საჩივარი მითითებული სადავო საკითხის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 6 დეკემბრის N038-9 საგადასახადო მოთხოვნა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 2 აპრილის N 8956 ბრძანება შპს „------“-ის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. გადასახადის გადამხდელი მათ შორის არ ეთანხმებოდა ყაზახურ კომპანია „------“-სა და უცხოურ კომპანია „BOOKING.COM“-თან დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრას და ითხოვდა ამ ნაწილში დაბეგრილი თანხების შემცირებას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 22 მაისის N 8126/2/2019 გადაწყვეტილებით, შპს „------“-ის საჩივარი მითითებული სადავო საკითხის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სადავო საკითხის ნაწილში გადასახადის გადამხდელს თანხები არ დარიცხვია, იგი ითხოვდა მის მიერ დეკლარირებული თანხების მოხსნას იმ საფუძვლით, რომ არარეზიდენტ მომხმარებლებზე მიწოდებული მომსახურება სრულად წარმოადგენდა ტუროპერატორის მიერ გაწეულ მომსახურებას და საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით უნდა დაბეგრილიყო დღგ-ის 0%-იანი განაკვეთით. დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ შპს „-----“ არ წარმოადგენს ტუროპერატორს, შესაბამისად, არარეზიდენტ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული მომსახურების დაბეგვრა დამატებული ღირებულების გადასახადით, მართლზომიერია.
საქმის მასალებში წარმოდგენილია მომსახურების გაწევის შესახებ 2018 წლის 10 მაისის კომისიის ხელშეკრულება N-----9, რომლის თანახმად, ერთი მხრივ, შპს „------“-მ, შემდგომში „კომიტენტი“ და მეორე მხრივ, შპა ტუროპერატორმა „--------“ (ყაზახური კომპანია - ----- „-------“), შემდგომში „კომისიონერი“, დადეს აღნიშნული ხელშეკრულება იმის თაობაზე, რომ განსაზღვრული გასამრჯელოს სანაცვლოდ, კომიტენტის დავალებით კომისიონერი ვალდებულია მის ხარჯზე და მისი სახელით შეასრულოს კომიტენტისთვის შემდეგი: განახორციელოს სასტუმრო-სანატორიუმის ნომრების რეალიზება ოტელ „-----“ და ოტელ „-----“-ში ინდივიდუალური და ჯგუფური შემოსვლებისათვის. მითითებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.4 პუნქტის 4.4.1 ქვეპუნქტის მიხედვით, კომიტენტი ვალდებულია კომისიონერის განცხადების შესაბამისად განახორციელოს სანატორიუმში ადგილების ჯავშანი და გაუწიოს სანატორიული და კურორტული მომსახურება მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ კომისიონერის გაცვლითი საგზური. ამავე ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრულია კონკრეტულ პერიოდზე სასტუმროს კონკრეტული ტიპის ნომრების ჯავშნები და მათი ღირებულება. ასევე მითითებულია, რომ ნომრის ღირებულებაში შედის ცხოვრება, სამჯერადი კვება, სამკურნალო პაკეტი. ჯგუფური გადაადგილების დროს მგზავრობა: აეროპორტი - კურორტი- აეროპორტი - და აეროპორტი ---- -კურორტი, აეროპორტი ----- უფასოა.
·
საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია „Booking.com B.V”-სა („Booking.com“) და „----- LLC“-ს („სასტუმრო“) შორის 2012 წლის 9 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება სასტუმრო მომსახურების შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ მომსახურების გაწევის ზოგად პირობებზე. სასტუმრო აცხადებდა, რომ მას მიღებული ჰქონდა „Booking.com“-ის მომსახურების გაწევის ზოგადი პირობების ასლი („მომსახურების პირობები“). მითითებულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით კი, სასტუმრო ადასტურებდა, რომ გაეცნო მომსახურების პირობებს და გამოხატავდა მათზე თანხმობას. მომსახურების პირობები წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და ხელშეკრულება ძალაში შედიოდა სასტუმროსთვის „Booking.com“-ის მიერ ელ. ფოსტით გაგზავნილი თანხმობის წერილის გაგზავნის დღიდან. უშუალოდ მომსახურების გაწევის ზოგადი პირობები, რაზეც 2012 წელს სასტუმრომ თანხმობა განაცხადა, წარმოდგენილი არ არის. ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილია 2019 წლის 24 ივნისს „Booking.com _ B.V”-სა და „------ს“ (------) შორის გაფორმებული ხელშეკრულება განთავსების შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის დღგ-ის სახით 22 495 ლარის დარიცხვის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 6 დეკემბრის N 34966 ბრძანებისა და 2018 წლის 6 დეკემბრის N 038-9 საგადასახადო მოთხოვნის, ასევე, დღგ-ის სახით 22 495 ლარის დარიცხვის კანონიერად მიჩნევის ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 22 მაისის N 8126/2/2019 გადაწყვეტილების კანონიერებას. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ შპს „----ის“ მიერ „----“-სა („------“) და უცხოურ კომპანია „BOOKING.COM“-თან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურება საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის მიხედვით უნდა დაბეგრილიყო დღგ-ის 0%-იანი განაკვეთით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) მე-4 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია ტუროპერატორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტულ ობიექტებში უცხოელი ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა და მათთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების პაკეტის მიწოდება.
ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმისათვის, რომ გადასახადის გადამხდელმა ისარგებლოს ზემოაღნიშნული საგადასახადო შეღავათით, აუცილებელია სამი პირობის კუმულატიურად არსებობა:
1. მომსახურებას უნდა ახორციელებდეს ტუროპერატორი;
2. ადგილი უნდა ჰქონდეს საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტულ ობიექტებში უცხოელი ტურისტების ორგანიზებულ შემოყვანას;
3. ადგილი უნდა ჰქონდეს მათთვის უცხოელი ტურისტებისთვის) საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების პაკეტის მიწოდებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში კასატორი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული სამივე პირობა სახეზეა, კერძოდ, ყაზახურ კომპანია „-------“-სა („-----“) და უცხოურ კომპანია „BOOKING.COM“-თან დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, შპს „-----“ წარმოადგენს ტუროპერატორს, რომელიც ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტულ ობიექტებში უცხოელი ტურისტების ორგანიზებულ შემოყვანას და მათთვის ტურისტული მომსახურების პაკეტის მიწოდებას, მნიშვნელოვანია მითითებული საკითხი შეფასებული იქნეს საქართველოში ტურიზმის სფეროს მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტის ნორმებისა და წარმოდგენილი ხელშეკრულებების შინაარსის შესაბამისად. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, საგადასახადო შემოწმებამ მოიცვა 01.04.2015-01.07.2018წწ. პერიოდი, შეფასება უნდა მიეცეს სწორედ ამ პერიოდში მოქმედ ხელშეკრულებებს. ამგვარ ხელშეკრულებებს კი წარმოადგენს მომსახურების გაწევის შესახებ 2018 წლის 10 მაისის კომისიის ხელშეკრულება N 16052018-9 და 2012 წლის 9 ოქტომბრის ხელშეკრულება სასტუმრო მომსახურების შესახებ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კომისიის ხელშეკრულებას ეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 723-ე მუხლი, რომლის თანახმად, კომისიის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება კანონი მეწარმეთა შესახებ. აღნიშნული მუხლი მოქცეულია დავალების ხელშეკრულების თავში. შესაბამისად, ისევე როგორც დავალების ხელშეკრულება, კომისიის ხელშეკრულებაც მიეკუთვნება ხელშეკრულებათა ტიპს, რომელიც დაკავშირებულია კომიტენტის (მარწმუნებლის) დავალებით გარკვეული მოქმედების შესრულებასთან. კომისიის ხელშეკრულების მხარეები იწოდებიან კომიტენტად, რომელიც დავალების მიმცემია და კომისიონერად, რომელიც მოქმედებს კომიტენტის დავალებით. თავის მხრივ, სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი ადგენდა, რომ საწარმოს ურთიერთობები სავაჭრო წარმომადგენელთან, დამოუკიდებელ მოვაჭრესთან და კომისიონერთან რეგულირდება მათთან დადებული ხელშეკრულებით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 10 მაისს ერთი მხრივ, შპს „-------“ („კომიტენტი“) და მეორე მხრივ, შპა ტუროპერატორ „------“ (ყაზახური კომპანია - TOO Typorreparop „-----“) („კომისიონერი“) შორის დადებული N 16052018-9 კომისიის ხელშეკრულება. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებაში ტუროპერატორად მითითებულია სწორედ ყაზახური კომპანია და არა შპს „-----“. ამასთან, მითითებული ხელშეკრულების თანახმად, განსაზღვრული გასამრჯელოს სანაცვლოდ, კომიტენტის დავალებით კომისიონერი მის ხარჯზე და მისი სახელით ახორციელებს სასტუმრო- სანატორიუმის ნომრების რეალიზებას ოტელ „----“ და ოტელ „----“ ინდივიდუალური და ჯგუფური შემოსვლებისათვის. ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.4 პუნქტის 4.4.1 ქვეპუნქტის მიხედვით კი, კომიტენტი ვალდებულია კომისიონერის განცხადების შესაბამისად განახორციელოს სანატორიუმში ადგილების ჯავშანი და გაუწიოს სანატორიული და კურორტული მომსახურება მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ კომისიონერის გაცვლითი საგზური. ამდენად, ხელშეკრულებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ საგზური ეკუთვნის კომისიონერს, კომიტენტი კი ვალდებულია კომისიონერის განცხადების შესაბამისად განახორციელოს სანატორიუმში ადგილების ჯავშანი და გაუწიოს სანატორიული და კურორტული მომსახურება მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ კომისიონერის გაცვლითი საგზური. უზრუნველყოფს სანატორიუმში ადგილების ჯავშანს და უწევს მათ სანატორიულ და კურორტულ მომსახურებას.
ამასთან, რაც შეეხება 2012 წლის 9 ოქტომბრის ხელშეკრულებას სასტუმრო მომსახურების შესახებ, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ხელშეკრულება სააპელაციო სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა მათ მოსარჩელე მხარის მიერ მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულება „BOOKING.COM“-თან რამდენჯერმე დაკავშირების შემდგომ გადაუგზავნა კომპანიამ იმ გარემოებებზე მითითებით, რომ შპს-თან თანამშრომლობა ხორციელდება აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2012 წლიდან, ხოლო 2019 წელს შეიცვალა ხელშეკრულების სტანდარტული პირობები და ხელშეკრულება ახალი ფორმის მიხედვით გაფორმდა 2019 წლის 24 ივნისს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2012 წლის 9 ოქტომბრის ხელშეკრულება გაფორმებულია „Booking.com B.V"-სა („Booking.com“) და „----- LLC“-ს (სასტუმრო“) შორის და დასათაურებულია, როგორც „ხელშეკრულება სასტუმრო მომსახურების შესახებ“ ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ მომსახურების გაწევის ზოგად პირობებზე, სასტუმრო ” აცხადებდა, რომ მას მიღებული ჰქონდა „Booking.com“-ის მომსახურების გაწევის ზოგადი პირობების ასლი („მომსახურების პირობები“). მითითებულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით კი, სასტუმრო ადასტურებდა, რომ გაეცნო მომსახურების პირობებს და გამოხატავდა მათზე თანხმობას. მომსახურების პირობები წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და ხელშეკრულება ძალაში შედიოდა სასტუმროსთვის „Booking.com“-ის მიერ ელ. ფოსტით გაგზავნილი თანხმობის წერილის გაგზავნის დღიდან. უშუალოდ მომსახურების გაწევის ზოგადი პირობები კი, რაზეც 2012 წელს სასტუმრომ თანხმობა განაცხადა, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „Booking.com“ არის სასტუმროების ინტერნეტით, ონლაინ დაჯავშნის სისტემა, რომლის მეშვეობითაც სასტუმროებს ან სხვა ტიპის განთავსების საშუალებებს შეუძლიათ თავიანთი ნომრები ხელმისაწვდომი გახადონ დაჯავშნისთვის და რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს შეუძლიათ დაჯავშნონ ასეთი ნომრები. შესაბამისად, „Booking.com“-თან სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში შპს „-----“ არის ტურისტების განთავსების საშუალება, თავად ხელშეკრულებაც კი დასათაურებულია, როგორც „სასტუმრო მომსახურების შესახებ“, ხოლო კომპანია „Booking.com“, თავისი ონლაინ პლატფორმის საშუალებით ეხმარება სასტუმროსა და მესამე პირებს ხელშეკრულების დადებაში, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილი აქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლით გათვალისწინებულ შუამავლობის ხელშეკრულებას.
ამდენად, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების შინაარსის გათვალისწინებით, შპს „------“ ვერ იქნება მიჩნეული სუბიექტად, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტულ ობიექტებში უცხოელი ტურისტების ორგანიზებულ შემოყვანას ახორციელებს. ყაზახურ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით აშკარაა, რომ ამგვარ შემოყვანას უზრუნველყოფს სწორედ არარეზიდენტი კომპანია, შპს „----“ კი მხოლოდ სასტუმრო და საკურორტო მომსახურებას უწევს მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ ყაზახური კომპანიის გაცვლითი ტურისტული საგზური. ამასთან, რაც შეეხება „Booking.com“-თან დადებულ ხელშეკრულებას, მესამე პირები, ჯგუფურად თუ ინდივიდუალურად თავად ირჩევენ შემოვიდნენ თუ არა საქართველოში და რომელი სასტუმრო-საკურორტო მომსახურებით ისარგებლონ, რისთვისაც ისინი სარგებლობენ „Booking.com“-ის მიერ შეთავაზებული სასტუმროს ვარიანტებით, რაც ცხადია არ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტების ორგანიზებულ შემოყვანას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) მე-4 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობა - საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტულ ობიექტებში უცხოელი ტურისტების ორგანიზებული შემოყვანა, რაც იმთავითვე გამორიცხავს მოსარჩელის მიმართ მითითებული ნორმით დადგენილი საგადასახადო შეღავათის გამოყენების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო - აქვე მიუთითებს სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედ „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე- 14 პუნქტზე, რომლის თანახმად, ტურისტული პროდუქტი, ტურისტული მომსახურების პაკეტი არის ტურისტული მომსახურების ძირითად ფორმათა (კვება, ღამის თევა განთავსების სხვადასხვა საშუალებებში, სატრანსპორტო მომსახურება, ექსკურსიები, ტურისტული ლაშქრობები და ა.შ.) არანაკლებ ორი კომპონენტისაგან შემდგარი კომპლექსი, რომელიც აუცილებელია ტურისტის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და რომლის ღირებულება შედის ტურისტული საგზურის ფასში. აღნიშნული მუხლის მე-20 პუნქტის მიხედვით, ტუროპერატორი არის იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს ტურისტული პროდუქტის ფორმირებასა და რეალიზაციას. ამავე მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად კი, ტურაგენტი არის იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს ტურისტული პროდუქტის რეალიზაციას.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ ტურისტული საქმიანობა არის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანების გაყვანის ორგანიზაციასთან მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან გაჯანსაღების მიზნით, შემეცნებითი ინტერესების დაკმაყოფილების, ან პროფესიულ-საქმიანი მიზნით ანაზღაურებადი საქმიანობის გარეშე დროებითი ჩასვლის ადგილზე. ამგვარი საქმიანობის განხორციელებაში განსაკუთრებული როლი განეკუთვნებათ ტურისტულ ორგანიზაციებს. თავისი არსით ისინი არიან შუამავლები ტურისტული სერვისების მომწოდებელ ორგანიზაციებსა (სასტუმროები, რესტორნები, სატრანსპორტო ორგანიზაციები და სხვა) და მომხმარებლებს (ტურისტებს) შორის. ფუნქციური ნიშნების შესაბამისად, ტურისტულ საქმიანობაში ჩართული ორგანიზაციები იყოფიან ტუროპერატორებად და ტურაგენტებად. ტუროპერატორს ტურიზმში წამყვანი როლი ეკისრება, რამდენადაც სწორედ ის აკავშირებს ერთმანეთთან მომსახურების სხვადასხვა ფორმებსა და სახეებს (ტრანსპორტი, განთავსება, კვება, გართობა და ა.შ.) და ამზადებს შესაბამის პაკეტებს. ტუროპერატორისა და ტურაგენტის საქმიანობა არსობრივად იმით განსხვავდება, რომ ტუროპერატორი დაკავებულია არა მხოლოდ ტურისტული პროდუქტის სტიმულირებითა (პრომოუშენი) და გაყიდვით, არამედ მისი ფორმირებითაც. სწორედ ამაში მდგომარეობს ტუროპერატორის საქმიანობის სპეციფიკა, რომლის ფუნქციაც, ბაზარზე, პრაქტიკულად საბითუმო ვაჭრობის ორგანიზაციის წარმომადგენლების ფუნქციების იდენტურია. ის საკმარისი რაოდენობით ყიდულობს ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენელთა (სასტუმრო, რესტორანი და ა.შ.) სერვისებს, აკომპლექტებს იქედან ტურებს და ახდენს მათ რეალიზაციას. ტურისტული პაკეტების ფორმირების პროცესში ტუროპერატორი ამყარებს კონტაქტებს განთავსების, კვების, სატრანსპორტო, ასევე გამომდინარე ტურის ხასიათიდან/შინაარსიდან, კულტურულ-საგანმანათლებლო, გასართობ და სხვა ორგანიზაციებთან, საექსკურსიო ბიუროებთან.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან შპს „----“ („კომიტენტი“) და შპს ტუროპერატორ „-----“ (ყაზახური კომპანია - TOO Typorreparop „------“) („კომისიონერი“) შორის 2018 წლის 10 მაისს დადებული N 16052018-9 კომისიის ხელშეკრულების თანახმად, სასტუმროს ნომრის ღირებულებაში შედის ცხოვრება, სამჯერადი კვება, სამკურნალო პაკეტი და ჯგუფური გადაადგილების დროს უფასო მგზავრობა, არ ნიშნავს იმას, რომ შპს „-----“ წარმოადგენს ტურისტული პროდუქტის შემქმნელ და რეალიზაციის განმახორციელებელ ტუროპერატორს, რადგან ამავე ხელშეკრულებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ტუროპერატორს წარმოადგენს ყაზახური კომპანია და საგზურიც ეკუთვნის მას. სწორედ ყაზახური კომპანია ყიდულობს ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენელთა (სასტუმრო, ავიაკომპანია და ა.შ.) სერვისებს და ამ სერვისების საშუალებით ქმნის ტურისტულ პაკეტს. აღნიშნული კომპანია უზრუნველყოფს ტურისტულ ობიექტში (მოცემულ შემთხვევაში კურორტში „-----“) საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტების ორგანიზებულ შემოყვანას შპს „-------“- გან შეძენილი მომსახურების მისაწოდებლად. უშუალოდ შპს „------“ კი არის საკურორტო მომსახურების გამწევი სუბიექტი, ტურისტთა განთავსების ადგილი და მისი საქმიანობის საგანია სასტუმრო-საკურორტო მომსახურების გაწევა და შეთავაზება. ამ მომსახურებას შპს „-----“, გარდა შესაბამის ტუროპერატორებთან (ყაზახური კომპანია) დადებული ხელშეკრულებისა, ასევე ყიდის შუამავალი კომპანიის „Booking.com“-ის ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, რომელთან დადებული ხელშეკრულებაც, ასევე ვერ განიხილება არათუ საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე ტუროპერატორის საქმიანობად, არამედ ზოგადად მოსარჩელის მხრიდან ტურისტული მომსახურების პაკეტის შექმნადაც კი. შპს „-----“ „Booking.com“-ის მეშვეობით ყიდის მისი ძირითადი საქმიანობის საგანს - სასტუმრო-საკურორტო მომსახურებას. ამდენად, ის გარემოება, რომ სასტუმრო მომსახურება, გარდა ღამის თევისა, მოიცავს სხვა იმგვარ მომსახურებებსაც, რაც სრულად შეესაბამება კურორტის კონცეფციას, სასტუმრო ბიზნესში მოქმედ შპს „-----“ მოცემულ საქმეზე განსახილველი ხელშეკრულებების ფარგლებში ტუროპერატორად არ აქცევს.
საკასაციო სასამართლო აქვე დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი შპს „-----ის“ წესდებების თანახმად, კომპანიის ძირითადი საქმიანობა მიმართულია სწორედ კურორტზე (---) საკურორტო მომსახურების ორგანიზებისკენ და არა ტურისტული საქმიანობის განხორციელებისაკენ. შპს „-----“ მის გამგებლობაში არსებული სასტუმროებითა და სხვა ინფრასტრუქტურით, სწორედ კურორტ ----ში სასტუმრო და საკურორტო მომსახურების გამწევი სუბიექტად გვევლინება. კომპანია მართავს სასტუმროებს, პოლიკლინიკას, ბარ-რესტორანს და სხვა ობიექტებს კურორტზე ჩამოსული დამსვენებლებისთვის (ქართველი თუ უცხოელი) საკურორტო მომსახურების სერვისის მისაწოდებლად.
ამდენად, მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს „------“ ვერ იქნება მიჩნეული ტუროპერატორად, რაც ასევე გამორიცხავს მის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) მე-4 ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათის გამოყენების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, შპს „-------“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, შპს „----“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2024 წლის 14 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 124.75 ლარის 70% - 787.33 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „-------ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. შპს „-----ეს“ (ს/კ -----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2024 წლის 14 თებერვლის N1707910635 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 124.75 ლარის 70% - 787.33 ლარი (შვიდას ოთხმოცდაშვიდი ლარი და ოცდაცამეტი თეთრი), შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე:
თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები:
ნუგზარ სხირტლაძე
გიორგი გოგიაშვილი
სადავო საკითხი
მოსარჩელემ მოითხოვა დღგ-ის სახით 22 495 ლარის დარიცხვის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 6 დეკემბრის N 34966 ბრძანებისა და 2018 წლის 6 დეკემბრის N 038-9 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა; ასევე, დღგ-ის სახით 22 495 ლარის დარიცხვის კანონიერად მიჩნევის ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 22 მაისის N 8126/2/2019 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ფაქტობრივი გარემოება
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული კომპანიის საკასაციო საჩივარი.
კომპანიის საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს: კურორტების განვითარება, რეაბილიტაცია. საკურორტო მომსახურება. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრას და ითხოვდა ამ ნაწილში დაბეგრილი თანხების შემცირებას. იმ საფუძვლით, რომ არარეზიდენტ მომხმარებლებზე მიწოდებული მომსახურება სრულად წარმოადგენდა ტუროპერატორის მიერ გაწეულ მომსახურებას და საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით უნდა დაბეგრილიყო დღგ-ის 0%-იანი განაკვეთით.
დადგენილია,რომ მოსარჩელე შუამავლის საშუალებით სთავაზობს მომსახურებას და პირობებს დაინტერესებულ პირებს და კომპანია, გარდა სასტუმრო-საკურორტო სერვისის მიწოდებისა, სხვა არცერთი ფორმით ჩართული არ არის ამ ხელშეკრულების ფარგლებში უცხოელი ტურისტების, მით უფრო მათ ორგანიზებულ შემოყვანაში საქართველოს ტერიტორიაზე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კომპანია მისი საქმიანობის ხასიათის გათვალისწინებით, ვერ ჩაითვლება ტუროპერატორად, მით უმეტეს იმ ტიპის ტუროპერატორად, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტულ ობიექტში უცხოელი ტურისტების ორგანიზებულ შემოყვანას უზრუნველყოფს, რაც მას საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობის უფლებას მისცემდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კომპანია ტურისტული ინდუსტრიის სფეროში მოქმედი სუბიექტია, თუმცა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში მისი საქმიანობა ტუროპერატორის საქმიანობად ვერ მიიჩნევა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ფაქტობრივ-სამართლებრივი სარჩელის წარმოდგენილი დაკმაყოფილების საფუძვლები.
გადაწყვეტილება
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კომპანიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168 (4 ,,ჟ"), (დღეს მოქმედი რედაქციის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტი);
„ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონი: მუხლი 2;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი