გადაწყვეტილება №19190/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19190/2/2023
18.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 21.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19190/2/2023).
დავის საგანი:
1. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
2. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №EL195659 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №EL11116/31 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №3966 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 113 585,19 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 56 748,87
დღგ - 35 573,87
იმპორტის გადასახადი - 21 175
ჯარიმა - 56 748,87
საურავი - 87,45
ფაქტების აღწერა
მომჩივნის მიერ, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე, №11117/C30184 (15.12.2022) საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დადეკლარირდა 176 457.60 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი – ნაჭუჭგაცლილი კაკალი (23 100 კგ). 20.12.2022 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „---ის“ გავლით, №--- სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილ იქნა ზემოაღნიშნული საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის დამუშავების გარეშე, სატრანსპორტო საშუალებაზე და მასში განთავსებულ საქონელზე გამოიწერა №---აღრიცხვის მოწმობა და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განისაზღვრა გაფორმების ეკონომიკური ზონა „---“. მომჩივნის №234713/21-10-18 (26.12.2022) განცხადებით ცნობილი გახდა, რომ №11117/C30184 საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება ნაცვლად გეზ „---“-ის გამოცხადდა ქ. ---ში, --- №----ში მდებარე საწყობში. 27.12.2022 წელს საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერებისას, დეკლარირებული საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განკარგვის ფაქტს, 27.12.2022 წელს შედგა №EL195659 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 56 748.87 ლარის (გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით. ამასთან, გაუქმდა №11117/C30184 (15.12.2022) საბაჟო დეკლარაცია და გამოიცა №EL11116/31 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 56 748.87 ლარი და საურავი 87.45 ლარის ოდენობით. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2.03.2023 წლის №3966 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურება. აღნიშნული კი არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით (172-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ასეთ შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტი დადგენილი წესით აფიქსირებს საბაჟო სამართალდარღვევას და ვალდებულ პირს წარუდგენს საგადასახადო მოთხოვნას დარიცხული გადასახადის (გადასახდელის) თანხაზე.
მომჩივნის მოთხოვნაზე სადავო აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
15.12.2022 წელს ს.გ.პ „----ში“ შემოვიდა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით --- რომელიც დატვირთული იყო ნაჭუჭგაცლილი ნიგოზით. ტვირთის მიმღები არის მომჩივანი. აღნიშნულ ტვირთზე კომპანიის მიერ გაკეთებული იქნა წინასწარი დეკლარირება და გადახდილ იქნა 31 000 ლარი კუთვნილი გადასახადი. წინასწარი დეკლარაციის ერთი ეგზემპლარი საწარმოს ბუღალტრის მიერ იქნა გადაგზავნილი დირექტორთან რაც ინახება მასთან და წარმოადგენს.
ავტომანქანას თან ჰქონდა ფიტოსანიტარული შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტი ამიტომ საქართველოში შემოწმება არ ჭირდებოდა. მიუხედავად აღნიშნულისა ავტომანქანა გაშვებულ იქნა გეზ ---ში. ისე რომ არ განსაზღვრულა დერეფანი, რაც ითვალისწინებდა დოკუმენტების და ავტომანქანის დეტალურ შემოწმებას. დაუკავშირდნენ მძღოლს რომელმაც დაალაპარაკა გეზის თანამშრომელს რომელმაც განმარტა, რომ ავტომანქანა არ უნდა მისულიყო გეზში და ამიტომ უშვებდნენ დასაცლელად. აღნიშნული ტვირთი დაცლილ იქნა ქალაქ ---ში სადაც ტვირთი დღემდე ინახება.
27.12.2022 წელს საბაჟო დეპარტამენტმა ჩააბარა სამართალდარღვევის ოქმი და საგადასახადო მოთხოვნა იმ მოტივით, რომ მომჩივნის მიერ მოხდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ტვირთის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ რიგში განხორციელებული ჰქონდათ წინასწარი დეკლარირება და გადახდილი აქვს თანხა. ამიტომ არანაირი ინტერესი საბაჟო კონტროლისგან გვერდის ავლაზე არ აქვს და ვერც ექნებოდა. დაჯარიმების შესახებ დოკუმენტის ჩაბარების შემდეგ დაიწყო გარკევა და აღმოჩნდა, რომ ელექტრონულ გვერდზე მათ მიერ განხორციელებული წინასწარი დეკლარაცია ასახული არ არის. ეს მაშინ როცა საბაჟო ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს წარდგენილი დეკლარაცია.
ტვირთის დაცლის შემდეგ, მოწვეულ იქნა საბაჟოს თანამშრომლები რომლებმაც დაათვალიერეს ტვირთი საწყობში მაგრამ განაცხადეს, რომ თითქოს ვერ ახდენდნენ იდენტიფიცირებას, რომ ეს ნამდვილად ის ტვირთია, რომელიც შემოიტანეს. საბაჟოს ეს განცხადება გაუგებარია, რადგან კომპანია არის ახალ დაფუძნებული და გარდა ამ ოპერაციისა სხვა რაიმე ოპერაცია ამას არ აქვს განხორციელებული. თანაც ტვირთის ოდენობა იყო იმის იდენტური, რაც დაფიქსირებულია ტვირთის თანმხლებ დოკუმენტებში 2 200 ყუთი.
შემოსავლების სამსახურმა საჩივრის განხილვისას არ გაითვალისწინა მომჩივნის არგუმენტები და სრულად გაიზიარა საბაჟო დეპარტამენტის არგუმენტები. ზემოთმოყვანილ წარმოდგენილი საკითხებიდან გამომდინარე იკვეთება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მეტიც მან თავისი საპროექტო შედეგები დააფუძნა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სწორედ ამიტომ მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას არ დაირღვეს საგადასახადო კოდექსის ნორმები, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი და ამავე კოდექსის 96-ე მუხლი, რაც თავის მხრივ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს;
2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:
ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;
ბ) პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;
გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად:
1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები;
2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
სადავო საკითხზე საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი 30.03.2023 წლის №28724-21-10 წერილიდან ირკვევა, რომ მომჩივნის №234713/21-10-18 (26.12.2022) განცხადებით ცნობილი გახდა, რომ №11117/C30184 საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება ნაცვლად გეზ „---“-ის გამოცხადდა ქ.----ში მდებარე საწყობში.
საბაჟო ორგანოს თანამშრომლის მიერ 27.12.2022 წელს განხორციელდა ზემოაღნიშნულ საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც დეკლარირებული საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ განხორციელებული ჰქონდათ წინასწარი დეკლარირება და გადახდილი აქვს თანხა. ამიტომ არანაირი ინტერესი საბაჟო კონტროლისგან გვერდის ავლაზე არ აქვს და ვერც ექნებოდა. დაჯარიმების შესახებ დოკუმენტის ჩაბარების შემდეგ დაიწყო გარკევა და აღმოჩნდა, რომ ელექტრონულ გვერდზე მათ მიერ განხორციელებული წინასწარი დეკლარაცია ასახული არ იყო. ეს მაშინ როცა საბაჟო ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს წარდგენილი დეკლარაცია.
ტვირთოს დაცლის შემდეგ, მოწვეულ იქნა საბაჟოს თანამშრომლები რომლებმაც დაათვალიერეს ტვირთი საწყობში მაგრამ განაცხადეს, რომ თითქოს ვერ ახდენდნენ იდენტიფიცირებას, რომ ეს ნამდვილად ის ტვირთია, რომელიც შემოიტანეს. მათი ეს განცხადება გაუგებარია, რადგან კომპანია არის ახალ დაფუძნებული და გარდა ამ ოპერაციისა სხვა რაიმე ოპერაცია არ აქვს განხორციელებული.
თანაც ტვირთის ოდენობა იყო იმის იდენტური რაც დაფიქსირებულია ტვირთის თანმხლებ დოკუმენტებში 2 200 ყუთი.
მომჩივანი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილობას.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე და საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალიწინებით მიიჩნევს, რომ მომჩივანს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება. რაც შეეხება იმპორტის გადასახდელების დარიცხვას, საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, საბაჟო დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №EL11116/31 საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს დარიცხული იმპორტის გადასახდელების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №3966 ბრძანება;
3. ნაწილობრივ გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №EL195659 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
4. მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №EL195659 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად, შეეფარდოს გაფრთხილება;
5. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
2. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განკარგვის ფაქტს, 27.12.2022 წელს შედგა №EL195659 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 56 748.87 ლარის (გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით. ამასთან, გაუქმდა №11117/C30184 (15.12.2022) საბაჟო დეკლარაცია და გამოიცა №EL11116/31 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 56 748.87 ლარი და საურავი 87.45 ლარის ოდენობით. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2.03.2023 წლის №3966 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე და საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალიწინებით მიიჩნევს, რომ მომჩივანს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება. რაც შეეხება იმპორტის გადასახდელების დარიცხვას, საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, საბაჟო დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №EL11116/31 საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს დარიცხული იმპორტის გადასახდელების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172; 70 (1,2); 73 (1); 163 (15).
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანება