გადაწყვეტილება №27248/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.06.2026
№ დოკუმენტი 27248/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27248/2/2026

02 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 27.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27248/2/2026).

 

დავის საგანი:

სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.02.2026 წლის №CB1876951 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 31.03.2026 წლის №7291 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 5 000 ლარი და ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანს სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 2.4მ3 მოცულობის ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფოთლოვანი ჯიშის „წაბლი“) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.02.2026 წლის №CB1876951 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.03.2026 წლის №7291 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის 11 და 12 ნაწილებით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, „სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24 მუხლის მე-2 პუნქტით, ამავე ბრძანების 252 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტებით და განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. განსახილველ შემთხვევაში 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საჩივრის განხილვისას საბჭომ არ გაითვალისწინა, რომ მისი როგორც ინდმეწარმის საქმიანობა არ არის დაკავშირებული ხე-ტყის გადამუშავებასთან, გამოყენებასთან ან ვაჭრობასთან. ფიცრების ტრანსპორტირების მიზანი იყო პირადი მოხმარება და არა სამეწარმეო საქმიანობა. მისი ოჯახის საკუთრებაშია ახალაშენებული საცხოვრებელი სახლი, რომელიც აშენდა სათანადო ნებართვით და 3.12.2024 წელს ექსპლუატაციაში იქნა მიღებული. აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე აპირებდა დროებითი ნაგებობის/კონსტრუქციის აშენებას და ამ მიზნით ახდენდა სადავო ფიცრების ტრანსპორტირებას. ფიცრები სჭირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის, დროებითი ნაგებობის ასაშენებლად, რაც არანაირ კავშირშია ინდივიდუალური მეწარმის სტატუსთან. ოჯახური და ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, დაკისრებული ჯარიმის გადახდა პრაქტიკულად შეუძლებელია. ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ და “ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სანქცია გამოიყენება, თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული ან არასწორად არის მითითებული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რომელმაც არ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე):

ე) მრგვალი ხეტყის (მორის) ან ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი;

ვ) თითოეული მრგვალი ხეტყის (მორის) ან ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციალური ფირნიშის ნომერი (გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა, როდესაც სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება სავალდებულო არ არის).

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

ამავე ინსტრუქციის 252 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითება მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, კერძოდ:

ა) მრგვალი ხე-ტყის (მორი) ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ან შესაბამისი გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე დადგენილი წესით გაცემული – ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები. მომჩივნის განმარტებით, ფიცრების ტრანსპორტირების მიზანი იყო პირადი მოხმარება და არა სამეწარმეო საქმიანობა. მისი ოჯახის საკუთრებაშია ახალი აშენებული საცხოვრებელი სახლი, რომელიც აშენდა სათანადო ნებართვით და 3.12.2024 წელს ექსპლუატაციაში იქნა მიღებული. აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე აპირებდა დროებითი ნაგებობის/კონსტრუქციის აშენებას და ამ მიზნით ახდენდა სადავო ფიცრების ტრანსპორტირებას. ფიცრები სჭირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის, დროებითი ნაგებობის ასაშენებლად, რაც არანაირ კავშირშია ინდივიდუალური მეწარმის სტატუსთან.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.05.2026 წლის №40381-21-12 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ 6.02.2026 წელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა (სახ. ---), რა დროსაც დადგინდა, რომ მომჩივანი ახდენდა საკუთარი სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (4800 ლარის საბაზრო ღირებულების 2,4 მ 3 დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე.

შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1876951 და სამართალდამრღვევს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე, სხდომაზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა დაადასტურა ფაქტი, რომ მომჩივანს 19.02.2026 წელს შედგენილი აქვს ხელწერილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სახელზე, სადაც აღიარებს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და აცხადებს, რომ არ გააჩნია პრეტენზია.

მაშასადამე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.02.2026 წლის №CB1876951 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მართებულად. შესაბამისად, მომჩივნის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. რაც შეეხება მომჩივნის მითითებას გათავისუფლდეს დარიცხული სანქციისაგან, საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ერთი კუბური მეტრი წაბლის ჯიშის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) საბაზრო ღირებულებად მიღებულ იქნა 2000 ლარი. შესაბამისად 2.4 კუბ.მ. ხე-მასალის ჯამური საბაზრო ღირებულება შეფასების თარიღისათვის შეადგენს 4800 ლარს (2.4*2000) დღგ-ის ჩათლით. აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს შეეფარდა სანქცია 5000 (ხუთი ათასი) ლარი და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული ხე-მასალა.

ამასთან, მეწარმე 2026 წლის 19 თებერვალს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სახელზე დაწერილ ახსნა-განმარტებაში ადასტურებს 2026 წლის 6 თებერვალს ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი 2.5 მ3 წაბლის ჯიშის დახერხილი ხის მასალის ტრანსპორტირების ფაქტს სასაქონლო ზედნადების გარეშე.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია,რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. ამგვარად, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (12).