ბრძანება N 5379

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.03.2023
№ დოკუმენტი 5379
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 5379

20.03.2023

ფ/პ -------------------ას (პ/ნ -------------------)

(მის: ---------------------------------------------)

2023 წლის 8 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 მარტის (ოქმი №21) სხდომაზე განიხილა ფ/პ -------------------ას (პ/ნ -------------------) №23201/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 25 ივნისის №--------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება დავალიანება იმის გამო, თითქოს მის მიერ მოხდა ლუქის ახსნა. სინამდვილეში მისი კომპანიის გაჩერებიდან ერთი წლის მერე ლუქი თავად საფინანსო პოლიციის თანამშრომლებმა ახსნეს. იქ არსებული საწვავის გაყიდვიდან მიღებული 14000 ლარი შეიტანა ბიუჯეტში, რისი გადახდის ქვითარიც დამატებით ატვირთა საგადასახადოს საიტზე (მოთხოვნის თანახმად). მომჩივანი არ აღიარებს აღნიშნულ ჯარიმას და მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს, რადგან მას სახლში არ წაუღია ამონაგები თანხა.

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შპს „---------“-ს (ს/ნ ------------) აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2021 წლის 10 მარტის №022-117 ბრძანება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო შპს „---------“-ს (ს/ნ ------------) საკუთრებაში რიცხულ ქონებას. ასევე, შედგენილ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ აქტები. აქტების შესაბამის ველში გაკეთებული ჩანაწერით დგინდება, რომ შპს „---------“-ს (ს/ნ ------------) ყადაღადადებული ქონება შესანახად ჩაიბარა ფ/პ -------------------ამ (პ/ნ -------------------).

2021 წლის 25 ივნისს ვალის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოვლენილ იქნა სამართალდარღვევა. კერძოდ დაფიქსირდა, რომ ფ/პ -------------------ამ (პ/ნ -------------------) განახორციელა შპს „---------“-ს (ს/ნ ------------) ყადაღადადებული ქონების განკარგვა. აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლის შესაბამისად ვალის მართის დეპარტამენტის მიერ შედგენილი იქნა 2021 წლის 25 ივნისის №CB1180797 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, ფ/პ -------------------ას (პ/ნ -------------------)შეეფარდა ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით. აღნიშნულ ოქმს გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2023 წლის 23 იანვარს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით დასაშვებია, პირმა განკარგოს ყადაღადადებული ქონება, თუ ამონაგები თანხა სრულად იქნება მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად. თუ საგადასახადო ორგანოს თანხმობით განხორციელდა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად იქნა მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად, ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება.

ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ქონებაზე ყადაღის დადების აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი, ქონების შემნახველი, გადასახადის გადამხდელი/ვალდებული პირი და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას. თუ ამ პირებმა უარი განაცხადეს ხელმოწერაზე, აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, ყადაღადადებული ქონების პირის მიერ განკარგვა ან საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადებული ლუქის ახსნა – იწვევს პირის დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ფ/პ -------------------ას (პ/ნ -------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.