ბრძანება N 221-1
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 221
18/01/2021
ი/მ -----
(მის.: ქ. ------- )
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №100) განიხილა ი/მ ----- ს №54909/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 09 ნოემბრის №001-317 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმებას და შემოსავლის 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას, აცხადებს, რომ საქონლის (თამბაქო) პირველად საფუთავებში დაფასოება აქციზური საქონლის წარმოება არ არის.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 16 ივნისის №15779 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. ხოლო შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 01 მაისამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 29 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. 2020 წლის 09 ნოემბერს გამოიცა №33218 ბრძანება და ამავე თარიღის №001-317 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 83118 ლარი, მათ შორის, გადასახადი 52682 ლარი, ჯარიმა 22956 ლარი, საურავი 7480 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
მეწარმეს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული აქვს თამბაქოს ნედლეულის იმპორტი და რეალიზაცია როგორც ნედლეულის სახით, ასევე 50 გრამიან პაკეტებში დაფასოებული, 2019 წლის ნოემბერში საგადასახადო ორგანოდან გატანილი აქვს 20 000 ცალი აქციზური მარკა. ყველა რეალიზაცია განხორციელებულია 2019 წლის 21 ნოემბრამდე. 2019 წლის 01 მარტიდან მეწარმეს მინიჭებული აქვს მცირე მეწარმის სტატუსი და წარდგენილი აქვს მცირე ბიზნესის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები.
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების თანახმად, აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალში, რომელთა განხორციელების შემთხვევაშიც არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება, შედის აქციზური საქონლის წარმოება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მეწარმეს არ უნდა მინიჭებოდა მცირე ბიზნესის სტატუსი და შესაბამისად უნდა წარედგინა წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია. შემოწმებით შემცირდა მეწარმის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებული გადასახადი და შემოსავალი დაექვემდებარა 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას. შესაბამისად, გადამხდელს დარიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად:
1. მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.
2. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.
ამავე კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ პირი ახორციელებს ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობას.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ითვლება მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან.
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების დანართი №4-ის მე-7 პუნქტის თანახმად, აქციზური საქონლის წარმოება წარმოადგენს ისეთი აკრძალული საქმიანობის სახეს, რომლის განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მეწარმე ფიზიკური პირისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დადგენილია, რომ მეწარმეს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული აქვს თამბაქოს ნედლეულის იმპორტი და რეალიზაცია როგორც ნედლეულის სახით, ასევე 50 გრამიან პაკეტებში დაფასოებული, 2019 წლის ნოემბერში საგადასახადო ორგანოდან გატანილი აქვს 20 000 ცალი აქციზური მარკა. ამასთან, ყველა რეალიზაცია განხორციელებულია 2019 წლის 21 ნოემბრამდე. ამდენად, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება, გადამხდელის მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებული გადასახადის შემცირება და აღნიშნული შემოსავლის 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრა მართლზომიერია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.