ბრძანება N 8581
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 8581
20.04.2023
შპს „--ს“ (ს/ნ --)
(მის.:---) 2022 წლის 11 ნოემბრის და 5 დეკემბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი №30) განიხილა შპს „--ის“ (ს/ნ --) №76320/1/2022 და №220515/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 ოქტომბრის №006-450 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ, დღგის დარიცხვას და აცხადებს, რომ მათ მიერ შესრულებულ სამუშაოებზე იგზავნებოდა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რის შემდეგაც დამკვეთის მიერ ხდებოდა სამშენებლო მომსახურების ანაზღაურება საწარმოს საბანკო ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვით. გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ მათ მიერ გამოწერილი ყველა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დეკლარირებული და დაბეგრილია კანონმდებლობის შესაბამისად. მომჩივანი ითხოვს შემოწმების შედეგად დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირებას და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან იმ სამშენებლო მომსახურების თანხების ამოღებას, რაც საწარმოს არ შეუსრულებია.
2. გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ ხელფასად ჩათვლილია 1 261 860 ლარი, მაშინ როცა საწარმოს შემოსავალმა შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 1 120 283 ლარი. გადამხდელი მიიჩნევს, რომ გაუგებრობის გამო ხელფასად ჩათვლილია საბანკო კრედიტები და დამფუძნებლის შენატანები. ითხოვს საბანკო სესხების დასაფარად და ნაღდი ანგარიშსწორებით მასალების შესაძენად გადახდილი თანხების გათვალისწინებას და შემოწმების მიერ ხელფასად განხილული თანხის გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 აპრილს №10882 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,--ის“ (ს/ნ --) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 12 ოქტომბრის №26068 ბრძანება და 2022 წლის 13 ოქტომბრის №006-450 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 649 331 ლარი, მათ შორის გადასახადი 378 655 ლარი, ჯარიმა 189 328 ლარი და საურავი 81 348 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს ,,---ის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. შემოსავალი მიღებულია ტენდერების გზით, საბანკო ჩარიცხვებით. წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შესრულებული სამუშაოების შედეგად მიღებული შემოსავალი არ არის სრულად დეკლარირებული, ამასთან, ჩარიცხული თანხები არ წარმოადგენდა 2019 წლამდე საგადასახადო პერიოდში შესრულებულ სამუშაოებს, რომელიც შემოწმდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით. სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
2. გადამხდელის საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად ბანკიდან გამოტანილ და ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეულ ხარჯს შორის გამოვლინდა სხვაობა (სალაროდან გაწეული ხარჯის 10%-ის გათვალისწინებით). შემოწმების შედეგად სხვაობა განხილულ იქნა, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: 1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად მიღებული შემოსავალი არ არის სრულად დეკლარირებული, ამასთან, ჩარიცხული თანხები, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, არ წარმოადგენდა 2019 წლამდე საგადასახადო პერიოდში შესრულებულ სამუშაოებს.
გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელის შემოსავლები დათვლილია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან მიღებული ინფორმაციის საბანკო ამონაწერებთან შესაბამისობით, კერძოდ, ტენდერის ნომრის მიხედვით, ყოველი შესრულება და ჩარიცხვა, შედარებული და იდენტიფიცირებულია წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით არსებულ ჩარიცხვებთან. შედეგად, მიღებული შემოსავალი შეადგენს 2 581 843 ლარს, ხოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილია მხოლოდ 1 532 002 ლარზე.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადამხდელის საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად ბანკიდან გამოტანილ და ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეულ ხარჯს შორის გამოვლინდა სხვაობა (სალაროდან გაწეული ხარჯის 10%-ის გათვალისწინებით), რაც განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ საწარმოს მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 2 581 843 ლარი დღგ-ის ჩათვლით, რომელიც საბანკო ამონაწერების მიხედვით გადარიცხული ან გამოტანილია ბანკიდან და ნაწილით გაწეულია ხარჯები სალაროდან, ხოლო დარჩენილი ნაწილი შემოწმების მიერ ჩათვლილია საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის განმარტებით, გადამხდელის მიერ დანართად წარმოდგენილ დოკუმენტაციას არ ერთვის ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად, გადამხდელის მიერ საჩივრებით წარმოდგენილი პოზიცია/პრეტენზია საფუძველს მოკლებულია.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--ის“ (ს/ნ --) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი ითხოვს შემოწმების შედეგად დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირებას და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან იმ სამშენებლო მომსახურების თანხების ამოღებას, რაც საწარმოს არ შეუსრულებია.
2. გადამხდელი ითხოვს საბანკო სესხების დასაფარად და ნაღდი ანგარიშსწორებით მასალების შესაძენად გადახდილი თანხების გათვალისწინებას და შემოწმების მიერ ხელფასად განხილული თანხის გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საბანკო ამონაწერების შესწავლით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შესრულებული სამუშაოების შედეგად მიღებული შემოსავალი არ არის სრულად დეკლარირებული, სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი.
გადამხდელის საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად ბანკიდან გამოტანილ და ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეულ ხარჯს შორის გამოვლინდა სხვაობა (სალაროდან გაწეული ხარჯის 10%-ის გათვალისწინებით). შემოწმების შედეგად სხვაობა განხილულ იქნა, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 306 (2, 6); 136 (3); 61 (3); 2 (2); 158; 159; 163; 164; 43 (4); 73 (9); 101; 154, 2021 წლამდე მოქმედი 160;161