შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საქმის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ

მთავრობათაშორისი ხელშეკრულება/შეთანხმება 01.04.1996
№ დოკუმენტი N/A
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

ქვემოთ მოცემულ ტექსტსა და ტექსტის მარცხენა ზედა კუთხეში მიმაგრებულ PDF დოკუმენტს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება PDF დოკუმენტს.

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის

საბაჟო საქმის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ

საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მხარეები,გამომდინარეობენ რა იქიდან, რომ საბაჟო კანონმდებლობის დარღვევა ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ეკონომიკურ, საგადასახადო და სოციალურ ინტერესებს ინტერესებს, აგრეთვე, ვაჭრობის კანონიერ ინტერესებს;

მხედველობაში იღებენ, რომ ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვა წარმოადგენს საფრთხეს მოქალაქეთა ჯანმრთელობისათვის და საზოგადოებისათვის;

ითვალისწინებენ რა საქონლის იმპორტის ან ექსპორტისას ასაკრეფი საბაჟო გადასახადების, გადასახადების და სხვა მოსაკრებლების ზუსტი გამოთვლის უზრუნველყოფის, აგრეთვე აკრძალვის, შეზღუდვისა და კონტროლის პირობების სათანადო შესრულების მნიშვნელობას;

თვლიან, რომ საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების თავიდან აცილებისაკენ და შემოსატანი და გასატანი საბაჟო გადასახადების და გადასახადების სწორი აკრეფისაკენ მიმართული ძალისხმევა შეიძლება უფრო ეფექტური გახდეს მხარეების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის შედეგად;

მხედველობაში იღებენ რა, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალებების შესახებ 1961 წლის ერთიან კონვენციას, ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ 1971 წლის კონვენციისა და ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის შესახებ 1988 წლის კონვენციის დებულებებს, რომლებიც შემუშავებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით,შეთანხმდნენ შემდეგზე

მუხლი 1

ცნებების განსაზღვრებები

ამ შეთანხმებაში:

1) ,,საბაჟო კანონმდებლობა" ნიშნავს იმ კანონებისა და წესების ერთობლიობას, რომლებსაც იყენებენ საბაჟო ადმინისტრაციები და რომლებიც ეხებიან საქონლის შემოტანას, გატანსა და ტრანზიტს, აგრეთვე, საგადასახადო საშუალებებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ან საბაჟო ადმინისტრაციების მიერ ასაკრეფ საბაჟო გადასახადებს და სხვა გადასახადებსა და მოსაკრებლებს ან აკრძალვის, შეზღუდვისა ან კონტროლის ზომებს;

2) ,,დარღვევა" ნიშნავს საბაჟო კანონმდებლობის ნებისმიერ დარღვევას, აგრეთვე, ამ კანონმდებლობის დარღვევის ნებისმიერ მცდელობას;

3) ,,საბაჟო ადმინისტრაციები" ნიშნავს საქართველოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს, ლიტვის რესპუბლიკაში ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს არსებულ საბაჟო დეპარტამენტს;

4) ,,კონტროლირებადი მიწოდება" ნიშნავს მეთოდს, რომლის გამოყენებისას დაშვებულია მხარეების ტერიტორიებიდან უკანონო ან ეჭვქვეშ მყოფი ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების პარტიების გატანა, მხარეების ტერიტორიებზე მათი ტრანზიტი ან შემოტანა კომპეტენტური სახელმწიფო ინსტიტუციების ზედამხედველობის ქვეშ ამ საშუალებებისა და ნივთიერებების უკანონო ბრუნვაში მონაწილე პირების გამოვლენის მიზნით;

5) ,,საბაჟო უზრუნველყოფა" ნიშნავს სატრანსპორტო საშუალებებსა და ტვირთებზე დადებულ ლუქებს, ბეჭდების ტვიფრებს, შტამპებს.

მუხლი 2

შეთანხმების მოქმედების სფერო

1.თავიანთი საბაჟო ადმინისტრაციების მეშვეობით და ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად მხარეები ურთიერთთანამშრომლობენ და უწევენ ერთმანეთს დახმარებას:

a) საქონლის გადაადგილების გაიოლებისა და დაჩქარების მიზნით;

b) საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნათა სათანადო უზრუნველყოფის მიზნით;

c) საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების თავიდან აცილების, გამოძიებისა და აღკვეთის მიზნით.

2.ამ შეთანხმების ფარგლებში დახმარება ხორციელდება იმ მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელსაც ეთხოვა დახმარება და ამ მხარის საბაჟო ადმინისტრაციის კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში. აუცილებლობის შემთხვევაში საბაჟო ადმინისტრაციებს შეუძლიათ ორგანიზება გაუკეთონ სხვა კომპეტენტური ორგანოების დახმარებას იმ მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელსაც ეთხოვა დახმარება.

3.ეს შეთანხმება არ ვრცელდება გადაუხდელი საბაჟო გადასახადების, გადასახადების ან ნებისმიერი სხვა მოსაკრებლების ანაზღაურებაზე.

მუხლი 3

საბაჟო ფორმალობების გამარტივება

1.საბაჟო ადმინისტრაციები ურთიერთშეთანხმებით იღებენ აუცილებელ ზომებს საბაჟო გაფორმების გამარტივებისათვის ორი ქვეყნის ტერიტორიებს შორის საქონლის გადაადგილების გამარტივებისა და დაჩქარების მიზნით.

2. საბაჟო ადმინისტრაციები, როგორც ზოგადი წესი, სცნობენ ერთმანეთის საბაჟო უზრუნველყოფას, მაგრამ საბაჟო ადმინისტრაციებს შეუძლიათ მოხსნან პირველადი საბაჟო უზრუნველყოფა და დაადონ ან დაამატონ თავისი საკუთარი საბაჟო უზრუნველყოფა, თუ საბაჟო კონტროლის მიზნებისათვის არის ამის აუცილებლობა.

3.საბაჟო ადმინისტრაციები გაცვლიან საბაჟო დოკუმენტებისა და საბაჟო უზრუნველყოფის ნიმუშებს, რომლებიც მოხსენებულია ამ მუხლის (კარი) მე-2 პუნქტში, აგრეთვე, იმ საქონლის სიებს, რომელთა შემოტანა, გატანა ან ტრანზიტი მათი სახელმწიფოების ტერიტორიებზე შეზღუდული ან აკრძალულია.

4.ტრანზიტით მიმავალი საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარებიან, როგორც წესი, მხოლოდ გარეგან საბაჟო დათვალიერებას, თუ საზოგადოებრივი წესრიგის, უსაფრთხოების, მორალისა და ჯანმრთელობის დაცვის მოსაზრებებით ან სტრატეგიული საქონლისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საქონლის ექსპორტზე კონტროლის, გარემოს დაცვის, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიზნით ან სხვა მნიშვნელოვანი მიზეზებით არ წარმოიშვა მათი მთლიანი ან ნაწილობრივი დათვალიერების აუცილებლობა.

5.საბაჟო ადმინისტრაციებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმებით ცნონ ქართულ ან ლიტვურ ენებზე შესრულებული საბაჟო დოკუმენტების ბლანკები.

 

მუხლი 4

თანამშრომლობა და ურთიერთდახმარების ფორმები

 

1.საბაჟო ადმინისტრაციები საკუთარი ინიციატივით ან თხოვნის საფუძველზე ერთმანეთს გადასცემენ მთელ აუცილებელ ინფორმაციას ამ შეთანხმების მე 7, 8 და მე 9 მუხლების შესაბამისად.

2.საბაჟო ადმინისტრაციები:

a) უზიარებენ ერთმანეთს მოღვაწეობის გამოცდილებას და ინფორმაციას საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების ჩადენის ახალი საშუალებებისა და მეთოდების შესახებ;

b) ინფორმაციას აწვდიან ერთმანეთს თავიანთი საბაჟო კანონმდებლობის და მისი ცვლილებების, მათ მიერ გამოყენებული კონტროლის ტექნიკური საშუალებებისა და მათი გამოყენების მეთოდების შესახებ, აგრეთვე განიხილავენ სხვა საკითხებს, რომლებიც ორმხრივ ინტერესს იწვევენ.

 

მუხლი 5

დაკვირვება პირებზე, საქონელზე და სატრანსპორტო საშუალებებზე

 

ერთი მხარის საბაჟო ადმინისტრაცია საკუთარი ინიციატივით ან მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაციის თხოვნით აწარმოებს სპეციალურ დაკვირვებას:

a) იმ პირების გადაადგილებაზე, განსაკუთრებით მონაწილე მხარის ტერიტორიაზე მათ შემოსვლაზე და გასვლაზე, რომელთა შესახებაც ცნობილია, რომ მათ დაარღვიეს მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო კანონმდებლობა, ან რომელთა შესახებაც არსებობს ეჭვი ასეთი დარღვევის ჩადენაში;

b) იმ საქონლისა და საგადასახადო საშუალებების გადაადგილებაზე, რომელთა შესახებაც ერთი მხარის საბაჟო ადმინისტრაციას მიღებული აქვს შეტყობინება მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ეს საქონელი და საგადასახადო საშუალებები უკანონო ბრუნვაში არიან ჩართული შემტყობინებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე;

c) ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა შესახებაც ცნობილია, რომ მათ იყენებენ მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის მიზნით, ან რომლებიც ეჭვს იწვევენ ამაში;

d) საქონლის დასაწყობად გამოყენებულ იმ ადგილებზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნან მეორე მხარის ტერიტორიაზე არსებითი არაკანონიერი გადაადგილებისათვის.

 

მუხლი 6

კონტროლირებადი მიწოდება

 

1.თუ ეს არ ეწინააღმდეგება მხარეების ეროვნული კანონმდებლობის ძირითად პრინციპებს, საბაჟო ადმინისტრაციებს ურთიერთთანხმობით შეუძლიათ გამოიყენონ ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების კონტროლირებადი მიწოდების მეთოდი საერთაშორისო დონეზე იმ პირების გამოვლენის მიზნით, რომლებიც ჩართულნი არიან ასეთი საშუალებებისა და ნივთიერებების უკანონო ბრუნვაში.

2.უკანონო პარტიები, რომელთა კონტროლირებადი მიწოდებები ხორციელდება მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, ორივე საბაჟო ადმინისტრაციის თანხმობით შეიძლება დაკავდეს და დაიტოვოს შემდგომი გადაზიდვებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო პარტიების შენარჩუნებით ან ამოღებით, მთლიანი ან ნაწილობრივი შეცვლით.

3.გადაწყვეტილებები, კონტროლირებადი მიწოდების გამოყენების შესახებ, მიიღება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში და აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნენ ორივე საბაჟო ადმინისტრაციებს შორის მიღწეული ფინანსური შეთანხმებები და ურთიერთგაგება.

 

მუხლი 7

ბრძოლა საქონლის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ

 

საბაჟო ადმინისტრაციები საკუთარი ინიციატივით ან თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ გადასცემენ ერთმანეთს მთელ აუცილებელ ინფორმაციას დადგენილი მოქმედებების შესახებ, რომლებიც არღვევენ ან შეუძლიათ დაარღვიონ ერთ ერთი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო კანონმდებლობა შემდეგ სფეროებში:

a) იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებების და ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილებები;

b) სიძველისა და ხელოვნების საგნების გადაადგილებები, რომლებიც წარმოადგენენ მნიშვნელოვან ისტორიულ, კულტურულ ან არქეოლოგიურ ფასეულობებს რომელიმე მხარისათვის;

c) შხამიანი ნივთიერებების, აგრეთვე იმ ნივთიერებების გადაზიდვები, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს გარემოსათვის და ადამიანის ჯანმრთელობისათვის;

d) მხარეების ტერიტორიებზე მოქმედი სიების (რომლებსაც ერთმანეთს უცვლიან საბაჟო ადმინისტრაციები) შესაბამისად არასატარიფო შეზღუდვებს დაქვემდებარებული განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე და სტრატეგიული საქონლის გადაადგილებები;

e) სხვა საქონლის გადაადგილებები, რომელთა შესახებ არსებობს საკმაო საფუძველი იმის ფიქრისა, რომ მათ მივყავართ მნიშვნელოვან არაკანონიერ გადაადგილებამდე მეორე მხარის ტერიტორიაზე.

 

მუხლი 8

ინფორმაციის მიწოდება

 

1.საბაჟო ადმინისტრაციები საკუთარი ინიციატივით ან თხოვნის საფუძველზე ერთმანეთს აწვდიან მთელ ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს:

a) საბაჟო ადმინისტრაციების მიერ საბაჟო გადასახადების, გადასახადების და სხვა მოსაკრებლების აკრეფას, და კერძოდ, ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გამოდგეს საქონლის საბაჟო ღირებულების შეფასებისას და მის სატარიფო კლასიფიკაციის დადგენაში;

b) შემოტანის, გატანისა და ტრანზიტის აკრძალვებისა და შეზღუდვების ან საბაჟო გადასახადების, გადასახადების და სხვა მოსაკრებლებისაგან გათავისუფლების შესრულებას;

c) იმ საქონლის წარმოშობის ეროვნული წესების გამოყენებას, რომელზედაც არ ვრცელდება ერთი ან ორივე მხარის მიერ დადებული სხვა შეთანხმებები.

2.იმ შემთხვევაში, თუ ის საბაჟო ადმინისტრაცია, რომელსაც ეთხოვა ინფორმაცია, არ ფლობს ამ ინფორმაციას, იგი თავის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ღებულობს ზომებს ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად.

3.ყოველი საბაჟო ადმინისტრაცია მეორე საბაჟო ადმინისტრაციის თხოვნით იძლევა ინფორმაციას:

a) იყო თუ არა ის საქონელი, რომელიც შეტანილია მთხოვნელი მხარის ტერიტორიაზე, კანონიერად გატანილი მეორე მხარის ტერიტორიიდან;

b) იყო თუ არა ის საქონელი, რომელიც გამოტანილია მთხოვნელი მხარის ტერიტორიიდან, კანონიერად შეტანილი მეორე მხარის ტერიტორიაზე და რომელ საბაჟო პროცედურას, თუ ის ჩატარდა, დაექვემდებარა ეს საქონელი.

4.ყოველი საბაჟო ადმინისტრაცია საკუთარი ინიციატივით ან თხოვნის საფუძველზე აწოდებს მეორე საბაჟო ადმინისტრაციას მთელ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას მის მიერ მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებით, კერძოდ:

a) ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებმაც დაარღვიეს მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო კანონმდებლობა ან არსებობს ეჭვი ასეთი დარღვევის შესახებ;

b) საქონელზე, რომელიც ცნობილია როგორც მნიშვნელოვანი არაკანონიერი გადაადგილების საგნები ან იწვევს ეჭვს ამაში;

c) სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა შესახებაც ცნობილია, რომ მათ იყენებენ მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო კანონმდებლობის დარღვევებისას, ან არსებობს ეჭვი ამის შესახებ;

d) საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების ახალ გზებზე და საშუალებებზე.

 

მუხლი 9

დოკუმენტების მიწოდება

 

1.ყოველი საბაჟო ადმინისტრაცია საკუთარი ინიციატივით ან თხოვნის საფუძველზე აწვდის მეორე საბაჟო ადმინისტრაციას აქტებს, მოწმეთა ჩვენებებს, ან დოკუმენტების დამოწმებულ ასლებს, რომლებიც შეიცავენ მთელ არსებულ ინფორმაციას იმ მოსამზადებელ ან ჩადენილ მოქმედებებზე, რომლებიც იწვევენ ან შეუძლიათ გამოიწვიონ მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო კანონმდებლობის დარღვევა.

ამ შეთანხმებით გათვალისწინებული დოკუმენტების ნაცვლად იმავე მიზნებისათვის შეიძლება გადაცემული უნდა იქნას კომპიუტერიზირებული ინფორმაცია ნებისმიერი სახით გადაცემული უნდა იქნას, აგრეთვე მთელი თანმხლები ინფორმაცია ამ მასალების განმარტების ან გამოყენებისათვის.

საქმეებისა და დოკუმენტების დედნები გამოითხოვება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა დამოწმებული ასლების წარდგენა არ არის საკმარისი.

2.საქმეებისა და დოკუმენტების დედნები, რომლებიც მიღებულია მეორე საბაჟო ადმინისტრაციისაგან დაბრუნებულ უნდა იქნან პირველივე შესაძლებლობისთანავე.

 

მუხლი 10

გამოძიება

 

1.თხოვნის მიღების შემდეგ საბაჟო ადმინისტრაცია ჩაატარებს ოფიციალურ გამოძიებას იმ მოქმედებებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება ან შეიძლება ეწინააღმდეგებოდნენ მთხოვნელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედ საბაჟო კანონმდებლობას. ასეთი გამოძიების შედეგები გადაეცემა მთხოვნელ საბაჟო ადმინისტრაციას.

2.ასეთი გამოძიებები ტარდება იმ კანონებისა და წესების შესაბამისად, რომლებიც მოქმედებენ თხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე. თხოვნის მიმღები საბაჟო ადმინისტრაცია გამოძიებას ატარებს თავისი სახელით.

3.ერთი მხარის საბაჟო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებს მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაციის თანხმობით, ცალკეულ შემთხვევებში შეუძლიათ იმყოფებოდნენ ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე მთხოვნელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების გამოსაძიებლად.

 

მუხლი 11

თანამდებობის პირების მეორე მხარის ტერიტორიაზე ყოფნა

 

ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როცა ერთი მხარის საბაჟო ადმინისტრაციის თანამდებობის პირები იმყოფებიან მეორე მხარის ტერიტორიაზე, ამ თანამდებობის პირებებს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოთ თავისი ოფიციალური უფლებამოსილების მტკიცებულების წარდგენა. ეს თანამდებობის პირები არ უნდა იყვნენ გამოწყობილნი ფორმის ტანსაცმელში და არ უნდა ჰქონდეთ იარაღი.

 

მუხლი 12

ექსპერტები და მოწმეები

 

1.ერთი მხარის სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოების თხოვნით, იმასთან დაკავშირებით რომ ისინი იხილავენ საბაჟო კანონმდებლობის დარღვევებს, მეორე მხარის საბაჟო ადმინისტრაციას შეუძლია უფლებამოსილება მისცეს თავის მომსახურეებს, რათა ისინი გამოვიდნენ ექსპერტების ან მოწმეების სახით ასეთ სასამართლო ან ადმინისტრაციულ გამოძიებებზე. ეს მომსახურეები იძლევიან ჩვენებას იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც დადგენილი იქნა მათ მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. სასამართლო ან ადმინისტრაციულ გარჩევაში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილ თხოვნაში ნათლად უნდა იყოს ნაჩვენები, თუ რომელ საქმეზე და რა სტატუსით წარდგენა მოსამსახურე.

2.ამ მომსახურეებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ ჩვენების მიცემაზე ან განცხადების გაკეთებაზე, თუ მათ ეს უფლება აქვთ ან მოვალენი არიან ასეთ მოქმედებაზე თავისი ქვეყნის ან მთხოვნელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 13

ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოყენება

 

1.ამ შეთანხმების შესაბამისად მიღებული ინფორმაცია, დოკუმენტები და სხვა ცნობები გამოიყენება მხოლოდ ამ შეთანხმებით მითითებული მიზნებისათვის. მათი გადაცემა ან გამოყენება სხვა ნებისმიერი მიზნებისათვის დაშვებულია მხოლოდ ამ ინფორმაციის, დოკუმენტებისა და სხვა ცნობების გადამცემი საბაჟო ადმინისტრაციის აშკარად გამოხატული თანხმობის შემთხვევაში.

2.ამ მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება იმ ინფორმაციის მიმართ, რომლებიც ეხება დარღვევებს დაკავშირებულს ნარკოტიკულ საშუალებებთან და ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან. ასეთი ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს სხვა უწყებებს, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავებული ნარკოტიკების არაკანონიერი ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლასთან.

3.ამ შეთანხმების შესაბამისად ერთი მხარის საბაჟო ადმინისტრაციის მიერ მეორე მხარისათვის ნებისმიერ ფორმაში გადაცემულ თხოვნებს, ინფორმაციებს, ექსპერტიზის აქტებს და სხვა ცნობებს მიმღები მხარე გახმაურებისაგან იცავს იმავე ხარისხით რა ხარისხითაც მსგავსი შინაარსის საკუთარ დოკუმენტებსა და ცნობებს, მისი კანონმდებლობის შესაბამისად. ინფორმაციის მიმღები საბაჟო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მის კონფიდენციალობას მეორე საბაჟო ადმინისტრაციის ასეთი თხოვნის შემთხვევაში.

4.ამ შეთანხმების მიზნებისა და მოცულობის შესაბამისად საბაჟო ადმინისტრაციებს ინფორმაცია და დოკუმენტები, მიღებული ამ შეთანხმების საფუძველზე, შეუძლიათ გამოიყენონ მტკიცების სახით თავის ოქმებში, აქტებში, მოწმეთა ჩვენებებში, აგრეთვე სასამართლო და ადმინისტრაციული გარჩევების მიმდინარეობისას.

5.ასეთი ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოყენება მტკიცებულებებად სასამართლო ორგანოებში და მათი მტკიცებულებითი ძალა განისაზღვრება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 14

გამონაკლისები დახმარების გაწევის ვალდებულებებში

 

1.იმ შემთხვევაში, თუ ერთი მხარის თხოვნის მიმღები საბაჟო ადმინისტრაცია თვლის, რომ თხოვნის შესრულებას შეუძლია ზიანი მიაყენოს ამ მხარის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან ამ მხარის ნებისმიერ სხვა არსებით ინტერესებს, ან დაარღვიოს ამ მხარის საწარმოო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლო, მას შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ თქვას უარი ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ დახმარებაზე, ან გაუწიოს ეს დახმარება განსაზღვრული პირობებისა და მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში.

2.თუ დახმარებაზე უარი ითქვა, მაშინ გადაწყვეტილება უარზე მიზეზის ჩვენებით და წერილობითი ფორმით დაუყოვნებლივ მიეწოდება მთხოვნელ საბაჟო ადმინისტრაციას.

3.თუ საბაჟო ადმინისტრაცია მიმართავს მეორე მხარეს თხოვნით ისეთი დახმარების გაწევის შესახებ, რომელსაც თვითონ ვერ გაუწევდა მეორე მხარეს, თავის მიმართვაში ის ამ ფაქტს აღნიშნავს ასეთი დახმარების გაწევა დამოკიდებულია თხოვნის მიმღები საბაჟო ადმინისტრაციის ნება-სურვილზე.

 

მუხლი 15

შეტყობინება

 

1.ერთი მხარის საბაჟო ადმინისტრაციის თხოვნით, მეორე მხარის ადმინისტრაცია ატყობინებს მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ან დაფუძნებულ დაინტერესებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს იმ დოკუმენტების შესახებ, რომლებიც ეხებიან ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საბაჟო კანონმდებლობის აღსრულებისათვის მიღებულ ზომებსა და გადაწყვეტილებას.

2.შეტყობინება ხორციელდება თხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეტყობინება შეიძლება განხორციელდეს განსაკუთრებული ფორმითაც ან მეთოდებითაც, რომლებიც თხოვნაშია მითითებული, იმ პირობით, რომ ეს არ ითვლება თხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შეუსაბამობად.

 

მუხლი 16

თხოვნის ფორმა და შინაარსი

 

1.ამ შეთანხმების საფუძველზე შედგენილი თხოვნები წარმოიდგინება წერილობითი ფორმით. თხოვნას თან უნდა ახლდეს მისი შესრულებისათვის აუცილებელი დოკუმენტები. განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში შეიძლება მიღებული იქნას ზეპირი თხოვნაც, მაგრამ ის დაუყონებლივ უნდა დადასტურდეს წერილობითი სახით.

2.თხოვნა შესრულებული ამ მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

a) საბაჟო ადმინისტრაცია, ვინც თხოულობს;

b) მოქმედება, რომლის შესრულებას ითხოვენ;

c) თხოვნის მიზანი და მიზეზი;

d) კანონები, წესები და სხვა საკანონმდებლო აქტები, რომლებსაც კავშირი აქვთ საქმესთან;

e) შეძლებისდაგვარად ზუსტი და ამომწურავი ცნობები იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც წარმოადგენენ გამოძიების ობიექტებს;

f) იმ გარემოებების მოკლე მიმოხილვა, რომლებსაც კავშირი აქვთ საქმესთან გარდა შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმების მე-15 მუხლით.

3.თხოვნა სრულდება თხოვნის მიმღები მხარის ოფიციალურ, რუსულ ან თხოვნის მიმღები საბაჟო ადმინისტაციისთვის მისაღებ სხვა ენაზე.

4.იმ შეთხვევაში, თუ თხოვნა არ პასუხობს ოფიციალურ მოთხოვნებს, შეიძლება მოთხოვნილი იქნას მისი კორექტირება ან დამატება, მაგრამ ეს ხელს არ უშლის გამაფრთხილებელი ზომების მიღებას.

 

მუხლი 17

ხარჯები

 

საბაჟო ადმინისტრაციები უარყოფენ ამ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნებისმიერ მოთხოვნას, გარდა ამ შეთანხმების მე-12 მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისა ექსპერტზე და მოწმეებზე.

 

მუხლი 18

შეთანხმების რეალიზაცია

 

1.დახმარებას ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად გასწევენ უშუალოდ საბაჟო ადმინისტრაციები.

2.საბაჟო ადმინისტრაციებმა შეიძლება გაითვალისწინონ დახმარების გაწევის ღონისძიებები, კავშირის პირდაპირი არხების დაწესება მათ ცენტრალურ ქვეგანყოფილებებს შორის და უფლებამოსილება მიანიჭონ ადგილობრივ ქვეგანყოფილებებს განახორციელონ კონტაქტები ურთიერთშორის ისე, როგორც იქნება განსაზღვრული საბაჟო ადმინისტრაციებს შორის მათი კომპეტენციის შესაბამისად მიღწეულ ცალკე შეთანხმებაში.

 

მუხლი 19

ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა

 

1.ეს შეთანხმება ძალაში შედის 30 დღის შემდეგ იმ დროიდან, როდესაც დიპლომატიური არხებით მიღებული იქნება ბოლო შეტყობინება მხარეების მიერ შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი იურიდიული პროცედურების შესრულების შესახებ.

2.ეს შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. შეთანხმების მოქმედება შეიძლება შეწყვეტილ იქნას დიპლომატიური არხებით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების გზით. შეთანხმება დაკარგავს თავის ძალას ასეთი შეტყობინების შემდეგ ექვსი თვის ვადაში.

 

შესრულებულია ქ. თბილისში, 1966 წლის ,, " აპრილს, ორ პირად, თითოეული ქართულ, ლიტვურ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. ამ შეთანხმების ინტერპრეტაციისად აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის სახელით

 

ლიტვის მთავრობის სახელით