ბრძანება N 17687

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.08.2025
№ დოკუმენტი 17687
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17687

06 აგვისტო 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 27 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის სხდომაზე (ოქმი №56) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 27 ივნისის №96482/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 ივნისის №007-80 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ჯართის ფიზიკური პირებისგან შეძენილად მიჩნევას და მიღებული შემოსავლის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სატრანსპორტო საშუალებებით გაწეული მომსახურების საკომპენსაციო თანხების(ნაწილის) ფიზიკური პირებისთვის გადახდილად მიჩნევას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. აცხადებს, რომ იმ სასაქონლო ზედნადებებში, სადაც არ არის მითითებული ტრანსპორტირების ხარჯი გათვალისწინებულია საქონლის ღირებულებაში.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

4. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების აქტის მიხედვით არ არსებობდა სავარაუდო დარიცხვის საფუძველი და შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ უნდა განხორციელებულიყო სავარაუდოდ დარიცხული თანხის შემცირება, თუმცა, აღნიშნულის ნაცვლად კომპანიას დამატებით დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმა. აცხადებს, რომ აღნიშნული არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 მარტის №5654 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 16 იანვრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 27 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 2 ივნისის №11170 ბრძანება და ამავე თარიღის №007- 80 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 421 443 ლარი, მათ შორის, გადასახადი 258 119 ლარი, ჯარიმა 130 059 ლარი, საურავი 33 265 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილია 232 ცალი სასაქონლო ზედნადები, ჯამში 3 126 639 ლარის ღირებულების 4 659 ტონა შავი ლითონის ჯართის მიწოდებაზე. აღნიშნულიდან 231 ცალი სასაქონლო ზედნადებით შპს „-------“ მიწოდებულია 3 108 378 ლარის ღირებულების 4 633 ტონა შავი ლითონის ჯართი, ხოლო ერთი ცალი სასაქონლო ზედნადებით შპს „-------“ მიწოდებულია 18 261 ლარის ღირებულების 25 ტონა შავი ლითონის ჯართი. საწარმოს არ უფიქსირდება შავი ლითონის ჯართის შესყიდვის სასაქონლო ზედნადებები, ხოლო ჯართის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი დაბეგრილი არ აქვს გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შესაბამისად, შეუძლებელია დადგინდეს დაბეგვრის ობიექტები. გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, ჩაითვალა, რომ ჯართის შეძენა განხორციელდა ფიზიკური პირებისგან, ხოლო შესყიდული ჯართის თვითღირებულება განისაზღვრა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ადმინისტრირებად ვებგვერდზე (eauction.ge) 2024 წელს გამოქვეყნებულ აუქციონის განაცხადებში დაფიქსირებული შეფასების თანხის მიხედვით - ერთ ტონაზე 600 ლარის ოდენობით. ამასთან, ფიზიკურ პირებზე გადახდილ თანხად მიჩნეულ იქნა ჯართის თვითღირებულების 75%-ის ტოლფასი თანხა („ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი 10-ის მიხედვით). ხოლო, იმ ხარჯების გათვალისწინებისთვის (აღიარებისთვის), რომლებზეც პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია, გამოყენებულ იქნა „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითება. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის საფუძველზე, გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით დაიბეგრა ფიზიკური პირის მიერ შავი ლითონის ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი. შედეგად, ჯართის რეალიზაციის პერიოდების და მოცულობის მიხედვით, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. კომპანიის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში მითითებული სატრანსპორტო საშუალებები რეგისტრირებულია შემდეგ პირებზე: შპს „-------“, შპს „-------“, შპს „-------“, შპს „-------“, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------. სატრანსპორტო საშუალებებით გაწეული მომსახურების საკომპენსაციო თანხები დაბეგრილი არ არის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შემოწმების მიერ, აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, აღნიშნულ პირებთან გაგზავნილ იქნა წერილები (-------, ------- და ------- წერილები არ ჩაბარდათ) და მოთხოვნილი იქნა: 2025 წლის 2 აპრილის 24 საათის მდგომარეობით შპს „-------“ მიმართ დებიტორული დავალიანების (მოთხოვნის) შესახებ მონაცემები, 2024 წლის 16 იანვრიდან 2025 წლის 3 აპრილამდე საანგარიშო პერიოდში შპს „-------“ მიწოდებული ტვირთის სატრანსპორტო გადაზიდვის მომსახურების ჯამური ღირებულების და რეისების რაოდენობის შესახებ მონაცემები, ასევე, 2024 წლის 16 იანვრიდან 2025 წლის 3 აპრილამდე საანგარიშო პერიოდში შპს „-------“ თანხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები. ასევე, კომპანიის მიერ გამოწერილ ზოგიერთ სასაქონლო ზედნადებში მითითებულია ტრანსპორტირების ხარჯის ოდენობა. იმ ზედნადებებში, რომლებშიც არ არის მითითებული ტრანსპორტირების ხარჯი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, ხარჯის ოდენობად განისაზღვრა სხვა სასაქონლო ზედნადებებში შესაბამის რეისზე მითითებული ხარჯის თანხა. წარმოდგენილი განმარტებების შესაბამისად, გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაექვემდებარა შპს „-------“, შპს „-------“, -------, ------- და ------- სატრანსპორტო საშუალებებით გაწეული მომსახურების საკომპენსაციო თანხის 75%-ის ტოლფასი თანხა („ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი 10-ის მიხედვით). ხოლო, იმ ხარჯების გათვალისწინებისთვის (აღიარებისთვის), რომელზეც პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია, აუდიტორის მიერ გამოიყენება „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითება. ამასთან, ------- სატრანსპორტო საშუალებით გაწეული მომსახურების საკომპენსაციო თანხა სრულად დაექვემდება დაბეგვრას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი ჯართის რეალიზაციის საანგარიშო პერიოდებში და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

3. შპს „-------“ და შპს „-------“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით და საწარმოს საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით დგინდება, რომ ჯართის საკომპენსაციო თანხები შესამოწმებელ პერიოდში სრულად არის ჩარიცხული გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე. საწარმოს საბანკო ანგარიშიდან დირექტორის მიერ გატანილი თანხის ოდენობა შეადგენს 3 114 080 ლარს. საწარმოს საკასო ხარჯის ოდენობა განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით (ჯართის ტრანსპორტირების თანხის და ჯართის შესყიდვის თანხის 75%-ის ტოლფასი თანხა). შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს სალაროში დადგინდა განკარგვადი თანხა 699 452 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა ჩაითვალა 2024 წლის ოქტომბრის თვეში დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რადგან საბანკო ანგარიშიდან თანხის საბოლოოდ გატანა და ჯართის ბოლო რეალიზაცია ფიქსირდება 2024 წლის ოქტომბრის თვეში. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს 2024 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდში დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

4. საწარმოს მიერ არ განხორციელდა 2024 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ის, მოგების გადასახადისა და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციების წარდგენა, შესაბამისად, 2024 წლის 15 ნოემბერს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე მოგების გადასახადში, საშემოსავლო გადასახადსა და დღგ-ში განხორციელდა სავარაუდო დარიცხვა ჯამში 30 000 ლარის ოდენობით. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 221 მუხლის და „დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში პირის მიმართ სავარაუდო და შესწორებითი დარიცხვის განხორციელების შესახებ“ შიდა ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აღნიშნული თანხები დაექვემდებარა შემცირებას. შედეგად, 2024 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისთვის გადასახადის გადამხდელს 274-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა ჯარიმა სავარაუდოდ დარიცხული თანხის 10%-ის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ;

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის;

3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ „დ“ და „პ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის;

პ) პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილია 232 ცალი სასაქონლო ზედნადები შავი ლითონის ჯართის მიწოდებაზე, თუმცა, საწარმოს არ უფიქსირდება შავი ლითონის ჯართის შესყიდვის სასაქონლო ზედნადებები, ხოლო ჯართის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი დაბეგრილი არ აქვს გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შესაბამისად, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, ჩაითვალა, რომ ჯართის შეძენა განხორციელდა ფიზიკური პირებისგან. ხოლო, შესყიდული ჯართის თვითღირებულება განისაზღვრა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ადმინისტრირებად ვებგვერდზე (eauction.ge) 2024 წელს გამოქვეყნებულ აუქციონის განაცხადებში დაფიქსირებული შეფასების თანხის მიხედვით. ამასთან, ფიზიკურ პირებზე გადახდილ თანხად მიჩნეულ იქნა ჯართის თვითღირებულების 75%-ის ტოლფასი თანხა. შესაბამისად, გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით დაიბეგრა ფიზიკური პირის მიერ შავი ლითონის ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს სასაქონლო ზედნადებებით მიწოდებული აქვს შავი ლითონის ჯართი, ხოლო აღნიშნული საქონლის შესყიდვის სასაქონლო ზედნადებები არ ფიქსირდება, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ ჯართის ფიზიკური პირებისგან შეძენილად ჩათვლა და შესაბამისად, ფიზიკური პირის მიერ შავი ლითონის ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, კომპანიის მიერ სატრანსპორტო საშუალებებით გაწეული მომსახურების საკომპენსაციო თანხები დაბეგრილი არ არის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ასევე, კომპანიის მიერ გამოწერილ ზოგიერთ სასაქონლო ზედნადებში მითითებულია ტრანსპორტირების ხარჯის ოდენობა. იმ ზედნადებებში, რომლებშიც არ არის მითითებული ტრანსპორტირების ხარჯი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, ხარჯის ოდენობად განისაზღვრა სხვა სასაქონლო ზედნადებებში შესაბამის რეისზე მითითებული ხარჯის თანხა. შესაბამისად, გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაექვემდება შპს „-------“, შპს „-------“, -------, ------- და ------- სატრანსპორტო საშუალებებით გაწეული მომსახურების საკომპენსაციო თანხის 75%-ის ტოლფასი თანხა. ამასთან, ------- სატრანსპორტო საშუალებით გაწეული მომსახურების საკომპენსაციო თანხა სრულად დაექვემდებარა დაბეგვრას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი ჯართის რეალიზაციის საანგარიშო პერიოდებში.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 233 ცალი (მათ შორის, ერთი ცალი შიდა გადაზიდვის) სასაქონლო ზედნადებიდან ტრანსპორტირების ხარჯი მითითებულია 116 ცალ სასაქონლო ზედნადებში, ხოლო ტრანსპორტირების ხარჯის ოდენობა შეადგენს 194 100 ლარს. დანარჩენი 117 ცალი სასაქონლო ზედნადების მიხედვით, ტრანსპორტირების ხარჯი განისაზღვრა სხვა სასაქონლო ზედნადებებში შესაბამის რეისზე მითითებული ხარჯის თანხით და ჯამში შეადგინა 171 900 ლარი. მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად, გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაექვემდებარა 85 900 ლარის (მათ შორის, 21 400 ლარის ღირებულების მომსახურება გაწეულია იმ პირების მიერ, რომლებსაც არ ჩაბარდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაგზავნილი წერილები; 51 000 ლარის ღირებულების მომსახურება გაწეულია შპს „-------“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით, რომელიც იჯარით იყო გაცემული ფიზიკურ პირზე, ხოლო აღნიშნულმა პირმა არ წარმოადგინა განმარტება; 13 500 ლარის ღირებულების მომსახურება გაწეულია შპს „-------“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით, რომელიც იჯარით იყო გაცემული სხვა იურიდიულ პირებზე, რომლებმაც არ დაადასტურეს შპს „-------“ მომსახურების გაწევის ფაქტი) ოდენობით თანხიდან „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი 10-ის მიხედვით დაანგარიშებული თანხა (ხარჯის 75%) და 3 200 ლარი სრულად.

ხოლო, გადახდელის პოზიციასთან, სასაქონლო ზედნადებებში მითითებული ტრანსპორტირების ხარჯის საქონლის ღირებულებაში გათვალისწინებასთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ მომჩივნის არგუმენტის დამადასტურებელი მტკიცებულებები საჩივარს თან არ ახლავს. აღნიშნული არგუმენტის გაზიარების შემთხვევაში შემცირებას დაექვემდებარება საკასო ხარჯი, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს სალაროში დადგენილი განკარგვადი თანხა დაექვემდებარება გაზრდას, შესაბამისად, თანხების გადაანგარიშება შემოწმებით დარიცხულ თანხებზე გავლენას ვერ მოახდენს.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საწარმოს საბანკო ანგარიშიდან დირექტორის მიერ გატანილი თანხის ოდენობა შეადგენს 3 114 080 ლარს. საწარმოს საკასო ხარჯის ოდენობა განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით (ჯართის ტრანსპორტირების თანხის და ჯართის შესყიდვის თანხის 75%-ის ტოლფასი თანხა). შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს სალაროში დადგინდა განკარგვადი თანხა 699 452 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაითვალა 2024 წლის ოქტომბრის თვეში დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 661 მუხლზე, რომლის მიხედვით:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმების გარეშე განახორციელოს სავარაუდო დარიცხვა თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ:

ა) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა გადასახადის თანხის უსაფუძვლო შემცირება. ამ შემთხვევაში სავარაუდო დარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შემცირებული გადასახადის თანხის ოდენობით;

ბ) გადასახადის გადამხდელმა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ შეასრულა დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება.

2. სავარაუდო დარიცხვა შესაძლებელია გაუქმდეს შესწორებითი დარიცხვით.

3. სავარაუდო და შესწორებითი დარიცხვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 221 მუხლის მიხედვით:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმების გარეშე განახორციელოს სავარაუდო დარიცხვა თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ:

ა) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა გადასახადის თანხის უსაფუძვლო შემცირება;

ბ) პირს წარმოეშვა საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ წარადგინა საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (ავტომატური დეკლარირება).

2. ავტომატური დეკლარირების შემთხვევაში მიიჩნევა, რომ პირმა წარადგინა საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება, რომლის საფუძველზეც გადასახდელად დასარიცხი გადასახადის/მოსაკრებლის თანხა საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული სავარაუდო დარიცხვის თანხის ტოლია.

3. სავარაუდო დარიცხვა შეიძლება გაუქმდეს შესწორებითი დარიცხვით:

ა) საგადასახადო შემოწმების შედეგების საფუძველზე მიღებული საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებით;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

გ.ა) პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გზით. ამ შემთხვევაში, პირის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება დაგვიანებულად წარდგენილად ჩაითვლება;

გ.ბ) საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით.

„დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში პირის მიმართ სავარაუდო და შესწორებითი დარიცხვის განხორციელების შესახებ“ შიდა ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 6 თებერვლის ბრძანების მე-3 მუხლის თანახმად:

1. სავარაუდო დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისთვის გადასახადის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე.

2. შესწორებითი დარიცხვა გულისხმობს:

ა) სავარაუდო დარიცხვის გაუქმებას და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე გადასახადის დარიცხვას;

ბ) სავარაუდო დარიცხვის გაუქმებას და საგადასახადო შემოწმების შედეგების შესაბამისად მიღებული საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის დროებით ბარათზე გადასახადის დარიცხვას;

გ) სავარაუდო დარიცხვის გაუქმებას საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილებით.

ამავე ინსტრუქციის მე-12 მუხლის თანახმად:

1. თუ შესწორებითი დარიცხვის საფუძველია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაცია, ჩაითვლება, რომ პირმა დაგვიანებით წარადგინა დეკლარაცია და შესაბამისად, იგი დაჯარიმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მიხედვით.

2. თუ შესწორებითი დარიცხვის საფუძველია საგადასახადო შემოწმების შედეგებზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება:

ა) შემოწმებით დარიცხული თანხის იმ ნაწილზე, რომელიც არ აღემატება სავარაუდო დარიცხვის ოდენობას, პირი დაჯარიმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის შესაბამისად;

ბ) შემოწმებით დარიცხული თანხის იმ ნაწილზე, რომელიც აღემატება სავარაუდო დარიცხვის ოდენობას, პირი დაჯარიმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება, იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საწარმოს მიერ არ განხორციელებულა 2024 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ის, მოგების გადასახადისა და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციების წარდგენა, შესაბამისად, 2024 წლის 15 ნოემბერს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე მოგების გადასახადში, საშემოსავლო გადასახადსა და დღგ-ში განხორციელდა სავარაუდო დარიცხვა ჯამში 30 000 ლარის ოდენობით. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 221 მუხლის და „დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში პირის მიმართ სავარაუდო და შესწორებითი დარიცხვის განხორციელების შესახებ“ შიდა ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად აღნიშნული თანხები დაექვემდებარა შემცირებას. შედეგად, 2024 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისთვის გადასახადის გადამხდელს 274-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა ჯარიმა სავარაუდოდ დარიცხული თანხის 10%-ის ოდენობით.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან, სავარაუდო დარიცხვისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის კანონმდებლობასთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე 2024 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდში საშემოსავლო გადასახადში განხორციელდა 175 237 ლარის დარიცხვა. ვინაიდან, 2024 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდში გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული იყო სავარაუდო თანხა 10 000 ლარის ოდენობით, „დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში პირის მიმართ სავარაუდო და შესწორებითი დარიცხვის განხორციელების შესახებ“ შიდა ინსტრუქციის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხის იმ ნაწილზე, რომელიც არ აღემატებოდა სავარაუდო დარიცხვის ოდენობას, საწარმო დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ, სავარაუდოდ დარიცხული თანხის 10%-ის ოდენობით. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 2 ივლისს მომზადებული დასკვნის საფუძველზე, 2025 წლის 3 ივლისს გამოცემული №15027 ბრძანებით გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა სავარაუდოდ დარიცხული 30 000 ლარის შემცირება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობას. ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. ჯართის ფიზიკური პირებისგან შეძენილად მიჩნევას და მიღებული შემოსავლის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა.

2. სატრანსპორტო საშუალებებით გაწეული მომსახურების საკომპენსაციო თანხების(ნაწილის) ფიზიკური პირებისთვის გადახდილად მიჩნევას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა.

3. განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

4. სავარაუდოდ დარიცხული თანხის შემცირების ნაცვლად დამატებით დარიცხული ჯარიმა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შესაბამისად, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

გადასახადის გადამხდელს სასაქონლო ზედნადებებით მიწოდებული აქვს შავი ლითონის ჯართი, ხოლო აღნიშნული საქონლის შესყიდვის სასაქონლო ზედნადებები არ ფიქსირდება. ჩაითვალა, რომ ჯართის შეძენა განხორციელდა ფიზიკური პირებისგან. ხოლო, შესყიდული ჯართის თვითღირებულება განისაზღვრა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ადმინისტრირებად ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აუქციონის განაცხადებში დაფიქსირებული შეფასების თანხის მიხედვით. გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით დაიბეგრა ფიზიკური პირის მიერ ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.

შემოწმებით კომპანიის მიერ სატრანსპორტო საშუალებებით გაწეული მომსახურების საკომპენსაციო თანხები სრულად დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. იმ ზედნადებებში, რომლებშიც არ არის მითითებული ტრანსპორტირების ხარჯი, ხარჯის ოდენობად განისაზღვრა სხვა სასაქონლო ზედნადებებში შესაბამის რეისზე მითითებული ხარჯის თანხა. შესაბამისად, გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაექვემდება სატრანსპორტო საშუალებებით გაწეული მომსახურების საკომპენსაციო თანხის 75%-ის ტოლფასი თანხა.

შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს საბანკო ანგარიშიდან დირექტორის მიერ გატანილია თანხა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს სალაროში დადგინდა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

საწარმოს მიერ არ განხორციელდა 2024 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ის, მოგების გადასახადისა და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციების წარდგენა, შესაბამისად, განხორციელდა სავარაუდო დარიცხვა ჯამში 30 000 ლარის ოდენობით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა სავარაუდოდ დარიცხული თანხის შემცირება. შემოწმებით დარიცხული თანხის იმ ნაწილზე, რომელიც არ აღემატებოდა სავარაუდო დარიცხვის ოდენობას, საწარმო დაჯარიმდა სავარაუდოდ დარიცხული თანხის 10%-ის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5,9); 1333; 101; 154; 661; 274;