გადწყვეტილება №25014/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25014/2/2025
22 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------2.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25014/2/2025).
დავის საგანი:
1. სატრანსპორტო მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა;
2. საქონლის შესაძენად არარეზიდენტი პირებისთვის ავანსად გადარიცხული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. დებიტორული დავალიანების მიღებულად და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
4. დანაკლისის დაბეგვრის საფუძველით მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2024 წლის №007-327 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.03.2025 წლის №4965 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 272 775,36 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 165 013
დღგ - 2 379
მოგების გადასახადი - 20 148
საშემოსავლო გადასახადი - 142 486
ჯარიმა - 83 456
საურავი - 24 306,36
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2024 წლის №007-327 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.03.2025 წლის №4965 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. სატრანსპორტო მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა პირებისთვის გაწეული აქვს სატრანსპორტო მომსახურება (ერთი არარეზიდენტი და სამი რეზიდენტი საწარმო). გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ინვოისები, სადაც მითითებულია გადაზიდვის ღირებულება, ინვოისების მიხედვით აღნიშნული გადაზიდვები საერთაშორისო გადაზიდვების ნაწილს წარმოადგენს, თუმცა, სხვა დოკუმენტაცია გადამხდელის მიერ ვერ იქნა მოწოდებული, აღნიშნულ ნაწილში გადახდილი თანხები (ხარჯების ნაწილში) გადამხდელის მიერ დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით.
შემოწმების ფარგლებში ვერ დგინდება საწარმოს მიერ აღნიშნული მომსახურების გაწევა წარმოადგენს თუ არა საერთაშორისო გადაზიდვის ნაწილს. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, გაწეული მომსახურების თანხები დაიბეგრა დღგ-ით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-8 მუხლის 25-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე4 ნაწილზე, დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 172-ე მუხლსა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა დამატებით წარმოადგინოთ დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება რომ აღნიშნული მომსახურება წარმოადგენს საერთაშორისო გადაზიდვების ნაწილს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთაშორისო გადაზიდვა არის ავტოსატრანსპორტო საშუალებით, სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით, საზღვაო სატრანსპორტო საშუალებით, შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებით ან საჰაერო ხომალდით მგზავრთა, საქონლის (მათ შორის, ფოსტის) სხვადასხვა სახელმწიფოში, რომელთაგან ერთერთი საქართველოა, მდებარე ორ პუნქტს შორის განხორციელებული ნებისმიერი გადაზიდვა. ამასთანავე, საერთაშორისო გადაზიდვას არ მიეკუთვნება გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ საქართველოს საზღვრების გარეთ მდებარე პუნქტებს შორის ან მხოლოდ საქართველოს საზღვრებში მდებარე პუნქტებს შორის.
საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნულ ნაწილში მიმდინარეობს დოკუმენტური მტკიცებულებების მოძიება და შესაბამისად, ითხოვს, მიეცეს შესაძლებლობა დამატებით წარადგინოს დოკუმენტები, რომ აღნიშნული მომსახურება შეფასდეს როგორც საერთაშორისო გადაზიდვის ნაწილი.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა პირისთვის გაწეული აქვს სატრანსპორტო მომსახურება. შემოწმების ფარგლებში ვერ დადგინდა საწარმოს მიერ აღნიშნული მომსახურების გაწევა წარმოადგენს თუ არა საერთაშორისო გადაზიდვის ნაწილს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა მხოლოდ ინვოისები, თუმცა სხვა დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, გადამხდელს მის მიერ განხორციელებულ ოპერაციასთან მიმართებით არ წარმოუდგენია. შესაბამისად, გაწეული ტრანსპორტირების მომსახურების თანხები დაიბეგრა დღგ-ით.
საბჭო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საქონლის შესაძენად არარეზიდენტი პირებისთვის ავანსად გადარიცხული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული აქვს ფქვილის იმპორტი ------დან, პერიოდულად ხდებოდა არარეზიდენტი კომპანიისთვის ავანსად თანხის გადარიცხვა, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ ფქვილის შემოტანა, 2022 წლიდან მოყოლებული ფიქსირდება აღნიშნულ კომპანიაზე ავანსად გადარიცხული თანხის ნაშთი 171 815 ლარის ოდენობით, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე ფქვილის შემოტანა არ განხორციელებულა, ამასთან შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, --------დან ფიქსირდება ავანსად გადარიცხული თანხა 126 703.6 ლარის ოდენობით, მაგრამ საქონლის შემოტანა არ განხორციელებულა აღნიშნული კომპანიისგან.
საგადასახადო შემოწმების პროცესში ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ დარჩენილი გადარიცხული თანხების სანაცვლოდ გადამხდელს არც შემოწმების პერიოდზე და არც შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ არ მიუღია საქონელი, არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც გადარიცხული თანხის მიზნობრიობასთან იქნებოდა დაკავშირებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ავანსად გადარიცხულ თანხებს შეეცვალა კვალიფიკაცია და ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებზე, 101-ე და 154-ე მუხლებსა და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა ავანსად გადარიცხულ თანხებზე კვალიფიკაციის შეეცვალა და საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი სარწმუნო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების აქტიდან დგინდება, შემოწმების შედეგად კომპანიის მიმართ არარეზიდენტი იურიდიული პირების დავალიანების ფაქტი იქნა უგულვებელყოფილი და აღნიშნული განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
არარეზიდენტი კომპანიების დავალიანების დირექტორზე ხელფასის სახით განხილვის ნაწილში საყურადღებოა ის გარემოებაზე, რომ შემმოწმებლის მიერ ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის და შეფასების გარეშე იქნა სადავო საკითხის ირგვლივ გადაწყვეტილება მიღებული და საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა კანონმდებლობის უხეში დარღვევით. შემმოწმებლის მიერ ვალდებულებები რეალურად განისაზღვრა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების საფუძველზე, თუმცა საგადასახადო შემოწმების აქტი არათუ არ შეიცავს აღნიშნული ნორმის გამოყენების თაობაზე დასაბუთებას, არამედ შემოწმების აქტი არ არის მითითებული შესაბამისი ნორმაც კი.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.07.2018 წლის (საქმე Nბს-854-846(კ-16)) გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას. ოპერაციის შინაარსის და ფორმის შესაბამისობა ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დგინდება. მხარეთა რეალური ნების შესწავლის გარეშე არ დაიშვება გარიგების კვალიფიკაციის შეცვლა. დაუშვებელია მხარის რეალური ნების იგნორირება, თუ არ არის საკმარისად დიდი ალბათობა იმისა, რომ მხარე თვალთმაქცობს ან ცდება თავისი ნების გამოხატვაში. ფორმა წარმოადგენს მხარეთა შეთანხმების კანონმდებლობით დადგენილ შინაარსს, ხოლო შინაარსი კი მხარეთა რეალურ ნებას. ამასთან, ოპერაციის ფორმისა და შინაარსის შეუსაბამობის, კვალიფიკაციის შეცვლის საჭიროების მტკიცების ტვირთი აკისრია აღნიშნულის შესახებ აქტის გამომცემ ორგანოს. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით უნდა იკვეთებოდეს/დასტურდებოდეს ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც მიუთითებს ნების გამოვლენის ნაკლზე, ეკონომიკური რეალობის, შინაარსის და სამართლებრივი ფორმის შეუსაბამობაზე, რაც განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების აქტით, შემოწმების მასალებით და დავის წარმოებისას წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.
შემმოწმებელი საგადასახადო შემოწმების აქტში თავადვე ადასტურებს რომ აღნიშნული არარეზიდენტ კომპანიასთან შპს ------- აკავშირებს სამეწარმეო ურთიერთობა და ხორციელდება საქონლის იმპორტი. შესაბამისად, კიდევ უფრო გაურკვეველია შეფასება, რომ აღნიშნული განხილულ იქნა დირექტორის ხელფასად. განსახილველ ნაწილში არარეზიდენტი პირების დავალიანების უპირობოდ დირექტორის ხელფასად განხილვის ნაწილს კატეგორიულად არ ვეთანხმებით, რამდენადაც კომპანია პერიოდულად ახორციელებს თანხის მოთხოვნის ნაწილს და აღნიშნულის დასტურს წარმოგიდგენთ საგადასახადო დავის პროცესში. ამასთან, ჩვენს მიერ არარეზიდენტი პირებისგან გამოთხოვილ იქნა მტკიცებულება დავალიანების არსებობის ფაქტის დადასტურების მიზნით, რასაც ასევე წარმოგიდგენთ საგადასახადო დავის პროცესში.
საგადასახადო შემოწმების შემდგომ, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მომწოდებლებისთვის გადახდილი თანხების და არსებული დავალიანების დადასტურების მიზნით. პასუხად კომპანიას ეცნობა, რომ ინგუშეთის რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით ------- ცნობილი იქნა გადახდის უუნაროდ/გაკოტრებულად. აღნიშნულის დასტურად წარმადგენს შესაბამის სასამართლო გადაწყვეტილებას და მის ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანს (დანართი N5).
ასევე, ზემოაღნიშნული ფაქტი ეცნობა --------ის დირექტორის ნოტარიულად დადასტურებული წერილით, რომელსაც ასევე წარმოდგენილია დანართის სახით (დანართი N6) და ამავე წერილით კომპანიის დირექტორის მიერ დადასტურებული იქნა შპს ------- მიმართ ვალდებულების ფაქტი და ოდენობა.
შესაბამისად, იმ გარემოების გამო რომ არარეზიდენტი იურიდიული პირი რეგისტრაციის ქვეყანაში სასამართლო გადაწყვეტილებით ცნობილი იქნა გადახდის უუნაროდ, აღნიშნული შპს ------ წარმოადგენს არსებული დებიტორული დავალიანების უიმედო ვალად განხილვის საფუძველს.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 29-ე ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მოქმედი საკანონმდებლო ნორმებითა და წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ცალსახად დასტურდება, რომ შპს ------- მიერ --------ის დებიტორულ დავალიანებად აღრიცხული თანხები, სრულად აკმაყოფილებს უიმედო ვალად აღიარების კრიტერიუმებს. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე და სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფით და აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები სრულად ექვემდებარება გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დავის წარმოების ეტაპზე მოთხოვნილ იქნა არარეზიდენტ კომპანიასთან აღნიშნული დებიტორული დავალიანების დადასტურება. არარეზიდენტი კომპანიის მხრიდან მოწოდებულ იქნა -------- სახელით, ---------- საარბიტრაჟო სასამართლოს 26.07.2024 წლის გადაწყვეტილებით -------- ცნობილ იქნა გადახდისუუნაროდ/გაკოტრებულად. აღნიშნულ ფაქტს წერილით ადასტურებს ---------ის დირექტორი. ასევე, ადასტურებს შპს „---------“ მიმართ ვალდებულების ფაქტს და ოდენობას.
რაც შეეხება მეორე არარეზიდენტ კომპანიას, მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადარიცხულია ავანსები ფქვილის შემოსატანად. 2022 წლის საწყისი ნაშთიდან მოდის აღნიშნული დებიტორული დავალიანება. თუმცა, მომჩივნის მიერ დებიტორული დავალიანების ამოღებასთან დაკავშირებული არანაირი ღონისძიება არ ფიქსირდება. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, მხოლოდ ზეპირი კომუნიკაციით ხდებოდა თანხის მოთხოვნა და აღნიშნულთან დაკავშრებით დოკუმენტური მტკიცებულებები არ გააჩნია.
2024 წელს გახდა ცნობილი, რომ არარეზიდენტი კომპანია გამოცხადდა გადახდისუუნაროდ.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი -------- რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოს 26.07.2024 წლის გადაწყვეტილებით არ ფიქსირდება კონკრეტულად რომელი კომპანიების მიმართ არის არარეზიდენტი კომპანია გადახდისუუნარო, არ ფიქსირდება კონკრეტული კრედიტორები. ამასთან, გონივრულ ვადაში თანხის მოთხოვნის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არ არის, რაც დაადასტურებდა შპს --------- მიერ თანხის მიღებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების ჩატარებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. დებიტორული დავალიანების მიღებულად და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის წარმოდგენილი აქვს 2 საბუღალტრო პროგრამა: ბალანსი და სუპერფინი. სუპერფინი 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდის, ბალანსი 1.09.2022 წლიდან 1.03.2024 წლამდე პერიოდის. პროგრამა ------ და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით გადამხდელს გააჩნია დებიტორული დავალიანების ნაშთი წინა პერიოდებიდან მოყოლებული სალდირებულად 249 111 ლარის ოდენობით შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე. აღნიშნულ ანგარიშზე საწყისი ნაშთის დეტალური ანალიზი/გაშიფვრა პირების და თანხების მიხედვით ვერ ხერხდება, ბუღალტრის ზეპირი ახსნა-განმარტებით აღნიშნული დებიტორული დავალიანებები წარმოადგენს წინა პერიოდიდან წარმოშობილ ძირითადად კვერცხის რეალიზაციის შედეგად მისაღებ თანხებს. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში გადამხდელის მიერ სხვა დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. რადგან შემოწმების მიერ ვერ ხორციელდება დებიტორული დავალიანების გაშიფვრა და შესაბამისი ანალიზი, აღნიშნული თანხა განხილულ იქნა საწარმოს მიერ მიღებულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-4 და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილებზე, 101-ე და 154-ე მუხლებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლებზე, დადგენილად მიიჩნევს, რომ გადამხდელს წინა პერიოდებიდან მოყოლებული შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე გააჩნია დებიტორული დავალიანების ნაშთი სალდირებულად 249 111 ლარის ოდენობით. კომპანიის ბუღალტრის ზეპირი ახსნა-განმარტებით აღნიშნული დებიტორული დავალიანებები წარმოადგენს წინა პერიოდიდან წარმოშობილ ძირითადად კვერცხის რეალიზაციის შედეგად მისაღებ თანხებს. ვინაიდან, საგადასახადო შემოწმების მიერ ვერ განხორციელდა დებიტორული დავალიანების გაშიფვრა და შესაბამისი ანალიზი, აღნიშნული თანხა განხილულ იქნა საწარმოს მიერ მიღებულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომელიც გამოთქვამს მზაობას აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება, რომ კომპანიას დებიტორებად აღრიცხული პირებისგან არ აქვს მიღებული თანხები და მხარეები ადასტურებენ კომპანიის მიმართ დავალიანების არსებობის ფაქტს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაშიფრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია დებიტორების შესახებ. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-4 და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილებზე, 101-ე და 154- ე მუხლებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლებზე და მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობის ნორმების დაცვის გარეშე. შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები რეალურად განისაზღვრა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების საფუძველზე, თუმცა საგადასახადო შემოწმების აქტი არათუ არ შეიცავს აღნიშნული ნორმის გამოყენების თაობაზე დასაბუთებას, არამედ შემოწმების აქტი არ არის მითითებული შესაბამისი ნორმაც კი. აღნიშნულის დაცვის სავალდებულოობაზე არსებულ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებული გვაქვს ზემოთ მითითებული II დავის საგნის ნაწილშიც.
გარდა ზემო აღნიშნულისა, ასევე უგულვებელყოფილი იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას დებიტორული დავალიანების ნაშთის დაბეგვრის შესახებ მეთოდური მითითება, რომლითაც ცალსახად განიმარტა, რომ დებიტორული დავალიანების ანგარიშვალდებულ პირზე სესხად კვალიფიკაცია ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც შემოწმების შედეგად დგინდება, რომ საქონლის/მომსახურების მიმღების მიერ აღნიშნული დავალიანება ანაზღაურებულია სრულად, რასაც ასევე ადასტურებს საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი. განსახილველ შემთხვევაში კი, არათუ დადგენილია, არამედ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების გარეშე განხორციელდა საგადასახადო ტვირთის დაკისრება კომპანიისთვის.
კომპანიას დებიტორებად აღრიცხული პირებისგან თანხები არ აქვს მიღებული და აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებებს წარმოგიდგენთ საგადასახადო დავის პროცესში, რომ კომპანიას დებიტორებად აღრიცხული პირებისგან თანხები არ აქვს მიღებული და მხარეები ადასტურებენ კომპანიის მიმართ დავალიანების არსებობის ფაქტს. კომპანიის მიერ დებიტორებად აღრიცხული პირების ნაწილთან თანხების ამოღების მოთხოვნით მიმართულია აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის, თუმცა თანხების ამოღება ვერ ხორციელდება ვერც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ. სააღსრულებლო წარმოების მასალებს წარმოგიდგენთ დანართის სახით (დანართი N7).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, რეზიდენტ კომპანიებთან არსებული დებიტორული დავალიანების ნაწილში შემოსავლების სამსახურის 19.03.2025 წლის №4965 ბრძანებით საკითხი თავიდან შესასწავლია და მიმდინარეობს გადაანგარიშების პროცედურები.
შემოსავლების სამსახურის 19.03.2025 წლის №4965 ბრძანებით, აღნიშნულ ნაწილში:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა გაშიფრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია დებიტორების შესახებ;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეესწავლა/გამოეკვლია წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 19.03.2025 წლის №4965 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართებულია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
4. დანაკლისის დაბეგვრის საფუძველით მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებული აქვს შიდა ინვენტარიზაციები, რომლის მიხედვით გამოვლენილი დანაკლისები დაბეგრილი აქვს შესაბამისი პერიოდების მიხედვით მოგების გადასახადით და დღგ-ით.
გადამხდელს რიგ თვეებში არ აქვს დაბეგრილი/ან არასწორად აქვს დაბეგრილი დანაკლისის ღირებულება მოგების გადასახადით. შემოწმებით შესაბამისი პერიოდების მიხედვით დაბეგრილი იქნა აღნიშნული თანხები მოგების გადასახადით. ამასთან, მოგების გადასახადში ზედმეტად დაბეგრილია 15 789 ლარის განაწილებული მოგება, აღნიშნულ ნაწილში დაკორექტირებული/შემცირებული იქნა მოგების გადასახადი.
საწარმოს დაერიცხა აღნიშნულ ნაწილში მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 983 მუხლის მე-2 და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილებზე, დადგენილი გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 983 მუხლის მე-2 ნაწილზე, 160-ე მუხლის მე-3 ნაწილსა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი მის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი ბეგრავს, თუმცა შემმოწმებელი სადავოს ხდის გამოვლენილი დანაკლისს დაბეგვრის სისწორეს და სისრულეს მოგების გადასახადში, რასაც არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არამართებული და ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას გადამხდელის უშუალო მონაწილეობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს ჩატარებული აქვს შიდა ინვენტარიზაციები, რომლის მიხედვით გამოვლენილი დანაკლისი დაბეგრილი აქვს შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალები, რომლის მიხედვით გამოვლინდა, რომ გადამხდელს რიგ თვეებში არ აქვს დაბეგრილი/ან არასწორად აქვს დაბეგრილი დანაკლისის ღირებულება მოგების გადასახადით. საგადასახადო შემოწმების შედეგად, შესაბამისი პერიოდების მიხედვით დაბეგრილი იქნა აღნიშნული თანხები მოგების გადასახადით.
საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დანაკლისის მოგების გადასახადით დაბეგვრის ნაწილში ითხოვს მიეცეს საშუალება აუდიტორთან ერთად გაიაროს ტექნიკური საკითხები და მოხდეს შედარება მათ შორის დანაკლისის ოდენობასთან დაკავშირებით.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ამ ნაწილში მომჩივნის მიერ არ არის წარდგენილი დოკუმენტები/ცხრილები დანაკლისის ოდენობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არ არის შესწავლილი/შედარებული მომჩივნის ინფორმაცია დანაკლისთან დაკავშირებით. ხოლო აუდიტორის მიერ წარმოებული ცხრილები დანაკლისთან დაკავშირებით გავლილია კომპანიის ბუღალტერთან და არანაირი განსხვავებული პოზიცია არ ყოფილა მის მიერ დაფიქსირებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია დამატებით დოკუმენტაცია/ინფორმაცია, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. სატრანსპორტო მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა;
2. საქონლის შესაძენად არარეზიდენტი პირებისთვის ავანსად გადარიცხული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. დებიტორული დავალიანების მიღებულად და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
4. დანაკლისის დაბეგვრის საფუძველით მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები
1.მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა პირებისთვის გაწეული აქვს სატრანსპორტო მომსახურება (ერთი არარეზიდენტი და სამი რეზიდენტი საწარმო). გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ინვოისები, სადაც მითითებულია გადაზიდვის ღირებულება, ინვოისების მიხედვით აღნიშნული გადაზიდვები საერთაშორისო გადაზიდვების ნაწილს წარმოადგენს, თუმცა, სხვა დოკუმენტაცია გადამხდელის მიერ ვერ იქნა მოწოდებული, აღნიშნულ ნაწილში გადახდილი თანხები (ხარჯების ნაწილში) გადამხდელის მიერ დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. შემოწმების ფარგლებში ვერ დგინდება საწარმოს მიერ აღნიშნული მომსახურების გაწევა წარმოადგენს თუ არა საერთაშორისო გადაზიდვის ნაწილს. გაწეული მომსახურების თანხები დაიბეგრა დღგ-ით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
2.საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული აქვს ფქვილის იმპორტი. პერიოდულად ხდებოდა არარეზიდენტი კომპანიისთვის ავანსად თანხის გადარიცხვა, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ ფქვილის შემოტანა, 2022 წლიდან მოყოლებული ფიქსირდება აღნიშნულ კომპანიაზე ავანსად გადარიცხული თანხის ნაშთი. ესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე ფქვილის შემოტანა არ განხორციელებულა, ამასთან შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე ფიქსირდება ავანსად გადარიცხული თანხა, მაგრამ საქონლის შემოტანა არ განხორციელებულა აღნიშნული კომპანიისგან. დარჩენილი გადარიცხული თანხების სანაცვლოდ გადამხდელს არც შემოწმების პერიოდზე და არც შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ არ მიუღია საქონელი, არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც გადარიცხული თანხის მიზნობრიობასთან იქნებოდა დაკავშირებული. ავანსად გადარიცხულ თანხებს შეეცვალა კვალიფიკაცია და ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
3.გადამხდელს გააჩნია დებიტორული დავალიანების ნაშთი წინა პერიოდებიდან მოყოლებული სალდირებულად შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე.
რადგან შემოწმების მიერ ვერ ხორციელდება დებიტორული დავალიანების გაშიფვრა და შესაბამისი ანალიზი, აღნიშნული თანხა განხილულ იქნა საწარმოს მიერ მიღებულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
4.გადამხდელს რიგ თვეებში არ აქვს დაბეგრილი/ან არასწორად აქვს დაბეგრილი დანაკლისის ღირებულება მოგების გადასახადით. შემოწმებით შესაბამისი პერიოდების მიხედვით დაბეგრილი იქნა აღნიშნული თანხები მოგების გადასახადით. ამასთან, მოგების გადასახადში ზედმეტად დაბეგრილია მოგება, აღნიშნულ ნაწილში დაკორექტირებული/შემცირებული იქნა მოგების გადასახადი. საწარმოს დაერიცხა აღნიშნულ ნაწილში მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
73(9),983,101,154,159,163,164.