განსჯადობა

ადმინისტრაციული 25.03.2020
საქმის ნომერი
ბს-114(გ-20)
კატეგორია
დავის ტიპი
განსჯადობა
თარიღი
25.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-3(გ-20) 25 მარტი, 2020 weli

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა შპს „...ის“ საჩივართან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და საჩხერის რაიონულ სასამართლოს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 13 იანვარს შპს „...მა“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ №07-39 ოქმის, ტექნიკური ინსპექტირების №07/54 ოქმის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 12 დეკემბრის №04/9809 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

საჩივრის ავტორი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შპს „...ის“ სამართალდამრღვევად ცნობას მიიჩნევდა უკანონოდ და თვლიდა, რომ სადავი აქტები გამოცემული იყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით და სახეზე იყო 601 მუხლით გათვალისწინებული აქტის ბათილობის საფუძველი, ვინაიდან, არ იყო განმარტებული გასაჩივრების ვადა და წესი.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 26 ოქტომბრის №07-39 სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, რომლის შედგენის ადგილადაც მითითებული იყო ჭიათურა, შპს ,,...ის“ ტექნიკური ინსპექტირებისას, ...ი ...ის ...ზე ადგილი ჰქონდა ,,მადნეული და არამადნეული საბადოების მიწისქვეშა წესით დამუშავების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილების მოთხოვნათა დარღვევას. ჩატარებული ტექნიკური შემოწმების შედეგად დაფიქსირებული დარღვევების აღმოსაფხვრელად შპს „...ს“ განესაზღვრა ვადა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 26 ოქტომბრის №07-39 სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით შპს ,,...მა“ საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 12 დეკემბრის №04/9809 წერილით შპს ,,...ს“ განემარტა, რომ მათ მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 26 ოქტომბრის №07-39 სამართალდარღვევის ოქმი წარმოადგენდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დოკუმენტს და არ შეიცავდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის ნიშნებს, ხოლო ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებას ექვემდებარებოდა მხოლოდ იმავე ან ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტი და ასევე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ობიექტის ადგილზე კონტროლი ხორციელდებოდა ინსპექტირებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ობიექტზე არსებითი ან კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ობიექტის მფლობელს აჯარიმებდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული სრული საჯარიმო თანხით. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ობიექტის ინსპექტირება დასრულებულად ჩაითვლებოდა მას შემდეგ, რაც ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გამოსცემდა შესაბამის ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს.

„სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების, მათ შორის ელექტრონული სანებართო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 15 ოქტომბრის №1-1/1862 ბრძანებით დამტკიცებული ,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველი იყო ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენა, რომელიც ფიქსირდებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით; ამავე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, ოქმის ერთი ეგზემპლარი საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა მასალებთან ერთად რჩებოდა სააგენტოში ან იგზავნებოდა სასამართლოში, ხოლო მეორე – გადაეცემოდა სამართალდამრღვევ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელიც ოქმის ორივე ეგზემპლარზე ხელისმოწერით ადასტურებდა ოქმის მიღებას; ამავე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, ოქმი მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო ოქმების აღრიცხვის ჟურნალში და რეაგირებისათვის უნდა გადაგზავნოდა ან გადასცემოდა იმ პირს ან ორგანოს, რომელიც უფლებამოსილი იყო განეხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა სააგენტო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე იღებდა გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდებოდა დადგენილების სახით. აღნიშნული ვადის დარღვევით გამოცემული დადგენილება იყო ბათილი და შესაბამისად უნდა მომხდარიყო ოქმის ჩამოწერა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული საფუძვლებით, შპს ,,...ის“ საჩივარს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვერ განიხილავდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 იანვრის განჩინებით, შპს „...ის“ საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა საჩხერის რაიონულ სასამართლოს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-ე-125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართალდარღვევის სავარაუდო ჩადენის ადგილს წარმოადგენდა ჭიათურა, შესაბამისად, საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენდა - საჩხერის რაიონული სასამართლო.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 თებერვლის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და საჩხერის რაიონულ სასამართლოს შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არასწორად ჩათვალა დავა საჩხერის რაიონული სასამართლოს განსჯადად.

საჩხერის რაიონული სასამართლო არ დაეთანხმა მოსაზრებას იმის თაობაზე, მოცემული საქმე განხილული უნდა იყოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. საჩხერის რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო აქტები - სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 26 ოქტომბრის №07-39 სამართალდარღვევის ოქმი, ტექნიკური ინსპექტირების ოქმი №07-54 და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 12 დეკემბრის №04/9809 გადაწყვეტილება არ წარმოადგენენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, კერძოდ, №07-39 სამართალდარღვევის ოქმი, ტექნიკური ინსპექტირების ოქმი №07-54 შედგენილი იყო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, ხოლო სამინისტროს 2019 წლის 12 დეკემბრის №04/9809 გადაწყვეტილება პირდაპირ გამომდინარეობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიდან.

საჩხერის რაიონული სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული საქმე განხილული უნდა იყოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით (სასარჩელი წარმოება) და საერთო განსჯადობის წესების შესაბამისად (მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით), მოცემულ საქმეზე კი ორივე მოპასუხე - სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადგილსამყოფელი (მისამართი) ქ. თბილისშია, შესაბამისად, ადმინისტრაციული დავა შპს „...ის“ საჩივართან (თავისი შინაარსით სარჩელი) დაკავშირებით წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად დავას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე საჩხერის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ შპს ,,...ის“ საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმდაც, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ,,სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმების, მათ შორის ელექტრონული სანებართო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 15 ოქტომბრის №1-1/1862 ბრძანებით დამტკიცებული „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ (დანართი №5) პირველ მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ეს წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე და განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების, ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების, გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების და მათზე მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვის წესს. აღნიშნული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენა, რომელიც ფიქსირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით.

ამავე ბრძანებით დამტკიცებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის მიხედვით (დანართი №6), მოწმეთა და სამართალდამრღვევთა უფლებათა განმარტების გრაფაში მითითებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად უპირველეს ყოვლისა უნდა გაირკვეს სასამართლოში წარდგენილი საჩივრის სამართლებრივი ბუნება, კერძოდ, გამომდინარეობს თუ არ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობიდან სადავო აქტები და წარმოდგენილი საჩივარი.

საქმის მასალების თანახმად, შპს „...ის“ მხრიდან გასაჩივრდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შედგა ,,მადნეული და არამადნეული საბადოების მიწისქვეშა წესით დამუშავების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილების მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე, რაც თავის მხრივ წარმოადგენს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს (კარიერის, მაღაროს, შახტის, ნავთობბაზის, მაგისტრალური ნავთობსადენის, მაგისტრალური გაზსადენის, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა). შპს „...ის“ მხრიდან აგრეთვე გასაჩივრდა აღნიშნული ადმინისტრაციული სამარალდარღვევის ოქმის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებაც.

საკასაციო სასამართლო ზემოთმითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა არ შეიძლება შემოვფარგლოთ მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. აღნიშნულ საკითხს ერთმნიშვნელოვნად პასუხს სცემს თვითონ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლი, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამასთან, თუ რომელი საკანონმდებლო აქტები ქმნის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობას, ასეთ ჩამონათვალს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ცალკეული საკანონმდებლო აქტები უნდა მიეკუთვნოს თუ არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობას უნდა გაირკვეს აღნიშნული საკანონმდებლო აქტების რეგულირების სფეროს შესაბამისად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანაა საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა. ამ ამოცანის განსახორციელებლად განისაზღვრება, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს სამართალდარღვევის ჩამდენს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი მუხლი).

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთ-ერთი სახეა მადნეული და არამადნეული საბადოების მიწისქვეშა წესით დამუშავების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი კარიერის, მაღაროს, შახტის, ნავთობბაზის, მაგისტრალური ნავთობსადენის, მაგისტრალური გაზსადენის, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის სათანადო სანქციებს ითვალისწინებს (27-ე მუხლი). ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით - პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობა, რაზეც უნდა გავრცელდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური განსჯადობის წესი, კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განხილული უნდა იყოს მისი ჩადენის ადგილის მიხედვით. შესაბამისად, მითითებული მუხლის საფუძველზე, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც დაფიქსირდა სამართალდარღვევის ჩადენა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დავების განხილვისათვის განსაზღვრული სპეციალური წესი, საკასაციო სასამართლოს არ აძლევს საფუძველს გაიზიაროს საჩხერის რაიონული სასამართლოს მითითება საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოსადმი ქვემდებარეობის თაობაზე.

ამავდროულად საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს მაგისტრატი მოსამართლეების განსჯადი საქმეების კატეგორიას. აღნიშნული მუხლის თანახმად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება, მიეკუთვნება მაგისტრი მოსამართლის განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,...ის“ ობიექტი, რომელშიც გამოვლინდა დარღვევები, მდებარეობს ჭიათურაში.

,,რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილების 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საჩხერის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით. საჩხერის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვრა 2 მოსამართლით, ამასთან, მაგისტრატი მოსამართლის რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით (პუნქტი 4).

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს, ყოველი პირი უნდა განსაჯოს იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციულ სასამართლო წარმოებაში განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად, მხარეების შეთანხმება სასამართლო განსჯადობაზე (პროროგაცია) ან რომელიმე სასამართლოს იურისდიქციის გამორიცხვა (დეროგაცია) არ დაიშვება, მსგავსი შეთანხმებები არ ცვლის კანონმდებლობით დადგენილ განსჯადობის იმპერატიულ წესს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იმ საკითხის შეფასება, თუ რამდენად ექვემდებარება სამართალდარღვევის ოქმი ცალკე დადგენილების მიღებამდე გასაჩივრებას განმხილველი სასამართლოს მსჯელობის საგანია, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 12 დეკემბრის №04/9809 წერილი პირდაპირ კავშირშია განსახილველი განსჯადობის საკითხთან, რის გამოც არ არსებობს ამ კუთხით განსჯადობის საკითხზე ცალკე მსჯელობის საჭიროება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავა ტერიტორიულად განსახილველად უნდა დაექვემდებაროს საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ჭიათურის მუნიციპალიტეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 და 26-ე მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი, მე-2 და 261-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,...ის“ საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოს ჭიათურის მუნიციპალიტეტში;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე