დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-119(კ-20) 27 მაისი, 2020 წელი თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ჭ-ი
დავის საგანი - სახელფასო დავალების ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი: გ. ჭ-მა 2019 წლის 22 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების - 1118,07 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა გ. ჭ-ის სასარგებლოდ 1998, 1999, 2000, 2003 წლების ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების - 1071.17 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე არის უსაფუძვლო და ხანდაზმული, რადგან გ. ჭ-მა 2017 წლის პირველ ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1341 მუხლით გათვალისწინებული 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სასარჩელო განცხადებით სასამართლოს მიმართა 2019 წლის 22 აპრილს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ. ამჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აღარ ითვალისწინებს 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულებას, შესაბამისად, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრების კანონიერება, სასარჩელო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინებით.
საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად, სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით, ის წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს. ამდენად, მხარეთა შორის სადავო არ არის მოხელის სტატუსი, სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტი და მისი ოდენობა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულების არსებობის დადასტურების მიუხედავად, საკასაციო საჩივრის ძირითად საფუძვლად მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით, შესაფასებელია დავალიანების ანაზღაურების წინაპირობები.
საკასაციო პალატა მიუთითებს, 2017 წლის პირველ ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1341 მუხლზე, რომლითაც გათვალისწინებულია 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას, წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება, იმ ორგანოების მიმართ, რომელთანაც შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ დასაქმებულები, ხოლო დასაქმებულს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება 2005 წლამდე არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე. ამდენად, სახელმწიფომ სპეციალური საკანონმდებლო დათქმით აიღო ვალდებულება დასაქმებულების მიმართ, აენაზღაურებინა დროის კონკრეტულ მონაკვეთში გადაუხდელი სახელფასო დავალიანება.
მართალია, კანონით გათვალისწინებული უფლების განხორციელებაზე ვრცელდება ხანდაზმულობის ვადები, თუმცა, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ვინაიდან, 2017 წლამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1341 მუხლიდან გამომდინარე, 2005 წლამდე წარმოქმნილი დავალიანების ანაზღაურება სახელმწიფოს კანონისმიერ ვალდებულებად განისაზღვრა, მასზე ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე, არ ვრცელდებოდა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა და ექვემდებარებოდა სახელმწიფოს მიერ სავალდებულო ანაზღაურებას.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მისი მოქმედება დაიწყო 1997 წლის 1 დეკემბრიდან და დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ შესახებ კანონის 127-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნულმა კანონმა მოქმედება შეწყვიტა 2017 წლის 1 ივლისს. ამჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აღარ შეიცავს 1341 მუხლის მსგავს უფლების წარმომშობ ნორმას, შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით, 2005 წლამდე წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების მოთხოვნა შეზღუდულია ხანდაზმულობის ვადით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უკავშირდება ახალი კანონის ამოქმედების მომენტს, კერძოდ, 2017 წლის 1 ივლისს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების მოთხოვნის უფლების რეალიზება შესაძლებელია 2017 წლის 1 ივლისიდან, სამი წლის განმავლობაში.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად დადგენილია, რომ გ. ჭ-ის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერიცხება 1998, 1999, 2000, 2003 წლების ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანება - 1071.17 ლარის ოდენობით. შესაბამისად, დავალიანების არსებობის ფაქტი და ოდენობა მხარეთა შორის სადავო არ არის. კასატორი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითებით, ვინაიდან 2017 წლის პირველ ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1341 მუხლის დანაწესისგან განსხვავებით, ამჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აღარ ითვალისწინებს 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მისთვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 1341 მუხლით წარმოშობილი უფლების რეალიზება განხორციელდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 2018 წლის 21 ნოემბრის წერილობითი მიმართვით (ს.ფ 18) და ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 22 აპრილს სარჩელის წარდგენით, შესაბამისად, დასტურდება, რომ მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, ვინაიდან, დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან (2017 წლის 1 ივლისიდან) სარჩელის წარდგენამდე არ არის გასული სამი წელი, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 6 დეკემბრის №2946378 წერილზე, რომლითაც ირკვევა, რომ გ. ჭ-ის მიმართ 1998-2003 წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების გადახდის თაობაზე მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუხე მხარემ აიღო ვალდებულება მოსარჩელე მხარის მიმართ სახელფასო დავალიანების დაუყოვნებლივ გადახდის შესახებ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო ასიგნებების დამატებით გამოყოფის შემთხვევაში. ამდენად, აღნიშნული წერილით სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარება, რაც იმავე კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს ქმნის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განჩინება საქმეზე Nბს-1455(კ-18), ასევე 2014 წლის 13 მარტის განჩინება საქმეზე Nბს-537-518(კ-13)).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერების შესახებ. სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე