დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1240(2კ-19) 20 იანვარი, 2021 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 19 სექტემბერს ამხანაგობა ,,...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03 აპრილის №002048 დადგენილებით დაჯარიმდა 4000 ლარით ქ.თბილისში, ...ის ქუჩა №127-ში, სანებართვო პირობების დარღვევის გამო, რაც ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა 2018 წლის 9 აგვისტოს №398 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მოსაზრებით, დადგენილება უკანონოა, ვინაიდან დარღვეულია ხანდაზმულობის ვადა. კერძოდ, დარღვევა აღმოჩენილ იქნა 2013 წლის 19 ივლისს, ხოლო მითითება გაცემულ იქნა 2016 წლის 08 ნოემბერს. გამომდინარე იქიდან, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადებს და მასში განსაზღვრულია მხოლოდ შემოწმების აქტის შედგენიდან 2+2 თვიანი ხანდაზმულობის ვადა, ამავე 25-ე მუხლის თანახმად, კი ადმინისტრაციული ორგანო სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ სამართალწარმოებას იწყებს მითითების გაცემით და რადგან სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტი არ განსაზღვრავს დარღვევის გამოვლენიდან მითითების გაცემამდე ხანდაზმულობის ვადას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იხელმძღვანელოს სამართალდარღვევათა შესახებ მარეგულირებელი უფრო ზოგადი ნორმებით, კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სახდელის დადების ვადად განსაზღვრავს 2 თვეს. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ სამართალდამრღვევ სუბიექტად არამართებულად იქნა მიჩნეული ამხანაგობა ,,...ი’’, რადგან, მართალია, ადმინისტრაციული ორგანო მას მიიჩნევს უშუალო დამკვეთ და ვალდებულ პირად, რომელსაც ევალებოდა განეხორციელებინა ყველა ის მოვალეობა, რაც №002048 მითითების მიხედვით უნდა შეესრულებინა ვალდებულ პირს-დამკვეთს, თუმცა არსებულ სამართლებრივ ურთიერთობაში ამხანაგობა ,,...ი’’ წარმოადგენს მენაშენეს, ხოლო შპს ,,კ...ი“ დამკვეთს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03 აპრილის №002048 დადგენილებისა და ,,ამხანაგობა ,,...ის’’ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №398 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სახელწოდება და ნაცვლად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა მიეთითა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ამხანაგობა ,,...ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №398 ბრძანება ,,ამხანაგობა ,,...ის’’ თავმჯდომარის, შ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 3 აპრილის N002048 დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’; ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამხანაგობა ,,...ის’’ მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; მოპასუხეებს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას, მოსარჩელე- ამხანაგობა ,,...ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 100 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36.1 მუხლზე, რომლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. აღნიშნული დადგენილების 78.1 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე, ხოლო ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლიდან 6 თვის ვადაში ექსპლუატაციაში მიღებისათვის მომზადებული შენობა-ნაგებობა წარადგინოს უფლებამოსილ ორგანოში ექსპლუატაციაში მიღებისათვის. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისას, ნებართვის მფლობელს დაეკისრება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხულია პირის, როგორც სამართალდამრღვევის დაჯარიმება. მხარის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა იყოს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა (კანონით უნდა იკრძალებოდეს შესაბამისი ნებართვის/შეტყობინების გარეშე მოსარჩელის მიერ სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება და კანონი უნდა ადგენდეს შესაბამის სახდელს უკანონო მშენებლობისათვის/რეკონსტრუქციისათვის), ამასთანავე, სახეზე უნდა იყოს ბრალი - მოსარჩელის დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 26.07.2013წ. №815479 ბრძანებით დაკმაყოფილდა შ. გ-ის 19.06.2013 წ. განცხადება და შეთანხმდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №127-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შერეული ტიპის შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ამავე სამსახურის 06.08.2013წ. №827401 ბრძანებით კი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა, მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2013 წლის 08 აგვისტოდან 2014 წლის 08 იანვრის ჩათვლით. საქმეზე წარმოდგენილი შპს ,,კ...ის’’ და შპს ,,კი...ის’’ 08.06.2012წ. წერილით დგინდება, რომ კომპანიამ ბოდიში მოუხადა ამხანაგობა ,,...ის’’ ბინათმესაკუთრეებს შექმნილი კრიზისის გამო, აიღო ვალდებულება, რომ ოქტომბრის ბოლოს დამთავრდებოდა სამშენებლო სამუშაოები და სახლი ჩაბარდებოდა ექსპლუატაციაში. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ამხანაგობა ,,...ის’’ ბინათმესაკუთრეებმა არაერთი განცხადებით მიმართეს შპს ,,კ...ს’’, მოითხოვეს მშენებლობის დასრულება და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება, თუმცა აღნიშნული კორპუსი დღეის მდგომარეობითაც არ არის მიღებული ექსპლუატაციაში, რასაც არც ერთი მხარე არ ხდის სადავოდ.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ამხანაგობა ,,...ის’’ მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ასევე, ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამის მტკიცებულებათა შეპირისპირებით არ გამოუკვლევია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამხანაგობა ,,...ის’’ მხრიდან სახეზე იყო თუ არა ბრალეული ქმედება, რაც სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, სწორედ ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაშია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, პირის მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის ღონისძიება და გამოსცეს აქტი ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას საქმის მასალები არ გამოიკვლია სრულყოფილად, შესაბამისად საქმის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მოახდინოს საქმის გარემოების სრულყოფილი გამოკვლევა, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენა, მტკიცებულებათა შეგროვება ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარება, კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული მოსარჩელის მოსაზრება, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ვადის ხანდაზმულობის შესახებ, ვინაიდან, მართალია, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №127-ში მშენებარე ობიექტის ადგილზე შემოწმების შედეგად, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 13 აგვისტოს ცნობით დადგენილი სამართალდარღვევების ნაწილი ასახულია ამავე სამსახურის 2016 წლის 08 ნოემბრის №002048 მითითების დანართში, თუმცა სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი არსით წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას, რაც გულისხმობს იმას, რომ სამართალდამრღვევს ეკისრება დარღვევების გამოსწორების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა იგი ჩადენილი და გასულია თუ არა პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. ამდენად, უდავოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. საკითხის ხელახალი განხილვისას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, ამხანაგობა ,,...ის’’ მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შემოწმებისას, იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მულის მე-4 ნაწილი.
ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03 აპრილის №002048 დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №398 ბრძანების კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც, იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშობა მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.
კასატორის - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 14.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ)შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
აღნიშნულთან დაკავშირებით გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო სამშენებლო სამუშაოები. ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე. შესაბამისად, გაურკვეველია, სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მით უფრო იმ პირობებში, როცა სამართალდარღვევის ფაქტი და სუბიექტი (დამკვეთი) უდავოდ დადგენილია სასამართლოს მიერ და პასუხისმგებლობა დამკვეთზე შეუძლებლად მიაჩნია. ამდენად, სასამართლომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილი განმარტა სწორხაზოვნად, რაც ყოვლად მიუღებელია. ზემოაღნიშნული განმარტებით, სასამართლო თითქოს ამკვიდრებს პრაქტიკას, რითაც მშენებლობის პროექტის დარღვევისას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს იმ პირს, ვინც ფაქტობრივად ახორციელებს ობიექტის მშენებლობას ან ვინც კერძო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ახორციელებს ობიექტის მშენებლობას. შესაბამისად, ნებართვის დარღვევისას პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს იმ პირზე, ვის ინტერესებშიც შედის ობიექტის მშენებლობა, მათ შორის დამკვეთზე. ამდენად, სასამართლოს მსჯელობა სამშენებლო სამართალდარღვევის სუბიექტთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. საყურადღებოა, რომ არქიტეტქტურის სამსახურის 2013 წლის 6 აგვისტოს N827401 ბრძანებით დამკვეთს წარმოადგენდა, ამხანაგობა ,,...ი". ამასთან საქმის მასალებით ცალსახად, დასტურდება, რომ შპს ,,კ...ი“ სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა ,,...ის" დავალებით. ამავე კოდექსის მე-15 მუხლის ,,ნ" ქვეპუნქტის მიხედვით, დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული ფორმის მქონე პირი, რომელიც სამუშაოს სამშენებლო ორგანიზაციას უკვეთავს.
მნიშვნელოვანია, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დარღვევის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს სანებართვო პირობების შესრულება; დამკვეთს მისთვის დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან დარღვევით შესრულების შემთხვევაში ეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე დადგენილების 78-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, დამკვეთზე პასუხისმგებლობის გავრცელება კანონიერია. ამასთან, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ დამკვეთი არის ამხანაგობა ,,...ი" და სანებართვო პირობები დარღვეულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 36-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად, „მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა.“ ამავე დადგენილების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია: „უზრუნველყოს სანებართვო პირობების შესრულება“, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, „დამკვეთს მისთვის დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან დარღვევით შესრულების შემთხვევაში ეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობის შესაბამისად“. ამავე დადგენილების 78-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია ის სანებართვო პირობები, რომელთა შესრულების ვალდებულებაც აკისრია დამკვეთს IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისას ნებართვის მფლობელს დაეკისრება საქართველოს კანონით - პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად მიჩნეულია სათანადო წესით გაცემული მშენებლობის ნებართვა. ამასთან, ზემოხსენებული დადგენილება იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ მშენებლობის მწარმოებელი პირი ვალდებულია სამშენებლო საქმიანობა განახორციელოს N57 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილი ექნება სამშენებლო სამართალდარღვევას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით.
სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქციის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.გ” ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მეოთხე კლასის შენობა ნაგებობისათვის – 4 000 ლარით
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, ჩადენილი სამართალდარღვევის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.გ” ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისათვის, აუცილებელია აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული შემდეგი კუმულატიური პირობების არსებობა, კერძოდ: სახეზე უნდა იყოს სათანადო წესით გაცემული სამშენებლო დოკუმენტაცია, განხორციელებული სამუშაოებით ადგილი უნდა ჰქონდეს ამ სამშენებლო დოკუმენტაციის დარღვევას; სამართალდარღვევის ობიექტი უნდა მდებარეობდეს ქ. თბილისის ტერიტორიაზე და განეკუთვნებოდეს IV კლასის შენობა-ნაგებობას.
საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. N127-ში მდებარე No... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 26 ივლისის No815479 ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით. ამასთან, თავად მოსარჩელეც არ უარყოფს ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 8 ნოემბრის NPO02048 მითითების დანართით გათვალისწინებული დარღვევების არსებობას, რაც დასტურდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2017 წლის 21 აპრილს წარმოდგენილი No... ადმინისტრაციული საჩივრით.
კასატორის განმარტებით, N7 დადგენილების 62-ე მუხლით გათვალისწინებულია მშენებლობის პროცესში განხორციელებული ისეთი სახის ცვლილებები, რომელთა არსებობა არ საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას. ამავე დადგენილების 63-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „გარდა 62-ე მუხლში განსაზღვრული შემთხვევებისა, სამშენებლო დოკუმენტში ცვლილებების შეტანა საჭიროებს მშენებლობის ნებართვის თავიდან აღებას“. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან No57 დადგენილების 62-ე მუხლი არ მოიცავს სადავო დადგენილებით გათვალისწინებულ დარღვევებს, სახეზეა არქიტექტურული პროექტის ისეთი სახის ცვლილება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვერ ჩაითვლება სამშენებლო დოკუმენტის დასაშვებ ცვლილებად და შესაბამისად, არსებობდა სამართალდამრღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება საქალაქო სასამართლოს დასაბუთებას და ეჭვქვეშ აყენებს სამართალდარღვევის სუბიექტის სათანადოობის საკითხს და მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი მტკიცებულებების შეპირისპირებით არ გამოუკვლევია ის გარემოება რომ ამხანაგობა ,,...ის” მხრიდან სახეზე იყო თუ არა ბრალეული ქმედება და იყო თუ არა შესაძლებელი გამოკვეთილიყო სამუშაოების შემსრულებლის-შპს ,,კ...ე-ს", პასუხისმგებლობა, რაც სამართალდარღვევის შემადგენლობის ერთ-ერთ აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს, რამეთუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, სწორედ ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაშია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო პირის მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის ღონისძიება და გამოსცეს აქტი ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ.
კასატორი არ ეთანხმება სამართლოს ამგვარ შეფასებას და განმარტავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, „სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში“. ამავე კოდექსის მე-15 მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით,დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე, კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული ფორმის მქონე პირი, რომელიც სამუშაოს სამშენებლო ორგანიზაციას უკვეთავს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 06 აგვისტოს N827401 ბრძანების თანახმად, რომლითაც გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა, დამკვეთს წარმოადგენდა ამხანაგობა „...ი“. ამასთან, საქმის მასალებით დასტრუდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა No127-ში მდებარე No... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შპს „კ...“-ი სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა ამხანაგობა ,,...ის“ დავალებით. შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დამკვეთს წარმოადგენს ამხანაგობა „...ი“, რომელმაც სამშენებლო სამუშაოები განახორციელა საპროექტო დოკუმენტაციაში სათანადო ცვლილებების შეტანის გარეშე, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სახეზეა სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქციის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობა, რის გამოც არსებობდა ამხანაგობა ,,...ისთვის“, როგორც დამკვეთისათვის, მითითებული მუხლის შესაბამისად, 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების წინაპირობები.
ამდენად, სასამართლოს მიერ სადავო გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ იმ საფუძლით, რომ არ არის განსაზღვრული სამართალდარღვევის სათანადო სუბიექტი, დაუსაბუთებელია.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლომ სადავო გადაწყვეტილებით, მართალია, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა, კერძოდ, მასში მითითებულია, რომ პასუხისმგებლობა არ უნდა გავრცელებულიყო დამკვეთზე, რაც არამართებულია მით უმეტეს იმ პირობებში, როცა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მეორე ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს სუბიექტთა წრეს, ვისზეც შეიძლება გავრცელდეს პასუხისმგებლობა, მათ შორისაა, დამკვეთი. ამასთან, N57 დადგენილების არაერთი ნორმა ითვალისწინებს დამკვეთის ვალდებულებას სანებართვო პირობების დაცვაზე, რომელიც ვერ უზრუნველყო ამხანაგობა ,,...მა".
ყოველივევე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
წინამდებარე საქმეში სადავოა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 3 აპრილის №002048 დადგენილება, რომლითაც მოსარჩელე სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის ,,ა" პუნქტის ,,ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისთვის. სადავოა ასევე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №398 ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ამხანაგობა ,,...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი და უცვლელად დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 3 აპრილის №002048 დადგენილება.
სადავო აქტის გამოცემის მომენტში მოქმედი ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნევა კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა (დადგენილების 36.1 მუხლი). აღნიშნული დადგენილების 78.1 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე, ხოლო ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლიდან 6 თვის ვადაში ექსპლუატაციაში მიღებისათვის მომზადებული შენობა-ნაგებობა წარადგინოს უფლებამოსილ ორგანოში ექსპლუატაციაში მიღებისათვის. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისას, ნებართვის მფლობელს დაეკისრება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების მკაფიოდ განსაზღვრული შინაარსი არ საჭიროებს სამართალდარღვევის სუბიექტთან მიმართებაში დამატებით განმარტებას, თუმცა, გასაჩივრებული განჩინების შესწავლის საფუძველზე თვლის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მხრიდან სადავო აქტის კანონშესაბამისობის შეფასების პროცესში განმსაზღვრელი გახდა არა ის, რომ ამხანაგობა ,,...ი“ არ წარმოადგენს სამართალდარღვევის სუბიექტს, არამედ ის, რომ მასთან მიმართებაში არ იკვეთება პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელი ყველა ელემენტის ერთობლიობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მშენებლობის პროცესში გამოვლენილი გადაცდომების ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ რეგულაციებში მოქცევა, არ გამორიცხავს სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრის პროცესში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი პრინციპების გამოყენების სავალდებულობას, მათ შორის ამავე კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრული - ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფის პრინციპის გამოყენებას. ამ პრინციპის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე კოდექსის 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის, შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინების კანონისმიერი არსი და მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ სანქციის შემფარდებელმა ორგანომ, ყველა სამართალდარღვევის შემთხვევა შეაფასოს ინდივიდუალურად, ხოლო პასუხისმგებლობის ღონისძიების დადგენის პროცესში, გაითვალისწინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი, რომელიც აწესებს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, დაადასტუროს პირის ბრალეულობა ჩადენილ გადაცდომაში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალი წარმოადგენს პასუხისმგებლობის (დისციპლინური, ადმინისტრაციული, სისხლისსამართლებრივი)) სავალდებულო კომპონენტს. დაუშვებელია პირის ბრალის გარეშე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არის ფიზიკური ან იურიდიული პირის ბრალეული ქმედება. პირი მიიჩნევა ბრალეულად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში, თუ მას ჰქონდა დადგენილი წესების და ნორმების დაცვის შესაძლებლობა, მაგრამ მის მიერ არ იქნა მიღებული ყველა საჭირო და აუცილებელი ზომა მათ დასაცავად, დარღვევის თავიდან ასაცილებლად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ არქიტეტურის სამსახურის 2013 წლის 6 აგვისტოს #827401 ბრძანების შესაბამისად, ქ. თბილისში, ...ის ქ. 127-ში ს/კ ... რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებრთავის დამკვეთს წარმოადგენს ამხანაგობა ,,...ი“. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული ნებართვის საფუძველზე ამხანაგობა ,,...ის“ დავალებით სამშენებლო სამუშაობებს აწარმოებდა შპს ,,კ...ი“. საქმეში წარმოადგენილია შპს ,,კ...ის’’ და შპს ,,კი...ის’’ 2012 წლის 08 ივნისის წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ კომპანია ბოდიშს უხდის ამხანაგობა ,,...ს’’ შექმნილი კრიზისის გამო და იღებს ვალდებულებას, სამშენებლო სამუშაოები დაასრულოს ოქტომბრის ბოლოს და სახლი ჩააბაროს ექსპლუატაციაში. დადგენილია ასევე, რომ ამხანაგობა ,,...ის’’ ბინათმესაკუთრეებმა არაერთგზის მიმართეს განცხადებით შპს ,,კ...ს’’, მოითხოვეს მშენებლობის დასრულება და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება, თუმცა, სახლი არ დასრულდა და ექსპლუატაციაში მიღებული არ არსის. აღნიშნულ გარემოებებს მხარეები სადავოდ არ ხდიან.
აღნიშნულ პირობებში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ ამხანაგობა ,,...ის’’ ბრალეულობა გამოკვეთილი არ არის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე.
ზაკ-ის 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს: ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები მიღებულია ზაკ-ის ზემოაღნიშნული მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, რაც ქმნის მითითებული აქტების ბათილად ცნობისა და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველს, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს ყველა გარემოების შესწავლის საფუძველზე, ახალი აქტის გამოცემა.
ამდენად, ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ვალდებულია, შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელოს, ამხანაგობა ,,...ის’’ მხრიდან ჩადენილია თუ არა ბრალეული ქმედება, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ქმნის სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომელიც უკავშირდება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №398 ბრძანების კანონიერების საკითხს, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისათვის გააჩნია განსაკუთრებული ინტერესი. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვა მაღალი ხარისხით, თუმცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ისე უთხრა უარი ამხანაგობა ,,...ის“ თავმჯდომარეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, დამატებით არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ იმსჯელა საჩივრის ავტორის არგუმენტებზე და არ გააკეთა დასაბუთებული სამართლებრივი შეფასება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე