დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 24.02.2022
საქმის ნომერი
ბს-1070(კ-20)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.02.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1070(კ-20) 24 თებერვალი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. შ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

თ. შ-იმა 2018 წლის 15 ნოემბერს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და „აღსრულების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ“ 2018 წლის 27 სექტემბრის № 06/06-09-06078-013/001 და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 19 ოქტომბრის №73174 აქტების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენისა და 2006 წლის 14 დეკემბრის №1/ბ-1963-06 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული აღსრულების შეწყვეტის შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

გორის რაიონულ სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით, თ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 27 სექტემბრის №06/06-09-06078-013/001 და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 19 ოქტომბრის № 73174 აქტები; მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს დაევალა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თ. შ-ის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენისა და 2006 წლის 14 დეკემბრის №1/ბ-1963-06 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული აღსრულების შეწყვეტის შესახებ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის გამო.

გორის რაიონულ სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები და მიუთითა, რომ სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ხანდაზმულობის ვადები რეგლამენტირებულია სისხლის სამართლის კოდექსით და არა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით, შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლით დადგენილი დანაწესით, რომელიც სპეციალური ნორმაა და პირდაპირ და უშუალოდ განსზაღვრავს მსჯავრდებულ პირთა სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების პირობებს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, ჯარიმის აღსრულების პროცედურის, ჯარიმასთან დაკავშირებული ხანდაზმულობისა და აღსრულების შეწყვეტის საკითხებს არეგულირებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი ფიზიკური პირისათვის ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების ან/და ქონების ჩამორთმევის შესახებ.

კასატორის მითითებით, სისხლისსამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის წესს არეგულირებს ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღსრულება შეწყდება,თუ გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა. ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა. მოცემული ნორმის საფუძველზე, კასატორი განმარტავს, რომ იგი შეზღუდულია ზემოაღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციით და არ გააჩნია მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 დეკემბრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spai№n[GC] par.26; Jahnke and Lennble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

კასპის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 აგვისტოს განაჩენით თ. შ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

კასპის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 აგვისტოს განაჩენი გასაჩივრდა პროკურორის მიერ სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; აღნიშნული განაჩენის თანახმად, თ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2006 წლის 14 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი;

თ. შ-იმა 2018 წლის 17 სექტემბერს მიმართა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ თ. შ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენი ჯარიმის ნაწილში აღსასრულებლად მიექცა 2006 წლის 14 დეკემბერს, რაც სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი იქნა 2007 წლის 8 თებერვალს, ჯარიმის ნაწილში სააღსრულებო ფურცელი კი დღემდე არ აღსრულებულა. შესაბამისად, გასული იყო სააღსრულებო წარმოების ხანდაზმულობის ვადა.

თ. შ-ის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - ი. ტ-ის 2018 წლის 27 სექტემბრის №06/06-09-06078-013/001 აქტით უარი ეთქვა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტაზე;

თ. შ-იმა 2018 წლის 4 ოქტომბერს აღნიშნული აქტის ბათილობის მოთხოვნით განცხადებით მიმართა შიდა ქართლისა და მცხეთა - მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსს, რომლის 2018 წლის 19 ოქტომბრის №73174 აქტით თ. შ-ის უარი ეთქვა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხის წარმოდგენს თ. შ-ისთვის მოპასუხის მიერ სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი ფიზიკური პირისათვის ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების ან/და ქონების ჩამორთმევის შესახებ. დასახელებული კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ აღსასრულებელ გადაწყვეტილებებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით უშუალოდ აღასრულებენ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე - აგრეთვე აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირები და აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორები.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განსაზღვრულია აღსრულების შეწყვეტის საფუძვლები. კერძოდ, მითითებული მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, აღსრულება შეწყდება თუ გავიდა აღსარულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, ხოლო იმავე მუხლი „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, თანხის გადახდევინებათან დაკავშირებულ საქმეებზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში იმავე გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოების განახლება დაუშვებელია.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დამნაშავე უნდა გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ექვს წელში სხვა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79.2. მუხლით, სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნასამართლობა გაქარწყლდება ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა, სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ.

ამრიგად, ზემოთ მითითებულ საკანონმდებლო ნორმათა იმპერატიული დანაწესის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის აღსრულების უფლება ექვემდებარება ხანდაზმულობას. ამასთან, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლით დადგენილ ვადებში. სასჯელის აღსრულების ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება სასამართლო აქტის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან, ხოლო ხანდაზმულობა დგება სპეციალური კანონით სასამართლო აქტის აღსრულებისათვის განსაზღვრული ვადის გასვლისთანავე (განსახილველ შემთხვევაში 6 წელი - 2012 წლის 12 დეკემბერი 24:00 საათი). საკასაციო პალატის მოსაზრებით, ხანდაზმულობის ვადის გასვლა, გულისხმობს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის გამორიცხვას და ანიჭებს უფლებას უარი განაცხადოს ვალდებულების შესრულებაზე. ხანდაზმულობის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგს წარმოადგენს მსჯავრდებულის გათავისუფლება დაკისრებული სასჯელისაგან.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის კანონიერ ძალაში შესული 2006 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დასტურდება, რომ გარდა ძირითადი სასჯელისა (თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით), მსჯავრდებულ თ. შ-ის დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, რაზედაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2006 წლის 14 დეკემბერს გასცა სააღსრულებო ფურცელი. იგი იმავე დღეს გაეგზავნა და ჩაბარდა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს. საქმის მასალებითვე დასტურდება, რომ მითთებული სააღსრულებო ფურცელის აღსრულების მიზნით, 2007 წლის 8 თებერვლიდან 2017 წლის 12 ნოემბრამდე პერიოდში, სააღსრულებო წარმოება სააღსრულებო ბიუროში არ მიმდინარეობა და აღმასრულებლის მიერ რაიმე სააღსრულებო ქმედება არ განხორციელებულა. განსახილველ შემთხვევაში, ასევე, სადავო არ არის, რომ თ. შ-ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის2006 წლის 11 დეკემბრის განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა იმავე დღეს.

სააღსრულებო წარმოების ხადაზმულობის ვადა არ ვრცელდება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სპეციალურ ნორმასთან მიმართებით უპირატესობა მიანიჭა ზოგადი ხასიათის ნორმას. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებული იყო სადავო საკითხი გადაეწყვიტა არა ზოგადი, არამედ სპეციალური ნორმის (lex specialis) საფუძველზე, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავდა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე ხანდაზმულობის საკითხს. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსი შეიცავს სპეციალურ ნორმას, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ განსზაღვრავს მსჯავრდებულ პირთა სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების პირობებს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის გამო. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დამნაშავე უნდა გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ექვს წელში ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს.

საკასაციო სასამართლო, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთერთშეჯერების შედეგად, იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას საქმის გარემოებებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სასამართლოებმა დავა არსებითად სწორად გადაწყვიტეს. ამასთან, ვინაიდან, თ. შ-ი თავისუფლდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის კანონიერ ძალაში შესული 2006 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის გადახდისაგან ხანდაზმულობის გამო, ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე, 2006 წლის 14 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელზე აღსრულების შეწყვეტაზე (დამატებითი სასჯელის დაკისრების ნაწილში) უარი ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და არის კანონშეუსაბამო. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და არსებობს მათი ბათილად ცნობისა და კანონიერ ძალაში შესული განაჩენისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული აღსრულების ხანდაზმულობის მოტივით შეწყვეტის წინაპირობები. შესაბამისად, მართებულია სსიპ აღსრულების ბიუროს დავალდებულება აღსრულების შეწყვეტის შესახებ ახალი აქტის გამოცემის ნაწილშიც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, მხარეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინება;

3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს (ს/ნ №205263837) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.06.2020წ. №07536 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე