დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ბს-637(2კ-22) 29 სექტემბერი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.2022წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. ა-იმა 26.01.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2018 წლის ივლისიდან 2020 წლის სექტემბრამდე მიუღებელი კომპენსაციის - 1412 ლარის ანაზღაურების დაკისრების, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის - 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის იანვრამდე მიუღებელი კომპენსაციის - 224 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.06.2021წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა კ. ა-იისთვის ზიანის სახით 2018 წლის 01 დეკემბრიდან 2020 წლის 01 სექტემბრამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაცის ანაზღაურება 1412 ლარის ოდენობით; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა კ. ა-იის სასარგებლოდ ზიანის სახით მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება 58,80 ლარის ოდენობით, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა კ. ა-იის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.2022წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.06.2021წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ. ა-იის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა კ. ა-იის სასარგებლოდ 2018 წლის 1 აგვისტოდან 2020 წლის 1 სექტემბრამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება 1120 ლარის ოდენობით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა კ. ა-ის სასარგებლოდ მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება 176 ლარის ოდენობით, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ა-იმა 27.06.2018 წ. განცხადებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კომპენსაციის დასანიშნად ნამსახურობის წელთა გაანგარიშების მოთხოვნით. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის 27.06.2018წ. წერილით განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ სასფუძვლით, რომ მისი წელთა ნამსახურობა სპეციალური წოდებით არ შეადგენდა 20 წელს. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში 28.06.2018წ. წარდგენილი განცხადებით კ. ა-იმა მოითხოვა მის მიერ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ თანამდებობებზე ნამუშევარი წლების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცემა. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის 02.07.2018წ. წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ სისტემაში მისი წელთა ნამსახურება სპეციალური წოდების მქონე თანამდებობაზე შეადგენდა 13 წელს, 02 თვეს და 21 დღეს, ხოლო სპეციალური წოდების არმქონე თანამდებობაზე - 05 წელს, 02 თვეს და 21 დღეს. კ. ა-იმა, 10.10.2018 წ. განცხადებით მიმართა პენიტენციურ დეპარტამენტს და მოითხოვა 1995 წლის 26 ივნისიდან 2013 წლის 25 სექტემბრამდე სასჯელაღსრულების სისტემაში ნამსახურები პერიოდის შეღავათიანი გაანგარიშებით ჩათვლა კომპენსაციის მისაღებად, რაზეც სამინისტროს 19.10.2018 წ. მიმართვით ეთქვა უარი და კ. ა-ის ეცნობა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ნამსახურების შეღავათიანი გაანგარიშებითაც მისი ნამსახურობის წლები შეადგენდა 19 წელს, 04 თვეს და 06 დღეს. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 19.10.2018 წ. მიმართვა კ. ა-იმა სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.02.2019წ. კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით, მოსარჩელე კ. ა-იის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სამინისტროს 19.10.2018 წ. მიმართვა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც კ. ა-ის წელთა ნამსახურობის საერთო ანგარიშში ჩაეთვლებოდა 1995 წლის 26 ივნისიდან 2013 წლის 25 სექტემბრამდე სასჯელაღსრულების სისტემაში ნამსახურები პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. 2020 წლის 01 სექტემბრიდან კ. ა-ის დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 220,80 ლარის ოდენობით. ამ პერიოდამდე კ. ა-ის კომპენსაციის რაიმე თანხა არ მიუღია. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ 27.06.2018წ. მდგომარეობით (როდესაც კ. ა-იმა პირველად მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს) კ. ა-იი აკმაყოფილებდა კომპენსაციის დასანიშნად ნამსახურების წლების გაანგარიშების ყველა წინაპირობას, შესაბამისად, კ. ა-ის ადმინისტრაციული ორგანოს კანონშეუსაბამო ქმედების გამო მიადგა ზიანი, მან ვერ შეძლო თავისი კანონიერი უფლებების რეალიზაცია. პალატამ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო. ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ პირისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა, სააგენტოსათვის შესაბამისი განცხადებით, სათანადო წარდგინებითა და სხვა საჭირო დოკუმენტებით მიმართვა. პალატამ მიიჩნია, რომ სამინისტროს მიერ კანონშესაბამისად მოქმედების შემთხვევაში, კ. ა-ის სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებოდა 2018 წლის 01 აგვისტოდან, ვინაიდან მან კომპენსაციის მიღების მიზნით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით მიმართა 2018 წლის 27 ივნისს, შესაბამისად, სამინსიტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის წარდგინებით უნდა მიემართა არაუგვიანეს 2018 წლის 27 ივლისისა, რის შემდგომაც, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, კ. ა-იისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხს განიხილავდა და დანიშნავდა წარდგინებით მიმართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან - 2018 წლის 1 აგვისტოდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაცია უნდა ანაზღაურებულიყო 2018 წლის 1 აგვისტოდან კომპენსაციის დანიშვნამდე - 2020 წლის 01 სექტემბრამდე. რაც შეეხება მიუღებელი კომპენსაციის ოდენობას, სააპელაციო პალატამ მიუთითა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 8.1 მუხლის ,,ბ“ ქვეპუქნტით დადგენილ გაანგარიშების წესზე და აღნიშნა, რომ ამ კანონის შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნა ემსახურება იმ სუბიექტთა მიერ გაწეული შრომის ერთგვარ კომპენსირებას, რომლებსაც ამავე ნორმატიული აქტის საფუძველზე კომპენსაციის მიღების უფლება გააჩნიათ. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია კომპენსაციის გაანგარიშების იმგვარი წესი, როდესაც სახელმწიფო პენსიის ოდენობას (220) ემატება წოდების კოეფიციენტის (2) და ნამსახურობის წლების (28) ნამრავლი და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მიღებული რიცხვის 80%-ის გამოთვლა, ვინაიდან აღნიშნული წესით კომპენსაციის თანხის გაანგარიშებისას, 20-27 წლამდე სტაჟის არსებობის ჰიპოთეტურად დაშვების შემთხვევაში, სუბიექტისათვის დასანიშნი სახელმწიფო კომპენსაცია სახელმწიფო პენსიის ოდენობაზე (220 ლ.) ნაკლები გამოდის. პალატის მოსაზრებით, კომპენსაციის გამოთვლის ამგვარი მეთოდი არის არასამართლიანი, ეწინააღმდეგება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის სულისკვეთებას და კ. ა-იის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მძიმე პირობებიან სამუშაოებზე დამაგრების, მოზიდვისა და სტიმულირების ნაცვლად, ქმნის ამგვარ სამუშაოებზე დასაქმებულთათვის სამსახურზე უარის თქმის, სხვა სექტორში დასაქმების, საპენსიო ასაკის მიღწევისას კომპენსაციის დანიშვნის ნაცვლად სახელმწიფო პენსიის აღების საფუძველს. პალატამ მიიჩნია, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 8.1 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კომპენსაციის გაანგარიშება კანონმდებლის მიზნის გათვალისწინებით უნდა მოხდეს შემდეგი წესით: 220 (იმჟამად მოქმედი სახელმწიფო პენსია) + 2 (წოდების კოეფიციენტი) × 28 (ნამსახურობის წლები) × 80% = 220 + 44.80 (2×28-ის 80%) = 264.80 ლარი. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ კ. ა-ის 2020 წლის 01 სექტემბრიდან 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით (ოთხი თვის განმავლობაში), ერიცხებოდა სახელმწიფო კომპენსაცია 220.80 ლარის ოდენობით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მიღებული თანხა უნდა გამოაკლდეს ასანაზღაურებელი კომპენსაციის ოდენობას და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოს კ. ა-იის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2020 წლის 1 სექტემბრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება - 176 (264.80-220.80 = 44; 44 × 4 = 176) ლარის ოდენობით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კი, 2018 წლის 01 აგვისტოდან 2020 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდისათვის, კ. ა-იის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება 44.80 × 25 (2018 წლის 01 აგვისტოდან 2020 წლის 01 სექტემბრამდე არსებული თვეების რაოდენობა) = 1120 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.2022წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ.
კასატორმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ აღნიშნა, რომ კ. ა-ის კომპენსაცია დაენიშნა 2020 წლის 01 სექტემბრიდან, ამ დროისთვის ის ჯერ არ იყო 65 წლის, რის გამო სახლემწიფო გასაცემლის გამოანგარიშება მოხდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად, 65 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის გათვალისწინებული ოდენობით. კ. ა-ის 65 წელი შეუსრულდა 20.12.2020წ., შესაბამისად, 2021 წლის 01 იანვრიდან მისი კომპენსაცია გადაანგარიშდა. სააგენტოსა და საქალაქო სასამართლოში მოსარჩელის წარმომადგენლის მსჯელობა იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მოსარჩელე უკვე იყო საპენსიო ასაკის, მას თავიდანვე კომპენსაციის სრული 100% უნდა ანაზღაურებოდა, არ არის დასაბუთებული, რადგან კანონი მსგავს დათქმას არ ითვალისწინებს. კომპენსაციის გაანგარიშება მოხდა კანონშესაბამისად, კერძოდ, პენსიის ოდენობას დაემატა ნამსახურების წლების 2-ზე ნამრავლი და ჯამის 80 %-მა შეადგინა 220,80 ლარი.
კასატორმა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნა, რომ იგი არ ეთანხმებოდა კ. ა-იისთვის წელთა ნამსახურობის საშეღავათო გაანგარიშებას, სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით სამსახურს დაევალა ახალი აქტის გამოცემა წელთა შეღავათიან გაანგარიშებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მოხდა წარდგინების გაგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, ამდენად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ბრალი ზიანის დადგომაში არ იკვეთება. სკ-ის 992-ე, 1005-ე მუხლების შესაბამისად, ზიანის მიყენებისას პასუხისმგებლობას მხოლოდ ბრალეული მოქმედება იწვევს, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არის სახეზე, რის გამო სარჩელის დაკმაყოფილება დაუსაბუთებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია კ. ა-იისთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების სააპელაციო პალატის მიერ გამოყენებული წესი. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ახდენს პირთა დიფერენცირებას მათი ასაკის მიხედვით და ადგენს კომპენსაციის ოდენობის გამოთვლის განსხვავებულ წესს. მართალია ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მოსარჩელე თვლიდა, რომ მის მიმართ გასაცემი კომპენსაციის ოდენობა უნდა გამოანგარიშებულიყო კანონის 8.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნორმაში 65 წლის ასაკის მითითების მიუხედავად, რადგან იგი უკვე იყო საპენსიო ასაკს მიღწეული ქალი, თუმცა სასამართლოს მიერ აღნიშნული მოსაზრება არ იქნა გაზიარებული. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კ. ა-იი იყო კანონის 8.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და არა „ა“ ქვეპუნქტის სუბიექტი. აღნიშნულის მიუხედავად, კასატორი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობის დასასაბუთებლად უთითებს მოსარჩელის სწორედ ამ არგუმენტის უსწორობაზე, რაც ვერ დაადასტურებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობას, რადგან ქალის საპენსიო ასაკის მიღწევის გამო მოსარჩელის 8.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის სუბიექტად მიჩნევასთან დაკავშირებული არგუმენტი სააპელაციო სასამართლოს არ გაუზიარებია, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლებს შორის აღნიშნული დასაბუთება არ მითითებულა.
რაც შეეხება კასატორ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსაზრებას გასაცემი კომპენსაციის ოდენობის დათვლის სასამართლოს მიერ გამოყენებული მეთოდის უსწორობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას საპირისპირო - სოციალური უზრუნველყოფის ორგანოს მიერ გამოყენებული დათვლის მეთოდის კანონშესაბამისობასთან მიმართებით. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის 8.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის განმარტებისას განსხვავებულად ჩამოყალიბდა სააპელაციო პალატისა და ადმინისტრაციული ორგანოს მიდგომები. კანონის 8.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კომპენსაციის ოდენობა წარმოადგენს ორი სიდიდის: პენსიისა და ნამსახურობის წლების ორზე ნამრავლის ჯამს, თუმცა იმ შემთხვევაში, უკეთუ კომპენსაციის მიღებაზე უფლების მქონე პირს არ მიუღწევია 65 წლის ასაკისათვის, მას ენიშნება არა კომპენსაციის სრული ოდენობა, არამედ მისი გარკვეული პროცენტი. ადმინისტრაციული ორგანოს მიდგომით, კ. ა-ის უნდა მიეღო პენსიისა და დანამატის (წელთა ნამსახურობის ორზე ნამრავლის) ჯამის 80 %, ხოლო სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კ. ა-ის უნდა დანიშვნოდა კომპენსაცია პენსიას დამატებული წელთა ნამსახურობის ორზე ნამრავლის 80%-ის ოდენობით, ანუ ორგანოს მოსაზრებით უნდა გათვალისწინებულიყო ჯამური სიდიდის 80 %, ხოლო სასამართლოს მოსაზრებით - მხოლოდ დანამატის (წელთა ნამსახურობის ორზე ნამრავლი) 80 %. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიდგომას მხოლოდ დანამატის და არა ჯამური რიცხვის 80 %-ის გამოთვლის საჭიროების შესახებ და აღნიშნავს, რომ კ. ა-იის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მძიმე პირობებიან სამუშაოებზე დამაგრების, მოზიდვისა და სტიმულირების მიზნით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის რეგულირების ამოცანების გათვალისწინებით, დაუშვებელია შეიქმნას ისეთი ვითარება, როდესაც საპენსიო ასაკს მიღწეულ პირს ეძლევა სახელმწიფო პენსიაზე ნაკლები ოდენობის სახელმწიფო კომპენსაცია. მართებულია სააპელაციო პალატის მითითება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს განმარტების გაზიარების შემთხვევაში, 20-27 წლის ნამსახურების წლების არსებობის დროსაც კი, საპენსიო ასაკს მიღწეული პირი მიიღებს სახელმწიფო პენსიის ოდენობაზე ნაკლებ საკომპენსაციო თანხას, რაც კანონის მიზნის შეუსაბამოა. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კ. ა-იის საპენსიო ასაკის გათვალისწინებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის განმარტება მართებულად განხორციელდა.
კასატორის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მითითება, რომ არ არსებობდა კ. ა-იისთვის ზიანის ანაზღაურების საფუძვლები, არ არის დასაბუთებული, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში მყოფი 21.02.2019წ. გადაწყვეტილებით ერთმნიშვნელოვნად დადგინდა პენიტენციური დეპარტამენტის 19.10.2018წ. მიმართვის კანონშეუსაბამობა, მოხდა მისი ბათილად ცნობა და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა კ. ა-იისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებით სადავო პერიოდის წელთა ნამსახურობის საერთო ანგარიშში ჩათვლა შეღავათიანი გაანგარიშებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ ორგანოს მიერ 19.10.2018წ. მიმართვის გამოცემისას ადგილი ჰქონდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონისა და სზაკ-ის ნორმატიული მოთხოვნების დარღვევას, ამასთანავე, სადავო პერიოდის წელთა ნამსახურობაში შეღავათიანი გაანგარიშების ჩათვლის წინაპირობები არსებობდა კ. ა-იის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში მიმართვის თავდაპირველად წარდგენისთანავე. ამდენად, დგინდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონშესაბამისად მოქმედების შემთხვევაში, კ. ა-ის კომპენსაცია დაენიშნებოდა არა 2020 წლის სექტემბრიდან, არამედ 25 თვით ადრე, სწორედ ორგანოს უკანონო ქმედებამ დააბრკოლა კომპენსაციის დროული დანიშვნა, რითაც წარმოშვა ზიანი. ის, რომ პენიტენციური სამსახური არ ეთანხმება სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, არ ქმნის პენიტენციური სამსახურის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.2022წ. გადაწყვეტილება;
3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი