დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 29.09.2022
საქმის ნომერი
ბს-1046(კ-20)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.09.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ბს-1046(კ-20) 29 სექტემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - გორის მუნიციპალიტეტის მერია; მესამე პირი (სასკ 16.2) - სსიპ შემოსავლების სამსახური).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 15 იანვარს რ. გ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ გორის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით გაცემული კომპენსაციის, საშემოსავლო გადასახადის დაუბეგრავად გაცემის დავალება მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით, საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება სსიპ შემოსავლების სამსახური.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით რ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით რ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ ითვალისწინებდა თანამდებობიდან გათავისუფლების გამო 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით გაცემული კომპენსაციის დაბეგვრისგან გათავისუფლების საფუძვლებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი - რ. გ-ი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში შეუსაბამო განმარტებით არის გამოყენებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ" და 101-ე მუხლები; სამართლებრივი მიზნის, დანიშნულების და მნიშვნელობის გარეშეა დატოვებული 82-ე მუხლში განსაზღვრული „ერთჯერადი გასაცემლის" ნორმატიული/განმარტებითი მნიშვნელობა და შერწყმა 101-ე მუხლთან მიმართებაში.

სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 118-ე მუხლთან მიმართებით (როგორც კანონისა და სამართლის ანალოგია), რა შემთხვევაშიც დამსაქმებელს სასამართლოს გადაწყვეტილებით, როდესაც ევალება აღდგენა ტოლფას თანამდებობაზე და მისი შესრულება შეუძლებელია, რატომ მიუთითებს კანონმდებელი 6 თვიან კომპენსაციის სრულ ოდენობის ანაზღაურებაზე, ანუ სიტყვა „სრული"-ის სამართლებრივი მნიშვნელობა რას ნიშნავს და მის გარეშე ნორმა როგორ განიმარტებოდა და იმოქმედებდა. გარდა ამისა გადაწყვეტილების მე-10 გვერდზე სააპელაციო სასამართლო იშველიებს საჯარო სამსახურის შესახებ" 109-ე მუხლი პირველი პუნქტს, რომელიც სულ სხვა შემთხვევას ეხება, ამ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა 105-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომელიც უფრო საჭიროა დასაბუთებულობისათვის.

მუნიციპალიტეტების შერწყმის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების საფუძველზე გაუქმდა ორი მუნიციპალიტეტი (თვითმმართველი თემი და თვითმმართველი ქალაქი). რის საფუძველზეც კასატორი აღირიცხა მოხელეთა რეზერვში, ვერ შედგა მობილობა ახალ მუნიციპალიტეტში ან სხვა საჯარო სამსახურში და გათავისუფლდა სამსახურიდან (ლიკვიდაციით), ამ მიზნით ბიუჯეტიდან კანონის საფუძველზე გაცემული კომპენსაცია არის „დახმარება და ერთჯერადი გასაცემი", რომლის მიზანია შრომით ურთიერთობას ჩამოშორებული პირი უზრუნველყოს გარკვეული მატერიალური ერთჯერადი დახმარებით, და ამ მსჯელობით კასატორი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, ეს გასაცემელი არ არის დაბეგვრის საგანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. გ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2014 წლის 11 აგვისტოს, რ. გ-ი დაინიშნა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის უფლებამოსილების ვადით.

2017 წლის 29 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეებს, მათ შორის რ. გ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ წერილობით ეცნობათ 1 თვით ადრე.

გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით 2018 წლის 6 თებერვალს რ. გ-ი ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში და მიეცა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, რომელიც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს მოხელის მობილობის განუხორციელებლობის შემთხვევაში, მასზე გაცემული კომპენსაციის, 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლიანობის შემოწმება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია. ამავე კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ მოხელის მობილობა ვერ განხორციელდა, იგი სურვილის შემთხვევაში მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლი განსაზღვრავს საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების შემთხვევებს. მოცემული მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები - მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, მაგროვებადი და დაბრუნებადი ხასიათის არასახელმწიფო საპენსიო სქემიდან მიღებული პენსია განხორციელებული შენატანების ოდენობით, სახელმწიფო სტიპენდია, დახმარებებისა და ერთჯერადი გასაცემლების მიზნით ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ან/და ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან მიღებული თანხები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია, 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, რომელიც გაიცემა იმ შემთხვევაში თუკი ვერ განხორციელდება სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელის მობილობა, წარმოადგენს მისაღებ სარგებელს - დასაქმებულის დაცვის სოციალურ გარანტიას, რომელიც გამომდინარეობს დასრულებული შრომითი ურთიერთობის ფარგლებიდან.

საქმის გარემოებების, მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ განსახილველი შემთხვევა არ მიესადაგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების არცერთ საფუძველს, მათ შორის, არ ექცევა სახელმწიფო კომპენსაციის ფარგლებში, ვინაიდან, „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონი სრულად და ამომწარავად მიუთითებს სახელმწიფო კომპენსაციის სახეებზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. გ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ბ. სტურუა