დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-1155(კ-20) 29 სექტემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქ. შ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 24 მაისს ქ. შ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 30 აპრილის №1087 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის, ქ. თბილისში, მე-2 ...ის დასახლების მე-... ქუჩაზე მე-... ჩიხში №...-ს მიმდებარე 223 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ქ. შ-ეის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, ახალი ინდივიდუაური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. შ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 30 აპრილის №1087 განკარგულება და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ქ. შ-ეის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2016 წლის 30 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ქ. შ-ეის განცხადება ქალაქ თბილისში, მე-2 ...ის დასახლების მე-7 ქუჩაზე მე-2 ჩიხში №...-ს მიმდებარე 223 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 იანვრის მიმართვით ქ. შ-ეის განცხადება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები განსახილველად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაეგზავნა.
ქ. შ-ეის განცხადება ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით დასკვნის მისაღებად საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს გადაუგზავა. პასუხად, აღნიშნული სამსახურის 2018 წლის 26 ნოემბრის წერილით კომისიას ეცნობა, რომ ქ. შ-ეის განცხადებით მითითებული მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, საცხოვრებელ ზონაში (სზ-2) იყო მოქცეული და მასზე ვრცელდებოდა №721429252 სისტემური რეგისტრაცია (აღრიცხვა თ. კ-ეზე).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 26 მარტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №15) და მის საფუძველზე 2019 წლის 30 აპრილს გამოტანილი №1087 განკარგულებით ქ. შ-ეის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმაზე მითითებით, რომ არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი და მითითებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო დროებითი ნაგებობა, რაც თავად განმცხადებელმა დაადასტურა კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე.
საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 18 მაისის შპს ,,მ...ის“ საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 2003 წელს, როდესაც მიწის ნაკვეთი მშობლებისაგან მფლობელობაში გადაეცა ქ. შ-ეს, მასზე იმყოფებოდა მცირე ზომის (გაბარიტული ზომებით LxB=5x3მ.) დამხმარე ნაგებობა, რომლის საძირკვლის კვალი ამჟამად ტერიტორიაზე ფიქსირდება. საბოლოოდ ექსპერტმა დაასკვნა, რომ ქ. თბილისში, ...ის რაიონში, II ...ის დასახლება, მე-... ქ., მე-2 ჩიხი №...-ს მიმდებარედ, ქ. შ-ეს მის მფლობელობაში გააჩნია მიწის ნაკვეთი, მასზე არსებულ ნაგებობასთან, კერძოდ საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის საჭირო მ...ური რკინაბეტონის ლენტური ტიპის საძირკველთან ერთად, რომლის ხნოვანებად მითითებულია არანაკლებ 13-14 წელი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნა, რომ კომისია გადაწყვეტილების მიღებისას ისე დაეყრდნო მხოლოდ განმცხადებლის - ქ. შ-ეის პასუხს (რომელიც თავისი შინაარსით აღწერს უფრო მეტად ფიცრული შენობის არსებობის ფაქტს), რომ დამატებით არ გამოუკვლევია საქმის სხვა გარემოებები.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება სადავო აქტის დაუსაბუთებლობის თაობაზე და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემოიფარგლებოდა მხოლოდ უარის თქმის ფორმალურ საფუძველზე მითითებით, ისე, რომ არ იყო გამოკვეთილი რა ფაქტობრივ საფუძვლებს დაეყრდნო კომისია დასკვნის გაკეთების პროცესში.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის კანონიერი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობის სახეობის დადგენის მიზნით მტკიცებულებად შესაძლებელია განხილულ იქნეს სადავო ნაგებობის ამსახველი ფოტოსურათები, ასევე თავად მხარის ახსნა-განმარტებები, რომელთა საფუძველზეც ცალსახად დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია დროებითი (ხის) ნაგებობა.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი შპს „მ...ის" ექსპერტის მიხეილ საველიძის 2019 წლის 18 მაისის დასკვნით ის გარემოება კი არ არის დადგენილი, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო კაპიტალური შენობა-ნაგებობა. პირიქით, ექსპერტის განმარტებით, მიწის ნაკვეთზე შემორჩენილი მცირე ზომის საძირკველი წარმოადგენს დამხმარე ნაგებობის ფრაგმენტს.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. სააპელაციო სასამართლოს მიერ კი არასწორად იქნა შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად იქნა განმარტებული სადავო საკითხის მომწესრიგებელი ნორმები, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მოწინააღმდეგე მხარის - ქ. შ-ეის საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლიანობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2016 წლის 30 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ქ. შ-ეის განცხადება ქალაქ თბილისში, მე-2 ...ის დასახლების მე-... ქუჩაზე მე-2 ჩიხში №...-ს მიმდებარე 223 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 იანვრის მიმართვით ქ. შ-ეის განცხადება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები განსახილველად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაეგზავნა.
ქ. შ-ეის განცხადება ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით დასკვნის მისაღებად საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს გადაუგზავა. პასუხად, აღნიშნული სამსახურის 2018 წლის 26 ნოემბრის წერილით კომისიას ეცნობა, რომ ქ. შ-ეის განცხადებით მითითებული მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, საცხოვრებელ ზონაში (სზ-2) იყო მოქცეული და მასზე ვრცელდებოდა №721429252 სისტემური რეგისტრაცია (აღრიცხვა თ. კ-ეზე).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 26 მარტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №15) და მის საფუძველზე 2019 წლის 30 აპრილს გამოტანილი №1087 განკარგულებით ქ. შ-ეის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმაზე მითითებით, რომ არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი და მითითებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო დროებითი ნაგებობა, რაც თავად განმცხადებელმა დაადასტურა კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე.
საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 18 მაისის შპს ,,მ...ის“ საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 2003 წელს, როდესაც მიწის ნაკვეთი მშობლებისაგან მფლობელობაში გადაეცა ქ. შ-ეს, მასზე იმყოფებოდა მცირე ზომის (გაბარიტული ზომებით LxB=5x3მ.) დამხმარე ნაგებობა, რომლის საძირკვლის კვალი ამჟამად ტერიტორიაზე ფიქსირდება. საბოლოოდ ექსპერტმა დაასკვნა, რომ ქ. თბილისში, ...ის რაიონში, II ...ის დასახლება, მე-7 ქ., მე-2 ჩიხი №...-ს მიმდებარედ, ქ. შ-ეს მის მფლობელობაში გააჩნია მიწის ნაკვეთი, მასზე არსებულ ნაგებობასთან, კერძოდ საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის საჭირო მ...ური რკინაბეტონის ლენტური ტიპის საძირკველთან ერთად, რომლის ხნოვანებად მითითებულია არანაკლებ 13-14 წელი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სადავო პერიოდში მოქმედ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პიველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები.
სადავო პერიოდში მოქმედი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, საკითხზე მსჯელობისას, არ მომხდარა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დეტალური შესწავლა და იმ მტკიცებულებების სათანადო შეფასება, რომლებიც განმცხადებელმა კომისიას წარუდგინა.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული მხოლოდ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მასთან წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევის, არამედ რიგ შემთხვევებში დამატებითი მტკიცებულებების მოძიების საჭიროებასაც. მოცემულ შემთხვევაში ცალსახად დასადგენია სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის სახე, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 18 მაისის შპს ,,მ...ის“ საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნისა და მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, შენობა 2007 წლამდე არის აშენებული და შენობას საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის საჭირო მ...ური რკინაბეტონის ლენტური ტიპის საძირკველი გააჩნია, რაც არ ქმნის იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ შენობა დროებითია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების აღიარების საკითხის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს მოცემულ შემთხვევაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გამოყენებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი