დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-337(კ-22) 22 თებერვალი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. ა-ე, მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ა-ემ 2018 წლის 03 აგვისტოს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიმართ (დაზუსტების შემდგომ) და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ მოითხოვა მატერიალური ზიანის, სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობის გამო სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მიუღებელი ხელფასის - 7 290 ლარის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი გამგებლის 2013 წლის 06 მარტის №164 ბრძანებით გ. ა-ე დაინიშნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის ...ის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, კონკურსის ჩატარებამდე. აღნიშნულ თანამდებობაზე გ. ა-ის ყოველთვიური ანაზღაურება დაუბეგრავი ხელფასის სახით შეადგენდა 810 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები თანხა კი - 648 ლარს. გ. ა-ის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 მარტის განჩინებით (საქმე №14-3/14) დაკმაყოფილდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა ბრალდებულ გ. ა-ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის ...ის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. ზემოაღნიშნული განჩინება აღსასრულებლად გადაეგზავნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი გამგებლის 2014 წლის 25 მარტის №13 ბრძანებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 მარტის განჩინების საფუძველზე, გ. ა-ე გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან, №010708014461395 სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 თებერვლის განაჩენით (საქმე №1/ბ- 206-2017წ.) ბრალდებული გ. ა-ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და სრულად გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ამავე განაჩენით მას განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურ ზ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად. ამავე განაჩენით გ. ა-ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის №525-17განჩინებით ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
ამდენად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მოსარჩელე გ. ა-ე წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 05 იანვრის №01-20/01 ბრძანებით, გ. ა-ე გათავისუფლდა გამგეობის ...ის ...ის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის „ა.დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების ვადაში, კერძოდ, 2014 წლის 25 მარტიდან 2015 წლის 05 იანვრამდე გ. ა-ის მიუღებელმა თანამდებობრივმა სარგომ დაუბეგრავი სახით ჯამში შეადგინა 7 290 ლარი.
კანონიერ ძალაში შესული გამამრთლებელი განაჩენის შემდგომ გ. ა-ემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა და მოითხოვა კუთვნილი ანაზღაურება სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში - 2014 წლის 25 მარტიდან 2015 წლის 05 იანვრის ჩათვლით. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
პალატამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით („თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“) და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. 208-ე მუხლების პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გ. ა-ე მოპასუხისაგან მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ პროკურატურის მხრიდან მის მიმართ წარდგენილი ბრალდება იყო უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და უკანონო, რაც დადასტურდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამართლებელი განაჩენით.
პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, გ. ა-ის მიმართ უკანონოდ ჩატარებულ საპროცესო მოქმედებად და უკანონო გადაწყვეტილებად მიჩნეული უნდა იქნას სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ის პროცედურები, რაც მის მიმართ იქნა განხორციელებული პროკურატურის მიერ სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. კერძოდ, მის მიმართ ბრალის წარდგენა, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შერჩევა, ქონების დაყადაღება და სხვა, რამდენადაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის განაჩენით დადასტურებული იქნა გ. ა-ის უდანაშაულობა, რაც გულისხმობს მისი უფლებების აღდგენას, ანუ მის რეაბილიტაციას. როგორც აღინიშნა, მოსარჩელის ეს უფლება გადმოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუმცა ეს ზოგადი ხასიათის ნორმაა, ხოლო აღნიშნულის სამართლებრივი შესაძლებლობა მას ეძლევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით, რომლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის, გირაოს ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ. მოცემულ შემთხვევაში, გ. ა-ის მიმართ მატერიალური ზიანი გამოხატულია სამუშაოს დაკარგვითა და სისხლის სამართლებრივი დევნის პერიოდში იმ ხელფასის მიუღებლობით, რაც მისი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის ...ის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 მარტის განჩინებით (საქმე №14-3/14) იქნა გამოწვეული.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ. ა-ე მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების დროს მუშაობდა გამგეობის ...ის ...ის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, მისი ყოველთვიური გასამრჯელო დაუბეგრავი ხელფასის სახით შეადგენდა 810 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები თანხა კი - 648 ლარს, ჯამურად კი თანამდებობიდან გადაყენების პერიოდში მიუღებელმა სარგომ დაუბეგრავი სახით შეადგინა 7290 (შვიდი ათას ორას ოთხმოცდაათი) ლარი, ხელზე ასაღები სახით კი - 5832 (ხუთი ათას რვაას ოცდათორმეტი)ლარი.
პალატამ გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე, რაც გამოხატულია სამუშაოს დაკარგვითა და სისხლის სამართლებრივი დევნის პერიოდში ხელფასის მიუღებლობით, საფუძვლიანი და დასაბუთებულია მისი სამუშაოდან გადაყენებიდან სამსახურიდან დათხოვნამდე პერიოდის განმავლობაში.
პალატამ განმარტა, რომ ხელფასი წარმოადგენს მუშაკის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგად მიღებულ ანაზღაურებას, რაც მოსარჩელემ ვერ მიიღო მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, კერძოდ, სისხლისსამართლებრივი დევნისა და აღნიშნულთან დაკავშირებით მისი სამუშაოდან გადაყენების გამო. შესაბამისად, გ. ა-ის სარჩელი მატერიალური ზიანის (მიუღებელი ხელფასის ოდენობით) მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია, რაც მართებულად შეფასდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მოსაზრება იმის შესახებ, რომ პროკურატურის ბრალეული ქმედების დაუდასტურებლობის პირობებში, დაუშვებელია მისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება, რადგან განსახილველ შემთხვევაში პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, ზიანი ანაზღაურდება ზიანის მიმყენებლის ბრალის მიუხედავად, რაც შესაძლებელს ხდის პირის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას, რამდენადაც იგი შესაძლებელია. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. პალატამ აღნიშნა, რომ შესაბამის თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად, უკანონოდ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის გამო მიყენებული ზიანისათვის, კანონით განსაზღვრულია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.
ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ასეთი დევნის უკანონობას, მის მართლსაწინააღმდეგო ხასიათს გულისხმობს, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული პირისათვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, რადგან პირს, რომელსაც არ დაუდასტურდა ამა თუ იმ ბრალეული ქმედების ჩადენა, სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანოს ფორმალურად კანონშესაბამისი ქმედებებით ობიექტურად უსაფუძვლოდ მიადგა კონკრეტული ზიანი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის, წარდგენილი ბრალდების დაუდასტურებლობის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, იმთავითვე გულისხმობს პირის სამართლებრივ რეაბილიტაციას და წარმოშობს მის უფლებას მოითხოვოს შესაბამისი კომპენსაცია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ მარეაბილიტირებელ გარემოებად უდავოდ მიიჩნევა პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, რადგან გამართლება წარდგენილ ბრალდებაში იწვევს გამართლებულის აღდგენას უფლებებში - სრულ რეაბილიტაციას, რაც გ. ა-ის შემთხვევაში სახეზეა.
საპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის სამართლებრივ შეფასებაზე, კერძოდ საკასაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მიზნებისათვის მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა ისეთი ქმედება, რომელიც ფორმალური მართლზომიერების მიუხედავად დაუსაბუთებლად არღვევს პირის კონსტიტუციით დაცულ უფლებებსა და თავისუფლებებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის გადაწვეტილება, საქმის №ბს-432-429(2კ-17)). სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა. ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად პროკურატურა ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურატურა ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას დაეკისროს მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურება - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტით მიუღებელი დასაბეგრი შემოსავლი -7290 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები 5 832 ლარი). სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია უკანონო მსჯავრდების შედეგად მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი ფულად ზარალსა და მოსარჩელის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის თანმდევ შედეგებს შორის, რომელიც წარმოშობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიმართ სასარჩელო მოთხოვნას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტით გამოწვეული ზიანის - მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე. ხოლო რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, კერძოდ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დააკისრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ 7 290 ლარის ანაზღაურება, მაშინ როდესაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის სასამართლო სხდომაზე გ. ა-ემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა დასაბეგრი ოდენობის 7 290 ლარის ნაცვლად მოპასუხისათვის ხელზე ასაღები თანხის 5 832 ლარის დაკისრება, პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლო გაეცნო პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმს, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე როგორც სარჩელში, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას აპელირებდა როგორც მიუღებელი ხელფასის სახით არსებულ დაუბეგრავ თანხაზე, ასევე აღნიშნულიდან ხელზე ასაღებ თანხაზეც (იხ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის სხდომის ოქმი12:38:06-12:38:50). პალატამ მიიჩნია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გ. ა-ეზე დასაბეგრი ხელფასის სახით გამოწერილ უნდა იქნეს 7290 ლარი, საიდანაც ის ხელზე მიიღებს მხოლოდ 5832 ლარს.
პალატამ არ გაიზიარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ რადგან გ. ა-ე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 06 მარტის №164 ბრძანებით კონკურისის ჩატარებდამდე იყო დანიშნული გამგეობის ...ის ...ის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, მას არ ეკუთვნის სრული მოცულობით მოთხოვნილი პერიოდის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლო აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 25 მარტის №13 ბრძანებით გ. ა-ე გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან №010708014461395 სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო 2015 წლის 05 იანვრის №01-20/01 ბრძანებით კი გათავისუფლდა გამგეობის ...ის ...ის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან, ასეთის საფუძვლად კი მითითებული არ არის კონკურსის წესით მოცემულ თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა, რაც გამორიცხავს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტების გაზიარების საფუძველს.გარდა აღნიშნულისა, უტყუარად დადგენილია ასევე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შემაჯამებელ გადაწყვეტილებას მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 თებერვლის გამამართლებელი განაჩენი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ.
კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 207-ე მუხლზე, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლსა და 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლების დეფინიცია ცხადყოფს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით. ამასთან, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. ასევე, მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურეობრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი, პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.
კასატორი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად პირის გამართლებისა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებულმა ყველა მოქმედებამ არამართლზომიერი ხასიათი შეიძინა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სხვა სახის საპროცესო ღონისძიების - ბრალდებულის თანამდებობიდან განთავისუფლების გამოყენებისას, რაც განხორციელდა მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მხრიდან გ. ა-ის მიმართ დამოუკიდებელი, კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამისი გარემოებები აქვს. შესაბამისად მისი გამართლების შემთხვევაშიც კი ვერ მიენიჭება მას არამართლზომიერი ხასიათი. ამასთანავე აღნიშნული არ შეიძლება გაგებული იქნეს სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს - პროკურატურის მიერ გ. ა-ისათვის ზიანის მიყენებად.
კასატორის მოსაზრებით, პროკურატურის ქმედებას (დევნის დაწყება და სასამართლოსათვის მიმართვა თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ) და დამდგარ შედეგს (გ. ა-ის თნამდებობიდან განთავისუფლება) შორის არ არსებობს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი, რადგან შესასრულებელი - სავალდებულო გადაწყვეტილება მოსარჩელის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ, რომელსაც უშუალო სამართლებრივი და ფაქტობრივი შედეგი მოჰყვა არ იყო მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ, შესაბამისად აპელანტი თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რაც მისი გაუქმების წინაპირობაა.
კასატორი აღნიშნავს, რომ საგულისხმოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 20 იანვრის (ას-1156-1176-211) განჩნება, რომელშიც განმარტებულია, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება, მხარე მიიღებდა ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებებზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტითა და მტკიცებულებებით.
ამასთანავე, კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა სისხლის სამართლის საქმისგან დამოუკიდებელი საფუძვლით, შესაბამისად, თანამდებობიდან გადაყენებიდან მის გათავისუფლებამდე პერიოდი არ შეიძლება შეფასდეს, როგორც პროკურატურის ქმედებიდან გამომდინარე განაცდური პერიოდი.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის სასამართლო სხდომაზე გ. ა-ემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა დასაბეგრი ოდენობის 7 290 ლარის ნაცვლად მოპასუხისათვის ხელზე ასაღები თანხის 5 832 ლარის დაკისრება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი გამგებლის 2013 წლის 06 მარტის №164 ბრძანებით გ. ა-ე დაინიშნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის ...ის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, კონკურსის ჩატარებამდე. აღნიშნულ თანამდებობაზე გ. ა-ის ყოველთვიური ანაზღაურება დაუბეგრავი ხელფასის სახით შეადგენდა 810 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები თანხა კი - 648 ლარს. გ. ა-ის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 მარტის განჩინებით (საქმე №14-3/14) დაკმაყოფილდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა ბრალდებულ გ. ა-ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის ...ის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. ზემოაღნიშნული განჩინება აღსასრულებლად გადაეგზავნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი გამგებლის 2014 წლის 25 მარტის №13 ბრძანებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 მარტის განჩინების საფუძველზე, გ. ა-ე გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან, №010708014461395 სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 თებერვლის განაჩენით (საქმე №1/ბ- 206-2017წ.) ბრალდებული გ. ა-ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და სრულად გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ამავე განაჩენით მას განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურ ზ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად. ამავე განაჩენით გ. ა-ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 დეკემბრის №525-17განჩინებით ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
ამდენად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მოსარჩელე გ. ა-ე წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 05 იანვრის №01-20/01 ბრძანებით, გ. ა-ე გათავისუფლდა გამგეობის ...ის ...ის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის „ა.დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების ვადაში, კერძოდ, 2014 წლის 25 მარტიდან 2015 წლის 05 იანვრამდე გ. ა-ის მიუღებელმა თანამდებობრივმა სარგომ დაუბეგრავი სახით ჯამში შეადგინა 7290 ლარი.
კანონიერ ძალაში შესული გამამრთლებელი განაჩენის შემდგომ გ. ა-ემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა და მოითხოვა კუთვნილი ანაზღაურება სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში - 2014 წლის 25 მარტიდან 2015 წლის 05 იანვრის ჩათვლით. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ხოლო აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
ის გარემოება, რომ მოსარჩელე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, წარმოადგენს მისი რეაბილიტაციის საფუძველს, რის გამოც საკასაციო სასამართლო იზიარებს განსახილველ შემთხვევაში გ. ა-ის სასარგებლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურისთვის მატერიალური ზიანის - სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობის გამო სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერებას.
მოცემულ შემთხვევაში, გ. ა-ის მიმართ მატერიალური ზიანი გამოხატულია სამუშაოს დაკარგვითა და სისხლისსამართლებრივი დევნის პერიოდში იმ ხელფასის მიუღებლობით, რაც მისი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების შესახებ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 მარტის განჩინებით იქნა გამოწვეული. პალატა აღნიშნავს, რომ ხელფასი წარმოადგენს მუშაკის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგად მიღებულ ანაზღაურებას, რაც მოსარჩელემ ვერ მიიღო მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, კერძოდ, სისხლისსამართლებრივი დევნისა და აღნიშნულთან დაკავშირებით მისი სამუშაოდან გადაყენების გამო. შესაბამისად, გ. ა-ის სარჩელი მატერიალური ზიანის (მიუღებელი ხელფასის ოდენობით) მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.
კასატორი უთითებს იმ გარემოებაზე, რომ გ. ა-ემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა დასაბეგრი ოდენობის 7 290 ლარის ნაცვლად მოპასუხისათვის ხელზე ასაღები თანხის 5 832 ლარის დაკისრება. საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით უთითებს, რომ მოპასუხეს დაეკისრა თანამდებობიდან გადაყენების პერიოდში მიუღებელი სარგო დაუბეგრავი სახით 7290 (შვიდი ათას ორას ოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით, რაც ხელზე ასაღები სახით შეადგენს - 5832 (ხუთი ათას რვაას ოცდათორმეტი)ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე