1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივროს პროკურორმა, ბრალდებულმა ან/და მისმა ადვოკატმა. საჩივარი შეიტანება განჩინების გამომტან სასამართლოში, რომელიც ამ საჩივარსა და მასალებს დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. გასაჩივრება არ აჩერებს განჩინების აღსრულებას.
2. საჩივარში უნდა აღინიშნოს, რა მოთხოვნები დაირღვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას და რით გამოიხატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დებულებათა მცდარობა. აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ საჩივარში შესაძლოა აგრეთვე მიეთითოს, რა არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები და მტკიცებულებები არ გამოიკვლია ან არ შეაფასა ამ კოდექსით დადგენილი წესით პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომლებსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე.
3. საჩივრის განხილვის დღე და დრო გონივრულ ვადაში ეცნობება მხარეებს.
4. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, ამ კოდექსის 206-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, მისი შეტანიდან არაუგვიანეს 72 საათისა. მოსამართლე ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული საჩივრის დასაშვებობის საკითხს, კერძოდ, წყვეტს, აკმაყოფილებს თუ არა საჩივარი ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნებს, ამასთანავე, გამოიკვლია თუ არა ან შეაფასა თუ არა მან ამ კოდექსით დადგენილი წესით არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება, რომელსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე. საჩივრის დასაშვებობის თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება.
5. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში მოსამართლე ატარებს ზეპირ მოსმენას ამ კოდექსით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით. მოსამართლე უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს საჩივარი, რომელიც არ შეეხება აღკვეთის ღონისძიების შესახებ განჩინებას.
6. საჩივრის განხილვის შედეგად გამოტანილი განჩინების ასლები გადაეცემა მხარეებს, ეგზავნება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს და განჩინების აღმასრულებელ ორგანოს.
7. ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
8. მოსამართლე აცხადებს გამოტანილი განჩინების სარეზოლუციო ნაწილს და ზეპირად, მოკლედ განუმარტავს მხარეებს გამოტანილი განჩინების საფუძვლებს.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 8
ივლისის კანონი
№3976
- ვებგვერდი, 20.07.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.07.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 08.07.2015 კანონი №3976
- 14.06.2013 კანონი №741
- 28.10.2011 კანონი №5170
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №2კ-87აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.06.2024
სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 219-ე და 207-ე მუხლებს, და მეორე მხრივ - 2023წლის 16 მარტის წინასასამართლო სხდომის ოქმს ( ტ.1, ს.ფ. 259), რომლის თანახმად სხდომას ესწრებოდა ბრალდებული, სხდომაზე განმარტებული იყო…
- საქმე №ბს-337(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.02.2023
კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 207-ე მუხლზე, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლსა და 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლების დეფინიცია ცხადყოფს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით.
- საქმე №2კ-747აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.03.2022
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით და ვადაში საქართველოს სსსკ-ის 112-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი განჩინების წესს ადგენს ამავე მუხლის მე-8 ნაწილი, რომლის თანახმად „გასაჩივრების ვადა აითვლება განჩინების აღსრულებიდან“.
- საქმე №2კ-279აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.11.2018
ბრალდების მხარის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესიც არასწორად განსაზღვრა, რადგან საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლი ითვალისწინებს დევნის შეწყვეტის შემთხვევაში განჩინების სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გასაჩივრების წესს, სსსკ-ის 207-ე მუხლის შესაბამისად. 11. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინებით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ივლისის განჩინება დარჩა უცვლელად.
- საქმე №2კ-332აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.11.2018
ბ-ს საჩივრები, რომლითაც საქართველოს სსსკ-ის 207-ე მუხლის საფუძველზე, ითხოვდნენ გ. ო-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინების გაუქმებას.
- საქმე №2კ-1135აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.02.2011
- საქმე №010141318700059260 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 08.11.2018
- საქმე №330100115001046015 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 06.11.2018
- საქმე №010100218700050679 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.05.2018
- საქმე №330100115001046015 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.04.2018
- საქმე №330100118002518330 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 09.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება