საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
1135აპ-10 10 თებერვალი, 2011წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: იური ტყეშელაშვილი
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ლ-ს საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ოქტომბრის განაჩენსა და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 აპრილის დადგენილებაზე.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 აპრილის დადგენილებით მ. ლ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. დ-ე, საქართველოს სსსკ-ის 207-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაჯარიმდა 400 ლარის ოდენობით.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის განაჩენით:
მ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 3 წლის ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 9 სექტემბრიდან.
მ. ლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 3 წლის ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 9 სექტემბრიდან.
რ. რ-ს სამოქალაქო სარჩელის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
ლ. ქ-ს სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მ. ლ-სა და მ. გ-ს ლ. ქ-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3000 ლარის გადახდა.
მ. ზ-ს სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მ. ლ-სა და მ. გ-ს მ. ზ-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 4192 ლარის გადახდა.
კ. პ-ს მიერ საქმეზე წარდგენილი სამოქალაქო სარჩელი დარჩა განუხილველად.
მ. ქ-ს მიერ საქმეზე წარდგენილი სამოქალაქო სარჩელი დარჩა განუხილველად.
ა. ა-ს მიერ საქმეზე წარდგენილი სამოქალაქო სარჩელი დარჩა განუხილველად.
ვ. დ-ს მიერ საქმეზე წარდგენილი სამოქალაქო სარჩელი დარჩა განუხილველად.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ. ლ-ს საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულების _ მ. ლ-სა და მ. გ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. ლ-ს საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ოქტომბრის განაჩენსა და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 აპრილის დადგენილებაზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.