დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 17.05.2023
საქმის ნომერი
ბს-452(კ-22)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.05.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ბს-452(კ-22) 17 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი „მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2019 წლის 22 მაისის №1166 ბრძანება. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს დაევალა, გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, 2019 წლის 15 მარტის განცხადებაზე, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №51/53-ში მდებარე 1680.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის მიზნით ახალი სამშენებლო ნებართვის გაცემის თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები აღნიშნავენ, რომ ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №51-ში მდებარე 1680.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის მიზნით მანსარდის დაშენების თაობაზე 2005 წლის 30 დეკემბერს გაიცა მშენებლობის ნებართვა. აღნიშნული ნებართვის ფარგლებში ბმა „...ს“ წევრების ნაწილს ნაწარმოები აქვთ მშენებლობა, ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ფართები კი, რეგისტრირებული აქვთ საკუთრების უფლებით. ვინაიდან ახალ და 2005 წელს შეთანხმებულ პროექტებს შორის არის წინააღმდეგობა და ამასთან, ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის შედეგად საკუთრებაში რეგისტრირებული ფართები განიცდის ცვლილებას, რაზეც თანხმობას არ აცხადებენ მესაკუთრეები, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის გასაჩივრებული აქტი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად და არ არსებობს მისი ბათილობის საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმაოდგენს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 22 მაისის №1166 ბრძანების კანონიერება და მოპასუხისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს 2019 წლის 22 მაისის №1166 სადავო ბრძანების გამოცემის დროისათვის მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 03.02.2020 №139 დადგენილებით), რომლის 37.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. აღნიშნული ნორმის მიხედვით: ა) I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (შემდგომში – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); ბ) II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (შემდგომში – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს განსახილველ საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის, გ.გ-ას 2005 წლის 26 ოქტომბრის №01-16/1518 ბრძანებით გაცემულ იქნა №237 არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება ქ. ბათუმში ...ს (ამჟამად ...ის) №53-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მ.შ-ის, ნ.ხ-ის, თ.კ-ის, ნ.ვ-ის და რ.გ-ას მიერ მანსარდის დაშენების შესახებ, ხოლო ქ. ბათუმის მთავარი არქიტექტორის, გ.გ-ას 2005 წლის 15 დეკემბრის №01-22/371 ბრძანებით შეთანხმებულ იქნა ქ. ბათუმში ...ს №53-ში მდებარე ოთხსართულიან საცხოვრებელ სახლზე არქიტექტორულ-სამშენებლო პროექტი (ს.ფ. 65, 58); ბ) ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №53 და №53ა-ს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2009 წლის 20 ივნისის საერთო კრების №1 ოქმის თანახმად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიქმნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №53-სა და №53ა-ში მდებარე მრავალბინიან სახლში, რომელსაც ეწოდა „...“ და დამტკიცდა წესდება (ს.ფ. 24-241); გ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 20 დეკემბრის №2505 ბრძანებით ბმა „...ს“ განცხადების საფუძველზე, ქ. ბათუმში ...ის ქუჩა №51/53-ში მდებარე 1680.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის მიზნით გაცემულ იქნა ახალი მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 20 დეკემბრამდე. ასევე, გაცემულ იქნა შესაბამისი სანებართვო მოწმობა (ს.ფ. 16-19); დ) 2019 წლის 15 მარტს ბმა „...მ“ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, ...ის ქუჩა №51/53-ში მდებარე 1680.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის მიზნით, სამშენებლო ნებართვის გაცემაზე. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის 2019 წლის 22 მაისის №1166 ბრძანებით ახალი სამშენებლო ნებართვის გაცემაზე ამხანაგობას ეთქვა უარი, იმ საფუძველზე მითითებით, რომ ქ. ბათუმში ...ის ქუჩა №51-ში მდებარე 1680.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის მიზნით 2005 წლის 30 დეკემბერს გაიცა მშენებლობის ნებართვა მანსარდის დაშენების თაობაზე. შეთანხმებული პროექტი წინააღმდეგობაში მოდის შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან, რომლის გათვალისწინებით უკვე ნაწარმოები აქვთ უფლებამოსილ პირებს მშენებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე ახალსა და ძველ პროექტს შორის არსებული შუსაბამობის აღმოფხვრამდე მშენებლობის ნებართვა ვერ გაიცემა (ს.ფ. 14-15).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 57-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო ობიექტზე არ არის განხორციელებული ისეთი სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც ამ დადგენილების შესაბამისად საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას (1); მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის დამკვეთმა ან მისმა წარმომადგენელმა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე წერილობით უნდა მიმართოს მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ, მიმართვას უნდა დაურთოს დარჩენილი სამუშაოების მშენებლობის ორგანიზების პროექტი და მშენებლობის დასამთავრებლად მოთხოვნილი გონივრული ვადა (2); მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისას მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მშენებლობის დასრულების თარიღის შეცვლის შესახებ, რის თანახმადაც ცვლილებები შედის სანებართვო მოწმობაში (3); თუ დამკვეთი ან მისი წარმომადგენელი მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადებით მიმართავს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მშენებლობის ახალი ნებართვის მიღება (4); დამკვეთი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას დაურთოს დარჩენილი სამუშაოების მშენებლობის ორგანიზების პროექტი, მშენებლობის დასამთავრებლად მოთხოვნილი გონივრული ვადა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად გადახდილი მოსაკრებლის ახალი ქვითარი (5); მშენებლობის ახალი ნებართვის გაცემისას მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად და ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით გასცემს მშენებლობის ნებართვას (6); სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის შემთხვევაში მშენებლობის ახალი ნებართვა გაიცემა დადგენილების 63-ე მუხლის შესაბამისად (7).

იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 20 დეკემბრის №2505 ბრძანებით ქ. ბათუმში ...ის ქუჩა №51/53-ში მდებარე 1680.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის მიზნით გაცემული მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა 2018 წლის 20 დეკემბრამდე იყო განსაზღვრული, მოსარჩელემ კი, ადმინისტრაციულ ორგანოს მოცემული ვადის გასვლის შემდეგ, 2019 წლის 15 მარტს მიმართა, ზემოაღნიშნული დადგენილების 57.4 მუხლის შესაბამისად, საჭირო იყო მშენებლობის ახალი ნებართვის მიღება.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის 2019 წლის 22 მაისის №1166 ბრძანებით ახალი სამშენებლო ნებართვის გაცემაზე ამხანაგობას ეთქვა უარი იმ დასაბუთებით, რომ შეთანხმებული პროექტი წინააღმდეგობაში მოდის 2005 წლის 30 დეკემბერს დამტკიცებულ პროექტთან, რომლის შესაბამისად, უკვე ნაწარმოებია მშენებლობა და პროექტებს შორის არსებული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე მშენებლობის ნებართვა ვერ გაიცემოდა.

ზემოაღნიშნული დადგენილების 53-ე მუხლის თანახმად, დამკვეთი მშენებლობის ნებართვის მისაღებად მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, და ინფორმაციას მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ (1); განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) ინფორმაცია მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის (ხაზობრივი ნაგებობის) თაობაზე; ბ) ინფორმაცია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე აქტის რეკვიზიტების მითითებით; გ) არსებობის შემთხვევაში არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები; დ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; ე) ობიექტის ადგილმდებარეობის მისამართი და საკადასტრო კოდი; ვ) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი; ზ) შენობა-ნაგებობის დამპროექტებლის მონაცემები: სახელი/იურიდიული დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემები, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და პირადი ნომერი; ი) დროებითი შენობა-ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში – გამოყენების მოთხოვნილი პერიოდი; კ) სანებართვო შენობა-ნაგებობის კლასისა და სამშენებლო საქმიანობის სახეობისათვის – ამ დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია) (2).

ზემოაღნიშნული დადგენილების 53-ე მუხლზე მითითებით, რომლითაც განსაზღვრულია იმ აუცილებელი და სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რაც მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის არის საჭირო, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ III სტადიაზე წარსადგენ ძირითად დოკუმენტაციას წარმოადგენს, I და II სტადიაზე უკვე შეთანხმებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, რამდენადაც, ამ ეტაპზე, უკვე შესწავლილია დაგეგმილი და ასაშენებელი შენობა-ნაგებობა, როგორც სივრცით-მოცულობითი, ისე, განაშენიანების თვალსაზრისით, ასევე, შეთანხმებულია შენობის არქიტექტურული პროექტი, სართულიანობის, გაბარიტული, ვიზუალური თუ ტექნიკური თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 20 დეკემბრის №2505 ბრძანებით ბმა „...ს“ განცხადების საფუძველზე, ქ. ბათუმში ...ის ქუჩა №51/53-ში მდებარე 1680.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის მიზნით გაცემულ იქნა ახალი მშენებლობის ნებართვა და აღნიშნულის დამაბრკოლებელი გარემოება არ გამხდარა 2005 წელს გაცემული მშენებლობის ნებართვის არსებობა. ახალი მშენებლობის ნებართვის მოპოვების აუცილებლობა განაპირობა მხოლოდ იმ ფაქტმა, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მშნებლობის დასრულება მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადაში - 2018 წლის 20 დეკემბრამდე და ამასთან ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადებით მიმართა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული გარემოება - შეთანხმებული პროექტი წინააღმდეგობაში მოდის, 2005 წლის 30 დეკემბერს უკვე დამტკიცებულ პროექტთან, არ წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე საკმარის საფუძველს. იმ შემთხვევაში, თუკი დარღვეული იყო სამშენებლო დოკუმენტი, მშენებლობის ახალი ნებართვის გაცემისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა ზემოაღნიშნული დადგენილების 63-ე მუხლით (57-ე დადგენილების 57.7 მუხ.), რომლის თანახმად, გარდა 62-ე მუხლში განსაზღვრული შემთხვევებისა, სამშენებლო დოკუმენტში ცვლილებების შეტანა საჭიროებს მშენებლობის ნებართვის თავიდან აღებას (1); სამშენებლო დოკუმენტის იმგვარი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს შეთანხმებულ ობიექტზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენებას, ობიექტის განაშენიანების ფართობის ცვლილებას 20%-ზე მეტად ან ამ ობიექტის ფუნქციის ცვლილებას, აკრძალულია. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურა დაწყებული უნდა იქნეს თავიდან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (2); შეცვლილი სამშენებლო დოკუმენტის პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვის აღების საჭიროების შემთხვევაში, მისი აღების პროცედურა უნდა შეეხოს მხოლოდ იმ ნაწილებს, რომლებიც სამშენებლო დოკუმენტით არ ყოფილა განსაზღვრული (3); თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად სამშენებლო დოკუმენტში განხორციელდა ისეთი ცვლილებები, რომლებიც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას, ან/და წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ, გარდა პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა (4); ამ მუხლით გათვალისწინებული უნებართვო ან/და სამშენებლო დოკუმენტის დარღვევით წარმოებული მშენებლობის დროს ნებართვის მაძიებელი ვალდებულია, მშენებლობის ნებართვის ან ახალი ნებართვის მისაღებად სამშენებლო დოკუმენტის პროექტში გაითვალისწინოს წარმოებული სამშენებლო სამუშაოები (მშენებლობის ორგანიზების პროექტი, მშენებლობის დასრულების ეტაპები და ა. შ.) და მოიპოვოს შესაბამისი საექსპერტო დასკვნა უნებართვოდ ან/და სამშენებლო დოკუმენტის დარღვევით წარმოებული მშენებლობის შესახებ. მშენებლობის ახალი ნებართვა გაიცემა უკვე წარმოებული მშენებლობის გათვალისწინებით (5).

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას არ გამოუკვლევია და დაუსაბუთებია მოსარჩელე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის კონკრეტული საფუძვლები, კერძოდ, მუნიციპალიტეტის მერიის არგუმენტაცია და დასაბუთება მხოლოდ იმ ზოგადი განსაზღვრებითა და დასკვნით შემოიფარგლა, რომ შეთანხმებული პროექტი წინააღმდეგობაში მოდის 2005 წლის 30 დეკემბერს დამტკიცებულ პროექტთან, თუმცა რაში მდგომარეობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კონკრეტული საფუძველი, ან ვის მიერ უნდა აღმოიფხვრას შეთანხმებული პროექტის მიმართ გამოვლენილი წინააღმდეგობა, როგორ უნდა მოხდეს დღემდე კანონიერი ძალის მქონე შეთანხმებული პროექტის განხორციელება, რომლის მიმართაც კანონიერი ინტერესი გააჩნია მოსარჩელე მხარეს, სადავო აქტში კონკრეტულად არ არის აღწერილი და გაანალიზებული, რაც სასამართლომ სწორად არ მიიჩნია კანონშესაბამისად და მოპასუხე მხარის მიერ დასახელებული ეს გარემოება ვერ ჩაითვლება მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის კანონიერ და საკმარის საფუძვლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე