დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-588(კ-22) 22 ივნისი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ი. ჩ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მესამე პირი) - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მესამე პირი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი:
ი. ჩ-მა 2020 წლის 24 ივლისს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 15 ივლისის N11/1098 განკარგულება; დაევალოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე ი. ჩ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 15 ივლისის N 11/1098 განკარგულება ი. ჩ-ის მიმართ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქობულეთი ...ი 3330 კვ.მ., მიწის ნაკვეთზე ს/კ ... ი. ჩ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. ჩ-ის (პ/ნ ...) სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ჩ-ა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული მსჯელობა ურთიერთგამომრიცხავია. ერთი მხრივ, იგი არ უარყოფს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 15 ივლისის N11/1098 განკარგულება არ შეესაბამება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს თუმცა, მეორე მხრივ უთითებს, რომ არ არსებობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი არსებითი დარღვევა. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი მითითებით და არ განმარტა რა სახის დარღვევა ჩაითვლება არსებითად ე.ი. ისეთ დარღვევად, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
კასატორმა მოიხმო საქართველოს მთვარობის 2016 წლის 28 ივლისის No 376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ და განმარტა, რომ მის მიერ მოყვანილი ნორმატიული აქტის შინაარსიდან გამომდინარე გამოკვეთილია კანონმდებლის იმპერატიული მითითება იმის შესახებ, რომ აუცილებელია სახეზე არსებობდეს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, მისი დაკანონების შესაძლებლობა და სახეზე იყოს დაინტერსებული პირი, ამასთან აუცილებელია კუმულატიურად რამდენიმე ფაქტორის არსებობა კერძოდ, მიწის ნაკვეთზე განთავსებული უნდა იყოს საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული). გარდა აღნიშნულისა, კასატორმა განმარტა, გასათვალისწინებელია, რომ წინამდებარე დავის განხილვისას მხარეებს შორის სადავოდ არ გამხდარა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ი. ჩ-ს 2001 წლიდან თვითნებურად აქვს დაკავებული (ს/კ ...) სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ფართი 3330 კვ.მ,) რომელზეც გაშენებული აქვს შენობა-ნაგებობა, გაშენებული აქვს მწვანე ნარგავები, ტყემლის, თხმელის და ნიგვზის ხეები, გაშვებულია ვაზის მრავალწლიანი ნარგავები, სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწაზე ადრე ჰქონდა სათევზე ბასეინი, დღეის მდგომარეობით კი ეწევა ფერმერულ საქმიანობას, მოშენებული ყავს მსხვილფეხა საქონელი, ხოლო ნაწილ მიწაზე ბოსტანი, აგებული აქვს ასევე საყარაულო და ბოსელი, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ფოტო-მასალით, ნახაზით და მოწმეთა ჩვენებებით.
კასატორმა ასევე განმარტა, რომ სასამართლოში სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რაც გულისხმობს მხარეთა თანაბარ უფლებრივ მდგომარეობას. მართალია, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას მოქმედებს ინკვიზიციურობის პრინციპი, თუმცა ინკვიზიციურობა არ უნდა იქნეს გამოყენებული იმგვარად, რომ დაირღვეს მხარეთა შეჯიბრებითობა. სასამართლომ საკუთარ თავზე არ უნდა აიღოს პროცესის მონაწილე მხარის ვალდებულებების შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი სამართალწარმოება ვერ იქნება მიჩნეული სამართლიანად. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები და არ გაითვალისწინა ის, რომ მხარეები ზემოთ ნახსენებ ფაქტობრივ გარემოებაზე არ დავობდნენ და თავად განახორციელა შედავება რისი უფლებაც მას არ გააჩნდა, ვინაიდან მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ ი. ჩ-ს სარეგისტარაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებული აქვს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ანუ 2007 წლის 20 სექტემბრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ი. ჩ-ისთვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მხოლოდ სადავო მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრაციის ფაქტი, არ შეიძლება გახდეს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი თქმის საფუძველი. აღნიშნული საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, მათ შორის, 28.09.2021წ. №ბს-753(3კ-19) განჩინებაშიც, სადაც აღინიშნა, რომ „საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების აღრიცხვა არ უნდა იქნეს მიჩნეული სახელმწიფოს მიერ მის განკარგვად „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიზნებისთვის, შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემით არ იცვლება მიწის ნაკვეთის სამართლებრივი სტატუსი, აღიარების მიზნებისთვის. კანონში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის მოხსენიება არ ნიშნავს, რომ განცხადების განხილვის მომენტში მიწა აუცილებლად მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იყოს. ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებიდან ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემით არ გაუქმებულა ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა, ვინაიდან აღნიშნული გარემოებით არ მომხდარა ნაკვეთის პრივატიზება, მისი განკერძოება“.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრების უფლების აღიარების წესებს განსაზღვრავს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში „კანონი“ და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება (შემდეგში „წესი“).
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში 11.12.2019წ. განხორციელებული ცვლილებით (კანონი №5501 წ., ამოქმედდა 2020 წლის 1 იანვრიდან) მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საკუთრების უფლების აღიარების მსურველ პირთა მდგომარეობა და აღნიშნული კანონის სადავო სამართლებრივი ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნეოდა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს. კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმის კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაზე გასავრცელებლად სავალდებულოა, საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს სახელმწიფოს საკუთრებას (არ იყოს განკარგული) და საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდეს მისი თვითნებურად ფლობის ფაქტი 2007 წლის 11 ივლისის №5274–რს კანონის ამოქმედებამდე. ამავე ნორმით დადგენილია სხვა მოთხოვნები, რომლებსაც ნორმითვე განსაზღვრული სუბიექტები, როგორც დაინტერებული პირები უნდა აკმაყოფილებდნენ, რათა მოხდეს ამ კანონის საფუძველზე მათი საკუთრების უფლების აღიარება. კერძოდ, როგორც უკვე აღინიშნა, ფიზიკური პირის საკუთრების უფლების აღიარება თვითნებური დაკავების საფუძვლით დასაშვებია ორ შემთხვევაში - 1) თვითნებურად დაკავებულ მიწაზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) და 2) თვითნებურად დაკავებული მიწა (შენობით ან მის გარეშე) დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა და მათი ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს ი. ჩ-ის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, შესაბამისად, ამ პრინციპით მისი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება. აქედან გამომდინარე, გადასაწყვეტია რამდენად აკმაყოფილებს მოსარჩელე კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის სხვა, კუმულატიურ მოთხოვნას, სახელდობრ, 1)დაკავებული აქვს თუ არა სახელმწიფო საკუთრების მიწა თვითნებურად და 2)თვითნებურად დაკავებულ მიწაზე განთავსებულია თუ არა დაინტერესებული პირის საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული).
აღნიშნულთან მიმართებით, პალატა მიუთითებს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ)მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამავე მუხლის 31-ე პუნქტის მიხედვით, თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი სხვა დოკუმენტაციით უტყუარად არ დგინდება, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) განთავსებულია ამ კანონის ამოქმედებამდე, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ან სააგენტო უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დაინტერესებულ პირს დამატებით მოსთხოვოს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენობა- ნაგებობის (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ამ კანონის პირველი–მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი) არსებობის ფაქტს.
ამდენად, იმისათვის, რომ პირმა დაამტკიცოს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ვალდებულია დაადასტუროს, რომ მართალია სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგრამ ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ ბატონობას კანონით განსაზღვრული პერიოდიდან მოყოლებული. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „წესის’’ მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია: ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
კასატორის განმარტებით, სადავო მიწის თვითნებურად დაკავება გამოიხატება იმ ფაქტში, რომ მიწის ნაკვეთს დაუფლებულია 2001 წლიდან, მასზე გაშენებული აქვს მრავალწლიანი ნარგავები, ვაზი, მიწის ნაკვეთზე 10-15 წლის წინათ ჰქონდა სათევზე ავზი, დღეის მდგომარეობით კი ეწევა ფერმერულ საქმიანობას. მოშენებული ჰყავს მსხვილფეხა საქონელი, ხოლო მიწის ნაწილზე გაშენებული აქვს ბოსტანი. ნაკვეთზე ასევე დგას არასაცხოვრებელი დანიშნულების ნაგებობები, თუმცა სხვა რაიმე ზემოთ დასახელებული მტკიცებულება, რასაც კანონმდებლობა თვითნებურად დაკავების დამადასტურებლად განიხილავს და რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად ფლობის ფაქტს, ი. ჩ-ის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. ერთადერთი მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებას ადასტურებს, არის მოწმეების მ. ჯ-ისა (პ/ნ ...) და ნ. ჯ-ის (პ/ნ ...) ნოტარიალურად დამოწმებული ერთობლივი განცხადება, რომლითაც ისინი ადასტურებენ, რომ ი. ჩ-ს სადავო მიწის ნაკვეთი თვითნებურად აქვს დაკავებული 2001 წლიდან. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ცალკე აღებული მოწმეთა ჩვენება, თუ ის გამყარებული არ იქნება საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით, ვერ გაუჩენს სასამართლოს შინაგან რწმენას იმის თაობაზე, რომ დაინტერესებული პირი ფლობდა და სარგებლობდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთით, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მიწის ფლობის თაობაზე მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები (მიწაზე მრავალწლიანი ნარგავების გაშენება, ბოსტნის ქონა და ა.შ.), არც საქმეზე წარმოდგენილი ფოტომასალით და არც ქვედა ინსტანციის სასამართლოების სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებებით უტყუარად არ დადასტურდა. რაც შეეხება მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ნაგებობებს, პალატა მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შენობა განმარტებულია, როგორც სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით (მათ შორის, ხის კონსტრუქციით), გარდა დროებითი შენობისა. ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დროებითი შენობად მიიჩნევა ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ვერ აკმაყოფილებს „კანონის“ მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალით დგინდება, რომ ი. ჩ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობები, თავისი კონსტრუქციით, დანიშნულებით და სხვა მახასიათებელი ელემენტების გათვალისწინებით არ მიეკუთვნება იმ შენობას, რაც კანონის მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტით არის განსაზღვრული და რაც თვითნებური დაკავების საფუძვლით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების ერთ-ერთ აუცილებელ და სავალდებულო პირობას წარმოადგენს. მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობებიდან ერთ-ერთი კერძოდ ბოსელი და საყარაულო წარმოადგენს ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილ, მიწასთან საკუთარი წონით დაკავშირებულ დროებით ნაგებობას, რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსი, ხოლო მეორე - ჯიხურის ტიპის ნაგებობის ერთი ადგილიდან გადატანა მეორეზე თავისუფლადაა შესაძლებელი და ამ ნიშნით იგი მობილური სისტემის დროებით შენობას წარმოადგენს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ის გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მიწის ნაკვეთზე ნაგებობების კანონის ამოქმედებამდე განთავსების ფაქტს, მეტიც მარეგისტირებელ ორგანოში 2020 წლის 17 თებერვალს წარდგენილ განცხადებაში ი. ჩ-ი თავადვე მიუთითებს, რომ ნაგებობები მიწის ნაკვეთზე განთავსდა ბოლო პერიოდში. შენობა-ნაგებობის კანონის განთავსების პერიოდთან დაკავშირებით, ყურადსაღებია ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული საკადასტრო რუკები, სადაც მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ კორექტირებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნაზაზზე დატანილი იქნა ორი ერთსართულიანი შენობა-ნაგებობა, აღნიშნული შენობა-ნაგებობები თვალნათლივ არ ჩანს არც N... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მომზადებულ სიტუაციურ ნახაზებზე (06.02.2020წ., 06.03.2020წ.) და მიწათსარგებლობის გეგმიდან ამონარიდზე და არც 2015 წლის მდგომარეობით აჭარის რეგიონის ორთოფოტოზე. ამდენად, გარდა იმისა, რომ უფლებაასაღიარებელ მიწაზე განთავსებული შენობა- ნაგებობი არ აკმაყოფილებენ, „კანონის“ მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ამასთან, არ დგინდება არც ამ შენობა-ნაგებობის კანონის ამოქმედებამდე განთავსების ფაქტი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შესრულება განაპირობებს დავის შედეგს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რადგან საქმის შედეგი იმაზეა დამოკიდებული რა მტკიცებულებებზე მითითებით დაასაბუთებენ მხარეები გარემოებებს, რომლებზედაც ამყარებენ თავიან მოთხოვნებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. ამასთან, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება - მტკიცების ტვირთი, ასეთ დროს გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება არ გულისხმობს მოსარჩელე მხარის საერთოდ გათავისუფლებას მის მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთების ვალდებულებისაგან, ე.ი. იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რაზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და უტყარად ვერ დაადასტურა კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და თვითნებურად დაკავებულ მიწაზე შენობა-ნაგებობის განთავსების ფაქტი. მეტიც, ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობები ვერ აკმაყოფილებს მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით შენობად მიჩნევისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირობები თვითნებურად დაკავების საფუძვლით მიწის ნაკვეთის საკუთრებად აღიარებისათვის და ი. ჩ-ი ვერ ჩაითვლება საკუთრების უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებლად. აღნიშნულის გათვალისწინებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მიზნებიდან გამომდინარე, აღიარების კომისიის უარი საკუთრების უფლების აღიარებაზე არ ეწინააღმდეგება კანონს და ზიანს არ აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებებს და ინტერებს, რაც გამორიცხავს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის მოთხოვნით ი. ჩ-ის სარჩელის დაკმაყოფილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - ი. ჩ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2022 წლის 16 მაისს №13324942695 სადაგახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე