დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-804(კ-23) 5 ოქტომბერი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ. დ-ი
მესამე პირები - სსიპ ქონების მართვის სააგენტო, ს. გ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
მ. დ-იმა 2019 წლის 29 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და „მიწის ნაკვეთზე მ. დ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე კომისიის 2019 წლის 25 აპრილის №812 განკარგულების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის ქუჩის №...-ს მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (1216 კვ.მ) მ. დ-ის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ასევე „ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 20 აპრილის №562 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულება - განიხილოს მ. დ-ის 2021 წლის 25 თებერვლის ადმინისტრაციულ საჩივარი და გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 19 ნოემბრის №02-9/1268 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით მ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 აპრილის №812 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მ. დ-ის მოთხოვნასთან მიმართებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ასევე, ბათილად იქნა ცნობილი „ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 20 აპრილის №562 ბრძანება და მასვე დაევალა მ. დ-ის 2021 წლის 25 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომლებმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.
კასატორების მითითებით, კომისიის მიერ დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 4 ნოემბრის №410 საოქმო გადაწყვეტილებით, მ. დ-ის უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №57-ის მიმდებარედ არსებულ 1185 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ კანონის ამოქმედებამდე (2007 წლამდე) არ დასტურდებოდა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე კაპიტალური შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი. ამასთან, მიმდინარე ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში გამართულ კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე, განმცხადებელმა თავად აღნიშნა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო ხის სახლი, რომელიც მოგვიანებით დაიწვა. მოგვიანებით, ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 1 დეკემბრის №550 საოქმო გადაწყვეტილებით (დღის წესრიგის მე-5 საკითხი), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, მ. დ-ის (პ/ნ ...) უარი ეთქვა განცხადების ხელახლა განხილვაზე.
კასატორები მიუთითებენ, რომ მოსარჩელის მიერ განმეორებით წარმოდგენილი განცხადებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომლის შესახებ კომისიას ერთხელ უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (კომისიის 2014 წლის 4 ნოემბრის №410 და 2016 წლის 1 დეკემბრის №550 საოქმო გადაწყვეტილებებით). ასეთ შემთხვევაში, კომისიის მიერ საკითხის ხელახალი განხილვა შესაძლებელია მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში, კერძოდ, თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება, რომელიც კომისიას საშუალებას მისცემს მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ხელსაყრელი იქნება განმცხადებლისათვის. კომისიამ დაასკვნა, რომ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და აეროფოტოგადაღებების საფუძველზე არ დგინდება, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) კანონის ამოქმედებამდე. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 4 სექტემბრის №5004959117 ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას, კომისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტით არ არის დადასტურებული ისეთი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომელიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა აშენებულია 2005 წლამდე პერიოდში, აღნიშნული შენობა იყო თუ არა კაპიტალური ნაგებობა, ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. შესაბამისად, ხსენებული დასკვნით ცალსახად არ დასტურდება ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნებს.
კასატორები მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით აღნიშნავენ, რომ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 19 ნოემბრის №02-9/1268 ბრძანებით განხორციელდა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის ბოლოს არსებული 1446 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაცია. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 20 აპრილის №562 ბრძანებით კი, ვინაიდან საჩივრის ავტორის მიერ გაშვებული იყო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილ ვადა, მ. დ-ის საჩივარი დარჩა განუხილველი. კასატორის მოსაზრებით, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივრით მ. დ-ის წარმომადგენელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა 2021 წლის 21 იანვარს, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში №19/01210562570-10 ადმინისტრაციული საჩივარი წარმოდგენილია 2021 წლის 25 თებერვალს. შესაბამისად, დგინდება, რომ საჩივრის ავტორის მიერ სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივრით სასამართლოსთვის მიმართვის დროისათვის, ისევე როგორც ადმინისტრაციული საჩივრის წარმოდგენის დროისათვის, გაშვებული იყო სადავო აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა. ამდენად, აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას ითხოვს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მ. დ-ისთვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტის (ექსპერტიზის დასკვნის) ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებად არმიჩნევის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ხსენებული კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 4 ნოემბრის №410 კომისიის საოქმო გადაწყვეტილებით მ. დ-ის უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის (...ის ქ. №57-ის მიმდებარედ) ფლობის ფაქტის დაუდასტურებლობის საფუძვლით. კერძოდ, არ დადასტურდა, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო კაპიტალური შენობა-ნაგებობა კანონის ამოქმედებამდე. 2016 წლის 1 დეკემბრის №550 საოქმო გადაწყვეტილებებით ასევე დგინდება, რომ მ. დ-იმა განცხადებით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და კვლავ მოითხოვა 1185 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. კომისიამ უარი განაცხადა აღნიშნული საკითხის ხელახლა განხილვაზე იმ მოტივით, რომ მოთხოვნა კომისიის მიერ ერთხელ უკვე იქნა განხილული 2014 წლის 4 ნოემბერს სხდომაზე (ოქმი №410) და კომისიის მიერ მიღებული იყო საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, ვინაიდან არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე. ამდენად, განმცხადებელს, ახალი დოკუმენტაციის წარუდგენლობის მოტივით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, უარი ეთქვა საკითხის ხელახლა განხილვაზე. რაც შეეხება სადავო აქტს, მისი გამოცემის მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციულო საქმისწარმოების ფარგლებში განმცხადებელმა წარადგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 4 სექტემბრის №5004959117 ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომელთან დაკავშირებითაც ამავე აქტით განიმარტა, რომ აღნიშნული დოკუმენტით არ იქნა დადასტურებული ისეთი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომელიც განაპირობებდა დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. მიუხედავად ახალი მტკიცებულების წარდგენისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 25 აპრილის №812 განკარგულებით მ. დ-ის უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მოცემულ შემთხვევაში წარდგენილი იყო იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომლის თაობაზეც კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, კერძოდ, კომისიის 2014 წლის 4 ნოემბრის №410 და 2016 წლის 1 დეკემბრის №550 საოქმო გადაწყვეტილებები. ამდენად, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ძირითად საფუძველს წარმოადგენდა კომისიის 2014 წლის 4 ნოემბრის №410 საოქმო გადაწყვეტილება, რომელიც ეყრდნობა იმ არგუმენტს, რომ განმცხადებლის მიერ ვერ დადასტურდა უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე კაპიტალური შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე, ყოველი შემდგომი გადაწყვეტილება კი ეფუძნება კომისიის 2014 წლის 4 ნოემბრის №410 საოქმო გადაწყვეტილებაში მითითებულ არგუმენტს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების ხელახლა წარდგენის პირობებს. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.
ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლი. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, განცხადება, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საკასაციო პალატა გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს, ასევე ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დასტურდება უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის 2005 წლამდე აშენების ფაქტი და აღნიშნავს, რომ ასეთ პირობებში, წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ ქმნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ცალსახა საფუძველს და საჭიროებს სათანადო შესწავლას. ამასთან, დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ხელახლა გადაგზავნილ განცხადებას მოსარჩელემ დაურთო მტკიცებულება საექსპერტო დასკვნის სახით, რომელიც მომზადებულია ადგილზე ვიზუალური დათვალიერების, საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციის და სხვადასხვა დროს მომზადებული აერო-ფოტოგადაღებების ურთიერთშედარების მეთოდით. იმის გათვალისწინებით, რომ თავდაპირველად მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ არ დასტურდებოდა მის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ზემოაღნიშნულ მტკიცებულებას (საექსპერტო დასკვნას) შეეძლო განმცხადებლის სასარგებლოდ ახალი გარემოებების დადასტურება. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს საკუთრების უფლების აღიარების მიზნით, გამოსაკვლევი დარჩა საკითხი - წარმოადგენდა თუ არა უფლებასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობა იმ ტიპის შენობა-ნაგებობას, რომელიც სადავო პერიოდში მოქმედი ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, გახდებოდა საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი. ამასთანავე, საკითხის ხელახალი კვლევისას ადმინისტრაციულმა ორგანომ დამატებით უნდა შეაფასოს საქმის სასამართლო წარმოებისას მხარის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის 2 ივლისის №5004355421 დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №56-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას გააჩნია ბეტონის ლენტური საძირკველი (ფუნდამენტი), სიღრმით 25 სმ. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 03 აგვისტოს №244955 მიმართვის თანახმად, დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრებად აღიარებასთან დაკავშირებით მესამე პირის - ს. გ-ეის განცხადების საფუძველზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.
საკასაციო პალატა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ გასაჩივრებულ აქტში არ არის გამოკვეთილი, კონკრეტულად, რა გარემოებებს დაეყრდნო კომისია დასკვნის გაკეთების პროცესში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ დასაბუთებულა, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებული მდგომარეობა არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ. ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განხილვისას ფორმალურად მიუდგა საკითხს, რამაც განაპირობა საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილების მიღება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მათ შორის, შეაფასოს მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტის დასკვნა და დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა მიიჩნევა თუ არა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის გათვალისწინებულ შენობად.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტის მიღებისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლითა და შეფასებით წარმართვის, შედეგად კი - დასაბუთებული აქტის გამოცემის მოთხოვნები. აღნიშნული გარემოება ადასტურებს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გასაჩივრებული განკარგულების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის მართებულობას, ვინაიდან საოქმო გადაწყვეტილებაში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ ქმნის მისი კანონიერად მიჩნევის შესაძლებლობას და სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 20 აპრილის №562 ბრძანების გაუქმებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასახელებული აქტით მ. დ-ის ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული იმ საფუძვლით, რომ თავდაპირველი სადავო აქტი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 19 ნოემბრის №02-9/1268 ბრძანება, რომლითაც განხორციელდა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის ბოლოს მდებარე 1446 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაცია, მოსარჩელის წარმომადგენელს გაეგზავნა სასამართლოს მიერ და პირადად ჩაჰბარდა 2020 წლის 27 მაისს, ხოლო მ. დ-ის წარმომადგენელმა 2021 წლის 25 თებერვალს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მერიას და მოითხოვა 2015 წლის 19 ნოემბრის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს №02-9/1268 ბრძანების ბათილად ცნობა.
აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გასაჩივრების ვადა აითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან, ასევე მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებას (საქმე №ბს-236-234 (კ-16)), სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით აქტის ჩაბარება არის აქტის ძალაში შესვლისა და შესაბამისად, აქტის გასაჩივრების ვადის ათვლის პირობა. განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტის გამოცემის ძირითადი მოტივი მდგომარეობს იმაში, რომ მ. დ-ის სარჩელის საფუძველზე დაწყებული №3/5936-19 ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ წარდგენილ იქნა წერილობითი პოზიცია, რომელსაც თან ერთოდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 19 ნოემბრის №02-9/1268 ბრძანება. სწორედ აღნიშნული დოკუმენტები ჩაიბარა მხარემ 2020 წლის 27 მაისს. მ. დ-ის მიერ ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ იქნა 2021 წლის 25 თებერვალს. შესაბამისად, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანომ, ასევე საქალაქო სასამართლომ მიიჩნიეს, რომ მოსარჩელის მხრიდან გაშვებული იყო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ გარემოება არ ადასტურებს გასაჩივრებული აქტის - სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 19 ნოემბრის №02-9/1268 ბრძანების კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებას, ვინაიდან გასაჩივრების ვადის ათვლა არ ხდება მაშინაც, როცა პირისათვის აქტის შინაარსი ცნობილი გახდა არაოფიციალური წყაროდან, ასეთი ცოდნა არ ჩაითვლება აქტის ოფიციალურ გაცნობად და აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული აქტის გასაჩივრების ვადის ათვლის მომენტად. ამდენად, სადავო აქტი სააპელაციო პალატის მიერ მართებულად იქნა ცნობილი ბათილად და ქალაქ თბილისის მერიას დაევალა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა.
რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულებას - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 19 ნოემბრის №02-9/1268 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას აღნიშნული გადაწყვეტილებით დავალებული აქვს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 19 ნოემბრის №02-9/1268 ბრძანების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შემოწმება, რამდენადაც მას, როგორც ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, არსებითად არ უმსჯელია აღნიშნული აქტის კანონიერებაზე. მოცემული გარემოება კი გამორიცხავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 19 ნოემბრის №02-9/1268 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ აქტის გამოცემის დავალების შესაძლებლობას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე