დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-182(კ-23) 6 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
კასატორები - ი.კ-ა, ნ.შ-ა, ბ.ს-ა, ბ.ნ-ა, ე.ბ-ა, მ.მ-ა, მ.ფ-ა, ნ.ტ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები - ს.ო-ა, ლ.უ-ი, ი.ქ-ა, ზ.ნ-ა, ი.კ-ი, ე.ც-ა, ბ.კ-ი, ე.ო-ა, მ.გ-ა, ი.ც-ა, ბ.შ-ა, გ.წ-ა, ბ.ხ-ა, კ.ტ-ა, შ.კ-ა, ლ.ჯ-ა
მოპასუხე - ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 4 მარტს, ს.ო-ამ, ლ.უ-მა, ი.ქ-ამ, ზ.ნ-ამ, ი.კ-მა, ე.ც-ამ, ბ.კ-მა, ე.ო-ამ, მ.გ-ამ, ი.ც-ამ, ბ.შ-ამ, გ.წ-ამ, ბ.ხ-ამ, კ.ტ-ამ, შ.კ-ამ, ლ.ჯ-ამ სარჩელით მიმართეს ...ის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ. მესამე პირებად კი განისაზღვრნენ - ი.კ-ა, ნ.შ-ა, ბ.ს-ა, ბ.ნ-ა, ე.ბ-ა, მ.მ-ა, მ.ფ-ა და ნ.ტ-ა.
მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის 3 დეკემბერს, ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აირჩია სამანდატო კომისია მ.გ-ას, შ.კ-ას და ე.ო-ას შემადგენლობით, ხმის დამთვლელი კომისია ი.ქ-ას, ლ.ჯ-ას და ი.ც-ას შემადგენლობით. ამასთან, ამავე სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საკრებულოს 33 წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ. 2022 წლის 9 თებერვლის სხდომაზე კი, რომელზე რეგისტრაციაც გაიარა საკრებულოდ 16-მა წევრმა (თუმცა, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იმისთვის რომ საკრებულოს სხდომა ყოფილიყო უფლებამოსილი საჭირო იყო მინიმუმ 17 წევრის დასწრება), შეცვალეს დღის წესრიგი და ახალი დღის წესრიგით განსაზღვრეს სამანდატო და ხმის დამთვლელი დროებითი კომისიების უფლებამოსილებების შეწყვეტა და შემდგომ მათი არჩევა, ასევე ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის - ნ.შ-ას უფლებამოსილების ცნობა.
მოსარჩელემ დამატებით აღნიშნა, რომ საკრებულოს 2022 წლის 9 თებერვლის სხდომის დაწყებამდე არ მომხდარა საკრებულოს წევრების გაფრთხილება დღის წესრიგში ცვლილების შეტანის თაობაზე. ამასთან, სხდომაზე საკრებულოს არაუფლებამოსილი შემადგენლობის მიერ, რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა გვერდის ავლით, ზემოაღნიშნული კომისიების წევრებს უკანონოდ შეუწყდათ უფლებამოსილება და არჩეულ იქნენ ახალი წევრები. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ არაუფლებამოსილმა საკრებულომ კანონის დარღვევით, იმავე სხდომაზევე ცნო ნ.შ-ას, როგორც საკრებულოს გამოკლებული წევრის უფლებამონაცვლის უფლებამოსილება, რითაც შექმნა უმრავლესობა, შემდგომში კვლავ უკანონო გადაწყვეტილებების მისაღებად.
მოსარჩელემ ...ის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს 2022 წლის 9 თებერვლის №1 სხდომაზე სამანდატო დროებითი კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, სამანდატო დროებითი კომისიის არჩევის შესახებ, ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევის შესახებ და ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ნ.შ-ას უფლებამოსილების ცნობად მიღების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების, ასევე ...ის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის №1 სხდომაზე ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ საკრებულოს წევრის ი.კ-ას არჩევის შესახებ, ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 12 ნოემბრის №38 განკარგულების მე-2 და მე-5 მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ...ის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის განჩინებით სარჩელის აღძვრამდე დაკმაყოფილდა ს.ო-ას, ლ.უ-ის, ი.ქ-ას, ზ.ნ-ას, ი.კ-ის, ე.ც-ას, ბ.კ-ის, ე.ო-ას, მ.გ-ას, ი.ც-ას, ბ.შ-ას, გ.წ-ას, ბ.ხ-ას, კ.ტ-ას, შ.კ-ას და ლ.ჯ-ას განცხადება. შეჩერდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, 2022 წლის 9 თებერვალს ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული შემდეგი გადაწყვეტილებები: 1. სამანდატო დროებითი კომისიის (ბ.ს-ა, ბ.ნ-ა, ე.ბ-ა) არჩევის შესახებ; 2. ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის (მ.მ-ა, მ.ფ-ა, ნ.ტ-ა) არჩევის შესახებ; 3. ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ნ.შ-ას უფლებამოსილების ცნობად მიღების შესახებ.
...ის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 მარტის განჩინებით ს.ო-ას, ლ.უ-ის, ი.ქ-ას, ზ.ნ-ას, ი.კ-ის, ე.ც-ას, ბ.კ-ის, ე.ო-ას, მ.გ-ას, ი.ც-ას, ბ.შ-ას, გ.წ-ას, ბ.ხ-ას, კ.ტ-ას, შ.კ-ას, ლ.ჯ-ას შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა. შეჩერდა ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით ფარული კენჭისყრის საფუძველზე ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ საკრებულოს წევრის ი.კ-ას არჩევის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება, მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.
...ის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეების ს.ო-ას, ლ.უ-ის, ი.ქ-ას, ზ.ნ-ას, ი.კ-ის, ე.ც-ას, ბ.კ-ის, ე.ო-ას, მ.გ-ას, ი.ც-ას, ბ.შ-ას, გ.წ-ას, ბ.ხ-ას, კ.ტ-ას, შ.კ-ასა და ლ.ჯ-ას გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ...ის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს 2022 წლის 9 თებერვლის და 2022 წლის 23 თებერვლის №1 სხდომებზე მიღებული - 1.1. სამანდატო დროებითი კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ; 1.2. სამანდატო დროებითი კომისიის არჩევის შესახებ; 1.3. ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ; 1.4. ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევის შესახებ; 1.5. ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ნ.შ-ას უფლებამოსილების ცნობად მიღების შესახებ; 1.6. ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 12 ნოემბრის №38 განკარგულების მე-2 და მე-5 მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ და 1.7. ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ი.კ-ას არჩევის შესახებ გადაწყვეტილებები.
...ის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი.კ-ამ, ნ.შ-ამ, ბ.ს-ამ, ბ.ნ-ამ, ე.ბ-ამ, მ.მ-ამ, მ.ფ-ამ, ნ.ტ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ი.კ-ას, ნ.შ-ას, ბ.ს-ას, ბ.ნ-ას, ე.ბ-ას, მ.მ-ას, მ.ფ-ას, ნ.ტ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ...ის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 3 დეკემბერს, სრული შემადგენლობით შეიკრიბა ...ის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა და საკრებულოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები სამანდატო დროებითი კომისიისა და ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევის შესახებ, ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 33 წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ, თუმცა დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი იმავე სხდომაზე არ ამოწურულა და შესაბამისად, ...ის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 2021 წლის 3 დეკემბერს არ დასრულებულა. პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2022 წლის 9 თებერვალს დანიშნულ ...ის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს №1 სხდომაზე საკრებულოს 33 წევრიდან, რეგისტრაცია გაიარა საკრებულოს მხოლოდ 16-მა წევრმა, რაც არ იყო საკმარისი კვორუმის შესაქმნელად.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 17 დეკემბერს, ...ის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდა პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს, ი.ა-ს, ხოლო 2021 წლის 23 დეკემბერს იგივე საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით, უფლებამოსილებაშეწყვეტილი საკრებულოს წევრის ადგილმონაცვლედ მიჩნეულ იქნა, იმავე პარტიულ სიაში რიგით მომდევნო კანდიდატი ნ.შ-ა. ამდენად, 2022 წლის 23 თებერვლის ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამსწრე მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით არჩეული საკრებულოს წევრებიდან საკრებულოს 16 წევრის უფლებამოსილება ცნობილი იყო 2021 წლის 3 დეკემბრის საკრებულოს სხდომაზე, ხოლო მეჩვიდმეტე საკრებულოს წევრი იყო უფლებამოსილებაშეწყვეტილი საკრებულოს წევრის ადგილმონაცვლე ნ.შ-ა, რომლის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2022 წლის 9 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც კვორუმის არარსებობის გამო, არ გააჩნდა გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2022 წლის 9 თებერვლის სხდომა არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილებები, თუმცა მიუხედავად კანონის იმპერატიული მოთხოვნისა საკრებულომ, 16 წევრის შემადგენლობით მაინც ჩაატარა სხდომა და მიიღო გადაწყვეტილებები, რითაც დარღვეული იქნა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 26-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საკრებულოს დებულების მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნები. გარდა ამისა, პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან 2022 წლის 9 თებერვლის საკრებულოს სხდომას კვორუმის არარსებობის გამო არ გააჩნდა გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ნ.შ-ას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ გადაწყვეტილება იყო უკანონო, შედეგობრივად კი ეს უკანასკნელი 2022 წლის 23 თებერვლის სხდომაზე არ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვალსაც არ გააჩნდა საკმარისი კვორუმი, რაც უფლებამოსილს გახდიდა ჩაეტარებინა სხდომა და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილებები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი.კ-ამ, ნ.შ-ამ, ბ.ს-ამ, ბ.ნ-ამ, ე.ბ-ამ, მ.მ-ამ, მ.ფ-ამ, ნ.ტ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები მიიჩნევენ, რომ ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა არ შეაფასეს იყო თუ არა 2022 წლის 9 თებერვლის და 23 თებერვლის სხდომები პირველი სხდომის გაგრძელება და ამ შემთხვევაში არსებობდა თუ არა კვორუმის ხელახალი შემოწმების აუცილებლობა, ასევე თუ რა რაოდენობის ხმები იყო საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კასატორებმა მიუთითეს ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოდ 2014 წლის №17 დადგენილების 43-ე მუხლზე, რომლის თანახმად საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა დასრულებული არ არის და საკრებულოს წევრების ყველა შეკრება არის მისი გაგრძელება. კასატორები აღნიშნავენ, რომ განსახილველ შემთხვევაში, საკრებულოს პირველი სხდომა არ იყო დასრულებული, რასაც ადასტურებდა საკრებულოს აპარატის უფროსი და სხდომის ოქმი, რომელიც იყო ღია, არ იყო ხელმოწერილი. ხოლო სხდომის მიმდინარეობისას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-4 პუნქტი, ითვალისწინებდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღების შესაძლებლობას საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთან ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ისა, რაც განსახილველ შემთხვევაში, კასატორების მითითებით, 11 ხმას წარმოადგენდა.
ამასთან, კასატორებმა აღნიშნეს, რომ ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პოლიტიკურ ძალებს შორის მანდატების განაწილების გათვალისწინებით, ნ.შ-ას უფლებამონაცვლეობის საკითხი, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ჯერ კიდევ 2021 წლის 23 დეკემბერს იყო გადაწყვეტილი. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 154-ე მუხლი იმპერატიულად ითვალისწინებდა პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ადგილის 2 კვირის ვადაში ადგილმონაცვლისთვის გადაცემას. ამდენად, კასატორები აღნიშნავენ, რომ საკრებულომ კანონშესაბამისად ცნო ნ.შ-ას უფლებამოსილება, შესაბამისად საკრებულოს მიერ მიღებული ვერცერთი გადაწყვეტილება, მათ შორის ი.კ-ას საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევა ვერ იქნება მიჩნეული არალეგიტიმურად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი.კ-ას, ნ.შ-ას, ბ.ს-ას, ბ.ნ-ას, ე.ბ-ას, მ.მ-ას, მ.ფ-ასა და ნ.ტ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.კ-ას, ნ.შ-ას, ბ.ს-ას, ბ.ნ-ას, ე.ბ-ას, მ.მ-ას, მ.ფ-ასა და ნ.ტ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს ...ის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს 2022 წლის 9 თებერვლის და 23 თებერვლის სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მეშვეობით. საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლი კი განსაზღვრავს, რომ თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი უფლებამოსილებები, რომლებსაც იგი ახორციელებს დამოუკიდებლად და თავისი პასუხისმგებლობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და რომლებიც სრული და ექსკლუზიურია და ასევე აქვთ საკანონმდებლო აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებამოსილებები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება ორგანული კანონით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ხოლო, ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო − მუნიციპალიტეტის საკრებულო. აღნიშული კოდექსის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის განსაზღვრავს, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის დანართი №1-ით განსაზღვრულ თვითმმართველი თემებისა და თვითმმართველი ქალაქების (გარდა ქალაქ თბილისისა) საკრებულოების მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემებით არჩეულ შემადგენლობებზე, რომლითაც ...ის მუნიციპალიტეტის საარჩევნო ოლქში გათვალისწინებულია 33 მანდატი, საიდანაც 11 არის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული, ხოლო 22 პროპორციული საარჩევნო სისტემით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 16 მანდატი მოიპოვა მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „...“, 13 მანდატი - მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „...“, ხოლო 4 მანდატი-მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ ...“.
ასევე დადგენილია, რომ ...ის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიხსნა 2021 წლის 3 დეკემბერს და სხდომაზე არჩეულ იქნა სამანდატო კომისია მ.გ-ას, შ.კ-ას, ე.ო-ას შემადგენლობით, არჩეულ იქნა ხმის დამთვლელი დროებითი კომისია ი.ქ-ას, ლ.ჯ-ას, ი.ც-ას შემადგენლობით და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 33 წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ.
დადგენილია, რომ 2021 წლის 17 დეკემბერს, ...ის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდა პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს, ი.ა-ს. ხოლო, 2021 წლის 23 დეკემბერს ...ის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით, მის ადგილმონაცვლედ მიჩნეულ იქნა, იმავე პარტიულ სიაში რიგით მომდევნო კანდიდატი ნ.შ-ა.
საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2022 წლის 9 თებერვალს, ...ის საკრებულოში გამართულ სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა საკრებულოს 16-მა წევრმა და აღნიშნულ სხდომას დამატებით ესწრებოდა ნ.შ-ა. დასახელებულ სხდომაზე საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება სამანდატო დროებითი კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, სამანდატო დროებითი კომისიის არჩევის შესახებ, ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევის შესახებ, ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ნ.შ-ას უფლებამოსილების ცნობად მიღების შესახებ. აღნიშნულის შემდგომ, 2022 წლის 23 თებერვალს შედგა ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდა საკრებულოს 17 წევრი, მათ შორის ნ.შ-ა და მათ შორის მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ - ი.კ-ას არჩევის შესახებ და გადაწყვეტილება ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 12 ნოემბრის №38 განკარგულების მე-2 და მე-5 მუხლებში ცვლილების შეტანის შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 26-ე მუხლის მე-5 ნაწილი იმპერატიულად ადგენს საკრებულოს სხდომის უფლებამოსილად მიჩნევისთვის, მისი სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის დასწრების აუცილებლობას. ამდენად, ...ის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ვინაიდან მის შემადგენლობაში გათვალისწინებულია 33 წევრი, ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის, საჭიროა, რომ სხდომას ესწრებოდეს საკრებულოს სულ მცირე 17 წევრი. განსახილველ შემთხვევაში კი, საკრებულოს 2022 წლის 9 თებერვლის სხდომას ესწრებოდა საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარი - 16 წევრი, რაც ზემოაღნიშნული დანაწესის შესაბამისად, გულისხმობს რომ საკრებულოს აღნიშნული სხდომა არაუფლებამოსილი იყო, შესაბამისად მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო კანონშეუსაბამო.
საკრებულოს 2022 წლის 9 თებერვლის სხდომაზე ცნობილ იქნა ნ.შ-ას უფლებამოსილება. საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის სხდომაზე მართალია რეგისტრირებული იყო საკრებულოს 17 წევრი, თუმცა ვინაიდან ერთ-ერთი მათგანი იყო ნ.შ-ა და იგი არ წარმოადგენდა საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის სხდომაზე მონაწილეობის უფლებამოსილების მქონე საკრებულოს წევრს, შედეგობრივად, აღნიშნულ სხდომაზეც მონაწილეობდა უფლებამოსილების მქონე, საკრებულოს 16 წევრი, რომელთა რაოდენობა კვლავ არ ქმნიდა იმ კვორუმს, რომელიც საჭირო იყო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 26-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის, რის გამოც საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებებიც კანონშეუსაბამოდ უნდა იქნეს მიჩნეული.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მსჯელობას, საკრებულოს სადავო გადაწყვეტილებების კანონშეუსაბამობისა და მათი ბათილად ცნობის თაობაზე.
რაც შეეხება კასატორების მითითებას საკრებულოს წევრების მიერ მიზანმიმართულად საკრებულოს საქმიანობის შეფერხების და სხდომებზე დასწრებისთვის თავის არიდების თაობაზე, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ითვალისწინებს აღნიშნული მოქმედებებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესაძლებლობას და საკრებულოს წევრის ან წევრთა გარკვეული რაოდენობის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების შეუსრულებლობაზე მითითება, მისი დადასტურების შემთხვევაშიც კი, ვერ იქნება საკრებულოს მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაწესების დარღვევით მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერად მიჩნევის არგუმენტად და მის წინაპირობად.
ამასთან, საკასაციო საჩივრის ავტორები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 61-ე მუხლის მე-4 პუნქტზე მითითებით, მიიჩნევენ რომ ვინაიდან 2022 წლის 9 თებერვლის და 2022 წლის 23 თებერვლის სხდომები წარმოადგენდა საკრებულოს პირველი სხდომის გაგრძელებას საკრებულო უფლებამოსილი იყო გადაწყვეტილება მიეღო დამსწრეთა უმრავლესობით, თუმცა არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ისა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ხმათა რაოდენობა მიემართება საკრებულოს უფლებამოსილი სხდომის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებს, თუმცა თავად საკრებულოს სხდომის მიერ უფლებამოსილების მოპოვება დაკავშირებულია დასახელებული კოდექსის 26-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ წინაპირობაზე (საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის დასწრება), რომელიც განსახილველ შემთხვევაში გამართულ სადავო სხდომებზე არ იყო დაკმაყოფილებული.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ი.კ-ას, ნ.შ-ას, ბ.ს-ას, ბ.ნ-ას, ე.ბ-ას, მ.მ-ას, მ.ფ-ას და ნ.ტ-ას საკასაციო საჩივარზე ე.ბ-ას (პ/ნ...) 15.02.2023წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ე.ბ-ას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.კ-ას, ნ.შ-ას, ბ.ს-ას, ბ.ნ-ას, ე.ბ-ას, მ.მ-ას, მ.ფ-ას და ნ.ტ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინება;
3. ე.ბ-ას (პ/ნ...) დაუბრუნდეს ი.კ-ას, ნ.შ-ას, ბ.ს-ას, ბ.ნ-ას, ე.ბ-ას, მ.მ-ას, მ.ფ-ას და ნ.ტ-ას საკასაციო საჩივარზე 15.02.2023წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე