დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე Nბს-695(კ-24) 24 ოქტომბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ.მ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2022 წლის 5 ოქტომბერს მ.მ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა მ.მ-ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - საყვედურის შეფარდების თაობაზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 12 სექტემბრის №ბ44.442225536 ბრძანების ბათილად ცნობა. მოსარჩელის განმარტებით, არ არსებობდა მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებისა და სახდელის შეფარდების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. დისციპლინური დევნა განხორციელდა დისკრიმინაციული საფუძვლით, გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობაში ხელის შეშლის მიზნით.
2022 წლის 21 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას კვლავ მიმართა სარჩელით მ.მ-ემ მოპასუხე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ...ის საქმეთა სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ...ის ხელმძღვანელის სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 4 ნოემბრის №ბ 2 44.442230810 ბრძანების ბათილად ცნობა, ზემოაღნიშნულ თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი ერთხელ უკვე გაათავისუფლეს სამსახურიდან, თუმცა სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით 2020 წლის 20 თებერვლიდან იგი აღდგა თანამდებობაზე და განაგრძო საქმიანობა. აღდგენისთანავე მ.მ-ის მიმართ ხორციელდებოდა ღია და ფარული შევიწროვება. ზემდგომი თანამდებობის პირები სისტემატურად არღვევდნენ სუბორდინაციას და მოსარჩელის ნაცვლად საკითხებს გადიოდნენ განყოფილების სპეციალისტებთან, რის შესახებაც მ.მ-ე თანამშრომლებისგან იღებდა ინფორმაციას. ამასთანავე, მ.მ-ეს ხელს უშლიდნენ სამსახურეობრივი უფლებამოსილებების განხორციელებაში. ქალაქის ...ის დოკუმენტის შემუშავებისას, ის არ შეიყვანეს სამუშაო ჯგუფში, რაც თანამდებობრივად ეკუთვნოდა. ამის შესახებ რამდენჯერმე სიტყვიერად მიმართა როგორც დ.ე-ის - მერის ...ეს, რომელიც კურირებდა ...ის საქმეთა განყოფილებას, შემდგომ კი სამსახურს, ასევე ქალაქის მერს. მოსარჩელის განმარტებით, მას სამსახურის უფროსი პ.დ-ე დისკრიმინაციულად ექცეოდა და მოცულობითი დავალებების შესასრულებლად აძლევდა არაგონივრულ ვადას. ღონისძიებების ჩატარებისას ქალაქის მერი კატეგორიულად უკრძალავდა ღონისძიებებში ქუთაისის ჯგუფების მოწვევას და ეუბნებოდა, რომ არ გადაუხდიდა მათ ჰონორარს; არც „...ის“ ჩატარებისას გამოაყენებინა ბიუჯეტით პროგრამულად გათვალისწინებული თანხები და ყველა ღონისძიება უფასოდ, საკუთარი რესურსებით ჩაატარა. ზემოაღნიშნული ქმედებები ემსახურებოდა მხოლოდ მოსარჩელის დისკრედიტაციას, იმის დადასტურებას, რომ იგი თითქოსდა ვერ ართმევდა თავს უფლებამოსილებების განხორციელებას.
მოსარჩელის მოსაზრებით, სამსახურის რეორგანიზაციის შემდეგ, როდესაც განყოფილება იმავე სახელწოდების სამსახურად გადაკეთდა, 2022 წლის მაისის ბოლოს, კონკურსის წესით სამსახურის უფროსის დანიშვნამდე, მოსარჩელეს უნდა დაკისრებოდა სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება, რაც არ მოხდა. ქალაქის მერმა გამოსცა სამართლებრივად დაუსაბუთებელი ბრძანება, რომლითაც სამივე განყოფილების უფროსს დააკისრა მიღება-ჩაბარების, შედარების აქტებსა და გასულ კორესპონდენციაზე ხელმოწერის უფლება. რეორგანიზებულ სამსახურში დებულებით გათვალისწინებული იყო სამსახურის უფროსის მოადგილეები, მაგრამ საშტატო ნუსხაში მერმა სპეციალურად არ დაუშვა ეს შტატი მ.მ-ის გამო. აღსანიშნავია, რომ მერიის ყველა სამსახურს ჰყავს მოადგილე, ...ის საქმეთა სამსახურის გარდა. მოსარჩელემ მერთან შეხვედრისას განმარტა, რომ სურდა დანიშვნა სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, ასევე მზადყოფნას გამოთქვამდა დანიშნულიყო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, რაზეც განემარტა, რომ შეეძლო კონკურსში მონაწილეობის მიღება. მოსარჩელის მტკიცებით, სამსახურში აღდგენის დღიდან მერიის უმაღლესი თანამდებობის პირები - მერი და მისი მოადგილეები მიზანმიმართულად ახორციელებდნენ მის დევნას, შევიწროებას, დისკრიმინაციას, ბულინგს, ხელს უშლიდნენ სამსახურეობრივი უფლებამოსილებების განხორციელებაში, რაც დასრულდა მისი სამსახურიდან გათავისუფლებით, შვებულების პერიოდში სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარის გამო. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა, რომ კომენტარის გაკეთებისას მ.მ-ეს შეჩერებული ჰქონდა შრომითი ურთიერთობა და წარმოადგენდა რიგით მოქალაქეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 თებერვლის საოქმო განჩინებით, ქალაქ ქუთაისის მერიის წარმომადგენლის შუამდგომლობა ადმინისტრაციული საქმეების გაერთიანების შესახებ დაკმაყოფილდა და ზემოაღნიშნული ორი სარჩელი გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი მ.მ-ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - საყვედურის შეფარდების თაობაზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 12 სექტემბრის №ბ44.442225536 ბრძანება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ.მ-ე ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობდა ...ის საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილედ 2015 წლიდან 2018 წლის 3 იანვრამდე. რეორგანიზაციის საფუძვლით მ.მ-ე გათავისუფლდა სამსახურიდან. სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი 2020 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.მ-ის სამსახურიდან გათავისუფლება არამართლზომიერად იქნა ცნობილი, რის შედეგად მოსარჩელე აღდგენილ იქნა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ...ის ...ის საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელად, ხოლო მორიგი რეორგანიზაციის შემდეგ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 27 მაისის Nბ44.442214760 ბრძანების თანახმად, მ.მ-ე მობილობის წესით გადაყვანილ იქნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ...ის საქმეთა სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ...ის ხელმძღვანელად 2022 წლის 28 მაისიდან. ...ში რეორგანიზაციის შემდეგ ჩამოყალიბდა შემდეგი საშტატო ნუსხა: მ.მ-ე - განყოფილების ხელმძღვანელი და ორი თანამშრომელი - ს.ფ-ე და თ.ჭ-ი.
საჯარო სკოლების VIII-IX-X კლასების სოციალურად დაუცველ და წარმატებულ მოსწავლეთათვის შავიზღვისპირეთის კურორტზე საზაფხულო ბანაკის მოწყობის მიზნით გამოცხადდა ტენდერი. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 20 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული დებულების მიხედვით, ბანაკის ორგანიზატორი იყო ...; ბანაკში ყოველდღიური საცხოვრებელი პირობების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას, კვების მენიუს ასევე პროდუქტების ვარგისიანობას და ხარისხს ზედამხედველობას უწევდა განყოფილების ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც ბანაკის მსვლელობის დროს იმყოფებოდა ბანაკში. ტენდერში გამარჯვებულთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ბანაკი ორ ნაკადად უნდა გამგზავრებულიყო: პირველი ნაკადი გაემგზავრებოდა 1 აგვისტოს და დაბრუნდებოდა 6 აგვისტოს, ხოლო მეორე ნაკადი გაემგზავრებოდა 6 აგვისტოს და დაბრუნდებოდა 11 აგვისტოს. საქმის მასალების თანახმად, პირველ ნაკადს უნდა გაჰყოლოდა - თანამშრომელი თ.ჭ-ი, ხოლო მეორე ნაკადს - ს.ფ-ე, რის გამო შედგა შესაბამისი საშვებულებო განრიგი: თ.ჭ-ი გადიოდა შვებულებაში 8 აგვისტოდან 19 აგვისტომდე, ხოლო ს.ფ-ე - 2 სექტემბრიდან 9 სექტემბრამდე პერიოდში. მ.მ-ე შვებულებაში იმყოფებოდა 1-დან 5 აგვისტომდე პერიოდში, ხოლო 6 და 7 აგვისტო იყო შაბათ-კვირა. ტენდერში გამარჯვებულმა ვერ უზრუნველყო ბანაკის მიღება 1 აგვისტოს და ბავშვების მიღება შეძლო მხოლოდ 5 აგვისტოდან. შესაბამისად, პირველი ნაკადი გაემგზავრებოდა 5 აგვისტოს (10 აგვისტომდე), ხოლო მეორე ნაკადი -10 აგვისტოს (15 აგვისტომდე).
განყოფილების თანამშრომელმა თ.ჭ-მა 1 აგვისტოს დაწერა განცხადება შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით 10 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდზე, რაც დაკმაყოფილდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 1.08.2022წ. ბრძანებით, რის შესახებაც არ იყო ინფორმირებული მ.მ-ე. მ.მ-ე 5 აგვისტოს დაბრუნდა შვეულებიდან და იმავე დღეს გააცილა ქუთაისის მერთან ერთად ...ში ბანაკის პირველი ნაკადი. ბანაკის მეორე ნაკადს 10 აგვისტოს გაჰყვა განყოფილების წარმომადგენელი ს.ფ-ე, რომლის განმარტებით, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან დ.ე-სთან შეთანხმებული იყო, რომ იგი 11 აგვისტოს უნდა დაბრუნებულიყო ქუთაისში ოჯახური პირობების გამო.
მ.მ-ის მიმართ, დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩადენის ფაქტზე ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 12 აგვისტოს ბრძანებით შეიქმნა დისციპლინური წარმოების კომისია. დისციპლინური წარმოების დაწყებას საფუძვლად დაედო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 12 იანვრის ბრძანებით შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის 2022 წლის 11 აგვისტოს ოქმი, რომლის თანახმად, შემოწმებით დადგინა, რომ ბანაკის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა ...ის თანამშრომელი, შესაბამისად დაირღვა ბანაკის დებულების მე-10 მუხლი. აღნიშნულ ფაქტთან მიმართებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ...ის საქმეთა სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის, ...ის საქმეთა განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ლ.ხ-ის მიერ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან დ.ე-სთან 2022 წლის 12 აგვისტოს წარდგენილი იქნა მოხსენებითი ბარათი. 2022 წლის 12 აგვისტოს მ.მ-ეს ეცნობა მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ. ამავე დღეს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის დ.ე-ის ბრძანებით მ.მ-ეს შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება დისციპლინური წარმოების დასრულებამდე.
დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2022 წლის 8 სექტემბრის დასკვნით დადგინდა მ.მ-ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 72-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 20 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული „დებულების“ მე-10 მუხლის დარღვევა. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვრა საყვედური. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 12 სექტემბრის Nბ.44.442225536 ბრძანებით მ.მ-ის მიმართ, მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის - „სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობისათვის“ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2022 წლის 5 ოქტომბერს 18:17 საათზე საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „...ის“ ...ის ი.კ-ის ფეისბუქ (facebook) გვერდზე გამოქვეყნდა მ.მ-ის კომენტარი: „ქართველი ხალხის უდიდესი გამარჯვების დღე! 10 წლის შემდეგ კი ისევ შემომძვრალი ნაძირალები თანამდებობებზე! რატომ ყავს ყველა ქალაქს მერი და ქუთაისს ნეხვი! გაიტანეთ ...-... ქუთაისის მერიიდან!“. იმავე დღეს 19:14 საათზე მითითებულ კომენტარში სიტყვა „ნეხვი“ შეიცვალა „ნესვით“, ხოლო მოგვიანებით კომენტარი წაიშალა.
მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით 2022 წლის 7 ოქტომბერს ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის Nბ44.442228012 ბრძანებით შეიქმნა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია, რომელსაც დაევალა დისციპლინური წარმოების განხორციელება მ.მ-ის მიმართ, დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩადენის ფაქტზე. დისციპლინური წარმოების დაწყებას საფუძვლად დაედო ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, ...ის ხელმძღვანელის პ.დ-ის 2022 წლის 6 ოქტომბრის N01-4422279394 მოხსენებითი ბარათი. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის დ.ე-ის 2022 წლის 4 ნოემბრის №ბ 2 44.442230810 ბრძანებით მ.მ-ის მიმართ, მის მიერ ჩადენილი მძიმე დისციპლინური გადაცდომისათვის - „ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ“, - გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „სამსახურიდან გათავისუფლება“ და მ.მ-ე გათავისუფლდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ...ისა და ...ის საქმეთა სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ...ის ხელმძღვანელის თანამდებობიდან 2022 წლის 4 ნოემბრიდან.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 31.1, მე-12, 25-ე, 26-ე მუხლებზე, მე-4 მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, შესაბამისად, საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
სასამართლომ მიუთითა აგრეთვე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, 23-ე მუხლის პირველ პუნქტზე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლზე, ევროპის სოციალური ქარტიის პირველ, მე-4, 24-ე მუხლებზე. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა შრომის უფლების დაცვის, მოხელის სამსახურიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლების დაუშვებლობის საკითხებზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა მ.მ-ის ბრალი: განზრახვა ან გაუფრთხილებლობა, ბანაკის მეორე ნაკადში განყოფილების თანამშრომლის არყოფნასთან დაკავშირებით. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებმა, მ.მ-ის შვებულებაში ყოფნის პერიოდში, ისე მიიღეს გადაწყვეტილება თ.ჭ-ის და ს.ფ-ის განთავისუფლების თაობაზე, რომ არ გადაწყვიტეს საზაფხულო ბანაკის ინსპექტირებაზე უფლებამოსილი პირის საკითხი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ინსპექტირებაზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილ თანამდებობის პირს, რომელიც მუნიციპალიტეტის დებულებით აღჭურვილი იყო უფლებით გამოეცა ადმინისტრაციული აქტი, მათ შორის მ.მ-ის მივლინების თაობაზე. მ.მ-ე არ იყო უფლებამოსილი თავად გამოეცა აქტი მივლინების შესახებ. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან არ იკვეთებოდა მ.მ-ის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა, არ არსებობდა მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.
რაც შეეხება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარის გათვალისწინებით მ.მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 4 ნოემბრის ბ44.442230810 ბრძანებას, სასამართლომ მიუთითა, რომ დადგენას საჭიროებდა მოსარჩელის მიერ გაკეთებული კომენტარის საჯარო მოხელის ქცევის ზოგად სტანდარტში მოქცევის, მისი არაეთიკურ ქცევად მიჩნევის და შესაბამისად, არსებობდა მძიმე გადაცდომის ჩადენის საფუძვლით მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობა.
სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 55-ე მუხლზე, 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, მე-3 პუნქტზე, ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის 132 მუხლის პირველ, მე-6 პუნქტებზე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-11 მუხლის მე-3, მე-5 პუნქტებზე, მე-20 მუხლის პირველ, მე-2 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „...ის“ ...ის ფეისბუქ (facebook) გვერდზე გაკეთებული ჩანაწერის, როგორც პირვანდელი ისე ჩასწორებული ვერსია, თავისი შინაარსით, შეიცავდა ერთმნიშვნელოვნად შეურაცხმყოფელ კომენტარს, რომელიც არ უწყობდა ხელს საჯარო სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდას და მიმართული იყო, როგორც საჯარო მოხელის, ისე საჯარო დაწესებულების რეპუტაციის დაზიანებისაკენ. მ.მ-ის ზემოაღნიშნული ქმედება სასამართლოს მიერ შეფასდა საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დარღვევად და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე უნდა დაკვალიფიცირდა, როგორც მძიმე გადაცდომა.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება შვებულებაში ყოფნის დროს მის მიმართ საჯარო მოხელისათვის დაწესებული ქცევის სტანდარტის გავრცელების შეზღუდვის შესახებ, იმ დასაბუთებით, რომ განვითარებულ საზოგადოებაში აღიარებული ქცევის ზოგადი სტანდარტის მიღმა, რომელიც უპირობოდ მოითხოვს საზოგადოების წევრებისგან კომუნიკაციას ზრდილობის ფარგლებში, სხვისი პატივისა და ღირსების შელახვის გარეშე განხორციელებას, კანონმდებელი საჯარო მოხელეს ნორმატიულად უდგენს ქცევის მაღალ სტანდარტს. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების“ დაცვის ვალდებულება საჯარო მოხელეს წარმოეშობა საჯარო სამსახურში დასაქმებისთანავე და უნარჩუნდაბა სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების დროსაც. საჯარო მოხელის მიმართ ეთიკისა და ქცევის მაღალი სტანდარტის დაწესება უკავშირდება, როგორც მიუკერძოებელი, ობიექტური და კოლეგიალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას, ასევე საჯარო სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდას, შესაბამისად, როგორც საჯარო სამსახურში არ ყოფნის დროს, ისე სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების დროსაც, მოხელეს უნარჩუნდება ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დაცვის ვალდებულება. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.მ-ის სამსახურიდან გათავისუფლება იყო კანონშესაბამისი. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, აღარ არსებობდა სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძვლები.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.მ-ემ. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით მ.მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ბოლო წინანდადება) და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მ.მ-ის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ.მ-ის სარჩელი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 4 ნოემბრის №ბ44.442230810 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მ.მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 4 ნოემბრის №ბ44.442230810 ბრძანება და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, მ.მ-ის მიმართ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 7 ოქტომბრის №ბ44.442228012 ბრძანებით დაწყებული დისციპლინური საქმის წარმოების ფარგლებში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-2, მე-3 პუნქტებზე, მე-10 მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633, 3635 მუხლებზე, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლზე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლზე, დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებებზე და აღნიშნა, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სქემაში არსებით მნიშვნელობას იძენს, არსებითად თანასწორ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობის (ან პირიქით, განსხვავებულ პირთა მიმართ ერთგვაროვანი მოპყრობა, რისი კვლევის საჭიროებაც, განსახილველ შემთხვევაში, დღის წესრიგში არ დგას) იდენტიფიცირება, რამეთუ სწორედ ერთგვაროვან ვითარებაში მყოფ პირთა მიმართ დიფერენციაციის გამოვლენის შემდგომ ხდება შესაძლებელი მოპყრობის სულისკვეთების ამოკითხვა, კერძოდ, განსაზღვრა იმისა, დიფერენცირებული მიდგომა იყო თვითმიზნური, დისკრიმინაციული, თუ ობიექტური მიზეზებით განპირობებული.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციად ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიერ მის საქმიანობაში მიზანმიმართულად ხელშეშლას და უპატივცემულო დამოკიდებულებას მიიჩნევს, რაც ასევე გამოვლინდა მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის უკანონოდ შეფარდებაში. დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშანს მოსარჩელე ვერ ასახელებს. პალატა არ დაეთანხმა მ.მ-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ მოსაზრებას, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ვერ დასახელდა იმ პირთა წრე, ვისთან შედარებითაც განსხვავებული მოპყრობა განხორციელდა. განსხვავებული მოპყრობის დასადასტურებლად მხოლოდ იმ არგუმენტის მოშველიება, რომ მხარის მიმართ წარმოებული დისციპლინური წარმოება უკანონო აღმოჩნდა ან რომ დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძველი გახდა მერიის თანამდებობის პირების მიმართ მოსარჩელის კრიტიკული დამოკიდებულება, სასამართლოს მიერ დისკრიმინაციული მოპყრობის დამადასტურებელ არგუმენტად არ იქნა მიჩნეული, მით უფრო იმის მხედველობაში მიღებით, რომ მ.მ-ე თავს მიაკუთვნებს იმ პოლიტიკურ სუბიექტს, რომელსაც განეკუთვნებიან მუნიციპალიტეტის შესაბამისი თანამდებობის პირები. მეტიც, კომენტარი, რომელსაც დისციპლინური წარმოების დაწყება მოჰყვა, არაა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების შინაარსის მქონე და იგი მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ მოსარჩელის უარყოფით დამოკიდებულებას აღწერს, რასაც არც თავად მხარე უარყოფს. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა გათავისუფლების შესახებ სადავო აქტის დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად გამოცემა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერი პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამართული და დასახული მიზნების შესაბამისი საქმიანობის განხორციელებაზე, ხოლო მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ...ის საქმეთა სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - ...ის ხელმძღვანელი წარმოადგენს მერის მიერ დანიშნულ საჯარო მოხელეს, რომელმაც მასზე დაკისრებული ფუნქციები და ვალდებულებები უნდა აღასრულოს კანონით, მუნიციპალიტეტის დებულებითა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დასახული მიზნების და სტრატეგიების ფარგლებში. შესაბამისად, ნათელია, რომ აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირი აღჭურვილია მის მიერ დანიშნული მოხელის თანამდებობიდან განთავისუფლების უფლებით, თუმცა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებით პირის თანამდებობიდან განთავისუფლების შემთხვევაში, სასამართლოს კონტროლის ქვეშ ექცევა ამ გადაწყვეტილების მიმღები პირის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლები. საჯარო სამსახურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ამ მიზნით კადრების მობილიზება, სამსახურში აყვანა, სამსახურიდან დათხოვნა და არსებულ თანამშრომელთა შორის შრომის სწორი გადანაწილება, მათი კოორდინირება და საქმიანობის კონტროლი/მონტორინგი, დასაქმებულთა მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელება დაკავშირებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულებასთან. აქედან გამომდინარე, ამ სფეროში რეგულაციას მიზნად აქვს არა მიხედულების სრული აღმოფხვრა, არამედ მისი თვითნებობაში გადაზრდის საფრთხის თავიდან აცილება. დისკრეცია არ არის სასამართლო ხელისუფლების კონტროლისაგან თავისუფალი სივრცე, სასამართლო აღჭურვილია დისკრეციის ფარგლებში გამოცემული აქტის კანონიერების შემოწმების უფლებამოსილებით, აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ერთერთ კრიტერიუმს კი მისი დასაბუთებულობა წარმოადგენს.
პალატამ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, მოხელის დისციპლინური გადაცდომებია: ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი. დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ: ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა.
სადავო აქტის მიხედვით, მ.მ-ის სამსახურიდან გათავისუფლებას, სწორედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტები დაედო საფუძვლად, თუმცა „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც მოხელის ქმედებას მძიმე დისციპლინურ გადაცდომად აქცევს, თუ იგი ჩაიდინა დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა, აღარ არსებობს, რადგან სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი მ.მ-ისთვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ აქტი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი აღნიშნული გარემოების გამორიცხვით ხელახალ შეფასებას და დასაბუთებას საჭიროებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენა, ასევე ასეთის დადასტურების შემთხვევაში, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებისთვის საკმარისი საფუძვლის არსებობა.
პალატამ აღნიშნა, რომ საჯარო მოხელე ვალდებულია დაიცვას საჯარო სამსახურის პრინციპები და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საჯარო სამსახურის რეპუტაციას, როგორც სამსახურში ყოფნის, ისე სამსახურის გარეთ, მათ შორის დასვენების და შვებულებაში ყოფნის პერიოდშიც. მართალია შვებულება იწვევს სამსახურებრივი ურთიერთობების დროებით შეჩერებას, თუმცა მოხელეს სამართლებრივი სტატუსი ამ პერიოდშიც უნარჩუნდება და მასზე ვრცელდება ყველა ის მოთხოვნა, რაც დაწესებულია საჯარო მოხელეთა მიმართ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების“ დაცვის ვალდებულება საჯარო მოხელეს წარმოეშვება საჯარო სამსახურში დასაქმებისთანავე და უნარჩუნდება სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების დროსაც, რამეთუ საჯარო მოხელის მიმართ ეთიკისა და ქცევის მაღალი სტანდარტის დაწესება უკავშირდება, როგორც მიუკერძოებელი, ობიექტური და კოლეგიალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას, ასევე საჯარო სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდას. ამდენად, დადგენილ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ სადავო ქმედების განხორციელებისას მოსარჩელე იყო საჯარო მოხელე და მასზე ვრცელდებოდა შესაბამისი კანონმდებლობის მოქმედება.
პალატამ მიუთითა, რომ ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფამ ან დარღვევამ, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ, შესაძლოა გამოიწვიოს მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში უფლებამოსილმა პირმა უნდა გამოიკვლიოს და გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. საჯარო მოხელის მიერ ადგილი ჰქონდა თუ არა დისციპლინურ გადაცდომას; 2. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დარღვევა წარმოადგენდა მსუბუქ თუ მძიმე გადაცდომას; 3. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს დამდგარი ზიანი, რაც უშუალოდ მოხელის მოქმედებით მიადგა ან შესაძლოა მისდგომოდა ადმინისტრაციულ ორგანოს ან/და მესამე პირს; 4. მოსარჩელის სუბიექტური დამოკიდებულება ჩადენილი გადაცდომისადმი და ბრალეულობის ხარისხი; 5. ასევე მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მის მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რის შემდეგაც საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით, უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლზე, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლზე, პირველი მუხლის „ბ“, „გ“, „ფ“ ქვეპუნქტებზე, მე-3 მუხლის პირველ, მეორე პუნქტებზე, მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნა, რომ აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც ნიშნავს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრულ და უპირობო გათავისუფლებას.
პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების“ 11-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-4, მე-5 პუნქტებზე და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კანონმდებლობა თავადაც ითვალისწინებს საჯარო მოსამსახურისათვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე ვალდებულია დაიცვას ამ კანონით განსაზღვრული საჯარო სამსახურის პრინციპები და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საჯარო სამსახურის რეპუტაციას. ამდენად, მოხელე უფლებამოსილია სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში საჯაროდ გამოხატოს თავისი მოსაზრება კონკრეტული ორგანოს თუ თანამდებობის პირებს საქმიანობისა და მიმდინარე პროცესებში არსებული ხარვეზების შესახებ, იმ შეზღუდვების გათვალისწინებით, რასაც საჯარო მოხელის სტატუსი ითვალისწინებს. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია მ.მ-ის კომენტარი, რამდენად ექცეოდა საჯარო მოხელის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, როგორც თავდაპირველი, ისე შესწორებული ფორმით.
პალატამ აღნიშნა აგრეთვე, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების დროს მხედველობაში მისაღებია გადაცდომა ჩადენილია თუ არა განზრახვით, წინასწარი ორგანიზებით, ჩადენილი ქმედებისადმი როგორია პირის სუბიექტური დამოკიდებულება, დამდგარი შედეგი, შედეგების აღმოფხვრის მცდელობა და ა.შ., განსახილველ შემთხვევაში არცერთ ზემოთ აღნიშნულ გარემოებაზე ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია, არ გადაუწყვეტია საკითხი თუ რა რეპუტაციული ზიანი მიადგა საჯარო მოხელეს („საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი), რაც ამ მოხელესთან შემდგომ თანამშრომლობას გამორიცხავდა, არ შეუფასებია ხომ არ ჰქონდა ადგილი დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მხრიდან მცდელობას თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი, მითუმეტეს, როცა დადგენილია, რომ კომენტარი, რომელიც გახდა დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი, მალევე შესწორდა და შემდგომში საერთოდაც წაიშალა. აქედან გამომდინარე, არ შეფასებულა დისციპლინური გადაცდომით, თუ ასეთს ადგილი ჰქონდა, დამდგარი შედეგის უარყოფითი მასშტაბები და საჯარო სამსახურისთვის მიყენებული რეპუტაციული ზიანი („საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი), როცა სადავო კომენტარში საუბარია მხოლოდ კონკრეტულ თანამდებობის პირებზე და ამავე დროს მიჩნეულია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო ორგანოებმა უნდა გამოიჩინონ კრიტიკისადმი მოთმინება მაშინაც კი, როდესაც იგი პროვოკაციული და შეურაცხმყოფელია.
განსახილველ შემთხვევაში პალატამ მიიჩნია, რომ მ.მ-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული და მიღებული იყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლებზე და აღნიშნა, რომ მართალია სასამართლოს აქვს ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით დამატებითი მტკიცებულებების შეგროვების უფლებამოსილება, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ადმინისტრაციულ ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში, რადგან სადავო საკითხის გადაწყვეტა მოპასუხის უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა, ამასთან შეცვლილია ფაქტობრივი მოცემულობა, რომლის გათვალისწინებაც წინა ადმინისტრაციული წარმოებისას ვერ მოხდებოდა (ბათილად იქნა ცნობილი მ.მ-ისთვის „საყვედურის“ გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება), არსებობდა სადავო აქტის სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობის პირობები. სასამართლოს მოსაზრებით, საკითხის ხელახლა განხილვისას შეფასებას საჭიროებდა: 1) მ.მ-ის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენისა და მისი ქმედების გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქცევის საკითხები; 2) უკიდურესი ღონისძიების - სამსახურიდან განთავისუფლების დისციპლინურ სახდელად გამოყენების პროპორციულობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალტის 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება (მ.მ-ის სააპელაციო საჩივრის და სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში) საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ.
კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის სათანადოდ დასაბუთებული. კასატორმა ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების“ მე-11 მუხლის მე-3, მე-5 პუნქტების, მე-12 მუხლის მე-5, მე-8 პუნქტების, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე აღნიშნა, რომ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, მ.მ-ის მიერ შეურაცხმყოფელი საჯარო კომენტარის გაკეთებით, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების“ მოთხოვნების დარღვევის შესახებ. ამ საფუძვლით 2022 წლის 7 ოქტომბერს შეიქმნა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია და დაიწყო დისციპლინური წარმოება. ამასთანავე, მ.მ-ეს განემარტა თავისი უფლებები და ჩართულ იქნა მიმდინარე წარმოებაში, მათ შორის, მოსმენილი იყო მისი განმარტებები ადმინისტრაციულ ორგანოში გამართულ ზეპირ სხდომაზე.
კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული აქტის შინაარსზე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-11 მუხლის მე-3, მე-5 პუნქტებზე, მე-20 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის 132 მუხლის პირველ პუნქტზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნა, რომ მ.მ-ის მიერ გაკეთებული ჩანაწერი, როგორც პირვანდელი ისე ჩასწორებული ვერსია, შინაარსობრივად შეიცავდა ერთმნიშნელოვნად შეურაცხმყოფელ კომენტარს, რომელიც არ უწყობდა ხელს საჯარო სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდას და მიმართული იყო, როგორც საჯარო მოხელეს ისე საჯარო დაწესებულების რეპუტაციის დაზიანებისაკენ. ამდენად, ცხადია, რომ მ.მ-ემ ჩაიდინა მძიმე გადაცდომა.
კასატორის მოსაზრებით, მართალია სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი მ.მ-ისთვის საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანება, თუმცა აღნიშნული გარემოება გავლენას არ ახდენს მ.მ-ის მიერ განხორციელებული ქმედების - კონკრეტული შინაარსის კომენტარის გამოქვეყნების სიმძიმის შეფასების საკითხზე. კასატორმა არ გაიზიარა აგრეთვე მ.მ-ის მითითება შვებულებაში ყოფნის გამო მასზე საჯარო მოხელის მიმართ დაწესებული ქცევის სტანდარტის გავრცელების დაუშვებლობის შესახებ.
კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითება გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოში მ.მ-ის განცხადების მოქცევის შესაძლებლობის გამოკვლევის საჭიროების შესახებ ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესებს“, რომლის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, საჯარო მოსამსახურეს, გარდა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი საჯარო მოსამსახურისა, შეუძლია საჯაროდ გამოხატოს თავისი შეხედულება იმ საჯარო დაწესებულების პოლიტიკასთან მიმართებით, რომელშიც იგი მუშაობს, თუ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ ეხება იმ საკითხებს, რომლებიც შედის უშუალოდ მის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში ან/და მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე. საჯარო მოსამსახურე, როგორც მოქალაქე, არ კარგავს გამოხატვის თავისუფლებას, როდესაც იგი საქმიანობას იწყებს საჯარო სამსახურში, თუმცა საჯარო მოსამსახურე სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით იმ ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების გათვალისწინებით, რომელთაც მას სოციალური როლი და სამსახურებრივი სტატუსი აკისრებს. საჯარო მოსამსახურის გამოხატვის თავისუფლება, ჩვეულებრივი მოქალაქისაგან განსხვავებით, ითვალისწინებს დამატებით შეზღუდვებს და გულისხმობს საჯარო მოსამსახურის მიერ სახელმწიფოს ერთგულების ვალდებულების დაცვას. საჯარო მოსამსახურის გამოხატვის თავისუფლების განხორციელება შესაძლოა, ასევე შეიზღუდოს ისეთი სახელმწიფო ინტერესების საფუძველზე, როგორებიცაა: პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურის არსებობა და საჯარო მმართველობის პროცესის ეფექტურად და შეუფერხებლად განხორციელება. საჯარო მოსამსახურის, როგორც მოქალაქის, გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე მოსაზრებების გამოთქმას, რომლებიც შესაძლოა, ეხებოდეს პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ ან/და სხვა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ თემებს. საჯარო მოსამსახურის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისას უნდა განისაზღვროს გონივრული ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და ერთგულების ვალდებულებას, ისევე როგორც საჯარო მმართველობის ეფექტური ფუნქციონირების მიმართ არსებულ სახელმწიფო ინტერესს შორის. გონივრული ბალანსის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს საჯარო მოსამსახურის მიერ გამოთქმული მოსაზრების შინაარსი, ფორმა და კონტექსტი, ასევე მოტივი, ადგილი და დრო. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, საჯარო მოსამსახურის მიერ საჯაროდ გამოთქმული მოსაზრება: ა) არის თუ არა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი; ბ) უარყოფითად აისახება თუ არა საჯარო მოსამსახურის მიერ ერთგულების ვალდებულების დაცვაზე; გ) გავლენას ახდენს თუ არა საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებაზე; დ) აისახება თუ არა საჯარო დაწესებულებაში არსებულ სამუშაო გარემოსა და დასაქმებულ პირთა დისციპლინაზე.
საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს, საჯაროდ გამოხატოს თავისი მოსაზრებები და შეხედულებები იმ საჯარო დაწესებულების პოლიტიკასთან დაკავშირებით, სადაც მუშაობს, თუმცა ამ შემთხვევაში განსაზღვრულია დამატებითი შეზღუდვები. უპირველესად, საჯარო მოსამსახურეს არ უნდა ეკავოს ამ დაწესებულებაში ხელმძღვანელი თანამდებობა, რადგან ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ პირებს შეუძლიათ, თავად განსაზღვრონ დაწესებულების პოლიტიკა ან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მის შემუშავებაში. გარდა ამისა, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი პირების საჯარო კომენტარები, როგორც წესი, აღიქმება საჯარო დაწესებულების პოზიციად. შესაბამისად, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი საჯარო მოსამსახურის მხრიდან დაწესებულების პოლიტიკის საჯარო კრიტიკა არ არის თავსებადი მის სამსახურებრივ პოზიციასთან და უარყოფითად აისახება როგორც საჯარო დაწესებულებაში არსებულ სამუშაო გარემოზე, ასევე საჯარო დაწესებულების რეპუტაციაზე საზოგადოების თვალში. საჯარო მოსამსახურის მიერ მისი დამსაქმებელი საჯარო დაწესებულების პოლიტიკის მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები არ უნდა ეხებოდეს იმ საკითხებს, რომლებიც შედის საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში, ან/და მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, რომ საჯარო მოსამსახურის კრიტიკული საჯარო განცხადებები საზოგადოების თვალში არ იწვევდეს დამსაქმებელი საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციას, ან/და შეუძლებელს არ ხდიდეს საჯარო მოსამსახურის მუშაობას საჯარო დაწესებულების სისტემაში.
განსახილველ შემთხვევაში საჯარო კომენტარის განხორციელების პერიოდში მ.მ-ეს ეკავა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ...ის ხელმძღვანელის პოზიცია, რომელიც ერთ-ერთი ხელმძღვანელი პოზიციაა მერიის სტრუქტურაში, ამასთან მის მიერ გაკეთებული საჯარო კომენტარი საზოგადოების თვალში იწვევდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დისკრედიტაციასა და შეუძლებელს ხდიდა მის მუშაობას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების“ მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით, საჯარო მოსამსახურე თავს იკავებს საჯაროდ სიძულვილის ენის გამოყენების ან/და დისკრიმინაციული ხასიათის კომენტარის გაკეთებისგან, რომელმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების მიუკერძოებლად და ობიექტურად განხორციელება. საჯარო მოსამსახურის მიერ საჯაროდ სიძულვილის ენის გამოყენება ან/და დისკრიმინაციული ხასიათის კომენტარების გაჟღერება საზოგადოებაში წარმოშობს გონივრულ ეჭვს, რომ ეს პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მსგავსი მოსაზრებებით იხელმძღვანელებს. შესაბამისად, მსგავსი დამოკიდებულება – ერთობლიობაში საჯარო დაწესებულების მიერ სამართლიანი და თანასწორი მმართველობის განხორციელებას უქმნის საფრთხეს. საჯარო მოსამსახურის პირადი გამოხატვის თავისუფლების უფლება შეზღუდულია საჯარო დაწესებულების ეფექტური ფუნქციონირებიდან გამომდინარე, რადგან მსგავსი განცხადებები ხელს უწყობს საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციას და საფრთხეს უქმნის ამ დაწესებულების ძირითადი ფუნქციის სათანადოდ შესრულებას. განსახილველ შემთხვევაში ცხადია, რომ მ.მ-ის მიერ საჯარო კომენტარი გაკეთდა სიძულვილის ენის გამოყენებით, რაც მას არ უარყვია დისციპლინური წარმოების დროს ჩატარებული ზეპირი მოსმენისას. მ.მ-ის საჯარო კომენტარი იყო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, მისი პირველი მოადგილისა და მერიაში დასაქმებული სხვა საჯარო მოსამსახურეების მიმართ დამცინავი და ღირსების შემლახავი.
კასატორის მოსაზრებით არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება სანქციის დაკისრების ნაწილში სადავო აქტის დაუსაბუთებლობის შესახებ. დისციპლინური წარმოების მასალებსა და გასაჩივრებულ ბრძანებაში ნათლად არის დასაბუთებული, რომ მ.მ-ის ქმედება წარმოადგენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას, რომელმაც ზიანი მიაყენა მას, ასევე სხვა საჯარო მოხელეებისა და საჯარო დაწესებულების რეპუტაციას და რომელიც გამორიცხავს მომავალში მის მუშაობას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 98-ე მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ასევე, არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დავის საგანს წარმოადგენს მ.მ-ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - საყვედურის შეფარდების თაობაზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 12 სექტემბრის №ბ44.442225536 ბრძანების, ასევე მ.მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 4 ნოემბრის №ბ44.442230810 ბრძანების კანონიერება და მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენა, მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ.მ-ე ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობდა ...ის საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილედ 2015 წლიდან. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 3 იანვრის ბრძანებით მ.მ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან რეორგანიზაციის საფუძვლით. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება სასამართლოში გასაჩივრდა მ.მ-ის მიერ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში მყოფი 2020 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით დადასტურდა მ.მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების არამართლზომიერება, რის გამოც ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტი და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა მ.მ-ის იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ვალდებულება. მოსარჩელე აღდგენილ იქნა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ...ის ...ის საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელად, ხოლო მორიგი რეორგანიზაციის შემდეგ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 27 მაისის ბრძანების თანახმად, მ.მ-ე მობილობის წესით გადაყვანილ იქნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ...ის საქმეთა სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ...ის ხელმძღვანელად 2022 წლის 28 მაისიდან.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 12 სექტემბრის ბრძანებით მ.მ-ის მიმართ, მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის - „სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობისათვის“ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური, ხოლო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის დ.ე-ის 2022 წლის 4 ნოემბრის №ბ 2 44.442230810 ბრძანებით მ.მ-ე, მის მიერ ჩადენილი მძიმე დისციპლინური გადაცდომისათვის - „ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ“, გათავისუფლდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ...ისა და ...ის საქმეთა სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ...ის ხელმძღვანლის თანამდებობიდან.
საკასაციო სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ მ.მ-ის მიერ გასაჩივრებული იყო ორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კერძოდ: 1. საყვედურის შეფარდების შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 12 სექტემბრის ბრძანება და 2. გათავისუფლების შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 4 ნოემბრის ბრძანება. ამასთანავე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი მ.მ-ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - საყვედურის შეფარდების თაობაზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 12 სექტემბრის ბრძანება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ.მ-ის მიერ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, კერძოდ საყვედურის შეფარდების თაობაზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 12 სექტემბრის ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არ გასაჩივრებულა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით მ.მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ბოლო წინანდადება) და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მ.მ-ის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ.მ-ის სარჩელი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 4 ნოემბრის №ბ44.442230810 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მ.მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 4 ნოემბრის №ბ44.442230810 ბრძანება და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, მ.მ-ის მიმართ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 7 ოქტომბრის №ბ44.442228012 ბრძანებით დაწყებული დისციპლინური საქმის წარმოების ფარგლებში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე კოდექსის 384-ე მუხლის თანახმად კი, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა უფლებამოსილია შეაფასოს მხოლოდ მ.მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერება.
დადგენილია, რომ მ.მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარი, კერძოდ, 2022 წლის 5 ოქტომბერს 18:17 საათზე საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „...ის“ ...ის ი.კ-ის ფეისბუქ (facebook) გვერდზე გამოქვეყნდა მ.მ-ის კომენტარი: „ქართველი ხალხის უდიდესი გამარჯვების დღე! 10 წლის შემდეგ კი ისევ შემომძვრალი ნაძირალები თანამდებობებზე! რატომ ყავს ყველა ქალაქს მერი და ქუთაისს ნეხვი! გაიტანეთ ...-... ქუთაისის მერიიდან!“. იმავე დღეს 19:14 საათზე მითითებულ კომენტარში სიტყვა „ნეხვი“ შეიცვალა „ნესვით“, ხოლო ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, ...ის ხელმძღვანელის პ.დ-ის 2022 წლის 6 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, 6 ოქტომბერს აღნიშნული კომენტარი უკვე წაშლილი იყო.
მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით 2022 წლის 7 ოქტომბერს ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის Nბ44.442228012 ბრძანებით შეიქმნა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია, რომელსაც დაევალა დისციპლინური წარმოების განხორციელება მ.მ-ის მიმართ, დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩადენის ფაქტზე. კომისიის 2022 წლის 28 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, კომისიამ მიიჩნია, რომ მ.მ-ემ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, კერძოდ: ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ. ამავე დასკვნაში აღინიშნა, რომ ჩადენილი გადაცდომა იწვევდა როგორც მოხელის დისკრედიტაციას, ასევე საჯარო დაწესებულების რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებას, რაც შეუძლებელს ხდიდა მომავალში სამსხურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას. კომისიამ მხედველობაში მიიღო ისიც, რომ მ.მ-ეს შეფარდებული ჰქონდა დისციპლინური სახდელი - საყვედური და ამდენად, ვინაიდან ჩადენილი იყო მძიმე გადაცდომა, მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება. მითითებული დასკვნის საფუძველზე, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის დ.ე-ის 2022 წლის 4 ნოემბრის ბრძანებით მ.მ-ე, მის მიერ ჩადენილი მძიმე დისციპლინური გადაცდომისათვის - „ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ“, გათავისუფლდა სასახურიდან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. „საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, თავისი არსით შრომითი ურთიერთობების სპეციფიკური გამოხატულებაა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქის შესაძლებლობას, უშუალოდ, სხვადასხვა ფორმითა თუ გამოვლინებით, მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო მმართველობის პროცესში“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/4/614,616 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიგა ბარათაშვილი და კარინე შახპარონიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება №3/2/574 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს მერი. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, მერი და მისი მოადგილე პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან, ხოლო მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი მერიის თანამდებობის პირია და საჯარო მოხელეს წარმოადგენს (ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვ.პ., მე-60 მუხლის 1-ლი ნაწ.; „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ე“ ქვ.პ.). ამდენად, მისი სამსახურებრივი დანიშვნა და გათავისუფლება პროფესიული ნიშნით ხორციელდება. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არა პოლიტიკური, არამედ პროფესიული საჯარო თანამდებობაა, რაზეც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც მიუთითა (2017 წლის 17 ოქტომბრის №3/5/626 გადაწყვეტილება).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ.მ-ე სამსახურიდან გათავისუფლებამდე იკავებდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ...ისა და ...ის საქმეთა სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ...ის ხელმძღვანელის თანამდებობას, ამდენად, იგი იყო საჯარო მოხელე და მის მიმართ სრულად ვრცელდებოდა საჯარო მოხელეებთან მიმართებით კანონმდებლობით დადგენილი ქცევის სტანდარტები.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ, მიიჩნევა დისციპლინურ გადაცდომად. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების“ 11-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურე თავს იკავებს საჯაროდ სიძულვილის ენის გამოყენების ან/და დისკრიმინაციული ხასიათის კომენტარის გაკეთებისგან, რომელმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების მიუკერძოებლად და ობიექტურად განხორციელება. ზემოაღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურე თავს იკავებს საჯარო კომენტარის გაკეთებისგან სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას წარმოშობილი პირადი ინტერესის მქონე საკითხებზე, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს საჯარო დაწესებულების რეპუტაციას.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას დისციპლინური გადაცდომა არ ჩაუდენია, რადგან კომენტარის გაკეთებისას იმყოფებოდა შვებულებაში, შესაბამისად, შეჩერებული ჰქონდა შრომითი ურთიერთობა, რის გამო კომენტარის გაკეთებისას იყო რიგითი მოქალაქე და არა საჯარო მოხელე. ამასთანავე, კომენტარი თავსდება გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოში, რის გამო დაუშვებელი იყო კონკრეტული საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლება. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებულ განმარტებას და აღნიშნავს, რომ მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება არ არის საჯარო მოხელის სტატუსის შეჩერების იდენტური ცნება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელის შვებულებაში ყოფნა სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საფუძველია, რაც თავის მხრივ სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისაგან მოხელის დროებით გათავისუფლებას გულისხმობს („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 55-ე მუხლის 1-ლი პუნქტი) და პირისათვის საჯარო მოხელის სტატუსის შეჩერებას არ მოიაზრებს. აღნიშნულს ისიც ადასტურებს, რომ ამავე კანონის 55-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მოხელეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირი საჯარო მოხელის სტატუსს იძენს შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებით და კარგავს ნორმატიულად დადგენილი წინაპირობების არსებობისას, აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლებით, თუ გათავისუფლების საფუძველს მისი სხვა საჯარო თანამდებობაზე იმავდროული გადასვლა არ ქმნის. მოხელის სტატუსი არ წყდება მაშინაც კი თუ მისი გათავისუფლება გამოიწვია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან შერწყმისას შტატების შემცირებამ, რა დროსაც შეუძლებელი იყო მობილობის განხორციელება. ასეთ დროს მოხელე ირიცხება მოხელეთა რეზერვში და ჩარიცხვის პერიოდის გასვლამდე ინარჩუნებს მოხელის სტატუსს („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 102-ე მუხლი). მოხელის სტატუსი კი სათანადო უფლება-მოვალეობების არსებობას უკავშირდება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, პროფესიული საჯარო მოხელე ინიშნება უვადოდ, შესაბამისად, მას ამ პერიოდითვე ენიჭება მოხელის სტატუსი. მოხელესთან შრომითი ურთერთობის შეწყვეტა, გარკვეული გამონაკლისების გარდა, მოხელის სტატუსის შეწყვეტასაც იწვევს, თუმცა შრომითი ურთიერთობის შეჩერებასთან მიმართებით მსგავსი განმარტება ნორმატიულ პირობებს არ ეფუძნება. გარკვეული გარემოებების გამო მოხელის მიერ თავის სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობა თუ შეუსრულებლობა, არ ადასტურებს მისი სტატუსის შეჩერებასა თუ შეწყვეტას. მოხელის სტატუსის შეწყვეტა, ისევე როგორც მისი მოპოვება, მხოლოდ კანონით გათვალისწინებული საფუძვლებითა და ფორმით ხდება. რაც შეეხება მოხელის სტატუსის შეჩერებას, მსგავს შესაძლებლობას „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს. ამდენად, შვებულებაში ყოფნის გამო მ.მ-ეს მართალია შეჩერებული ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილება, თუმცა იგი სრულად ინარჩუნებდა საჯარო მოხელის სტატუსს თანამდევი უფლებებითა და ვალდებულებებით, რის გამო დაუსაბუთებელია მოსაზრება, კომენტარის შვებულებაში ყოფნისას გაკეთების გამო მ.მ-ეზე არა მოხელისათვის, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქისათვის დადგენილი სტანდარტის გავრცელების საჭიროების შესახებ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო მოხელის სტატუსის შეძენით პირი ექცევა სპეციფიური მოწესრიგების ფარგლებში. საჯარო მოხელის უფლებამოსილებების თავისებურება, მისი საქმიანობის კომპეტენტურად და კეთილსინდისიერად წარმართვის მომეტებული საჭიროება, რიგ საკითხებთან გაკავშირებით მოხელესთან მიმართებით განსხვავებული ნორმატიული დანაწესების შემოღებას განაპირობებს. ამასთანავე, პირი საჯარო მოხელის სტატუსის შეძენით არ კარგავს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ უფლებებს, თუმცა საჯარო მოხელის სტატუსის თანამდევი მოვალეობები და პასუხისმგებლობები აღნიშნული უფლებების რეალიზაციის გარკვეულ თავისებურებებს, რიგ შემთხვევაში კი ერთგვარ ბოჭვას განაპირობებს.
საქართველოს კონსტიტუციის 17.1 მუხლის მიხედვით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ თავისუფლებათა განხორციელება განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო მოსამსახურეები სხვების მსგავსად არიან დაცული კონვენციით... როგორც წესი, კონვენცია ვრცელდება სახელმწიფო მოსამსახურეებზე“ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ფოგტი გერმანიის წინააღდეგ“ (Vogt v. Germany), 26.09.1995წ., §43, 53). „საჯარო სამსახურში დასაქმებით პირი არ კარგავს გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა მოხელე ამ თავისუფლებით სარგებლობს იმ ვალდებულებათა და პასუხისმგებლობათა გათვალისწინებით, რომელიც მას თავისი სოციალური როლისა და სამსახურებრივი სტატუსის გათვალისწინებით ეკისრება. საჯარო მოხელის, ისევე როგორც სხვა პირთა, გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მისი შეზღუდვა შესაძლოა განხორციელდეს ისეთი ლეგიტიმური საჯარო მიზნების გათვალისწინებით, როგორებიცაა: საჯარო მმართველობის პროცესის ეფექტიანად და შეუფერხებლად განხორციელება, საჯარო დაწესებულების რეპუტაციის დაცვა, პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურის შენარჩუნება და სხვ.“ (სუსგ Nბს-83(კ-19), 16 იანვარი, 2020წ.). „საჯარო მოხელის გამოხატვის თავისუფლების საკითხზე მსჯელობისას, კონვენციის 10.2 მუხლში აღნიშნული „მოვალეობები და პასუხისმგებლობები“ იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რაც ასაბუთებს ეროვნული ხელისუფლების ორგანოებისათვის გარკვეული დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭებას გასაჩივრებული ჩარევის ზემოაღნიშნული მიზნის თანაზომიერების დადგენისას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ბაკა უნგრეთის წინააღმდეგ“ (Baka v. Hungary), 23.06.2016წ. §162; „ფოგტი გერმანიის წინააღმდეგ“ (Vogt v. Germany), 26.09.1995წ., §53). „კონვენციით გათვალისწინებული „ვალდებულებების და პასუხისმგებლობების“ მოცულობა, უფლების შეზღუდვის ფარგლები ცვალებადია სუბიექტის სტატუსის შესაბამისად“ (სუსგ Nბს-267(კ-19), 29 დეკემბერი, 2021წ.). ამასთანავე, საჯარო მოხელესა და ასეთი სტატუსის არმქონე მოქალაქის გამოხატვის თავისუფლების ფარგლების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის სხვაობის, ჩარევის მიზნის თანაზომიერების დადგენისას დისკრეციის განსხვავებული ფარგლების მიუხედავად, გამოხატვის თავისუფლების დაცული სფერო არსებითად მსგავსია.
„გაიმეორა რა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ცნობილი განმარტება გამოხატვის თავისუფლების ფარგლების თაობაზე (Handyside v. The United Kingdom) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ გამოხატვის თავისუფლება „...მოიცავს ისეთ იდეებს, აზრებს თუ გამონათქვამებსაც, რომლებიც მიუღებელია ხელისუფლებისთვის, საზოგადოების ნაწილისთვის თუ ცალკეული ადამიანებისთვის, შოკის მომგვრელია, რომელმაც შეიძლება აღაშფოთოს საზოგადოება, ადამიანები, წყენაც კი მიაყენოს მათ, გამოიწვიოს საზოგადოებაში ვნებათა ღელვა, ასევე იგი მოიცავს კრიტიკას და სარკაზმსაც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/6/561,568 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-40). გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებები გამოხატავს საერთო დამოკიდებულებასა და სულისკვეთებას და მიანიშნებს გამოხატვის თავისუფლების დაცულობის ყველაზე უფრო შორეულ ფარგლებზე. ისინი ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებაში თავისუფლად უნდა ცირკულირებდეს განსხვავებული იდეები და შეხედულებები, მათ შორის, ისეთებიც, რომლებიც შესაძლოა შემაწუხებელი, გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისათვის, რადგან ამას მოითხოვს დემოკრატიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ტოლერანტობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება №1/4/1394 საქმეზე „ზვიად კუპრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). ამდენად, მართალია გამოხატვის თავისუფლების დაცული სფერო მათ შორის შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოხატვასაც მოიცავს, თუმცა ერთმანეთისაგან გამიჯვნას საჭიროებს უბრალოდ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები და სიძულვილის ენა, ეს უკანასნელი მოკლებულია გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში დაცვის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სიძულვილის ენის“ საკითხებზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის № R(97) რეკომენდაციის დანართის მიხედვით, „სიძულვილის ენა“ არის თვითგამოხატვის ყველა ფორმის მომცველი ცნება, რომელშიც შედის შეუწყნარებლობაზე დაფუძნებული რასობრივი სიძულვილის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმის და სიძულვილის სხვა სახეების გავრცელება, გამოწვევა, ხელშეწყობა ან გამართლება, მათ შორის შეუწყნარებლობაზე, რომელიც გამოხატულია აგრესიული ნაციონალიზმით და ეთნოცენტრიზმით, დისკრიმინაციით და უმცირესობების, მიგრანტების და ემიგრანტული ფესვების მქონე პირთა მიმართ მტრული დამოკიდებულებით. „სიძულვილის ენა“ შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფით, თუმცა ყველა შეურაცხმყოფელი გამონათქვამი „სიძულვილის ენის“ არსებობას არ პრეზუმირებს. „სიძულვილის ენა“ ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების ძირითად ღირებულებებს, რადგან ის ხელს უწყობს შეუწყნარებლობას, სიძულვილს და ძალადობას სხვა ადამიანების, ძირითადად მოწყვლადი ჯგუფის, მიმართ. „სიძულვილის ენა“ არ გულისხმობს გამოხატვას, რომელიც უბრალოდ შეურაცხყოფელი ან ღირსების შემლახველია. „სიძულვილის ენა“ ავრცელებს, აქეზებს ან ამართლებს სიძულვილს, ძალადობას და დისკრიმინაციას პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ სხვადასხვა მიზეზითა და სხვადასხვა ნიშნით, მაგ.: კანის ფერის, წარმომავლობის, ეროვნული თუ ეთნიკური წარმოშობის, შეზღუდული შესაძლებლობის, ენის, რელიგიის თუ მრწამსის, სქესის, გენდერის და სხვა მახასიათებლებისა თუ სტატუსის საფუძველზე. „სიძულვილის ენად ჩაითვლება აგრეთვე ნებისმიერი შევიწროება, შეურაცხყოფა, ნეგატიური სტერეოტიპირება, სტიგმატიზაცია ან მუქარა ასეთ პირთან ან პირთა ჯგუფთან მიმართებით და გამოხატვის ყველა ჩამოთვლილი ფორმის გამართლება. „სიძულვილის ენა“ საფრთხეს უქმნის დემოკრატიული საზოგადოების ერთიანობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და სამართლის უზენაესობას. ეს არის დისკრიმინაციის, შეუწყნარებლობის ფორმა, რომელიც ხელს უწყობს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენას და მასზე რეაგირების არარსებობას ძალადობა და ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გამოწვევა შეუძლია. „სიძულვილის ენის“ განმარტებას შეიცავს აგრეთვე საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, რომლის თანახმად, სიძულვილის ენად მიიჩნევა კომუნიკაცია, რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (454 მუხლის „ბ“ ქვ.პ.). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მ.მ-ის კომენტარი არ შეიცავს სიძულვილის ენას. მართალია იგი მოიცავს შეურაცხმყოფელ ტერმინებს („ნაძირალა“, „ნეხვი“/„ნესვი“), თუმცა არ ახდენს რაიმე ჯგუფის თუ პირთა დისკრიმინაციას, ძალადობის წაქეზებას, სიძულვილის ტირაჟირებას და ა.შ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია მ.მ-ის მიერ გაკეთებული კომენტარი რამდენად თავსებადია კონსტიტუციით გარანტირებული აზრის და გამოხატვის უფლებასთან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში დაცვა, არ მოიაზრებს მათ აბსოლუტურ ხასიათს. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის დანაწესი აზრის აბსოლუტური პრივილეგიით დაცვის შესახებ (მე-4 მუხლის 1-ლი ნაწ.), არ გულისხმობს ნებისმიერი შეურაცხმყოფელი გამონათქვამის გავრცელების დაცვის შესაძლებლობას. მართალია შეფასებითი მსჯელობა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ცილისწამებად (სუსგ Nას-1278-1298-2011, 20 თებერვალი 2012 წ.), თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს აზრის გავრცელებისას გარკვეული სტანდარტების დაცვის საჭიროებას, მით უფრო აზრის გამავრცელებელი სპეციალური სუბიექტის - საჯარო მოხელის არსებობისას. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მ.მ-ის გათავისუფლება გამოიწვია მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა კომენტარმა, რაც მოსარჩელის გამოხატვის თავისუფლების დაცულ სფეროში ჩარევას ადასტურებს, თუმცა აღნიშნული იმთავითვე არ გულისხმობს გამოხატვის თავისუფლების დარღვევას, რადგან ჩარევა შესაძლოა იყოს ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი.
საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეში აღნიშნა, რომ "აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კანონიერება მოწმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან მიმართებით და მხედველობაში მიიღება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. საქართველოს კონსტიტუციის 17.5 მუხლის თანახმად, შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სხვათა უფლებების დასაცავად. შეზღუდვის კანონიერად მისაჩნევად იგი უნდა იყოს ა) კანონით გათვალისწინებული, ბ) კონსტიტუციაში მითითებული მიზნის მიღწევისკენ მიმართული და გ) დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი. შეზღუდვა მიიჩნევა დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლად, როდესაც შეზღუდვით გამოწვეული ზიანი თანაზომიერია მისაღწევ კანონიერ მიზანთან. საქმე განიხილება ერთიან კონტექსტში და დასასაბუთებლად გამოყენებული არგუმენტები უნდა იყოს საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე და საკმარისი (Morice v. France ([GC], no. 29369/10, §124, 23.04.2015წ.))“ (სუსგ Nბს-267(კ-19), 29 დეკემბერი, 2021წ.).
საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს საჯარო მოხელისათვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. ნორმატიულად გათვალისწინებულია საჯარო მოხელისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესაძლებლობა, თუ იგი უგულებელყოფს ან არღვევს ეთიკის ნორმებს ან/და ქცევის ზოგად წესებს, რაც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 85-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვ.პ.). საჯარო მოხელეს ევალება თავი შეიკავოს საჯარო კომენტარის გაკეთებისგან სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას წარმოშობილი პირადი ინტერესის მქონე საკითხებზე, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს საჯარო დაწესებულების რეპუტაციას (საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების“ 11.5 მუხ.). აღნიშნული დანაწესი მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს - საჯარო დაწესებულებაში ეთიკური გარემოს შექმნას, საჯარო მოსამსახურის პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას, მიუკერძოებელი, ობიექტური და კოლეგიალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას, ასევე საჯარო სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდას ემსახურება (საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების“ 1.1 მუხ.).
საჯარო მოსამსახურის გამოხატვის თავისუფლება, ჩვეულებრივი მოქალაქისგან განსხვავებით, ითვალისწინებს დამატებით შეზღუდვებს იმ ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რომელთაც თავისი სოციალური როლი და სამსახურებრივი სტატუსი აკისრებს. შესაბამისად, საჯარო მოსამსახურე გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციისას ყურადღებას აქცევს საჯარო სამსახურის პრინციპებს და სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, რომლებიც შესაძლოა გამოხატვის თავისუფლების პროცესში წარმოიშვას. საჯარო მოსამსახურე, გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისას, ხელმძღვანელობს იმ პროფესიული ღირებულებებითა და ვალდებულებებით, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებით, ეროვნული კანონმდებლობითა და ეთიკის ან/და ქცევის კოდექსებით არის განსაზღვრული. „დემოკრატიულ სახელმწიფოს უფლება აქვს მოითხოვოს სახელმწიფო მოსამსახურეებისგან იმ კონსტიტუციური პრინციპებისადმი ლოიალობა, რომელიც ემყარება .... სახელმწიფოს უფლებას, მათი სტატუსიდან გამომდინარე, დააკისროს მათ თავშეკავებულობის ვალდებულება“; როდესაც საქმე სახელმწიფო მოხელეთა სიტყვის თავისუფლებას შეეხება, კონვენციის 10.2 მუხლში მითითებული „მოვალეობა და პასუხისმგებლობა“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რაც განაპირობებს ეროვნული ხელისუფლებისათვის შეფასების თავისუფლების შედარებით ფართო ფარგლების მინიჭებას ჩარევის ღონისძიების თანაზომიერების საკითხებში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ფოგტი გერმანიის წინააღმდეგ“ (Vogt v. Germany), 26.09.1995წ., §53, 59).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო მოხელის გამოხატვა პირობითად რამდენიმე ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ, ერთი მხრივ, მოხელეს, როგორც ყველა მოქალაქეს, აქვს საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე საკუთარი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა, მეორე მხრივ, მან შესაძლოა აზრი დააფიქსიროს თავისი დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობასთან თუ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ხოლო სხვა შემთხვევაში გამოხატვა შესაძლოა შეეხებოდეს პირადი ინტერესის მქონე საკითხებს. აღნიშნული დიფერენციაცია შესაძლებელია მნიშვნელოვანი იყოს კონკრეტული გამოხატვის დაცვის ფარგლების, მასში ჩარევის პირობების განსაზღვრისას, რადგან პირადი ინტერესის მქონე საკითხებზე აზრის გამოხატვა, ნაკლები საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, უფრო მცირე დაცვით სარგებლობს, ვიდრე საზოგადოებრივად მნიშნელოვან საკითხებზე, მმართველობის ხარვეზებზე, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე გამოხატული აზრი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „მოხელე უფლებამოსილია სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში საჯაროდ გამოხატოს თავისი მოსაზრება საჯარო სამსახურში არსებული ხარვეზების შესახებ, რაც შესაძლოა განხორციელდეს როგორც უფლებამოსილი პირისათვის/ორგანოსათვის ინფორმაციის მიწოდებით, ასევე აღნიშნული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებით, რა დროსაც დაცული უნდა იყოს გონივრული ბალანსი საჯარო მოხელის გამოხატვის თავისუფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის, უნდა არსებობდეს ინფორმაციის სამოქალაქო საზოგადოებისათვის მიწოდების დაშვების სათანადო წინაპირობები. მოხელის მიერ დამსაქმებელ ორგანიზაციაში შესაძლო კანონშეუსაბამო ქმედებების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება ზოგ შემთხვევაში შესაძლოა იყოს დაცვის ღირსი, ასეთ დროს შეფასებას საჭიროებს, მაგ: ინფორმაციის შინაარსი, ავთენტურობა, საჯარო ინტერესის სფეროსადმი კუთვნილება, ინფორმაციის გავრცელების საჭიროება და აუცილებლობა, ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიყენებული შესაძლო ზიანი, დაპირისპირებულ ინტერესთა ურთიერთშედარება და სხვ. („ჰაინეში გერმანიის წინააღმდეგ“, N28274/08, 21.07.2011წ. 63-69 პ.)“ (სუსგ Nბს-83(კ-19), 16 იანვარი, 2020წ.). თუ მმართველობა მართლაც შეიცავს ხარვეზებს, დაინტერესებული პირები არ არიან შეზღუდულები განაცხადონ ამის შესახებ, თუმცა ეს უნდა განხორციელდეს სათანადო ფორმით. თვითმმართველობის სათანადო ფუნქციონირება, მნიშვნელოვან ლეგიტიმურ ინტერესს წარმოადგენს, შესაბამისად, არ გამოირიცხება მოხელის მიერ აღნიშნული პროცესის ნაკლოვანებებზე მითითების, გაკრიტიკების უფლებამოსილება, თუმცა მნიშნელოვანია შეირჩეს კრიტიკის შესაბამისი ფორმულირება. სხვათა უფლებების შეძლებისდაგვარად მცირედ შეზღუდვით, მართებული ფორმით პოზიციის დაფიქსირება გამოხატვის თავისუფლების განხორციელების ერთ-ერთი მნიშნელოვანი ასპექტია. გამოხატვის თავისუფლება იცავს საკითხზე კომუნიკაციის პროცესს და თითოეულ შემთხვევაში შესაფასებელია გამონათქვამის მნიშვნელობა კომუნიკაციის პროცესისათვის. გამოხატვის თავისუფლებამ არ უნდა მიიღოს პირის განზრახი დისკრედიტაციის გამამართლებელი საშუალების ფორმა (სუსგ Nბს-267(კ-19), 29 დეკემბერი, 2021წ.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია მერი და მისი მოადგილე პოლიტიკური თანამდებობის პირებად მიიჩნევნიან („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვ.პ.), ხოლო პოლიტიკოსებს კრიტიკის მიმართ შემწყნარებლობისა და მოთმინების მაღალი ხარისხით გამოვლენა მოეთხოვებათ, თუმცა მათი რეპუტაცია სრულად დაცვის მიღმა არ რჩება, ასეთი დაცვის აუცილებლობა ფასდება პოლიტიკურ საკითხებზე გამართული ღია განხილვების ინტერესებთან შესაბამისობით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ლინგენსი ავსტრიის წინააღდეგ“ (Lingens v. Austria), 8.07.1986წ.). ამასთანავე, განსხვავებულია თმენის ვალდებულება მოქალაქეებისა თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისგან მომდინარე კრიტიკასა და სამსახურებრივად დაქვემდებარებული მოხელისგან მომდინარე კრიტიკასთან მიმართებით.
სამსახურებრივად დაქვემდებარებული მოხელისგან მომდინარე კრიტიკის შემთხვევაში, დღის წესრიგში დგება არა მხოლოდ გარკვეულ პირთა რეპუტაციული ზიანი, არამედ საჯარო მმართველობის სათანადოდ განხორციელება, რადგან „მერი/გამგებელი წარმოადგენს გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტს, ... ხოლო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი წარმოადგენს იმ საჯარო თანამდებობის პირს, რომელიც საკუთარი, კანონით ვიწროდ გაწერილი უფლებამოსილებებისა და ფუნქციების ფარგლებში ეხმარება და შესაძლებელს ხდის გამგებლის/მერის ამოცანათა პრაქტიკულ რეალიზაციას“; „სტრუქტურული ერთეულები წარმოადგენენ იმ ერთეულებს, რომელთა ერთობლიობა ქმნის გამგეობას/მერიას, ხოლო ეს უკანასკნელი განეკუთვნება გამგებლის/მერის უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველმყოფ ორგანოს. აშკარაა, რომ თითოეული სტრუქტურული ერთეულის არსებობა, მისი ფუნქციონირება, საბოლოოდ, სწორედ გამგებლის/მერის უფლებამოსილებათა აღსრულებას ემსახურება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება №3/5/626 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32, 30). „რეალური ადგილობრივი თვითმმართველობის უზრუნველყოფა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს საფუძველს წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). იმ პირობებში კი, როდესაც მერსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შორის პირადი უთანხმოება სცდება კონსტრუქციული დიალოგის სახეს და სოციალური ღირებულების არმქონე, შეურაცხმყოფელი გამონათქვამების საჯარო გავრცელებაში გადაიზრდება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი საფრთხე ექმნება ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე მდგარი ამოცანების სათანადო, ეფექტიან შესრულებას, რადგან მნიშვნელოვნად რთულდება ხელმძღვანელსა და სამსახურებრივად დაქვემდებარებულ პირს შორის ჯანსაღი კომუნიკაციის პროცესი და ის ერთგვარ „მტრულ“, დაპირისპირებულ ვითარებას ქმნის.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად, პირებს, რომელთაც უკავიათ ისეთი თანამდებობა, რომელიც გულისხმობს საჯარო ინტერესებისადმი პასუხისმგებლობას და საჯარო სამართლით მიკუთვნებული ხელისუფლების განხორციელებაში მონაწილეობას, ფლობენ სახელმწიფოს სუვერენული ხელისუფლების ნაწილს, შესაბამისად, სახელმწიფოს გაჩნია ლეგიტიმური ინტერესი იმისა, რომ ამ საჯარო მოსამსახურეებისაგან „ნდობისა და ერთგულების ბორკილი“ მოითხოვოს (გადაწყვეტილება საქმეზე „ვილჰო ესკელინენი და სხვები ფინეთის წინააღმდეგ“ (Vilho Eskelinen and others v. Finland), 19.04.2007წ., §47). ერთგულების ვალდებულება გულისხმობს საჯარო მოსამსახურის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების, კანონის უზენაესობის, მოქალაქეების, საჯარო ინტერესებისა და საჯარო მმართველობის პრინციპების ერთგულებას. ერთგულების ვალდებულება მოითხოვს, რომ საჯარო მოსამსახურემ შეძლოს მუშაობა ლეგიტიმურ ხელმძღვანელობასთან და მხარი დაუჭიროს პროფესიული ცოდნითა და გამოცდილებით საჯარო პოლიტიკის განხორციელების პროცესში, ასევე პატივი სცეს სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ პოლიტიკას და თავი შეიკავოს მისი საჯარო კრიტიკისგან, კანონით დადგენილ ფარგლებში. მართალია საჯარო მოსამსახურის მიერ სახელმწიფოსადმი ერთგულება არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს საჯარო ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე ხელმძღვანელის ბრმა მორჩილებას, თუმცა აღნიშნული არც სამსახურებრივად ზემდგომი პირის მიმართ შეურაცხმყოფელი, სოციალური ღირებულების არმქონე განცხადებების გავრცელების უპირობო უფლებას მოიაზრებს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96.1 მუხლის თანახმად, საჯარო მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით; დ) სამსახურიდან გათავისუფლება. თავის მხრივ, დისციპლინური გადაცდომისათვის პასუხისმგებლობის ზომის სამართლებრივი საფუძვლები განსაზღვრულია კანონის 97-ე მუხლით, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტში აღნიშნულია, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით; ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე; გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა; დ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები; ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის მიზეზი; ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი; თ) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე. ამავე კანონის 98-ე მუხლის მიხედვით, როგორც უკვე აღინიშნა, სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი არ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის სტანდარტს, რადგან აქტის დასაბუთებით უნდა ირკვეოდეს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და იგი სწორედ მათი შეფასების საფუძველზე მივიდა ამ დასკვნამდე. გასაჩივრებული აქტი კი არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, თუ რატომ გამოიყენა ადმინისტრაციულმა ორგანომ მოხელის მიმართ ყველაზე მძიმე ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება და რატომ იყო შეუძლებელი მის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიდან არ იკვეთება მოხელისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო თუ არა მხედველობაში "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასება არ მისცემია მ.მ-ის კომენტარი, როგორც თავდაპირველი, ისე შესწორებული ფორმით რამდენად ექცეოდა საჯარო მოხელის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. თუ დადგინდება, რომ გამოხატვა არ გასცდენია მ.მ-ის კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, მსჯელობა დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და საჯარო სამსახურში ეთიკის ნორმების დარღვევის თაობაზე, საფუძველს მოკლებულია.
განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ მ.მ-ის მიერ კომენტარი პირვანდელი რედაქციით, გამოქვეყნდა 18:17 საათზე, ხოლო ჩასწორდა დაახლოებით ერთ საათში - 19:14 საათზე. ამასთანავე, უდავოა, რომ მეორე დღეს კომენტარი უკვე წაშლილი იყო სოციალური ქსელიდან. ადმინისტრაციულ ორგანოს ასევე არ შეუფასებია მოსარჩელის მხრიდან ხომ არ ჰქონდა ადგილი მცდელობას თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი. გამოსაკვლევია ასევე რა სახის უარყოფითი შედეგები მოჰყვა მოსარჩელის ქმედებას და აღნიშნულით რა მასშტაბის რეპუტაციული ზიანი მიადგა საჯარო სამსახურს.
სასამართლო დავის გადაუწყვეტლად აქტს ბათილად ცნობს იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებდა გარკვეული გარემოებების გამოკვლევას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ამასთანავე ამ გარემოების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღებისათვის. სასკ-ის 32.4. მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტების კანონიერებაზე მსჯელობას. ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობას საფუძვლად დაედო შეცვლილი ფაქტობრივი ვითარება, კერძოდ გაუქმებულია მ.მ-ის მიმართ საყვედურის შეფარდების თაობაზე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რის გამოც იკვეთება შეფარდებული სახდელის თანაზომიერებაზე მსჯელობის საჭიროება. აზრის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის პროპორციულობის შეფასების კონტექსტში გასათვალისწინებელია გამოყენებული სანქციის ბუნება და სიმძიმეც. საკასაციო პალატა აღნიშნულ ნაწილში იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ გადაცდომის ჩადენის დადასტურება იმთავითვე არ ამართლებს მოხელის მიმართ ყველაზე მძიმე სახდელის - სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა იწვევს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას. პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა, დადგენილი ქცევის წესების დაცვა, მათი დარღვევის პრევენცია. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა მოხდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული (იხ. სუსგ 17.01.2019წ. Nბს-809-805(3კ-17)). სახეზეა სახდელდაუდებელი საჯარო მოხელის მიერ გავრცელებული ერთჯერადი განცხადება, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა სხვის პოსტზე კომენტარის სახით, დაახლოებით ერთ საათში მისი კომენტარის შინაარსი შეიცვალა, ხოლო რამდენიმე საათში წაიშალა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ დისციპლინური გადაცდომის დადგენის შემთხვევაში ხელახლა უნდა იმსჯელოს მ.მ-ისათვის შესაფარდებელი დისციპლინური სახდელის პროპორციულობასთან დაკავშირებით. სახდელის შეფარდებისას მნიშვნელოვანია შეფასდეს გადაცდომის ხასიათი და სიმძიმე, თუმცა არა მხოლოდ ფორმალური ნიშნით, არამედ რეალურად დამდგარი შედეგის ან შექმნილი რისკის გათვალისწინებით. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად პირის სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენება, წარმოადგენს ჩარევას მ.მ-ის კონსტიტუციურ უფლებებში, ხოლო ძირითად უფლებაში ჩარევის გამართლება არა მხოლოდ ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველსა და მიზანზე მითითებას, არამედ ჩარევის თანაზომიერების დასაბუთებასაც საჭიროებს. სახდელის შეფარდებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ საქმის ფაქტობრივი მოცემულობა შეცვლილია, კერძოდ მ.მ-ისათვის სახდელის სახით შეფარდებული საყვედური გაუქმებულია. საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს სადავო აქტი არ შეიცავდა რაიმე მითითებას მსგავსი განცხადებების საჯაროდ გავრცელების არაერთგზისობაზე.
კასატორი ასევე სადავოდ ხდის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას მ.მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისთვის გაწეული ხარჯები., დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. საქმეში დაცული სს „...ის“ 2022 წლის 29 სექტემბრის ანგარიშზე შემოსავლის დოკუმენტის მიხედვით, მ.მ-ემ რ.ხ-ას გადაუხადა საადვოკატო მომსახურების საფასური 1000 (ათასი) ლარი. ზემოთმითითებული საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე იყო მოპასუხისთვის საადვოკატო მომსახურების საფასურის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ საქმის სპეციფიკის, ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურების მოცულობის გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილია მხოლოდ 1000 ლარზე, მოპასუხისთვის ზემოაღნიშნული ოდენობის თანხის დაკისრება ექცევა გონივრულ ფარგლებში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ბ. სტურუა