გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.01.2026
საქმის ნომერი
ბს-83(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.01.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-83(კ-25) 15 იანვარი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ. მ-ი

მესამე პირები - ნ. ზ-ი, ე. მ-ი, კ. პ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. მ-იმა 2021 წლის 13 დეკემბერს სარჩელით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 2 ნოემბრის №1513/13 ბრძანებისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 12 ნოემბრის №6363/13 საკუთრების მოწმობა №1-ის ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხის დავალდებულება - გამოსცეს შესაბამისი აქტები (ბრძანება ფართის გადაცემის შესახებ და საკუთრების მოწმობა) ვ. მ-ისათვის 97 კვ.მ ფართის (მათ შორის, 53.9 კვ.მ - საცხოვრებელი, 38.6 კვ.მ - დამხმარე და 4,5 კვ.მ - სამეურნეო ფართები), ასევე, 222 კვ.მ მიმდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 25 მაისის №1293/13 ბრძანებით გადაცემულ საცხოვრებელ ფართს, კერძოდ, ახალქალაქში, ...ს ქ. №...-ში, ბინა №...-ში (...ს ტერიტორია) არსებულ საცხოვრებელ სახლს, ვ. მ-ი ფლობდა და სარგებლობდა 1970-იანი წლებიდან და შესაბამისად, იხდიდა და დღემდე იხდის ყველა კომუნალურ გადასახადს. მოსარჩელის მითითებით, მას, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, სრულიად კანონიერად გადაეცა საკუთრებაში ზემოაღნიშნული ფართი. ამდენად, 2021 წლის 2 ნოემბრის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის №1513/13 სადავო ბრძანება და ამავე ბრძანების შესაბამისად 2021 წლის 12 ნოემბერს გაცემული №6363/13 საკუთრების მოწმობა №1 არის სრულიად უკანონოდ მიღებული, რომლებიც არ ასახავენ რეალობას. მოსარჩელის მითითებით, ადრინდელ აზომვებში (როგორც შიდა, ასევე გარე) იყო დიდი ცდომილება, რომელიც ამჟამად გამოსწორებულია და კარგად არის წარმოდგენილი ახალქალაქის მერიის მიერ მომზადებულ შენობის გეგმაზე. დასახელებული გეგმის მიხედვით, საერთო ფართია 116.3 კვ.მ. აქედან, მოსარჩელე ითხოვს 97 კვ.მ ფართისა და 222 კვ.მ მიმდებარე მიწის ნაკვეთის დაკანონებას, ხოლო დარჩენილ 19.3 კვ.მ ფართზე არ აქვს პრეტენზია, ვინაიდან აღნიშნული ქონებით მოსარგებლე მოსარჩელის მეზობელი - კ. პ-ია.

მოსარჩელის მითითებით, არსებობს სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც მოცემული საქმის განუყოფელი ნაწილია და მისით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას. დასახელებულ გადაწყვეტილებებში სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე სადავო ქონებით მოსარგებლეა სრულიად კანონიერად.

მოსარჩელის მოსაზრებით, სინამდვილეს არ შეესაბამება ასევე ის გარემოება, რომ თითქოს მიმდებარე 222 კვ.მ მიწის ნაკვეთით არავინ სარგებლობს. იგი მოსარჩელის მიერ სრულად ათვისებული და მოვლილია.

მოსარჩელის მტკიცებით, მისი 8-სულიანი ოჯახი სადავო ფართის კანონიერი მოსარგებლეა დიდი ხნის განმავლობაში და მისი გადაცემა მოსარჩელისთვის სრულიად კანონიერია.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ნ. ზ-ი და ე. მ-ი.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში მე-3 სასარჩელო მოთხოვნის (222 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის) ნაწილში მესამე პირად ჩაბმულ იქნა კ. პ-ი.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 2 ნოემბრის №1513/13 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 12 ნოემბრის №6363/13 საკუთრების უფლების მოწმობა №1; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანება და საკუთრების უფლების მოწმობა) გამოცემა ვ. მ-ის საკუთრებაში 97 კვ.მ ფართის გადაცემის შესახებ ახალქალაქში, ...ს ქ. №...-ის ბინა №...-ში, შედგენილი შიდა აზომვითი ნახაზის (შენობის გეგმის) შესაბამისად - №1-9 ოთახები. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- სადავო ქონებას წარმოადგენს ახალქალაქში, ...ს ქ. №...-ში, შენობა №...-ში (ს/კ ...; ...ს ტერიტორია) მდებარე საცხოვრებელი სახლი;

- საქმეში დაცული, 2021 წლის 30 სექტემბერს შედგენილი შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად და 2022 წლის 20 ოქტომბერს ჩატარებული ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ახალქალაქში, ...ს ქ. №...-ში, შენობა №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი შედგება 11 ოთახისგან. საერთო ფართია 116,3 კვ.მ, საიდანაც: №1-5 ოთახებით (53.8 კვ.მ ფართით) 1978 წლიდან სარგებლობს მ-ის ოჯახი, რაზეც მხარეები არ დავობენ; ორი ოთახი (№10, №11) 19,3 კვ.მ ფართით, ეკუთვნის პ-იებს ესეც სადავო არ არის; დავის საგანს წარმოადგენს №6-9 ოთახები (43.2 კვ.მ ფართი). ამასთან მ-ის ოჯახი ფაქტობრივად ფლობს №1-9 ოთახების ფართს (97 კვ.მ);

- მესამე პირების განმარტებით, სადავო ფართით სარგებლობდა (ცხოვრობდნენ) ხ. მ-ის ოჯახი. მშობლების გარდაცვალების შემდეგ აღნიშნული ბინით სარგებლობდნენ მათი შვილები - ე. მ-ი და ნ. ზ-ის დედა - ა. მ-ი, ხოლო ა. მ-ის გარდაცვალების შემდეგ ნ. ზ-ი, როგორც მემკვიდრე, სარგებლობს აღნიშნული ბინით. თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით, ვერ დგინდება მესამე პირების მიერ სადავო ფართით სარგებლობის ფაქტი, პირიქით დგინდება, რომ ხ. მ-ის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი (უფლებამონაცვლეები) არ ცხოვრობდა ამ ბინაში, მესამე პირების მიერ ბინით სარგებლობის კვალიც არ იკვეთება. ამ ფართის გასაღები იყო მ-ითან, მისივე ნივთები განლაგებული იყო სადავო ფართზე. მართალია, №6-9 ოთახების ფართს ფლობდა და ცხოვრობდა ხ. მ-ი, თუმცა გარდაცვალების შემდეგ (2003წ.) ამ ფართის გასაღები ინახებოდა მ-იებთან. სწორედ მოსარჩელემ გახსნა კარი დათვალიერების დროს. ჩანს, რომ №6 ოთახიდან №5 ოთახში გახსნილია კარი, შესაბამისად, მა-ის და მოსარჩელის ფართი ფაქტობრივად გაერთიანებულია. აღნიშნულის საწინააღმდეგო ან უარმყოფელი მტკიცებულება ან მოსაზრება არ არის წარმოდგენილი;

- საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ცნობები, რომლებიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ენერგო და გაზკომპანიის აბონენტია; ასევე წარმოდგენილია ახალქალაქის მერის წარმომადგენლის ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ, რომ ვ. მ-ი ოჯახთან ერთად ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე;

- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 25 მაისის №1293/13 ბრძანებით ვ. მ-ის გადაეცა ახალქალაქში, ...ს ქ. №...-ში მდებარე ბინა ...-ში არსებული მიწის ნაკვეთი, ფართით - 404.00 კვ.მ და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით - 173 კვ.მ (ს/კ ...). 2018 წლის 25 მაისის №1293/13 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 27 დეკემბრის №2951 13 ბრძანებით, რომელიც ვ. მ-იმა გაასაჩივრა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 27 დეკემბრის №2951/13 ბრძანება და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ;

- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 2 ნოემბრის №1513/13 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 25 მაისის №1293 13 ბრძანება, რომლითაც ვ. მ-ის გადაეცა ახალქალაქში, ...ს ქ. №...-ში მდებარე ბინა ...-ში არსებული მიწის ნაკვეთი, ფართით - 404.00 კვ.მ და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით - 173 კვ.მ (ს/კ ...) და ვ. მ-ის საკუთრებაში გადასცა ამავე მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილი, კერძოდ, 53.8 კვ.მ ფართი 2021 წლის 30 სექტემბერს შედგენილი შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, კერძოდ, ოთახი №1-17.2 კვ.მ, ოთახი №2-12.0 კვ.მ, ოთახი №3-6.8 კვ.მ, ოთახი №4-9.4 კვ.მ, ოთახი №5-8.4 კვ.მ.; ამავე ბრძანების საფუძველზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემულია საკუთრების უფლების მოწმობა №1;

- საქმეში წარმოდგენილია ერთადერთი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული დოკუმენტი - საბინაო წიგნი (...ს შესახვევი), სადაც აღრიცხული იყვნენ კ. პ-ი, ვ. მ-ი (მოსარჩელე) და მისი ოჯახი, ხ. მ-ი და მისი მეუღლე, ასევე, ვი. და კ. მ-იები, ა. პ-ი, კ. გ-ი. კ. პ-ი და ა. პ-ი ცხოვრობენ ცალკე და სადავო ფართთან ინტერესი არა აქვთ, ხ. მ-ის და მისი მეუღლის მემკვიდრეები მოცემულ საქმეზე არიან მესამე პირები, რომლებიც არ სარგებლობენ სადავო ფართით. სასამართლოს მითითებით, მნიშვნელოვანია, რომ საბინაო წიგნში არ არის ასახული სარგებლობის ფართი და კონფიგურაცია (სად არის ფართები, რომელი ფართით სარგებლობს თითოეული მოსარგებლე), შესაბამისად, აღნიშნული საბინაო წიგნი წარმოადგენს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული სარგებლობის უფლებადამდგენ დოკუმენტს მოსარჩელისთვისაც, ამასთან, არა მხოლოდ 53.8 კვ.მ ფართზე. საბინაო წიგნში მოსარჩელე უფრო ადრე არის აღრიცხული ვიდრე მა-ი (მ-ი ვ. მე-4 ფურცელზეა, შემდეგ - პ-ი ა., ხოლო შემდეგ მ-ი ხ. მე-5 ფურცელზე), ანუ მოსარჩელე წარმოადგენს კანონიერ მოსარგებლეს, მათ შორის, სადავო ფართთან მიმართებაშიც.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისათვის საქალაქო სასამართლომ გამოიყენა საკითხის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტი, კერძოდ, კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილება, რომლის მე-4 მუხლი განსაზღვრავს თუ რა დოკუმენტები უნდა დაერთოს საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის შესახებ განცხადებას, ესენია: ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის აზომვითი ნახაზი; დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ; ე) გარკვეული პირობით დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მისი განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე; ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი; ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა).

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1970-იანი წლებიდან ვ. მ-ი ფლობდა და სარგებლობდა №1-5 ოთახებით, ხოლო 2004 წლიდან სარგებლობდა №6-9 ოთახებით (სადავო ფართით), შესაბამისად, იხდიდა და იხდის ყველა კომუნალურ გადასახადს, ხოლო მესამე პირების მიერ სადავო ფართით სარგებლობის ფაქტი არ დადასტურდა. მესამე პირების ინტერესი საქმეზე განპირობებულია მხოლოდ მემკვიდრეობით, თუმცა, როგორც აღნიშნულია, არ სარგებლობენ აღნიშნული ფართით. მართალია, მესამე პირებსაც აქვთ უფლებამოსილი ორგანოს მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული სარგებლობის უფლებადამდგენი დოკუმენტი, თუმცა ფაქტობრივად არ სარგებლობენ ამ ბინაში რაიმე ფართით. შესაბამისად, №1-9 ოთახების (97 კვ.მ ფართით) კანონიერი მოსარგებლე დარჩა მხოლოდ მოსარჩელე, რომელსაც აქვს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული სარგებლობის უფლებადამდგენი დოკუმენტი, ხოლო მესამე პირები არ წარმოადგენენ კანონიერ მოსარგებლეებს.

რაც შეეხება მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს (მათ შორის, ეზოს/საკარმიდამო ნაკვეთს), სასამართლომ განმარტა, რომ მასზე საკუთრების უფლების აღიარება ხდება სხვაგვარად, ვიდრე არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადაცემის წესისა. კერძოდ, მისი დაკანონება წყდება საჯარო რეესტრში სისტემური რეგისტრაციის წესით, ან/და როგორც მრავალბინიანი სახლის საერთო სარგებლობის მიწა - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამდენად, განსახილველ დავაში აღნიშნული მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, რადგან გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ამ ნაწილში სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 2 ნოემბრის №1513/13 ბრძანებისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 12 ნოემბრის №6363/13 საკუთრების უფლების მოწმობა №1-ის კანონშეუსაბამობაზე და მიიჩნია, რომ არსებობდა მათი ბათილად ცნობისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ((ბრძანებისა და საკუთრების უფლების მოწმობის) ვ. მ-ის საკუთრებაში 97 კვ.მ ფართის გადაცემის შესახებ (ახალქალაქში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე ბინა №...-ში, შედგენილი შიდა აზომვითი ნახაზის (შენობის გეგმის) შესაბამისად - №1-9 ოთახები) გამოცემის დავალების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების მე-2 მუხლზე და აღნიშნავს, რომ ვ. მ-ის ქალაქ ახალქალაქში, ...ს ქუჩა №...-ში დმებარე ბინა №...-ში არსებული სადავო №6-9 ოთახებით სარგებლობისთვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი არ გააჩნია.

კასატორის განმარტებით, სასამართლო თავადვე მიუთითებს, რომ მესამე პირებს აქვთ უფლებამოსილი ორგანოს მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული სარგებლობის უფლებადამდგენი დოკუმენტი, თუმცა ფაქტობრივად არ სარგებლობენ ამ ბინაში რაიმე ფართით, შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლე დარჩა მხოლოდ მოსარჩელე. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება ურთიერთგამომრიცხავია, რადგან თუკი მესამე პირებზეა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სადავო ფართი, მაშინ მხოლოდ მოსარჩელე არ შეიძლება იყოს ამ ფართის კანონიერი მოსარგებლე.

მოცემულ შემთხვევაში, ვ. მ-ის საკუთრების უფლება დაცულია, მას საკუთრებაში გადაეცა სწორედ ის ფართი, რომლის კანონიერ მოსარგებლესაც წარმოადგენს. ვ. მ-ი და მისი ოჯახი რომ სარგებლობს აღნიშნული სადავო 43.2 კვ.მ ფართით, ეს არ ნიშნავს, რომ ის ამ ფართის კანონიერი მოსარგებლეც არის. თავადაც არაერთხელ აღნიშნა, რომ მითითებული ფართი სარგებლობაში გადაცემული ჰქონდა ხ. მ-ის და მან თვითნებურად ოთახებს შორის გახსნა კარი და დაიწყო ამ ფართითაც სარგებლობა.

რაც შეეხება სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ საბინაო წიგნში ფართი და კონფიგურაცია არ არის მითითებული, შესაბამისად, აღნიშნული საბინაო წიგნი წარმოადგენს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ფიზიკურ პირზე გაცემულ სარგებლობის უფლებადამდგენ დოკუმენტს მოსარჩელისათვისაც, ამასთან, არა მხოლოდ 53.8 კვ.მ ფართზე, კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება არანაირი მტკიცებულებით არ არის გამყარებული და დადასტურებული, პირიქით, არაერთხელ დადგინდა, რომ ვ. მ-ი საბინაო წიგნის საფუძველზე კანონიერ მოსარგებლეს წარმოადგენს მხოლოდ 53.8 კვ.მ-ზე, რასაც თავად ადასტურებს. მისივე განმარტებით, დგინდება, რომ სადავო ფართით სარგებლობდა მა-ის ოჯახი. შესაბამისად, მას უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი არ გააჩნია სადავო ფართით სარგებლობისათვის. ასევე, სრულიად უსაფუძვლოა იმაზე მითითება, რომ ვინაიდან საბინაო წიგნში მოსარჩელე უფრო ადრეა აღრიცხული, წარმოადგენს სადავო ფართის მოსარგებლესაც, ამ თვალსაზრისით, ვ. მ-იზე უფრო ადრე სხვა პირია აღრიცხული საბინაო წიგნში.

დასახელებულ გარემოებებზე მითითებით, კასატორი მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 იანვრის განჩინებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ივლისის განჩინებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული. ამავე განჩინებით მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივარი განხილული იქნებოდა არსებითად მხარეთა დასწრების გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

- სადავო ქონებას წარმოადგენს ახალქალაქში, ...ს ქ. №...-ში მდებარე ბინა №...-ში (ს/კ ...; ...ს ტერიტორია) არსებული საცხოვრებელი სახლი;

- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 25 მაისის №1293/13 ბრძანებით ვ. მ-ის გადაეცა ახალქალაქში, ...ს ქ. №...-ში მდებარე ბინა ...-ში არსებული მიწის ნაკვეთი, ფართით - 404 კვ.მ და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით - 173 კვ.მ (ს/კ ...). 2018 წლის 25 მაისის №1293/13 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 27 დეკემბრის №2951/13 ბრძანებით, რომელიც ვ. მ-იმა გაასაჩივრა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 27 დეკემბრის №2951/13 ბრძანება და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ;

- ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 2 ნოემბრის №1513/13 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 25 მაისის №1293/13 ბრძანება, რომლითაც ვ. მ-ის გადაეცა ახალქალაქში, ...ს ქ. №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, ფართით - 404.00 კვ.მ და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით - 173 კვ.მ (ს/კ ...); 2021 წლის 2 ნოემბრის №1513/13 ბრძანებითვე ვ. მ-ის საკუთრებაში გადაეცა იმავე მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილი, კერძოდ, 53.8 კვ.მ ფართი 2021 წლის 30 სექტემბერს შედგენილი შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, კერძოდ, ოთახი №1-17.2 კვ.მ, ოთახი №2-12.0 კვ.მ, ოთახი №3-6.8 კვ.მ, ოთახი №4-9.4 კვ.მ, ოთახი №5-8.4 კვ.მ.; ამავე ბრძანების საფუძველზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №1;

- საქმეში დაცული 2021 წლის 30 სექტემბერს შედგენილი შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და 2022 წლის 20 ოქტომბერს ჩატარებული ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, დადგენილია, რომ ახალქალაქში, ...ს ქ. №...-ში მდებარე შენობა №...-ში არსებული საცხოვრებელი სახლი შედგება 11 ოთახისგან. საერთო ფართია 116,3 კვ.მ, საიდანაც: №1-5 ოთახებით (53.8 კვ.მ ფართით) 1978 წლიდან სარგებლობს მ-იების ოჯახი, რაზეც მხარეები არ დავობენ; ორი ოთახი (№10, №11) 19,3 კვ.მ ფართით, ეკუთვნის პ-იებს, ეს ფაქტიც სადავო არ არის. დავის საგანს წარმოადგენს №6-9 ოთახები (43.2 კვ.მ ფართი). ამასთან, მ-ის ოჯახი ფაქტობრივად ფლობს №1-9 ოთახების ფართს (97 კვ.მ);

- მესამე პირების განმარტებით, სადავო ფართით (№6-9 ოთახები; 43.2 კვ.მ ფართი) სარგებლობდა (ცხოვრობდნენ) ხ. მ-ის ოჯახი. მშობლების გარდაცვალების შემდეგ აღნიშნული ბინით სარგებლობდნენ მათი შვილები - ე. მ-ი და ნ. ზ-ის დედა - ა. მ-ი, ხოლო ა. მ-ის გარდაცვალების შემდეგ ნ. ზ-ი, როგორც მემკვიდრე, სარგებლობს აღნიშნული ბინით. თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით, ვერ დგინდება მესამე პირების მიერ სადავო ფართით სარგებლობის ფაქტი, პირიქით დგინდება, რომ ხ. მ-ის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი (უფლებამონაცვლეები) არ ცხოვრობდა ამ ბინაში, მესამე პირების მიერ ბინით სარგებლობის კვალიც არ იკვეთება. ამ ფართის გასაღები იყო მ-ითან, მისივე ნივთები განლაგებული იყო სადავო ფართზე. №6-9 ოთახების ფართს ფლობდა და ცხოვრობდა ხ. მ-ი, რომლის გარდაცვალების შემდეგ (2003წ.) ამ ფართის გასაღები ინახებოდა მ-იებთან, სწორედ მოსარჩელემ გახსნა კარი დათვალიერების დროს. ჩანს, რომ №6 ოთახიდან №5 ოთახში გახსნილია კარი, შესაბამისად, მა-ის და მოსარჩელის ფართი ფაქტობრივად გაერთიანებულია. აღნიშნულის საწინააღმდეგო ან უარმყოფელი მტკიცებულება ან მოსაზრება არ არის წარმოდგენილი;

- საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ცნობები, რომლებიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ენერგო და გაზკომპანიის აბონენტია, ასევე წარმოდგენილია ახალქალაქის მერის წარმომადგენლის 2019 წლის 19 თებერვლის ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ, რომ ვ. მ-ი ოჯახთან ერთად ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე;

- საქმეში წარმოდგენილია უფლებამოსილი ორგანოს მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული დოკუმენტი - საბინაო წიგნი (...ს შესახვევი), სადაც აღრიცხული იყვნენ კ. პ-ი, ვ. მ-ი (მოსარჩელე) და მისი ოჯახი, ხ. მ-ი და მისი მეუღლე, ასევე ვი. და კ. მ-იები, ა. პ-ი, კ. გ-ი. საიდანაც კ. პ-ი და ა. პ-ი ცხოვრობენ ცალკე და სადავო ფართთან ინტერესი არა აქვთ, ხ. მ-ის და მისი მეუღლის მემკვიდრეები მოცემულ საქმეზე არიან მესამე პირები. აღსანიშნავია, რომ საბინაო წიგნში არ არის ასახული სარგებლობის ფართი და კონფიგურაცია (სად არის ფართები, რომელი ფართით სარგებლობს თითოეული მოსარგებლე);

- საქმეში წარმოდგენილია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტისა და ქ. ახალქალაქის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, რომელიც შედგენილია ახალქალაქში, ...ს ქ. №...-ში მდებარე შენობა №...-ში მაცხოვრებლების განმარტებების შედეგად. დასახელებული მოხსენებითი ბარათით დასტურდება, რომ აღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი ფართის ნაწილით, კერძოდ, 53.8 კვ.მ ფართით ვ. მ-ის ოჯახი სარგებლობს 1975 წლიდან; კ. პ-ი სარგებლობს 19.3 კვ.მ ფართით 1956 წლიდან; ხ. მ-ი კი სარგებლობდა 43.2 კვ.მ ფართით 1989 წლიდან 2004 წლამდე (მის გარდაცვალებამდე). ხ. მ-ის გარდაცვალების შემდეგ, 43.2 კვ.მ ფართით სარგებლობა დაიწყო ვ. მ-იმა და დღემდე ის სარგებლობს; 222 კვ.მ მიწის ნაკვეთს კი არავინ არ იკავებს;

- საქმეში დაცული ნ. ზ-ის განცხადებით დასტურდება ასევე ის გარემოება, რომ იგი ითხოვს ახალქალაქში, ...ს ქ. №...-ში მდებარე შენობა №...-ში ხ. მ-ის მემკვიდრეების - ნ. ზ-ისა და ე. მ-ის კანონიერ სარგებლობაში არსებული ფართის პრივატიზებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცემული სადავო აქტით მოსარჩელისათვის ახალქალაქში, ...ს ქ. №...-ში მდებარე შენობა №...-ში არსებული ფართის ნაწილის (53.8 კვ.მ-ის) საკუთრებაში გადაცემის კანონიერება.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ აქტზე, კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებულ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე“, რომლის პირველი მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. მითითებული წესის მე-3 მუხლის მიხედვით, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ამ წესის მიზნებისათვის – შესაბამისი რაიონის გამგებელი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ამ წესისა და აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. ამავე დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. თავის მხრივ, აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს კანონიერი მოსარგებლის ლეგალურ დეფინიციას, რომლის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა ორი პირობის არსებობა: 1. უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი და 2. ფიზიკური პირის მხრიდან საპრივატიზაციო ფართის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. ამასთან, აღნიშნული ორი პირობა კუმულაციურად უნდა არსებობდეს.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 2 ნოემბრის №1513/13 ბრძანებით ვ. მ-ის 2021 წლის 30 სექტემბერს შედგენილი შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, საკუთრებაში გადაეცა ახალქალაქში, ...ს ქ. №...-ში მდებარე ბინა №...-ში არსებული საცხოვრებელი სახლის მხოლოდ ნაწილი, კერძოდ, 53.8 კვ.მ ფართი (ოთახი №1-17.2 კვ.მ, ოთახი №2-12.0 კვ.მ, ოთახი №3-6.8 კვ.მ, ოთახი №4-9.4 კვ.მ, ოთახი №5-8.4 კვ.მ). ამავე ბრძანების საფუძველზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №1.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დასახელებული ბრძანების გამოცემისას ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, დადგენილ იქნა, რომ ახალქალაქში, ...ს ქ. №...-ში მდებარე ბინა №...-ში არსებული საცხოვრებელი სახლის საერთო ფართია 116,3 კვ.მ (2021 წლის 30 სექტემბერს შედგენილი შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი), ხოლო მიწის ნაკვეთი არის 222 კვ.მ, რომელსაც, იქ მაცხოვრებლების განმარტებებით, არავინ იკავებს. აღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი ფართის ნაწილით, კერძოდ, 53.8 კვ.მ ფართით, ვ. მ-ის ოჯახი სარგებლობს 1978 წლიდან, კ. პ-ის ოჯახი სარგებლობს 19,3 კვ.მ ფართით 1956 წლიდან; ხ. მ-ი კი სარგებლობდა 43.2 კვ.მ ფართით 1989 წლიდან 2004 წლამდე (მის გარდაცვალებამდე); ხ. მ-ის გარდაცვალების შემდეგ 43.2 კვ.მ ფართით სარგებლობა დაიწყო ვ. მ-იმა და დღემდე სარგებლობს (ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტისა და ქ. ახალქალაქის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი).

საქმეში დაცული დოკუმენტების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოთ მითითებული სამართლებრივი დანაწესების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ვ. მ-ი არის ახალქალაქში, ...ს ქ. №...-ში მდებარე ბინა №...-ში არსებული საცხოვრებელი სახლის ნაწილის, კერძოდ, 53.8 კვ.მ ფართის კანონიერი მოსარგებლე (2021 წლის 30 სექტემბერს შედგენილი შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ოთახი №1-17.2 კვ.მ, ოთახი №2-12.0 კვ.მ, ოთახი №3-6.8 კვ.მ, ოთახი №4-9.4 კვ.მ, ოთახი №5-8.4 კვ.მ). რაც შეეხება სადავო 43.2 კვ მ ფართს (2021 წლის 30 სექტემბერს შედგენილი შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, ოთახი №6-25.9 კვ.მ, ოთახი №-4.5 კვ.მ, ოთახი №8-3.1 კვ.მ, ოთახი №9-9.7 კვ.მ), რომლითაც სარგებლობდა ხ. მ-ი გარდაცვალებამდე და მისი გარდაცვალების შემდეგ სარგებლობს ვ. მ-ი, მოსარჩელეს აღნიშნული ფართით სარგებლობის უფლება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით არ აქვს. შესაბამისად, აღნიშნული ფართით კანონიერად არ სარგებლობს. სწორედ ამიტომ, იგი არ წარმოადგენს „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების საფუძველზე, სადავო ფართის კანონიერ მოსარგებლეს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქმეში დაცულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული დოკუმენტი - საბინაო წიგნი (...ს შესახვევი), სადაც აღრიცხული არიან კ. პ-ი, ვ. მ-ი (მოსარჩელე) და მისი ოჯახი, ხ. მ-ი და მისი მეუღლე, ასევე ვი. და კ. მ-იები, ა. პ-ი, კ. გ-ი. კ. პ-ი და ა. პ-ი ცხოვრობენ ცალკე და სადავო ფართთან ინტერესი არა აქვთ. აღსანიშნავია, რომ ხ. მ-ის და მისი მეუღლის მემკვიდრეები მოცემულ საქმეზე არიან მესამე პირები, რომლებსაც პრეტენზია გააჩნიათ მათი მამკვიდრებლის კანონიერ სარგებლობაში არსებულ ფართზე, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილია ნ. ზ-ის განცხადება, რომლითაც იგი ითხოვს ახალქალაქში, ...ს ქ. №...-ში მდებარე შენობა №...-ში ხ. მ-ის მემკვიდრეების - ნ. ზ-ისა და ე. მ-ის კანონიერ სარგებლობაში არსებული ფართის პრივატიზებას. ამასთან, მართალია, რომ საბინაო წიგნში არ არის ასახული სარგებლობის ფართი და კონფიგურაცია (სად არის ფართები, რომელი ფართით სარგებლობს თითოეული მოსარგებლე), თუმცა მასში მითითებული არიან როგორც ვ. მ-ის, ასევე ხ. მ-ის ოჯახები. შესაბამისად, საკასაციო პალატის განმარტებით, უსაფუძვლოა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა, რომ საბინაო წიგნი წარმოადგენს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ფიზიკურ პირზე გაცემულ სარგებლობის უფლებადამდგენ დოკუმენტს მოსარჩელისთვისაც არამხოლოდ 53.8 კვ.მ ფართზე. გარდა ამისა, ვ. მ-ი თავადვე ადასტურებს, რომ სადავო ფართით სარგებლობდა მა-ის ოჯახი.

ზემოაღნიშნულ მსჯელობას ამყარებს ასევე საქმეში წარმოდგენილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტისა და ქ. ახალქალაქის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, რომელიც შედგენილია ახალქალაქში, ...ს ქ. №...-ში მდებარე შენობა №...-ში მაცხოვრებლების განმარტებების შედეგად. დასახელებული მოხსენებითი ბარათით დასტურდება, რომ აღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი ფართის ნაწილით, კერძოდ, 53.8 კვ.მ ფართით ვ. მ-ის ოჯახი სარგებლობს 1975 წლიდან; კ. პ-ი სარგებლობს 19.3 კვ.მ ფართით 1956 წლიდან; ხ. მ-ი კი სარგებლობდა 43.2 კვ.მ ფართით 1989 წლიდან 2004 წლამდე (მის გარდაცვალებამდე). ხ. მ-ის გარდაცვალების შემდეგ, 43.2 კვ.მ ფართით სარგებლობა დაიწყო ვ. მ-იმა და დღემდე სარგებლობს; 222 კვ.მ მიწის ნაკვეთს კი არავინ არ იკავებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში მისაღებად გადამწყვეტია ამა თუ იმ პირის მიერ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართით როგორც ფაქტობრივი სარგებლობა, ასევე ფართით სარგებლობის კანონიერი საფუძველი, კერძოდ, აღნიშნული პირი რამდენად წარმოადგენს საცხოვრებელი ფართის კანონიერ მოსარგებლეს. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. მ-ი სადავო ფართზე კანონიერ მოსარგებლედ ვერ ჩაითვლება. მოცემულ მსჯელობას ადასტურებს საქმეში დაცული არაერთი მტკიცებულება. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ ვ. მ-ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სადავო 43.2 კვ.მ ფართზე კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 2 ნოემბრის №1513/13 ბრძანება.

ამდენად, არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“ ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს საკუთრებაში ფართის გადაცემის საკითხის განხილვისას შეამოწმოს განმცხადებლის მოთხოვნისა და წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობა აღნიშნული წესის მოთხოვნებთან. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. მ-ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 2 ნოემბრის №1513/13 ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. დასახელებული ბრძანების კანონიერების დადგენის პირობებში, ასევე არ არსებობს მის საფუძველზე გაცემული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 12 ნოემბრის №6363/13 საკუთრების მოწმობა №1-ის ბათილად ცნობის საფუძველიც. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები სრულიად დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, სახეზეა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური წინაპირობები, რომლითაც ვ. მ-ის უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გადაწყვიტა:

1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ვ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

თ. ზამბახიძე