დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-210(კ-25) 24 ივნისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ლ.ლ-ი
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2021 წლის 7 ივლისს ლ.ლ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 12 აპრილის №000982 დადგენილების და ლ.ლ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 მაისის №714 ბრძანების ბათილად ცნობა.
სარჩელის თანახმად, ლ.ლ-მა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში (ს/კ: №...) აწარმოა კაპიტალური ნაგებობის მშენებლობა. ყოველივე ამის შემდეგ, 2020 წლის 1 დეკემბერს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ლ.ლ-ის მიმართ გამოიცა №000982 მითითება, რომლითაც მას განესაზღვრა 10 დღის ვადა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარმოსადგენად ან უსაფრთხოების წესების დაცვით ნაგებობის დემონტაჟის განსახორციელებლად. 2020 წლის 14 დეკემბერს №000982 შემოწმების აქტით დაფიქსირდა ამავე სამსახურის მიერ გამოცემული მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნათა შეუსრულებლობა, რის საფუძველზეც მოსარჩელე 2021 წლის 12 აპრილს №000982 დადგენილებით დაჯარიმდა 25 000 ლარით და დაევალა შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. აღნიშნული დადგენილება, მუნიციპალურის ინსპექციის 2021 წლის 27 მაისს №714 ბრძანებით ძალაში იქნა დატოვებული.
მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ 2020 წლის 29 დეკემბერს მან მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამასთან, აღნიშნა, რომ 1999 წელს აშენდა შენობა-ნაგებობა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 მარტის №153 წლის დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს აღნიშნული წესით განსაზღვრულ პირობებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ფაქტორები არ იქნა გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ მოხდა საქმის სათანადოდ შესწავლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ.ლ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 მაისის №714 ბრძანება ლ.ლ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და მასვე დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ.ლ-ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2021 წლის 12 აპრილს მიღებული იქნა №000982 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომლის თანახმად, ლ.ლ-ი დაჯარიმდა 25 000 ლარით ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ს მიმდებარედ, სახელმწიფოს ტერიტორიაზე კაპიტალური შენობა-ნაგებობის და მცირე სიმაღლის კაპიტალური კედლის უნებართვოდ მშენებლობისათვის, ამასთან მას დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი. აღნიშნული დადგენილება ძალაში იქნა დატოვებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 მაისის №714 ბრძანებით.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 17 აგვისტოს №198 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით ..., 2021 წლის 25 აგვისტოდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ლ.ლ-ის სახელზე. ხოლო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 24 ნოემბრის №5697158 ბრძანებით ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში უნებართვოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი - შენობა- ნაგებობის საერთო ფართი 31.46 კვ.მ.
სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მართალია განხორციელდა ზემოაღნიშნული ქონების ლეგალიზება, თუმცა აზომვითი ნახაზის თანახმად, 51 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო ორი შენობა 27 კვ.მ. და 5 კვ.მ. ამდენად, გაუგებარი იყო თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 24 ნოემბრის №5697158 ბრძანებით რა ნაწილის ლეგალიზება მოხდა ან/და აღნიშნული მოიცავდა თუ არა სადავოდ გამხდარ კაპიტალურ შენობა-ნაგებობასა და მცირე სიმაღლის კაპიტალურ კედელს. ამდენად, სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, იკვეთებოდა საქმის ხელახალი განხილვის და დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების და შეფასების საჭიროება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის 93-ე მუხლის პირველ და მე-4 ნაწილებსა და 94-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, ასევე, დასახელებული კოდექსის მე-3 მუხლის ჰ18 ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად მიიჩნევს შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის არსებობას. სამუშაოების ამგვარი დოკუმენტაციის გარეშე განხორციელების შემთხვევაში, უნებართვო მშენებლობის სახით ადგილი ექნება სამშენებლო სამართალდარღვევას, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განისაზღვრება.
კასატორი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, სადავო დადგენილების გამოცემის დროისთვის არსებული ვითარების ამსახველი ფოტოსურათების ერთობლივი შეფასების შედეგად, დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ს (ს/კ:...) მიმდებარედ, სახელმწიფოს ტერიტორიაზე აშენებულია კაპიტალური შენობა-ნაგებობა და მცირე სიმაღლის კაპიტალური კედელი. ხოლო, ხსენებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელებას ესაჭიროებოდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია მშენებლობის ნებართვის/შეთანხმებული შეტყობინების სახით. ის ფაქტი, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში ამგვარი დოკუმენტაცია ვერც მოსარჩელის მიერ იქნა წარმოდგენილი და ვერც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნა მოძიებული, ცალსახად მიუთითებდა განხორციელებული მშენებლობის უნებართვო ხასიათზე.
კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო დადგენილებაში მითითებული სამშენებლო სამუშაოების მის მიერ წარმოების ფაქტი დაადასტურა თავად ლ.ლ-იმა როგორც წარმოდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში, ისე 2021 წლის 26 იანვარს მუნიციპალურ ინსპექციაში და 2021 წლის 18 მაისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომებზე დაფიქსირებული განმარტებებით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ ლ.ლ-ი მართებულად იქნა მიჩნეული განსახილველი სამართალდარღვევის სუბიექტად.
კასატორის მითითებით, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებებზე, რომ მოსარჩელე მხარემ მიმართა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მიწის ნაკვეთი უკვე წარმოადგენდა მის საკუთრებას, ასევე, მოსარჩელემ მიმართა არქიტექტურის სამსახურს განცხადებით და მოახდინა მის საკუთრებაში არსებული უნებართვოდ აშენებული სახლის გარკვეული ნაწილის ლეგალიზება. თუმცა, კასატორმა განმარტა, რომ იგი როგორც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, განიხილავს და აქტის კანონიერებას ამოწმებს, უშუალოდ სადავო აქტის გამოცემის დროისათვის არსებული ვითარებისა და კანონმდებლობის ერთობლივად შეფასების შედეგად. შესაბამისად, უშუალოდ მუნიციპალური ინსპექციის დადგენილების გამოცემის მომენტში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არც განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და არც სამართალდარღვევის ობიექტის დემონტაჟის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის გამოყენებით, სასამართლომ თავი აარიდა საკითხის სამართლებრივ შეფასებას და გადაწყვეტილება მიიღო საპროცესო ასევე მატერიალური ნორმების დარღვევით, მაშინ როცა საქმეში დაცული მტკიცებულებები იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. კონკრეტული სამართლებრივი ნორმების დარღვევის გარდა, სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით შექმნა მართლმსაჯულების ხელოვნურად გაჭიანურების საფუძველი და რაც მთავარია, ვერ უზრუნველყო ვერც მოსარჩელის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაცვა, ვინაიდან ეს უკანასკნელი გამოიხატება არა აპრიორი სასარჩელო მოთხოვნის ფორმალურად დაკმაყოფილებაში, არამედ დასაბუთებული და სწორად განხორციელებული მართლმსაჯულების საფუძველზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ.ლ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 მაისის №714 ბრძანება ლ.ლ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და მასვე დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ.ლ-ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ხოლო ლ.ლ-ს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება ლ.ლ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და სასამართლო მოკლებულია მასზე მსჯელობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევა არის ამ კოდექსის XV თავით გათვალისწინებული ქმედება, რომლის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ამ თავით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად კი, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე − 25 000 ლარის ოდენობით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით..., 2018 წლის 17 მაისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ლ.ლ-ის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 100.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ლ.ლ-ის მიმართ 2020 წლის 1 დეკემბერს შედგენილ იქნა №000982 მითითება, რომლის თანახმად, სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ს (ს/კ: №...) მიმდებარედ, სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა-ნაგებობის და მცირე სიმაღლის კაპიტალური კედლის მშენებლობა.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2020 წლის 14 დეკემბერს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №000982, რომლითაც დადგინდა ამავე სამსახურის 2020 წლის 1 დეკემბრის №000982 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. 2021 წლის 26 იანვარს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდა ლ.ლ-ი, რომელმაც დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება და განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოები იყო მის მიერ 1999 წელს და მიმართული ჰქონდა ლეგალიზებაზე შესაბამისი სამსახურისთვის, რის გამოც მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების ვადების გაზრდა. შედეგად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 12 თებერვლის №4-3/10-გ/21 ბრძანებით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღების ვადა გაგრძელებულ იქნა 2021 წლის 12 თებერვლიდან 2021 წლის 12 აპრილის ჩათვლით.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2021 წლის 12 აპრილს მიღებული იქნა №000982 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომლის თანახმად, ლ.ლ-ი დაჯარიმდა 25 000 ლარით ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ს (ს/კ: №...) მიმდებარედ, სახელმწიფოს ტერიტორიაზე კაპიტალური შენობა-ნაგებობის და მცირე სიმაღლის კაპიტალური კედლის უნებართვოდ მშენებლობისათვის და მასვე დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი. ხოლო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 27 მაისის №714 ბრძანებით, ლ.ლ-ის 2021 წლის 27 აპრილის №19/01211173054-01 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 12 აპრილის №000982 დადგენილება.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 17 აგვისტოს №198 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით..., 2021 წლის 25 აგვისტოდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ლ.ლ-ის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 51.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 24 ნოემბრის №5697158 ბრძანებით კი, დაკმაყოფილდა ლ.ლ-ის 2021 წლის 19 ოქტომბრის №AR1857079 განცხადება და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში უნებართვოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი - შენობა- ნაგებობის საერთო ფართი: 31.46 კვ.მ.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ს (ს/კ: №...) მიმდებარედ, სახელმწიფოს ტერიტორიაზე აშენებულია კაპიტალური შენობა-ნაგებობა და მცირე სიმაღლის კაპიტალური კედელი, თუმცა დღეის მდგომარეობით ფაქტობრივი მდგომარეობა შეცვლილია, კერძოდ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთი - 51 კვ.მ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილების თანახმად უკვე მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს. ამასთან, მიუხედავად, ლეგალიზაციის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 24 ნოემბრის №5697158 ზემოაღნიშნული ბრძანებისა, ზუსტად არ იკვეთება რა ნაწილის ლეგალიზება მოხდა ან/და აღნიშნული მოიცავს თუ არა სადავოდ გამხდარ კაპიტალურ შენობა-ნაგებობასა და მცირე სიმაღლის კაპიტალურ კედელს, რამდენადაც აზომვითი ნახაზის თანახმად, 51 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ორი შენობა: 27 კვ.მ და 5 კვ.მ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის გამოყენების წინაპირობების არსებობა და მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ საქმის ხელახალი განხილვის ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებები, ასევე შეფასება მისცეს მხარეთა მიერ როგორც ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების განხილვისას, აგრეთვე სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებს, მოისმინოს მხარეთა მოსაზრებები, დაადგინოს რა დარღვევები ფიქსირდება მოსარჩელე ლ.ლ-ის საკუთრებაში არსებულ ფართზე, ან მესაკუთრის მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად კვლავ სცდება თუ არა საკადასტრო საზღვრებს, ამასთან, აღნიშნული გამოწვეულია თუ არა უკანონო მშენებლობით და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
გარდა ამისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაში განმარტა შემდეგი: „სასამართლოში საქმის განხილვა ადასტურებს, რომ დავა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე არ არის დასრულებული. შესაბამისად ადგილი არ აქვს უკვე დასრულებულ სამართალდარღვევის საქმის შემდეგ ლეგალიზებას. სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არამხოლოდ ორგანოს მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. სადავო აქტის თაობაზე დავის სასამართლოში გაგრძელების შემთხვევაში, პირისათვის საბოლოო შედეგს იწვევს სასამართლო გადაწყვეტილება და არა სადავო აქტები... საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას სადავო სამართალურთიერთობის მიმართ სადავო აქტების გამოცემის შემდგომ შექმნილი შეღავათიანი რეჟიმი და შეცვლილი ობიექტური გარემოებები. ვითარების შეცვლა, საზოგადოებრივი საშიშროების განმსაზღვრელი პირობების გაუქმება, როგორც პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი უნდა შეფასდეს დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ობიექტის ლეგალიზაცია ქმნის დარღვევის მცირე მნიშვნელობის და პირის მიმართ შეფარდებული სანქციის - პასუხისმგებლობის სახით ობიექტის დემონტაჟის არაადეკვატურად მიჩნევის პირობას“. (იხ. სუსგ 13.07.2022 წ. საქმე №ბს-04-504(3კ-18)).
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2025 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვნად მიიჩნია დადგენილიყო მშენებლობის დასრულების პერიოდი, რომლის „დადგენას მნიშვნელობა ენიჭება დასაკისრებელი სანქციის ოდენობის განსაზღვრისთვის, რადგანაც სამშენებლო კანონმდებლობა უნებართვო მშენებლობისთვის სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული ოდენობის სანქციას ითვალისწინებდა. შესაბამისად, მიუხედავად უნებართვო მშენებლობის გამოვლენის დროისა, სანქციის დაკისრების მიზნებისათვის გამოყენებული უნდა ყოფილიყო ამ ქმედებისათვის კანონმდებლის მიერ გათვალისწინებული სანქციებიდან ყველაზე მსუბუქი სანქცია (სასკ-ის მე-9 მუხლი). გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2008 წლის 27 ოქტომბრამდე, სამშენებლო კანონმდებლობა, კერძოდ, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილება ნებართვის აღებისა და შეტყობინების ვალდებულებას არ ითვალისწინებდა I კლასის შენობა-ნაგებობაზე. შესაბამისად მითითებულ პერიოდამდე, ამ სახის მშენებლობა კანონის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევად არ განიხილებოდა“. (იხ. სუსგ 30.05.2025წ. საქმე №ბს-1287(კ-23).
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა