დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 29.01.2026
საქმის ნომერი
ბს-801(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.01.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-801(კ-25) 29 იანვარი, 2026 წელი,თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ხ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2025 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ.ხ-ემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კომისია“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა კომისიის 09.08.2021 წლის განკარგულების ბათილად ცნობა და უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №66-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი 20 კვ.მ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო მიწის ნაკვეთი“), საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.05.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 09.08.2021 წლის №953 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით – სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ – სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2025 წლის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 09.08.2021 წლის №953 განკარგულება; კომისიას დაევალა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

4.1. კომისიის 09.08.2021 წლის №953 განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამება დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, რამდენადაც მიწის ნაკვეთი თავისი მდებარეობით შეუსაბამოა არსებული განაშენიანებისთვის.

4.2. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე კანონის მე-51 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით; ასევე - საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წლის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით.

4.3. მოსარჩელე სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ტერიტორია თვითნებურად დაიკავა და მასზე განათავსა შენობა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს დასახელებული კანონის ამოქმედებამდე მოსარჩელის მიერ სადავო ტერიტორიის თვითნებურად დაკავებისა და მასზე შენობის განთავსების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მოპასუხემ მიუთითა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამებოდა დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, რამდენადაც მიწის ნაკვეთი თავისი მდებარეობით შეუსაბამოა არსებული განაშენიანებისათვის.

4.4. საქმეში წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 31.03.2021 წლის №16-01210903574 წერილით დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, ვრცელდება საცხოვრებელი (სზ-6) ზონა.

4.5. სააპელაციო პალატამ მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24.05.2016 წლის №14-39 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტზე, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტზე, ამავე წესების დანართი 1-ის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ საცხოვრებელი ზონა 6-ის გამოყენებისა და განაშენიანების ძირითად დასაშვებ სახეობას წარმოადგენს არა მხოლოდ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, არამედ ინდივიდუალური ან/და საერთო სარგებლობის ავტოსადგომიც.

4.6. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ადგილზე დათვალიერების ოქმზე, ფოტოსურათებსა და ორთოფოტოებზე, რომლითაც დასტურდება, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია არაერთი ავტოსადგომი. დასტურდება ისიც, რომ დასახელებული ავტოსადგომები კერძო საკუთრებას წარმოადგენს. შესაბამისად, დასტურდება, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ტერიტორია უკვე განაშენიანებულია იმგვარად, რომ მათზე განთავსებულია მოსარჩელის მფლობელობაში არსებული ავტოფარეხების მსგავსი ნაგებობები, რაც რეგისტრირებულია ფიზიკური პირების საკუთრებად.

4.7. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კანონმდებლობა არ გამორიცხავს საცხოვრებელ ზონა 6-ში (სზ-6) ავტოსადგომის დაკანონების შესაძლებლობას და დასახელებული საფუძვლით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი არ შეესაბამება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონს და საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წლის №376 დადგენილებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესს“, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ითხოვს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას და არა მის სამშენებლო განვითარებას.

4.8. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ სადავო ტერიტორიის ფლობა-სარგებლობის ფაქტს, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ორთოფოტოებზე, რომელშიც გარკვევით ჩანს 2005-2010-2014 წლებში შენობა-ნაგებობის კონტური, ასევე - საქმეში წარმოდგენილი 14.09.2020 წლის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება/თანხმობის თანახმად, ლეილა ტყეშელაშვილი და მიხეილ ფიცხელაური (მეზობლები) ადასტურებენ, რომ მოსარჩელე 2003 წლიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს სადავო მიწის ნაკვეთითა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობით. ამასთან, დადგენილია, რომ კომისიამ სადავო მიწის ნაკვეთი ადგილზე დაათვალიერა. ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა კაპიტალურია, სავარაუდოდ აშენებულია დიდი ხნის წინ. ირგვლივ სულ ავტოსადგომებია.

4.9. სააპელაციო პალატის შეფასებით, იმ პირობებში, როცა დასტურდება, რომ მოსარჩელემ 2007 წლამდე დაიკავა და სარგებლობს სადავო უძრავი ქონებით, უსაფუძვლოა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე, რადგან მიმდებარედ სწორედ მსგავსი კონსტრუქციისა და იერსახის შენობა-ნაგებობებია განთავსებული. სააპელაციო წესით საქმის განხილვის ეტაპზე კომისიამ კონკრეტულ გარემოებებზე მითითებით ვერ დაასაბუთა პოზიცია მასზე, რომ მიწის ნაკვეთი თავისი მდებარეობით შეუსაბამოა არსებული განაშენიანებისათვის.

4.10. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობაში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილება მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის კონკრეტული გამოვლინებაა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) მე-4 მუხლით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტის უფლებას მოახდინოს საკუთარი უფლებების დაცვა ყველა შესაძლო საშუალებით. შეჯიბრებითობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო სასკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

4.11. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, საქმეში დაცული მტკიცებულებები და სასამართლოს მიერ საქმის გარემოებათა გამოკვლევა შესაძლებელს ხდიდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტას, რადგან არ არსებობდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ქმნიდა საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს; სასკ-ის 32-ე და 33-ე მუხლებიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებული იყო. შესაბამისად, არ არსებობდა სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების პირობები, რადგან მითითებული ნორმით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რის გამოც შეუძლებელია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი სადავო განკარგულება და კომისიას უნდა დავალებოდა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

4.12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოთ მითითებული დასაბუთების გათვალისწინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება იმავდროულად ადასტურებს მოპასუხის სააპელაციო საჩივრის უსაფუძვლობას და გამორიცხავს მის დაკმაყოფილებას.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის 09.08.2021 წლის №953 განკარგულების კანონიერება.

9. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში „კანონი“) აწესრიგებს პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ და პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს.

11. სახელმწიფომ ზემოაღნიშნული კანონის მიღებით, წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სტიმულირება, აეთვისებინათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის რესურსი. აღნიშნული კანონის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლება, დადგენილი წესით და დადგენილი წინაპირობების არსებობისას მოეხდინათ საკუთრების უფლების აღიარება განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთებზე. კანონის მიღებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ დაადგინა სახელმწიფო ქონების – მიწის ნაკვეთების პრივატიზების გარკვეული შეღავათების შემცველი რეჟიმი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 27.12.2013 წლის გადაწყვეტილება საქმე №2/3/522,553, II - 17, 46, 47).

12. კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

13. კანონი ერთმანეთისგან მიჯნავს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ისეთ შემთხვევებს, როდესაც ასაღიარებელი ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე) ესაზღვრება დაინტერესებული პირის საკუთრებასა ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნაკვეთს და ისეთ შემთხვევას, როდესაც საკუთრების უფლების აღიარებისთვის აუცილებელია კანონის ამოქმედებამდე (2007 წლამდე) ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის არსებობის დადასტურება (სუსგ №ბს-457(უს-კ-24), 03.04.2025წ.).

14. კანონის 51 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა. ამავე ნორმის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენ დოკუმენტებს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

15. საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წლის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. ამავე წესის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.

16. სადავო განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნილ 20 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ამ ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება არ შეესაბამება დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებსა და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას, რამდენადაც მიწის ნაკვეთი თავისი მდებარეობით შეუსაბამოა არსებული განაშენიანებისთვის (ს.ფ. 12-14).

17. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 31.03.2021 წლის №16-01210903574 წერილით დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, ვრცელდება საცხოვრებელი (სზ-6) ზონა (ს.ფ. 45). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24.05.2016 წლის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6) არის მაღალი ინტენსივობის ერთგვაროვანი საცხოვრებელი ქვეზონა, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საცხოვრებელი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს. ამავე წესების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, სზ-6-ში განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებული სახეობები.

18. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ საცხოვრებელი ზონა 6-ის გამოყენებისა და განაშენიანების ძირითად დასაშვებ სახეობას წარმოადგენს არა მხოლოდ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, არამედ ინდივიდუალური ან/და საერთო სარგებლობის ავტოსადგომიც, რაზეც უთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24.05.2016 წლის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ დანართი-1-ის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი (მითითებული ნორმის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით: საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6)-ისთვის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობებია: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები (დომინირებული სახეობა); პარკი; ბაღი; სკვერი; ბულვარი; საბავშვო მოედანი; ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნო საცხოვრებელ სახლებში და ცალკე მდგომი, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით; საბავშვო ბაღი და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულება; დაწყებითი სკოლა; საშუალო სკოლა; საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულება; პოლიკლინიკა; ამბულატორია; აფთიაქი; სპორტული დარბაზი; საცურაო აუზი; სპორტული მოედანი; კლუბი; კინოთეატრი; საქალაქო ბიბლიოთეკა; საინფორმაციო ცენტრი; საგამოფენო დარბაზი; პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზია; სამრეწველო საქონლის მაღაზია; სასურსათო მაღაზია; უნივერსალური მაღაზია; ბარი; კაფე; სწრაფი კვების ობიექტი; საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი, გარდა სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების ობიექტისა; ოფისი; საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილება; ბანკების ფილიალი, განყოფილება; სანოტარო ბიურო; ინდივიდუალური ან/და საერთო სარგებლობის ავტოსადგომი). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი კომისიის ადგილზე დათვალიერების ოქმით, ფოტოსურათებითა და ორთოფოტოებით დადგენილია მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი ავტოსადგომის არსებობა, რომლებიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს (ს.ფ. 46-55, 77-80).

19. ის, რომ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციისა და ფართობის გათვალისწინებით მასზე მრავალბინიანი ნაგებობის აშენება შესაძლოა ნორმატიულად დაუშვებელი იყოს, არ გამორიცხავს ამ მიწის ნაკვეთის ფიზიკური პირის საკუთრებაში ყოფნას, მასზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარებას (შდრ. სუსგ №ბს-903(კ-20), 13.01.2022წ; №ბს-1198(კ-24), 26.12.2024წ.).

20. რაც შეეხება კანონის ამოქმედებამდე მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და მასზე შენობის განთავსების ფაქტს, აღნიშნული, მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის. დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილ ორთოფოტოებზე გარკვევით ჩანს 2005-2010-2014 წლებში შენობა-ნაგებობის კონტური (ს.ფ. 77-80), მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ნაკვეთით 2003 წლიდან ფლობასა და სარგებლობას ადასტურებენ მეზობლებიც (ს.ფ. 42-43). კომისიის ადგილზე დათვალიერების ოქმშიც აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა კაპიტალურია, სავარაუდოდ აშენებულია დიდი ხნის წინ. ირგვლივ სულ ავტოსადგომებია (ს.ფ. 49).

21. საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არ არსებობდა განკარგულებაში მითითებული საფუძვლით სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის წინაპირობა.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

23. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

24. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2025 წლის გადაწყვეტილება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე