დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-1122(კ-25)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ.ბ-ე
დავის საგანი - თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება
სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2025 წლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ.ბ-ემ 22.08.2022 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 18.07.2022 წლის №1541 განკარგულების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქ. №23, საერთო ფართობი - 350 კვ.მ.) აღიარებულ იქნება მოსარჩელე - ლ.ბ-ის საკუთრების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.10.2023 წლის გადაწყვეტილებით ლ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 18.07.2022 წლის №1541 განკარგულება, მოპასუხეს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოსარჩელესთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2025 წლის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.10.2023 წლის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 18.07.2022 წლის №1541 განკარგულებით უარი ეთქვა ლ.ბ-ეს მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქ. №23, საერთო ფართობი - 350 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (კომისიის 17.11.2011 წლის №278 საოქმო გადაწყვეტილება (დღის წესრიგის 63-ე საკითხი)). კომისიამ მიიჩნია, რომ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კომისიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე (27.07.2007წ.) და არსებული მდგომარეობითაც განთავსებული იყო დროებითი შენობა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კომისია მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობის დროებით შენობად მიჩნევისას დაეყრდნო მხოლოდ ვარაუდს („სავარაუდოდ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია დროებითი ნაგებობა“) და სადავო გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ იყო. პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 14.06.2023 წლის დასკვნაზე, ასევე მოწმეების - ა.ჯ-ის, დ.რ-ის და ბ.ნ-ის სანოტარო ფორმით დამოწმებულ განცხადებაზე და აღნიშნა, რომ სადავო აქტის მიღებისას მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა, შეფასება. აპელანტის მითითება მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების გამომრიცხველი გარემოების არსებობის შესახებ, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და კომისიას ამ ფაქტის გამოსაკვლევად საქმის გარემოებები სრულყოფილად არ შეუსწავლია და არ გაუანალიზებია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2025 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია დროებითი (ხის) შენობა, შესაბამისად, თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე წარმოადგენს არამონოლითური ჩამაგრების მქონე კონსტრუქციას, ვინაიდან გრუნტთან არ არის დაკავშირებული, რაც მარტივად იდენტიფიცირებადია საქმეში დაცული ფოტოსურათებით. კასატორი თვლის, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის კატეგორია არ ენიჭება და საკუთრების უფლებით აღიარებას არ ექვემდებარება ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია დროებითი ხასიათის ნაგებობა ან/და მსუბუქი კონსტრუქცია, რომელიც მყარად არ არის დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან. სწორედ აღნიშნული გარემოება დაედო საფუძვლად ლ.ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას 17.11.2011 წელს. კასატორის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ლ.ბ-ის სასარგებლოდ არ შეცვლილა მითითებული გარემოებები, რადგან ექსპერტი საუბრობს მხოლოდ შენობის არსებობის ფაქტზე, შესაბამისად, ექსპერტიზის მიერ შეფასებულია მხოლოდ აღნიშნული შენობის ხანდაზმულობა და არა შენობის ტიპი/კაპიტალურობა. ამდენად, ვინაიდან დაინტერესებული მხარის სასარგებლოდ არ შეცვლილა ფაქტობრივი გარემოება, აღიარების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ლ.ბ-ის განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. კასატორი თვლის, რომ არასწორია სააპელაციო პალატის მიერ ყურადღების მოწმეთა განცხადებებზე გამახვილება, რადგან მხოლოდ მოწმეთა ჩვენება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტის დადგენისათვის საკმარის მტკიცებულებად, რამდენადაც ემყარება სუბიექტურ დამოკიდებულებას. საქმეში დაცული ორთოფოტო/ფოტოს და მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთწინააღმდეგობისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს ორთოფოტო/ფოტოს, როგორც ფაქტების ობიექტურობის უფრო მაღალი ხარისხით უზრუნველმყოფ მტკიცებულებას. კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.05.2021 წლის №... წერილობითი მიმართვით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაიგზავნა ლ.ბ-ის განცხადება მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქ. №23, საერთო ფართობი - 350 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 30.06.2022 წლის სხდომაზე (ოქმი №38) განიხილა და 18.07.2022 წლის №1541 განკარგულებით უარი უთხრა ლ.ბ-ეს მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქ. №23, საერთო ფართობი - 350 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე. ამავე განკარგულების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მიიჩნია, რომ განსახილველ განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (კომისიის 17.11.2011 წლის №278 საოქმო გადაწყვეტილება (დღის წესრიგის 63-ე საკითხი)). კომისიამ მიიჩნია, რომ ის ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამასთან, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა არ აკმაყოფილებდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით შენობისთვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად არსებობდა ლ.ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიხედვით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკერძოება ხდება იმ შემთხვევაში უკეთუ მიწის თვითნებურად დაკავების, მასზე საცხოვრებელი სახლის ან/და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის განთავსება დასტურდება კანონის ამოქმედებამდე. რომელიმე დასახელებული წინაპირობის არარსებობა გამორიცხავს კონკრეტული საფუძვლით მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობას. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისთვის აუცილებელია უტყუარად დადასტურდეს კანონის ამოქმედებამდე ნაკვეთის დაუფლების და მასზე საცხოვრებელი სახლის - საცხოვრებელი დანიშნულების ნაგებობის ან არასაცხოვრებელი შენობის არსებობა. კანონის მიზნებისათვის „შენობა“ განიმარტება, როგორც სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით (მათ შორის ხის კონსტრუქციით), გარდა დროებითი შენობისა (მე-2 მუხ. „ვ“ ქვ.პ.), ამასთანავე, ნორმა არ აკონკრეტებს შემომზღუდავი კონსტრუქციებისა და კედლების მასალებს. სადავო აქტის თანახმად, ლ.ბ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ძირითადი საფუძველი მის მიერ მოთხოვნილ ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობის სტატუსი გახდა, კერძოდ, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით შენობისათვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დროებითი შენობა-ნაგებობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავო აქტის მიღებისას დაეყრდნო კომისიის 17.11.2011 წლის №278 საოქმო გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ლ.ბ-ეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ სავარაუდოდ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო დროებითი ნაგებობა, რის გამოც არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ არის გამოკვეთილი, რა ფაქტობრივ საფუძვლებს ეყრდნობა კომისიის გადაწყვეტილება. მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობის დროებით შენობად მიჩნევისას კომისია დაეყრდნო მხოლოდ ვარაუდს. ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუდგენია სადავო მიწის ნაკვეთზე მდებარე ნაგებობის მახასიათებლები და არც დაინტერესებული პირისთვის დაუვალებია დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 4.1 მუხლის თანახმად, აღიარების კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს სზაკ-ის მე-8 თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, ამასთანავე, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს მარტივი ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესით, უკეთუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (სზაკ-ის 107.2 მუხ.). სზაკ-ის 53.5 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხ.). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას არსებულ მტკიცებულებათა შეფასების, საჭიროების შემთხვევაში დამატებით მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცული არ ყოფილა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებული სზაკ-ით დადგენილი მოთხოვნები. საქმეში არ არის დაცული ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც ასაღიარებელ ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობის დროებით ნაგებობად მიჩნევის წინაპირობებს დაადასტურებდა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 14.06.2023 წლის №004087423 დასკვნაზე, რომლის თანახმად ქ. თბილისში, ...ის ქ. №23-ში (...) მდებარე 350 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის საზღვრებში, №01/1 შენობის ადგილზე, 2005, 2006-2007, 2010, 2014 და 2020 წლების ორთოფოტოებზე ფიქსირდება შენობა-ნაგებობა, შესაბამისად, აღნიშნული შენობა-ნაგებობა აშენებულია 2007 წლის პირველ იანვრამდე. ამასთან, საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილია მოწმეების - ა.ჯ-ის, დ.რ-ის და ბ.ნ-ის სანოტარო ფორმით დამოწმებული განცხადება (14.05.2010წ. №100457662), რომლითაც მოწმეები ადასტურებენ, რომ ლ.ბ-ე 1995 წლიდან დღემდე ფლობს მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობას. ამასთან, თავად ლ.ბ-ეც მიუთითებს აღნიშნულ შენობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტზე და სასამართლოსთვის წარმოდგენილი აქვს ელექტრო-ენერგიის მოხმარების დამადასტურებელი ქვითრები.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წლის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, კომისია ვალდებულია, უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განცხადების განხილვისას კომისია ვალდებული იყო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით (მათ შორის 97-ე მუხ.) გათვალისწინებული უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ყველა გარემოება და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში, გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებულია სადავო საკითხი გამოიკვლიოს ყოველმხრივ, მტკიცებულებების სათანადო შეფასების საფუძველზე, მათ შორის, საქმის გარემოებების ადგილზე შესწავლის გზით, დაინტერესებული მხარეების, მოწმეებისა და ექსპერტიზის დასკვნების (საჭიროების შემთხვევაში) გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, მათ შორის შენობის მახასიათებლები და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებებზე დაყრდნობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2025 წლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე