დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 05.02.2026
საქმის ნომერი
ბს-1174(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1174(კ-25) 5 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო,მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ. ლ-ი

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახური

მესამე პირი - მე. ლ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება–თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი–ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 7 დეკემბერს მ. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურისა და მესამე პირის - მე. ლ-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მან 23.09.2022წ. მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით, რომლითაც მოითხოვა მ. ლ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, კერძოდ -12 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მდებარე: სოფელი ..., ს/კ ..., ჩანაწერებში ცვლილებების რეგისტრაცია, “თანამესაკუთრის” გაბათილება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.10.2022წ. N... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ მოტივით, რომ წარსადგენი იყო საქართველოს ეროვნული არქივის 26.02.2018წ. N31/34242 წერილში მითითებული მე. ლ-ის საიდენტიფიკაციო მონაცემები. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საარქივო ჩანაწერებში არ მიეთითება პიროვნების პირადი ნომერი. ზემოაღნიშნული აქტი მ. ლ-მა გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც არ დაკმაყოფილდა. ცენტრალური არქივის საკომლო ჩანაწერებით დასტურდება, რომ გ. ლ-ის კომლის წევრებს წარმოადგენენ ე. ლ-ი - მეუღლე (გარდაიცვალა 26.08.2016წ), ლ. ლ-ი - შვილი (ხაზია გადასმული) გათხოვდა, გე. ლ-ი-შვილი (ხაზია გადასმული) ცალკე კომლად, მე. ლ-ი - შვილი, მ. ლ-ი-შვილი, 1986 წელს კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,32 ჰა მიწა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გ. ლ-ს 2002 წლის მონაცემებით უფიქსირდება: თიანეთში, სოფელ ...ში - 1,25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ხოლო მე. ლ-ს იმავე სოფელში - 0,75 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. გ. ლ-მა თავისი წილი აჩუქა მ. ლ-ს. მე. ლ-ი მამის კომლიდან ცალკე კომლადაა გასული, მას საერთო არ აქვს გ. ლ-ის ქონებასთან. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს საკომლო ჩანაწერების გარდა უნდა გამოეკვლია საგადასახადო სიები და უძრავ ნივთზე მხოლოდ მ. ლ-ის საკუთრების უფლება დაერეგისტრირებინა.

ამდენად, მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 28 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 30 ნოემბრის N... გადაწყვეტილებისა და თანამესაკუთრის რეგისტრაციის ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 7 ნოემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა სარეგისტრაციო სამსახურისთვის მ. ლ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, კერძოდ, თიანეთში, სოფელ ...ში, ს/კ ...-ზე მდებარე მიწის ნაკვეთზე, ფართობით 12500.00 კვ.მ, მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 სექტემბრის საოქმო განჩინებით, მოსარჩელის და მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მესამე პირად ჩაბმულ იქნა მე. ლ-ი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით მ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 28 ოქტომბრის N... სარეგისრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 30 ნოემბრის N... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 7 ნოემბრის N... გადაწყვეტილება თანამესაკუთრის რეგისტრაციის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 9 დეკემბრის საჯარო რეესტრის N... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 12500 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე (საკადასტრო კოდი: ...) რეგისტრირებულია გ. ლ-ის (პ/ნ ...), მ. ლ-ისა (პ/ნ ...) და "თანამესაკუთრის“ საკუთრების უფლება. ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე 2022 წლის 7 ნოემბრის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით რეგისტრირებულია მ. ლ-ისა (პ/ნ ...) და „თანამესაკუთრის“ თანასაკუთრების უფლება.

2022 წლის 23 სექტემბერს მ. ლ-მა სსიპ საჯარო რეესტრისადმი მიმართული განცხადებით მოითხოვა ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილების რეგისტრაცია (კომლის წევრების იდენტიფიცირება).

2022 წლის 28 ოქტომბერის ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N... გადაწყვეტილებით მ. ლ-ს განემარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 5 ოქტომბრის N... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან. მ. ლ-ს დამატებით მოეთხოვა კომლის ერთ-ერთი წევრის მე. ლ-ის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის წარმოდგენა.

2018 წლის 26 თებერვლის სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის №31/34242 წერილით დადგენილია, რომ სოფელ ...ს 1986 - 1999 წლების საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად ჩაწერილი იყო გ. ლ-ი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ: გ. ლ-ი - ოჯახის უფროსი, ე. ლ-ი - მეუღლე, ლ. ლ-ი - შვილი (ხაზია გადასმული), გათხოვდა ამოწერილია, გე. ლ-ი - შვილი (ხაზი აქვს გადასმული), ცალკე კომლად, მე. ლ-ი - შვილი, მ. ლ-ი - შვილი.

სოფელ ...ს 2000 - 2006 წლების დათარიღებულ საკომლო წიგნში ჩანაწერი მე. ლ-ის კომლისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ არ აღმოჩნდა, ასევე, სოფელ ...ს 2000 - 2006 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში ჩანაწერი გ. ლ-ის სახელზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთის შესახებ არ აღმოჩნდა, ხოლო 2007 წლის საკომლო წიგნი არქივში დაცვაზე არ შესულა.

მ. ლ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მოითხოვა N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების ბათილად ცნობა "თანამესაკუთრის’’ შესახებ ჩანაწერის ნაწილში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წლის 30 ნოემბერის N... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის (განცხადების რეგისტრაციის N... 20.06.2000 წ.) თანახმად, თიანეთი, სოფ. ...ში მე. ლ-ს გადაეცა 1215.65 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის (განცხადების რეგისტრაციის N... 20.06.2000წ.) თანახმად, თიანეთი, სოფ. ...ში მე. ლ-ს გადაეცა 1566.18 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის (განცხადების რეგისტრაციის N... 20.06.2000წ.) თანახმად, თიანეთი, სოფ. ...ში მე. ლ-ს გადაეცა 2238.84 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 მარტის და 29 მარტის წერილის თანახმად, მე. ლ-ი 2000 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში ფიქსირდება გადამხდელად.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, მე-7 მუხლზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 40.3 და 40.4 მუხლებზე.

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო ჯეროვნად გამოეკვლია და შეეფასებინა წარდგენილი დოკუმენტაცია რამდენად იძლეოდა იმ დასკვნის საფუძველს, რომ გ. ლ-ის კომლიდან მე. ლ-ის გამოყოფის/ცალკე კომლად აღრიცხვის ფაქტი არ დასტურდება. ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა–შეფასების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.

რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რაც ქმნიდა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 28 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 30 ნოემბრის N... გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 7 ნოემბრის N... გადაწყვეტილება თანამესაკუთრის რეგისტრაციის ნაწილში; შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა მ. ლ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, კერძოდ, თიანეთი, სოფელი ..., ს/კ ...-ზე მდებარე მიწის ნაკვეთზე ფართობით 12500.00 კვ.მ., მ. ლ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალურ- ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის N128 დადგენილებაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 1992 წლის 1 იანვრის შემდეგ გაყრის შედეგად წარმოქმნილი ახალი კომლები დაკმაყოფილდებოდნენ ამ მიზნით მიწის სარეზერვო ფონდის შექმნის შემდეგ. კომლის გაყრა ხორციელდებოდა მასში ორი და მეტი სრულწლოვანი შვილის არსებობის შემთხვევაში, ამასთან, ერთ-ერთი შვილი რჩებოდა კომლის მემკვიდრედ და მას ცალკე საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არ გამოეყოფოდა. შესაბამისი რეფორმის ფარგლებში მიწის ნაკვეთები გაიცემოდა 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რეგისტრირებულ კომლებზე. ამასთან, გაცემა ხორციელდებოდა არა კომლში შემავალ პირებზე სათითაოდ, ან თუნდაც ერთ-ერთ მათგანზე (მაგ: ოჯახის უფროსი, ან პირი რომელიც უშუალოდ წარადგენდა შესაბამის დოკუმენტებს და მიწის გადაცემის აქტში იყო დაფიქსირებული), არამედ მთელ კომლზე.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, მე. ლ-ი გადამხდელად ფიქსირდება 2000 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში და ამავე სოფელში მასზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია არაერთი მიწის ნაკვეთი. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გ. ლ-ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 21.08.2018წ. წარდგენილი განცხადებისა და თავად მე. ლ-ის განმარტების მიხედვით, ირკვევა, რომ მიწის რეფორმის პერიოდში, იგი მამის კომლს გამოეყო ცალკე კომლად და მას საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთები, რომელზეც გააჩნია საკუთრების მოწმობა. ზემოაღნიშნული პერიოდიდან მე. ლ-ს მამის კომლთან და მიწის ნაკვეთთან კავშირი არ აქვს, ცხოვრობს ცალკე ოჯახად, იხდის ცალკე გადასახადებს, აქვს სხვა საცხოვრებელი სახლი იმავე სოფელში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ მე. ლ-ისთვის სხვა მიწის ნაკვეთების გადაცემა, სავარაუდოს ხდის მის ცალკე კომლად გამოყოფის ფაქტს, თუმცა აღნიშნულის დადასტურების გარეშეც იმ პირობებში, როდესაც მე. ლ-ი, რომელიც სადავო უძრავი ქონების ერთადერთი თანამესაკუთრეა და იგი თანხმობას აცხადებს მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ უძრავ ნივთის მის წილზეც მ. ლ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება და სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება დაარეგისტრიროს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი მონაცემებს ამზადებს რეგიონულ და ადგილობრივ არქივებში დაცული ინფორმაციის და საკომლო წიგნების მონაცემების საფუძველზე, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კომლის წევრის მართლზომიერი მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საკითხის განხილვისას ეყრდნობა სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან მიწოდებული საკომლო წიგნის ჩანაწერის ასლებსა და ინფორმაციას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან,საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს: 1) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 28 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 2. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 30 ნოემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 3. თანამესაკუთრის რეგისტრაციის ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 7 ნოემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 3. მ. ლ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, კერძოდ, თიანეთში, სოფელ ...ში, ს/კ ...-ზე მდებარე მიწის ნაკვეთზე ფართობით 12500.00 კვ.მ, მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის შესახებ მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის №31/34242 26.02.2018წ. წერილის თანახმად, სოფელ ...ს 1986 - 1999 წლების საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად ჩაწერილი იყო გ. ლ-ი, კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ: გ. ლ-ი - ოჯახის უფროსი, ე. ლ-ი - მეუღლე, ლ. ლ-ი - შვილი (ხაზია გადასმული), გათხოვდა ამოწერილია, გე. ლ-ი - შვილი (ხაზი აქვს გადასმული), ცალკე კომლად, მე. ლ-ი - შვილი, მ. ლ-ი - შვილი. სოფელ ...ს 2000 - 2006 წლების დათარიღებულ საკომლო წიგნში ჩანაწერი მე. ლ-ის კომლისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ არ აღმოჩნდა, ასევე, სოფელ ...ს 2000 - 2006 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში ჩანაწერი გ. ლ-ის სახელზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთის შესახებ არ აღმოჩნდა, ხოლო 2007 წლის საკომლო წიგნი არქივში დაცვაზე არ შესულა.

საქმეში დაცული სსიპ შემოსავლების სამსახურის 12.03.2018წ. N21-02-1/32549 და 29.03.2018წ. N1/43127 წერილების თანახმად, 2000 წლის მდგომარეობით მე. ლ-ს უფიქსირდება 0,75 ჰა მიწის ნაკვეთი და იგი ფიქსირდება თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ს გადასახადის გადამხდელთა სიაში. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2.02.2018წ. N21-02-1/3963 წერილის თანახმად, გ. ლ-ს 2002 წლის მდგომარეობით უფიქსირდება 1,25 ჰა მიწის ნაკვეთი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის 2020 წლის 9 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 12500 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე (ს.კ ...) დარეგისტრირდა გ. ლ-ის, მ. ლ-ისა და „თანამესაკუთრის“ თანასაკუთრების უფლება. უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის N31/34242 საარქივო ცნობა (დამოწმების თარიღი 28.02.2018წ), კუთვნილების დამდგენი კომისიის N349 ოქმი (დამოწმების თარიღი 16.09.2020) და თიანეთის მუნიციპალიტეტის ცნობა საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად. ზემოაღნიშნული უძრავი ქონებიდან მისი წილი გ. ლ-მა შვილს მ. ლ-ს აჩუქა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.08.2022წ. ამონაწერში ს/კ ... უძრავი ქონების მესაკუთრეთა გრაფაში მითითებულია მ. ლ-ი (თავისი და გ. ლ-ის კუთვნილი წილი სრულად) და "თანამესაკუთრეები". 7.11.2022წ. ამონაწერში კი ზემოაღნიშნულ ქონებაზე მესაკუთრედ მითითებულია მ. ლ-ი (თავისი და გ. ლ-ის წილი სრულად) და "თანამესაკუთრე".

2022 წლის 23 სექტემბერს მ. ლ-მა მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ,,თანამესაკუთრის’’ შესახებ ჩანაწერის ნაწილში N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 28 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ მხარეს მოეთხოვა საქართველოს ეროვნული არქივის 24.07.2020წ. N31/62650 წერილში ასახული გ. ლ-ის კომლის ერთ-ერთი წევრის მე. ლ-ის საიდენტიფიკაციო მონაცემების წარმოდგენა. მ. ლ-მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 28 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 30 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მ. ლ-ის ინტერესი მდგომარეობს თიანეთში, სოფელ ...ში მდებარე 12 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ ...) მხოლოდ მის საკუთრებად რეგისტრაციაში, იმ საფუძვლით, რომ მისი ძმა - მე. ლ-ი მამის კომლიდან გასული პირია, მას მიწის რეფორმის შედეგად იმავე სოფელში მიღებული აქვს სხვა მიწის ნაკვეთები და არ გააჩნია პრეტენზია კომლის ქონებაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შესაფასებელია N... უძრავი ქონების სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანა და ერთადერთ მესაკუთრედ მ. ლ-ის დარეგისტრირება შესაბამისია თუ არა კანომდებლობასთან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან განცხადება, რომელსაც უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. იმავე მუხლის მესამე პუნქტში კი აღნიშნულია, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ და ,,ლ“ პუნქტების შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) 3.1 მუხლის ,,რ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტია, საკომლო წიგნიდან ამონაწერი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთზე კომლის წევრთა საერთო საკუთრების უფლება რეგისტრირდება ისე, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში თანამესაკუთრედ მიეთითება კომლის ყველა წევრი და აღინიშნება მათი საერთო საკუთრების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს არ წარედგინება კომლის ყველა წევრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დარეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრების საკუთრების უფლება, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ(ებ)ი იქნება წარდგენილი, ხოლო კომლის დანარჩენ წევრებთან დაკავშირებით გაკეთდება მითითება თანამესაკუთრის არსებობის თაობაზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრის/წევრების საკუთრების/თანასაკუთრების უფლება, რომელთა კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება. ის პირები, რომელთა შესახებ საკომლო წიგნის ჩანაწერებში მითითებულია კომლიდან გასვლის შესახებ შემდეგი ხასიათის შენიშვნები: „გათხოვდა“ (თუკი მითითებულია საკომლო წიგნის იმ გრაფაში, რომელშიც აღინიშნება კომლიდან მუდმივად წასვლის მიზეზი) „გადახაზულია“, „გავიდა კომლიდან“, „გამოეყო ცალკე კომლად“, „გადავიდა საცხოვრებლად სხვაგან“ და ა.შ., არ რეგისტრირდებიან უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე საკკუთრების უფლების პირველად რეგისტრაციას ან ბრძანებულების საფუძველზე რეგისტრირებული მონაცემების ცვლილებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს საკომლო ჩანაწერებით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე. ეს ამონაწერი უნდა შეიცავდეს კომლის წევრებისა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ბოლო მონაცემებს, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი–მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების (2007 წლის 20 სექტემბერი) პერიოდისა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 122-ე და 125-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად: კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს, თანასაკუთრების უფლებით. საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნის.

საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის N128 დადგენილებას, რომლითაც განისაზღვრა ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებითი ღონისძიებები, და დადგინდა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა უნდა განხორციელებულიყო 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით. 1992 წლის 1 იანვრის შემდეგ გაყრის შედეგად წარმოქმნილი ახალი კომლები დაკმაყოფილდებოდნენ ამ მიზნით მიწის სარეზერვო ფონდის შექმნის შემდეგ. კომლის გაყრა ხორციელდებოდა მასში ორი და მეტი სრულწლოვანი შვილის არსებობის შემთხვევაში, ამასთან ერთ-ერთი შვილი რჩებოდა კომლის მემკვიდრედ და მას ცალკე საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არ გამოეყოფოდა.

საკასაციო სასამართლომ არაერთ განჩინებაში განმარტა, რომ: „კომლი სოფლის ადგილობრივი ორგანოების მიერ ყოველთვის ცალკე იყო რეგისტრირებული საადგილმამულო წიგნში, ოჯახის თითოეული წევრის და ოჯახის რიცხული ქონების აღნიშვნით. კომლი წარმოადგენდა ოჯახის წევრთა ერთიან კავშირს, რომელსაც გააჩნდა ერთიანი ქონება, გარკვეული უფლება-მოვალეობები, აგრეთვე პასუხისმგებლობა როგორც ერთმანეთის, ისე მესამე პირთა მიმართ... შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც რამდენიმე, ისე ერთი წევრი. კომლის საქმიანობა არ რეგულირდებოდა სპეციალური წესდებით, რადგან კომლი არ განიხილებოდა როგორც იურიდიული პირი. კომლს გააჩნდა პირადი საკუთრება და როგორც ამ საკუთრების უფლების სუბიექტი, რეგისტრირებული იყო სოფლის საბჭოში, სადაც მითითებული იყო კომლის უფროსი, კომლის წევრები და კომლის ქონება... კომლს გააჩნდა საერთო საკუთრება, რომელიც მის წევრებს ეკუთვნოდათ საკუთრების უფლებით. კომლის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებდა კომლის ყველა წევრის თანხმობით. კომლის საერთო ქონებიდან კომლის წევრის წილის განსაზღვრა-გამიჯვნა შესაძლებელი იყო მხოლოდ სამ შემთხვევაში, კერძოდ, 1) მისი გასვლისას კომლის შემადგენლობიდან, ახალი კომლის შეუქმნელად (გამოყოფა); 2) ერთი კომლიდან ორი ან მეტი კომლის შექმნისას (გაყრა); 3) კომლის წევრის პირადი ვალდებულებების მიხედვით გადახდევინება.“ (სუსგ. №ას-402-2021. 04.11.2021წ., №ას-464-2022, 06.10.2022წ., №ას-516-2021, 30.11.2021წ.)

საკანონმდებლო მოწესრიგებისა და სასამართლოს მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, საკომლო ცნობა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს იმ შემთხვევაში, თუ იგი ასახავს კომლის წევრთა ვინაობას და კომლზე რიცხულ ქონებას 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით (სუსგ Nბს-930(კ-21), 24.03.2022წ.). საკასაციო პალატამ არაერთ განჩინებაში აღნიშნა, რომ საკომლო ჩანაწერების საფუძველზე ქონებაზე თანასაკუთრების აღიარების შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ კომლის იმ წევრებისთვის, რომლებიც 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით იყვნენ ერთ კომლად რეგისტრირებული (სუსგ ბს-803(კ-23), 25.01.2024, Nბს-177(კ-24), 25.06.2024წ, 2024 წლის 23 აპრილის საქმე N ბს-1034(კ-21).

არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ ფაქტს, რომ 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით პირი კომლის ოჯახის წევრად უნდა ყოფილიყო აღრიცხული. აღნიშნულ ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან დამოუკიდებელ ოჯახად გასულ და რეგისტრირებულ ოჯახს უფლება წარმოეშობოდა, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, სხვა ადგილას მიეღო ასევე ქონება. შესაბამისად, ზემოაღნიშნული რეგულირების მიზანი იყო ოჯახების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწების დაკანონება, ამდენად, აღნიშნული პერიოდისათვის ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრის სახელზე მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლებას იძენდა ამავე ოჯახის ყველა ის წევრი, რომელსაც სხვა მიწის ნაკვეთის მიღებაზე უფლება არ გააჩნდა, მიუხედავად იმისა, აპირებდა თუ არა იგი აღნიშნული უფლების რეალიზებას (სუსგ 2021 წლის 04 ნოემბრის საქმე №ას-402-2021; 2022 წლის 06 ოქტომბრის საქმე №ას-464-2022; 2021 წლის 30 ნოემბრის საქმე №ას-516-2021).

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ სოფელ ...ს 1986 - 1999 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებზე, რომლებიც ასახავს მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მქონე პირთა შესახებ ინფორმაციას. მითითებულ ჩანაწერში კომლის უფროსად ჩაწერილია გ. ლ-ი, მისი მეუღლე - ე. ლ-ი, შვილები - მე. და მ. ლ-ები და სხვა პირები, რომელთან დაკავშირებითაც გაკეთებულია ჩანაწერები: გათხოვილია, გასულია ცალკე კომლად. სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ე. ლ-ი (გ. ლ-ის მეუღლე) გარდაცვლილია. შესაბამისად, საკომლო წიგნის ჩანაწერების შესაბამისად, კომლის უძრავ ქონებაზე მოთხოვნის უფლება გააჩნდათ კომლის აქტიურ წევრებს: გ., მ. და მე. ლ-ებს. დადგენილია, რომ გ. ლ-მა ქონებიდან თავისი წილი აჩუქა შვილს - მ. ლ-ს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავებში ერთმანეთს უპირისპირდება რამდენიმე დაინტერესებული მხარის უფლება, სამართალურთიერთობა ექცევა სასამართლო კონტროლის ფარგლებში, რა დროსაც სასამართლოს მხრიდან მაქსიმალური სიფრთხილითა და მტკიცებულებათა ზედმიწევნითი გადამოწმებით უნდა მოხდეს საქმის გარემოებების შეფასება, რათა გამოვლინდეს დაცვის ღირსი უფლება და უზრუნველყოფილ იქნეს მისი რეალიზაცია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

განსახილველ შემთხვევაში, თიანეთში, სოფელ ...ში მდებარე 12 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის ერთპიროვნულად მ. ლ-ის საკუთრებად აღრიცხვის დამაბრკოლებელი გარემოება გახდა მისი ძმის - მე. ლ-ის უფლებადამცავი ინტერესები. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსიპ საჯარო რეესტრში წარდგენილ გ. ლ-ის განცხადებაზე, რომელშიც იგი მიუთითებს მისი შვილის - მე. ლ-ის ცალკე კომლად გასვლისა და ს.კ ... მქონე უძრავი ქონების მიმართ მე. ლ-ის პრეტენზიის არარსებობის თაობაზე. საგულისხმოა, რომ მე. ლ-მა სასამართლოში მიცემული ახსნა-განმარტებით ასევე დაადასტურა ის გარემოება, რომ მას მიწის რეფორმის შედეგად იმავე სოფელში გამოეყო და გადაეცა მიწის ნაკვეთები, რომელზეც შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებით საკუთრება დარეგისტრირებული აქვს. მე. ლ-ის განმარტებით, მას კავშირი არ აქვს მამის - გ. ლ-ის კომლთან და თანახმაა მოსარჩელეს საკომლო ჩანაწერებში მითითებული ქონება მთლიანად დაურეგისტრირდეს.

საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ერთი მხრივ, მე. ლ-ის პოზიციას მისი მამის კომლიდან ცალკე კომლად გამოყოფის თაობაზე, მეორე მხრივ, იმ დადგენილ გარემოებას, რომ მას მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე საკუთრებაში გააჩნია თიანეთში, სოფელ ...ში მდებარე არაერთი მიწის ნაკვეთი, შესაბამისად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ფაქტობრივი მოცემულობით სავარაუდოა მე. ლ-ის ცალკე კომლად გამოყოფა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საკომლო ჩანაწერებში მითითებული, საკუთრების უფლების მქონედ მოაზრებული ერთადერთი პირი გამოხატავს ნებას, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ მის წილზეც დარეგისტრირდეს მ. ლ-ის საკუთრების უფლება, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული დამატებითი საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, საკასაციო საჩივარზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 29.09.2025 წ. №46363 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, 210 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.09.2025წ. №46363 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა