დატოვებულია განუხილველად

ადმინისტრაციული 02.04.2026
საქმის ნომერი
ბს-310(კს-26)
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
02.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-310(კს-26) 2 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა დ.ვ-ას კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ.ვ-ამ 2025 წლის 25 ნოემბერს სარჩელთ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიმართ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2025 წლის 6 ნოემბრის MIA 5 25 03670511 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და დ.ვ-ასთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დ.ვ-ას სარჩელი, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ.ვ-ას მიერ. მოსარჩელის წარმომადგენელმა ა.გ-ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. ამასთან, იშუამდგომლა გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2025 წლის 6 ნოემბრის MIA 5 25 03670511 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება საქმის განხილვის დასრულებამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 2 მარტის განჩინებით დ.ვ-ას წარმომადგენლის ა.გ-ის შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2025 წლის 6 ნოემბრის MIA 5 25 03670511 გადაწყვეტილებას აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აღსრულებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მახასიათებლები. შესაბამისად, აღნიშნული კატეგორიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერების შუამდგომლობის განსახილველად მოსარჩელე მხარემ უნდა მიუთითოს სარწმუნო მტკიცებულებები და მყარი დასაბუთება იმისა, თუ რა შედეგის მომტანია ამგვარი გადაწყვეტილების შეჩერების მოთხოვნა, რაც, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არ იყო წარდგენილი. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2025 წლის 6 ნოემბრის MIA 5 25 03670511 გადაწყვეტილების მოქმედების შესახებ შუამდგომლობა იყო უსაფუძვლო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 2 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა დ.ვ-ას მიერ.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სადავო აქტის აღსრულება გამოიწვევს პირის ექსტრადაციას ლიეტუვის რესპუბლიკაში, სადაც არსებობს მოსარჩელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური და სერიოზული საფრთხე, ამდენად, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ევროპული კონვენციისა და სასამართლო პრაქტიკის, ასევე, სასკ-ის 29-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2025 წლის 6 ნოემბრის MIA 5 25 03670511 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანია ლიეტუვას რესპუბიკის მოქალაქე დ.ვ-ასთვის როგორც ლტოლვილის, ისე დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2025 წლის 6 ნოემბრის MIA 5 25 03670511 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, დ.ვ-ასთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII30 თავით რეგულირებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ან მის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. კოდექსის 21115 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა აღნიშნული კატეგორიის დავებს სრულად გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს კომპეტენციიდან. მართალია, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს გასაჩივრებული აქტის შეჩერებაზე უარის შემთხვევაში, მიღებული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ზოგად შესაძლებლობას (ასკ-ის 29-ე მუხ. მე-9 ნაწ.), თუმცა აღნიშნული დანაწესი ეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებითი, ძირითადი დავის განხილვის საპროცესო შესაძლებლობა აქვს იმ სასამართლოს, რომელშიც კერძო საჩივარია წარდგენილი. განსახილველ შემთხვევაში არსებითი დავის საგანია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა. აღნიშნული კატეგორიის დავების განხილვის უფლებამოსილება საქართველოს უზენაეს სასამართლოს არ აქვს მინიჭებული. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებულ დავებზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით (სსკ-ის 420-ე მუხ.). ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი, გასაჩივრების შეზღუდვა არა მხოლოდ არსებით გადაწყვეტილებას, არამედ დავაზე მიღებულ სხვა განჩინებებსაც გულისხმობს და გამორიცხავს უზენაესი სასამართლოს მიერ არა მხოლოდ საკასაციო, არამედ კერძო საჩივრის განხილვის შესაძლებლობასაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ.ვ-ას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21115 მუხლის მე-6 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.ვ-ას კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 2 მარტის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე