გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ბს-1199(2კ-24) 1 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტო; ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ბ.ჯ.ლ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 13 თებერვალს ბ.ჯ.ლ-იმა სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს 2022 წლის 26 სექტემბრის N..., 2022 წლის 11 ნოემბრის N..., 2022 წლის 15 ნოემბრის N... დადგენილებებისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 13 იანვრის N... ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ.ჯ.ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს 2022 წლის 26 სექტემბრის N..., 2022 წლის 11 ნოემბრის N... და 2022 წლის 15 ნოემბრის N... დადგენილებები. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 13 იანვრის N... ბრძანება. მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას და სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დაევალათ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლომ მიუთითა, რომ 2022 წლის 7 სექტემბერს ბ.ჯ.ლ-ის მიეცა მითითება, რომლის თანახმადაც, მას სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოში უნდა წარედგინა კანონმდებლობის დაცვით შედგენილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ...ში, ...ის ქ. N... -ში მდებარე, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან განეხორციელებინა მშენებლობის დემონტაჟი.
სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს მიერ 2022 წლის 20 სექტემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ბორჯომში, ...ში, ...ის ქ. N... -ში მდებარე ობიექტზე წარმოებული იყო სამშენებლო სამუშაოები. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია არ იყო წარდგენილი. შესაბამისად, სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს მითითება არ შესრულდა.
2022 წლის 26 სექტემბერს სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს მიერ მიღებული იქნა დადგენილება ბ.ჯ.ლ-ის მიერ უნებართვოდ წარმოებული მშენებლობის შეჩერების შესახებ.
სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს მიერ 2022 წლის 2 ნოემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ბორჯომში, ...ში, ...ის ქ. N... -ში მდებარე ობიექტზე წარმოებული იყო სამშენებლო სამუშაოები, არ იყო შეჩერებული უნებართვო მშენებლობა. შესაბამისად, სააგენტომ მიიჩნია, რომ არ შესრულდა გაცემული მითითება.
სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს 2022 წლის 11 ნოემბრის ბრძანებით ბ.ჯ.ლ-ი დაჯარიმდა 8000 ლარით, ბორჯომში, ...ში, ...ის ქუჩაზე მდებარე, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე - ს/კ... უნებრათვოდ წარმოებული მშენებლობისათვის.
სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს 2022 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით შეთანხმდა არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ...ში, ... ...ის ქუჩა ... -ში ბ.ჯ.ლ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე III კლასის ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის.
სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანებით ბ.ჯ.ლ-ი დაჯარიმდა 50 000 ლარით, უნებრათვოდ წარმოებული მშენებლობის შეჩერების დადგენილების შეუსრულებლობისთვის.
2022 წლის 24 ნოემბერს და 2022 წლის 2 დეკემბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას საჩივრით მიმართა ბ.ჯ.ლ-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს 11.11.2022 წ. და 15.11.2022 წ. დადგენილებების ბათილად ცნობა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 13 იანვრის ბრძანებით ბ.ჯ.ლ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ დაჯარიმების შესახებ სადაო ადმინისტრაციული აქტი გამოსცა ისე რომ არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, ასევე არ დაუდგენია მშენებლობის განმახორციელებელი პირის ვინაობა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ.ჯ.ლ-იმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ბ.ჯ.ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 13 იანვრის N... ბრძანება. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ბ.ჯ.ლ-ის განმარტებით ს/კ... საკადასტრო ერთეულზე არსებული მშენებლობასთან დაკავშირებული აქტების გამოცემა და მათთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება განხორციელდა ისე, რომ მისთვის არ იყო ცნობილი აღნიშნული. სამშენებლო ტერიტორიაზე მითითებისა და შემოწმების აქტების გაკვრა არ აღმოჩნდა საკმარისი უცხო ქვეყნის მოქალაქის ინფორმირებისთვის.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, ობიექტზე, თვალსაჩინო ადგილზე დადგენილების განთავსებას სპეციალური კანონმდებლობა მიიჩნევს აქტის ოფიციალურ გაცნობად, მაგრამ აქტის გაცნობის ეს შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ უნდა იქნას გამოყენებული, როდესაც დადგენილების ადრესატისთვის პირადად ჩაბარება ვერ ხერხდება. ამრიგად, ადმინისტრაციულმა ორგანომ თავდაპირველად უნდა სცადოს დაინტერესებული პირისთვის აქტის დადგენილი წესით პირადად გადაცემა/ფოსტით გაგზავნა, ხოლო თუკი აღნიშნული უშედეგო აღმოჩნდება, მხოლოდ შემდეგ არის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილი, რომ განათავსოს აქტი თვალსაჩინო ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ მითითება და შემოწმების აქტი ბ.ჯ.ლ-ის პირადად არ ჩაბარებია, როგორც მითითება, ასევე შემოწმების აქტი განთავსდა ობიექტზე, ისე, რომ პირადად ჩაბარების მცდელობას ადგილი არ ჰქონია. ამდენად, სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს მიერ უნებართვოდ წარმოებული მშენებლობის შეჩერების შესახებ 2022 წლის 26 სექტემბრის დადგენილების მიღება მოხდა ისე, რომ დაინტერესებულს პირს - ბ.ჯ.ლ-ის არ ჰქონდა ინფორმაცია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რამაც გამორიცხა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადაში დარღვევის გამოსწორების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა.
რაც შეეხება სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს 2022 წლის 15 ნოემბრის დადგენილებას, რომლითაც მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობისათვის ბ.ჯ.ლ-ი დაჯარიმდა 50 000 ლარით, აღნიშნულს წინ უძღოდა სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს 2022 წლის 14 ნოემბრის ბრძანების მიღება, რომლის საფუძველზეც შეთანხმდა არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ...ში, ... ...ის ქუჩა ... -ში ბ.ჯ.ლ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე III კლასის ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის. ამდენად, დგინდება, რომ მოსარჩელე ბ.ჯ.ლ-ი მას შემდეგ დაჯარიმდა უკანონო მშენებლობის შეუჩერებლობისათვის, რაც მას უკვე მოპოვებული ჰქონდა მშენებლობის ნებართვა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 13 იანვრის N... ბრძანებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახეზე იყო აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები, რადგან, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ისე უთხრა უარი მოსარჩელეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, დამატებით არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტომ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ სასამართლომ ფაქტობრივად დაავალდებულა ადმინისტრაციული ორგანო აქტის ოფიციალური გაცნობისას ეხელმძღვანელა არა სპეციალური, არამედ ზოგადი წესით, რომელიც აქტის ოფიციალურ გაცნობას აქტის გადაცემას, ან ფოსტით გაგზავნას უკავშირებს. სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა რამდენიმე არსებითი საკითხი. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს თავად აირჩიოს ჩაბარების რომელ ხერხს მიმართავს ზოგადს თუ სპეციალურს, თუმცა ეს არ უნდა იქნეს აღქმული მის უცილობელ ვალდებულებად. მოცემულ შემთხვევაში, აქტი ფოსტის მეშვეობით რომ გაგზავნილიყო ეს თავისთავად არ ჩაითვლებოდა დარღვევად და კანონის დანაწესიდან გადახვევად. თუმცა, ასევე არ მიიჩნევა კანონდარღვევად ის შემთხვევაც, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აქტის ოფიციალური გაცნობისას იყენებს კანონის სპეციალურ დანაწესს. მოცემულ შემთხვევაში, სამშენებლო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ცალსახად ადგენს ორ ალტერნატივას (აღნიშნული როგორც სადავო ბრძანებაში, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში დაფიქსირებული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას) 1. ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე; 2. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.
სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის, რომ ბ.ჯ.ლ-ი სამშენებლო ობიექტზე არ იმყოფებოდა. მხარე დადგენილებებს სადავოდ სადავო ხდიდა არა იმიტომ, რომ მოსარჩელე ობიექტზე იმყოფებოდა და სააგენტომ მაინც გამოაკრა დოკუმენტი, არამედ იმიტომ, რომ ბ.ჯ.ლ-ი წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, არ ცნობს ქართულ ენას და ობიექტზე არყოფნის გამო ვერ გაეცნო დოკუმენტაციის შინაარსს.
კასატორი სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტო აღნიშნავს, რომ 2022 წლის 7 სექტემბერს, ვინაიდან უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი არ იმყოფებოდა სამშენებლო მოედანზე აღნიშნული მითითება გამოიკრა სამშენებლო ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას, რაც დასტურდება დათარიღებული ფოტოსურათებით.
უნებართვოდ წარმოებულ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ბ.ჯ.ლ-ი დაბარებულ იქნა … წლის … …ს დაგეგმილ სხდომაზე, რასთან დაკავშირებითაც 01.11.2022 წელს, N7 უწყება განთავსდა სამშენებლო მოედანზე. აღნიშნულს ადასტურებს 01.11.2022 წელს შედგენილი ოქმი და ფოტოსურათები. ობიექტზე განთავსებულ უწყებას გაეცნო მოსარჩელის წარმომადგენელი და გამოცხადდა 10 ნოემბრის სხდომაზე. 10.11.2022 წლის ოქმის თანახმად, ბ.ჯ.ლ-ის მიერ უნებართვოდ წარმოებულ მშენებლობასთან დაკავშირებით 2022 წლის 10 ნოემბერს გამართულ სხდომას დაესწრო მოსარჩელის წარმომადგენელი, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის ცნობილი იყო სამშენებლო სამართალდარღვევის შინაარსი და ის ადმინისტრაციული ჯარიმა, რაც გათვალისწინებულია აღნიშნული დარღვევისათვის, ასევე, გამოთქვა მზადყოფნა ჯარიმის გადახდის თაობაზე.
2022 წლის 02 ნოემბერს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი N02 ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული პირობის შესრულების შემოწმების მიზნით და დადგინდა, რომ მშენებლობა არ იქნა შეჩერებული. აღნიშნული დასტურდება დათარიღებული ფოტოების, კერძოდ 26 სექტემბრისა და 2 ნოემბრის ფოტოების შედარებით. ამასთან, მშენებლობის გაგრძელების ფაქტს არც მოსარჩელე მხარე უარყოფს. 02.11.2022 წლის ოქმის თანახმად, შემოწმების აქტი გამოიკრა სამშენებლო ობიექტზე, ვინაიდან ბ.ჯ.ლ-ი კვლავ არ იმყოფებოდა ობიექტზე. 15.11.2022 წელს სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა დადგენილება N... მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობისთვის ბ.ჯ.ლ-ის დაჯარიმების შესახებ, რომელიც 16 ნოემბრის ოქმისა და სააგენტოს წარმომადგენლის განმარტების თანახმად გამოიკრა სამშენებლო მოედანზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის და 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2025 წლის 30 აპრილს ქ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების მიზნით, გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული ქ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის და სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს 2022 წლის 26 სექტემბრის N... (მშენებლობის შეჩერების შესახებ), 2022 წლის 11 ნოემბრის N... (ბ.ჯ.ლ-ის დაჯარიმების შესახებ), 2022 წლის 15 ნოემბრის N... დადგენილებებისა (მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობისთვის ბ.ჯ.ლ-ის დაჯარიმების შესახებ) და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 13 იანვრის N... ბრძანების (ბ.ჯ.ლ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობის საფუძვლიანობა.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი ადგენს საქართველოს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების სისტემას, მის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ამოცანებს, აგრეთვე სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების იერარქიასა და შემადგენლობას, მათი შემუშავებისა და დამტკიცების წესებს; მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს და შენობა-ნაგებობის მიმართ ძირითად მოთხოვნებს; მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს (მუხლი 1).
მოცემული კოდექსის მე-3 მუხლის ჰ18 ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება. ამავე მუხლის ჰ6 ქვეპუნქტით კი განსაზღვრულია, რომ სამშენებლო დოკუმენტაცია არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული/შეთანხმებული სანებართვო დოკუმენტაცია, რომელიც მშენებლობის განხორციელების საფუძველია.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
კოდექსის 122-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა არის ამ კოდექსის XV თავით (სამშენებლო სამართალდარღვევის სახეები) გათვალისწინებული ქმედება, რომლის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ამ თავით დადგენილი წესით. კოდექსის 131.1.ა მუხლის თანახმად, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 8 000 ლარის ოდენობით. ამასთან, ამავე კოდექსის 136.1.ა მუხლის მიხედვით, მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში – 50 000 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, უძრავი ქონებაზე, მდებარე ბორჯომში, ...ში, ... ...ის ქ. N..., ს/კ ...-ში რეგისტრირებულია ბ.ჯ.ლ-ის საკუთრების უფლება. 2022 წლის 7 სექტემბერს ბ.ჯ.ლ-ის მიეცა მითითება, რომლის თანახმადაც, მას სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოში უნდა წარედგინა მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან განეხორციელებინა მშენებლობის დემონტაჟი.
სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს მიერ 2022 წლის 20 სექტემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ბორჯომში, ...ში, ...ის ქ. N... -ში მდებარე ობიექტზე წარმოებული იყო სამშენებლო სამუშაოები. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია არ იყო წარდგენილი. შესაბამისად, სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს მითითება არ შესრულდა.
2022 წლის 26 სექტემბერს სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა ბრძანება ბ.ჯ.ლ-ის მიერ უნებართვოდ წარმოებული მშენებლობის შეჩერების შესახებ.
სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს მიერ 2022 წლის 2 ნოემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ბორჯომში, ...ში, ...ის ქ. N ... -ში მდებარე ობიექტზე წარმოებული იყო სამშენებლო სამუშაოები, არ იყო შეჩერებული უნებართვო მშენებლობა. შესაბამისად, სააგენტომ მიიჩნია, რომ არ შესრულდა გაცემული მითითება.
სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს 2022 წლის 11 ნოემბრის ბრძანებით ბ.ჯ.ლ-ი დაჯარიმდა 8000 ლარით, ბორჯომში, ...ში, ...ის ქუჩაზე მდებარე, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე - ს/კ... უნებრათვოდ წარმოებული მშენებლობისათვის.
სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს 2022 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით შეთანხმდა არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ...ში, ... ...ის ქუჩა ... -ში ბ.ჯ.ლ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე III კლასის ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის.
სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანებით ბ.ჯ.ლ-ი დაჯარიმდა 50 000 ლარით, უნებრათვოდ წარმოებული მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობისთვის.
2022 წლის 24 ნოემბერს და 2022 წლის 2 დეკემბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას საჩივრით მიმართა ბ.ჯ.ლ-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს 11.11.2022 წ. და 15.11.2022 წ. დადგენილებების ბათილად ცნობა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 13 იანვრის ბრძანებით ბ.ჯ.ლ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. 124-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს მითითება სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ან/და დარღვევის გამოსწორების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით დარღვევის გამოსწორების შესახებ მითითება გაიცემა გონივრული ვადით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში მიიღოს დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით პირის პასუხისმგებაში მიცემისათვის აუცლებელია უნებართვო მშენებლობის არსებობა, პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება, რომლის მიერაც ჩადენილია სამართალდარღვევა და ზედამხედველობის ორგანოს მიერ უნებართვოდ განხორციელებულ მშენებლობასთან დაკავშირებული მითითების შეუსრულებლობა. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის უნებართვო მშენებლობის განხორციელების ფაქტი. სადავო ასევე არაა მშენებლობაზე პასუხისმგებელი პირი, რამდენადაც, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენდა მოსარჩელე და ამასთან, სწორედ ის იყო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებით დაინტერესებული პირი (იხ. სუს №ბს-896(კ-23)).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად ცნობას, ხოლო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანების ბათილად ცნობას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მოსარჩელე სამშენებლო სამართალდარღვევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის შესახებ სათანადოდ არ იყო ინფორმირებული, რის გამოც, არ ჰქონდა კანონით დადგენილ ვადებში დარღვევის აღმოფხვრის შესაძლებლობა, ამასთან, მის მიერ სამართლებრივ ჩარჩოში იქნა მოქცეული განხორციელებული მშენებლობა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს 2022 წლის 26 სექტემბრის N... და 2022 წლის 11 ნოემბრის N... დადგენილებების და მათი ძალაში დატოვების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 13 იანვრის ბრძანების კანონიერების შეფასების ნაწილში, მართალია მიუთითა შესაბამის საკანონმდებლო ნორმებზე, თუმცა არსებითად არასწორად განმარტა ისინი, რაც ამ ნაწილში საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და სადავო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლი ადგენს, რომ მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების, უწყებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის, მითითებით განსაზღვრული ვადის დინების შეჩერებისა და დადგენილების გასაჩივრების წესებს. მოცემული მუხლის პირველი ნაწილით ცალსახად და არაორაზროვნად არის განსაზღვრული, რომ სამშენებლო სამართალდამრღვევისათვის მითითების, შემოწმების აქტის, დადგენილების ან უწყების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად, სამშენებლო ობიექტზე. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ ზედამხედველ ორგანოს თავდაპირველად უნდა გაეგზავნა მოსარჩელისათვის წერილი და ამ შეტყობინების ჩაუბარებლობის შემთხვევაში გამოეკრა დადგენილება, სამშენებლო ობიექტზე. ქონების მესაკუთრე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ხდება მიწის ნაკვეთზე უფლება-მოვალეობების ნამდვილი გადაცემა/დათმობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება არ წარმოადგენდეს მის მიწის ნაკვეთზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობაზე სამართალდამრღვევს/პასუხისმგებლობის მქონე პირს, როდესაც ეს სამუშაოები აშკარად წარმოებულია მისი თანხმობის გარეშე, მისი ნების საწინააღმდეგოდ (იხ. სუს №ბს-896(კ-23)). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მშენებლობის მწარმოებელ პირს - მოცემულ შემთხვევაში, ქონების მესაკუთრეს, სამშენებლო პროცესზე ჰქონდა/უნდა ჰქონოდა აქტიური კონტროლი. იგი მოქმედებდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და საკუთარი აქტიური ქმედებით განაპირობა სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყება. მესაკუთრემ იცოდა/ვალდებული იყო სცოდნოდა, რომ მისი ინტერესების გათვალისწინებით მიმდინარეობდა მის მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობა, რაც წარმოადგენს სამართალდარღვევას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სამართალდამრღვევი სუბიექტის მხრიდან გაუმართლებელია მოლოდინი, რომ ზედამხევდელი ორგანო არ იმოქმედებდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცედურებით და შეეცდებოდა განსხვავებული წესით, ჯერ უშუალოდ სუბიექტისთვის ფოსტით გაეგზავნა შესაბამისი შეტყობინება, ხოლო შემდგომ განეთავსებინა სამშენებლო ობიექტზე ინფორმაცია. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბ.ჯ.ლ-ის პირადად არ გაეგზავნა შეტყობინება, ობიექტზე უწყების განთავსების შემდგომ, მოსარჩელის წარმომადგენელი გამოცხადდა ადმინისტრაციულ ორგანოში, 2022 წლის 10 ნოემბრის სხდომაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს მიერ დაცული იყო პროცედურული, ადმინისრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ნორმები, რის გამოც, კანონიერია სადავო აქტები - სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს 2022 წლის 26 სექტემბრის N... (მშენებლობის შეჩერების შესახებ) და 2022 წლის 11 ნოემბრის N... (ბ.ჯ.ლ-ის დაჯარიმების შესახებ) დადგენილებები და მათი ძალაში დატოვების ნაწილში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 13 იანვრის N... ბრძანება (ბ.ჯ.ლ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე სადავო საკითხს ასევე წარმოადგენს 2022 წლის 15 ნოემბრის N... დადგენილებების კანონირება, რომლითაც მშენებლობის შეჩერების შესახებ სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს 2022 წლის 26 სექტემბრის N... დადგენილების გაუთვალისწინებლობისა და უნებრათვოდ წარმოებული მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობისთვის ბ.ჯ.ლ-ი დაჯარიმდა 50 000 ლარით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების გამოცემის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 127-ე მუხლი (დადგენილება უნებართვო მშენებლობის ან სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერების შესახებ ან/და უკანონოდ წარმოებული მშენებლობის დემონტაჟის შესახებ). აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მიმდინარე მშენებლობა, თუ ეს არის უნებართვო მშენებლობა ან ის სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარეობს და მისი გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე. ამდენად, მშენებლობის შეჩერებისათვის აუცილებელი წინაპირობაა უკანონო სამშენებლო საქმიანობა.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად, მხოლოდ კანონდარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერებაა დასაშვები. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამართალდამრღვევი უფლებამოსილია მის მიერ განხორციელებული უკანონო, უნებართვო, სამშენებლო სამუშაოები მოაქციოს კანონიერ ფარგლებში. კერძოდ, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 112-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე განიხილოს მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, საექსპერტო დასკვნა განხორციელებული მშენებლობის ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობის თაობაზე და არსებული შენობის აზომვითი ნახაზები ან არქიტექტურული პროექტი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ნებართვის გაცემის შემთხვევაში, უკვე წარმოებული სამუშაოები ექცევა სამართლებრივ ჩარჩოში, მიიჩნევა კანონიერ მშენებლობად და ნებართვის მფლობელი იძენს დაწყებული სამუშაოების გაგრძელების უფლებამოსილებას, მიუხედავად იმისა, მანამდე მიღებული იყო თუ არა სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს 2022 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით შეთანხმდა არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ...ში, ... ...ის ქუჩა ... -ში ბ.ჯ.ლ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) III კლასის ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის. ამასთან, სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანებით, ანუ მშენებლობის ნებართვის გაცემიდან მეორე დღეს, ბ.ჯ.ლ-ი დაჯარიმდა 50 000 ლარით უნებრათვოდ წარმოებული მშენებლობის შეუჩერებლობისათვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი დარღვევა ფაქტობრივად აღმოიფხვრა სადავო - სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს 2022 წლის 15 ნოემბრის ბრძანების მიღებამდე - სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს 2022 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით, რამეთუ სხენებულმა ინდ.აქტმა სამართლებრივი საფუძველი გამოაცალა სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების აკრძალვას, რომლის უგულვებელყოფისათვის პასუხიმგებლობა დაეკისრა მოსარჩელეს და დაჯარიმებული იქნა 50 000 ლარით (იხ. სუსგ №ბს-1201(2კ-24)). საკასაციო სასამართლო უნებართვო მშენებლობის ლეგალიზების სამართლებრივი ბუნების თაობაზე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებზე: საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი“ განსაზღვრავს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს. ლეგალიზება ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის დაკანონებას, ექსპლუატაციაში მიღებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ბს-360-357(2კ-17)). ლეგალიზების აქტის მიღების შედეგად უკანონო შენობა-ნაგებობა ექცევა სამართლებრივ ჩარჩოში და აღმოფხვრილად მიიჩნევა შესაბამისი სამართალდარღვევა. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახეზე იყო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტისა და სამართალდამრღვევის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი, .... საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არა მხოლოდ ზედამხედველობის სამსახურის მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. ... სადავო აქტის გასაჩივრებისას პირისათვის საბოლოო შედეგს იწვევს სასამართლო გადაწყვეტილება და არა ზედამხედველობის სამსახურის და მერიის სადავო აქტები" (სუსგ ბს-785-771(კ-14), 05.05.2016წ.; №ბს-1109 (2კ-21) 17.02.23 წ.)).
ამდენად, საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს 2022 წლის 15 ნოემბრის N... დადგენილების ბათილად ცნობისა და მოცემული დადგენილების ძალაში დატოვების ნაწილში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 13 იანვრის N... ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლიანობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით, ძალაში დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც, მართალია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს 2022 წლის 15 ნოემბრის N... დადგენილება, თუმცა ისევე როგორც სხვა აქტებთან დაკავშირებით, საკითხზე ხელახალი მსჯელობა, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და გადაწყვეტილების მიღება დაევალა არა უშუალოდ შესაბამისი აქტის გამომცემ ორგანოს, არამედ, ორივე მოპასუხეს.
საკასაციო სასამართლოს აღნიშნავს, რომ აუცილებელია მიეთითოს კონკრეტული, უფლებამოსილი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, რომლესაც ეკისრება ადმინისტრაიცული წარმოების ჩატარება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს 2022 წლის 15 ნოემბრის N... დადგენილება და კომპეტენციისამებრ, ამავე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისრის საკითხის ხელახალი შეფასების შემდგომ, ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხეებს სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოსა და ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 250 (100+150) ლარის ნახევრის (125 ლარი) ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ბ.ჯ.ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს 2022 წლის 15 ნოემბრის N... დადგენილება და სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასების და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
5. ბათილად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 13 იანვრის N... ბრძანება სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს 2022 წლის 15 ნოემბრის N... დადგენილების ძალაში დატოვების ნაწილში;
6. დანარჩენ ნაწილში, ბ.ჯ.ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
7. მოპასუხეებს სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოსა და ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 250 ლარის ნახევრის 125 ლარის ანაზღაურება;
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. შონია
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
გ. მაკარიძე