გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.09.2025
საქმის ნომერი
ბს-1300(3კ-24)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.09.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1300(3კ-24) 17 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები -1. ლ.ფ-ი (მოსარჩელე),2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე),3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

(მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინება

განხილვის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 29 დეკემბერს ლ.ფ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 20 ოქტომბრის №... და 2021 წლის 20 ოქტომბრის №... დადგენილებებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 15 დეკემბრის №1718 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განახორციელა კაპიტალური საძირკვლის მქონე მსუბუქი კონსტრუქციის მქონე ღობის რეკონსტრუქცია, რომელიც მეზობელი ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში გადადის. 2021 წლის 8 ივნისს, მოსარჩელის მიმართ შედგა მითითების აქტი, რომლითაც სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან დემონტაჟის განსახორციელებლად განესაზღვრა 10 კალენდარული დღე. 2021 წლის 21 ივნისს შედგა შემოწმების აქტი და დაფიქსირდა მითითებაში გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. 2021 წლის 28 ივლისს ადმინისტრაციულ ორგანოში გაიმართა ზეპირი განხილვა, სადაც გამოცხადდა და განმარტა, რომ ტერიტორიაზე ღობე ადრეული წლებიდან არსებობდა და მოსარჩელის ოჯახს 1910 წლიდან ეკუთვნოდა. არსებული ღობე დაშლილი და დაზიანებული იყო, რის გამოც ლ.ფ-ი იძულებული გახდა 2015-2016 წლებში აღედგინა იგი.

მოსარჩელის მითითებით, მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 20 ოქტომბრის №... დადგენილებით დაჯარიმდა 8000 ლარით და დაევალა კაპიტალური საძირკვლის მქონე მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟი. აქტის გამოცემისას გათვალისწინებული არ იქნა ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომ მოცემულ ტერიტორიაზე ერთი საუკუნის განმავლობაში ისედაც არსებობდა ღობე. ადმინისტრაციულ ორგანოს აგრეთვე არ გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ მოსარჩელე იყო სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი, მარტოხელა დედა, ამასთანავე, ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები. ლ.ფ-მა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევში, თუ ღობე იჭრება სხვა საკადასტრო ერთეულში, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მისი დანგრევის უფლება მას არ აქვს.

ამასთანავე, მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 20 ოქტომბრის №... დადგენილებით ზემოაღნიშნულ მისამართზე განხორციელებული კაპიტალური კედლის მშენებლობის გამო მოსარჩელე დაჯარიმდა 8 000 ლარით და დაევალა კედლის დემონტაჟი. ლ.ფ-მა განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებული იყო 2016 წელს, აღნიშნული კედელი აშენდა ფერდის ჩამოშლის რეალური საფრთხის თავიდან არიდების მიზნით. სახლის მიმდებარე ფერდზე მიწა ჩამოიშალა, გზის სავალი ნაწილის მხარეს კი კიბეები დაიძრა და ბაქანი გადმოიწია. მისი ჩამოშლის შემთხვევაში დაზიანდებოდა მეზობლისა და თავად მოსარჩელის სახლები. ამგვარად, ლ.ფ-ის მიერ მყისიერი რეაგირების მიზანი მომდინარე რეალური საფრთხისგან თავის, ოჯახის წევრების და ასევე მეზობელი სახლის მცხოვრებლთა დაცვა იყო, რაც წარმოადგენდა კიდეც მესაკუთრის ვალდებულებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ.ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ლ.ფ-ი გათავისუფლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 20 ოქტომბრის №... დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის - 8 000 ლარის გადახდის ვალდებულებისაგან; ლ.ფ-ი გათავისუფლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 20 ოქტომბრის №... დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის - 8 000 ლარის გადახდის ვალდებულებისაგან; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით ლ.ფ-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ.ფ-ის მიერ განხორციელებული იყო უნებართვო მშენებლობა, ერთ შემთხვევაში, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ღობის განთავსების სახით, ხოლო, მეორე შემთხვევაში, სახელმწიფოს მიწის ნაკვეთზე გადასული იყო მის მიერ უნებართვოდ მოწყობილი კაპიტალური კედელი. ამასთან, ლ.ფ-ი ადასტურებდა მითითებული სამუშაოების განხორციელების ფაქტს, თუმცა განმარტავდა, რომ ღობე იმავე სახით არსებობდა და მხოლოდ აღდგენა მოხდა მისი მხრიდან, ხოლო სახელმწიფოს მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით საკუთრების უფლების აღიარების შემთხვევაში გეგმავდა კედლის ლეგალიზებას.

პალატის მითითებით, მართალია დადგენილ ვადაში სამართალდარღვევა არ გამოსწორებულა, თუმცა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლოა პირი გათავისუფლდეს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან. სადავო აქტების გამოცემის დროისთვის არსებობდა 2019 წლის 18 სექტემბრის ,,ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც დადგინდა ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ იყო აღსრულებული. პალატის მოსაზრებით, სამშენებლო სამართალდარღვევაზე, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სახეზე, უნდა გავრცელებულიყო აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათი.

პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოების მოსაზრება, რომ ვინაიდან ლ.ფ-ის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოვლინდა 2019 წლის 8 ივნისს, არ დასტურდებოდა მისი მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა 2019 წლის 15 იანვრამდე პერიოდში, რის გამოც არ არსებობდა მისი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. პალატამ განმარტა, რომ კანონმდებელი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას უკავშირებდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და არა მისი გამოვლენის პერიოდს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, მეზობელთა განცხადებები და ...ის რაიონის გამგეობის წერილი სამშენებლო მასალის შესაძენად ლ.ფ-ისთვის თანხის გამოყოფის თაობაზე, უდავოდ ადასტურებდა მოსარჩელის მიერ სამშენებლო სამუშაოების 2016-2017 წლებში განხორციელების ფაქტს.

პალატამ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტება, რომ, ვინაიდან ლ.ფ-ი სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული იყო 2020 წლის 18 მაისიდან, მასზე არ უნდა გავრცელებულიყო 2019 წლის 18 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათი. პალატამ განმარტა, რომ სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებული ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა სამართალდარღვევის ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა. ამასთან, სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არა მხოლოდ ორგანოს მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია. საქმეში წარმოდგენილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად დგინდებოდა, რომ ლ.ფ-ი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იყო ჯერ კიდევ 2006 წლიდან, მათ შორის, 2017 წელს (ნაგებობის აშენების დროისთვის) მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა იყო 1000, ხოლო 2020 წლის 17 ივნისიდან მისი ოჯახის სარეიტინგო მაჩვენებელი შეადგენდა 69130 ქულას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ლ.ფ-ის მიერ.

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქმეზე დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ განსახილველ შემთხვევაში, უტყუარად არ დგინდება, თუ კონკრეტულად როდის განხორციელდა მითითებული სამშენებლო სამუშაოები, ხოლო სამშენებლო სამართალდარღვევა, თავისი ბუნებით, წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას, რაც გულისხმობს დარღვევის დროში უწყვეტად განგრძობას, სანამ არ მოხდება მისი აღმოფხვრა და სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა, დამრღვევი სუბიექტის მიმართ სამართალდარღვევის საქმის დაწყება და შესაბამისი პასუხისმგებლობა უკავშირდება დარღვევის ფაქტის გამოვლენის მომენტს და იმ დროისათვის მოქმედ კანონმდებლობას. მოცემულ შემთხვევაში სამართალდამრღვევი გათავისუფლდა დაკისრებული ჯარიმისგან, ამნისტიის კანონზე მითითებით, რასაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ ეთანხმება, ვინაიდან, მართალია ...ის რაიონის გამგეობის მიერ თანხის გამოყოფა 2019 წლის 15 იანვრამდე მოხდა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ გულისხმობს, რომ სამართალდარღვევაც 2019 წილის 15 იანვრამდეა ჩადენილი. შესაბამისად მოსარჩელე არ უნდა გათავისუფლდეს სახდელის გადახდისგან

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მუნიციპალური ინსპექციის დადგენილება გამოცემულია 2019 წლის 15 იანვრის შემდგომ, ხოლო მუნიციპალური ინსპექციის მოსაზრებით დადგენილებით თავის მხრივ საბოლოოდ დგინდება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, სასამართლოს მითითება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით არასწორია. „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის კანონის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლებას ექვემდებარება პირი, რომელმაც სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინა. მუნიციპალური ინსპექციის მოსაზრებით, პირის მიერ კონკრეტული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა საბოლოოდ დგინდება მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცემული დადგენილებით. ვინაიდან მუნიციპალური ინსპექციის №... და №... დადგენილებები გამოცემულია 2021 წლის 20 ოქტომბერს, სამართალდარღვევაც ჩადენილად უნდა ჩაითვალოს ამ დროისთვის. შესაბამისად, მსჯელობა, რომ ლ.ფ-ის მიერ სამართალდარღვევა ჩადენილია 2019 წლის 15 იანვრამდე არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ ლ.ფ-ი სახდელისაგან გაათავისუფლა „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის კანონის არასწორი განმარტების შედეგად, რადგანაც ლ.ფ-ის ოჯახი, მართალია, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში ფიქსირდებოდა 2006 წლიდან, მაგრამ იგი ბაზაში არ იყო რეგისტრირებული 2019 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით - მაშინ როდესაც ამოქმედდა „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ კანონი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტის თანახმად, იგი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იყო 2020 წლის 17 ივნისიდან, შესაბამისად მასზე არ უნდა გავრცელებულიყო ზემოაღნიშნული კანონი.

კასატორი - ლ.ფ-ი აღნიშნავს, რომ არც ადმინისტრაციულმა ორგანომ და არც სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთის მიმდებარედ კედლის მშენებლობა მოხდა სასწრაფოდ, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მოსარჩელის საკუთრებისა და სიცოცხლის, ასევე სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით. აღნიშნულს ადასტურებს საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი, ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა, რომელსაც ხელს აწერენ მეზობლები და ადასტურებენ, რომ კედლის არსებობა აუცილებელია მაცხოვრებლების უსაფრთხოებისათვის. სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება და ძალაში დატოვა კედლის დემონტაჟის დავალება მაშინ, როდესაც კედლის დემონტაჟი გამოიწვევს მიწის ჩამოშლას და საფრთხეს შეუქმნის მოსარჩელისა და სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ლ.ფ-ის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნა კედლის დემონტაჟით გამოწვეული საფრთხის დასადასტურებლად, ვინაიდან აღნიშნული დაკავშირებულია ხარჯებთან. მოსარჩელის განმარტებით, არის სოციალურად დაუცველი და არ გააჩნია სახსრები ხსენებული ხარჯის გასაწევად.

კასატორის მითითებით, არც სასამართლო და არც ადმინისტრაციული ორგანო არ დაინტერესებულა, თუ გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სხვა რა ინტერესი უნდა ჰქონოდა მოსარჩელეს, როდესაც სახლის ასაშენებლად გათვალისწინებულ მასალა გამოიყენა კედლის ასაშენებლად. ამასთანავე, არც სასამართლო და არც ადმინისტრაციული ორგანო არ დაინტერესებულა, რას გამოიწვევს კედლის დემონტაჟი. რაც შეეხება მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მშენებლობას, კასატორმა ადმინისტრაციული წარმოების პროცესშიც და სასამართლოშიც განმარტა, რომ განხორციელდა მხოლოდ ძველი, არსებული ღობის აღდგენა, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში არსებობდა ამ ადგილზე. მეზობლების მიერ წარმოდგენილი თანხმობით დასტურდება, რომ ცდომილება შესაძლოა გამოწვეული იყოს საკადასტრო ნახაზის უზუსტობით. ამასთანავე, სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ 2023 წლის 7 ივლისს მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს სარჩელით და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის განკარგულების ბათილად ცნობა, რომლითაც უარი ეთქვა ჩემს მიერ ფაქტობრივად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარებაზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს წარმოება და სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნაგებობის ნაწილი, რომელიც ამჟამად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე მდებარეობს, მოექცევა ლ.ფ-ის საკუთრებაში, რის შემდეგაც შესაძლებლობა მიეცემა, დემონტაჟის გარეშე, დაიწყოს ნაგებობის ლეგალიზაციის პროცედურები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ.ფ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ლ.ფ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.ფ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ლ.ფ-ის მიმართ 2021 წლის 8 ივნისის №... მითითების გაცემით დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული იყო კაპიტალური საძირკვლის მქონე, მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მშენებლობა, რომელიც ცდებოდა საკადასტრო საზღვრებს და გადადიოდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის №... მითითების შესაბამისად, თბილისში, ...ის ქუჩა №...-ს, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (ჯიპიეს კოორდინატები ...; ...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული იყო კაპიტალური კედელი. ლ.ფ-ს შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად განესაზღვრა 10 კალენდარული დღე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 21 ივნისის №... და №... შემოწმების აქტებით დაფიქსირდა მითითებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა. 2021 წლის 28 ივლისს მუნიციპალურ ინსპექციაში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე ლ.ფ-მა დაადასტურა მითითებებისა და შემოწმების აქტების ჩაბარება, ასევე განმარტა, რომ ღობის აღდგენა განხორციელებული იყო მის მიერ 2016 წელს, ხოლო კედლის მშენებლობა განხორციელებული იყო ასევე 2016 წელს ფერდის ჩამოშლის თავიდან აცილების მიზნით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 20 ოქტომბრის №... და №... სადავო დადგენილებებით ლ.ფ-ი დაჯარიმდა 8 000-8 000 ლარით შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური საძირკვლის მქონე, მსუბუქი კონსტრუქციის ღობისა და კაპიტალური კედლის მშენებლობისთვის. ამასთან, ლ.ფ-ის დაევალა ზემოხსენებული ობიექტების დემონტაჟი.

საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების ფარგლებში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს სწორედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 20 ოქტომბრის №... და №... სადავო დადგენილებების კანონიერება წარმოადგენს.

საკასაციო პალატა თავდაპირველად იმსჯელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის თაობაზე. ხსენებული საკასაციო საჩივრებით, ადმინისტრაციული ორგანოები სადავოდ ხდიან ლ.ფ-ის სადავო აქტებით დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლების კანონიერებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ.

პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ლ.ფ-მა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აწარმოა კაპიტალური საძირკვლის მქონე, მსუბუქი კონსტრუქციის ღობისა და კაპიტალური კედლის მშენებლობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის მიზანს წარმოადგენს ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების - მეზობელთა განცხადებებისა და ...ის რაიონის გამგეობის წერილის შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სამშენებლო სამუშაოები - ნახევრად კაპიტალური ღობისა და საყრდენი კედლის მშენებლობა განხორციელებულია 2016-2017 წლებში. აღნიშნულის საპირისპიროდ, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან არ წარმოდგენილა იმგვარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მშენებლობის 2019 წლის 15 იანვრის შემდეგ განხორციელების ფაქტს. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია. დადასტურებულია, რომ ლ.ფ-ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რაც საკმარის საფუძველს ქმნის მასზე „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ კანონის გასავრცელებლად. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილებისა და, შესაბამისად, მითითებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

რაც შეეხება ლ.ფ-ის საკასაციო საჩივარს, კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო კედლის მშენებლობა მოხდა სასწრაფოდ, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მოსარჩელის საკუთრებისა და სიცოცხლის, ასევე სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით. რაც შეეხება მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მშენებლობას, კასატორმა განმარტა, რომ განხორციელდა მხოლოდ ძველი, არსებული ღობის აღდგენა, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში არსებობდა ამ ადგილზე. ამასთან, მან მიმართა საკუთრების უფლების აღარების კომისიამ იმ ტერიტორიაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, რომელზეც განლაგებული იყო ღობე. კომისიის გადაწყვეტილებით ლ.ფ-ის მოთხოვნა არ დაკამყოფილდა, რაც მოსარჩელემ სასამართლოში გაასაჩივრა და იმ შემთხვევაში, თუ ნაგებობის ნაწილი, რომელიც ამჟამად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე მდებარეობს, მოექცევა ლ.ფ-ის საკუთრებაში, მას შესაძლებლობა მიეცემა დემონტაჟის გარეშე დაიწყოს ნაგებობის ლეგალიზაციის პროცედურები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უნებართვოდ აშენებული ღობის დემონტაჟის დავალების ნაწილში სადავო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 20 ოქტომბრის №... დადგენილება კანონიერია, ვინაიდან, თავად მოსარჩელეც არ უარყოფს მის მიერ ღობის აღდგენის/აშენების ფაქტს. ამასთან, მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოება, რომ მითითებულ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში არსებობდა ძველი ღობე, რაც მან აღადგინა და ამასთან, მას სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით სადავოდ აქვს გამხდარი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხი, არ ცვლის განსახილველ საქმეზე არსებულ სამართლებრივ მოცემულობას, აშენებული ღობის უკანონობის შესახებ.

რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 20 ოქტომბრის №... დადგენილებას, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მითითებით, უნებართვოდ აშენებული კედლის დემონტაჟი საფრთხის შემცველია. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ სადავო კედელი ააშენა კიბის, ბაქნისა და მიწის დაძვრის შედეგად გამოწვეული საფრთხის თავიდან არიდების მიზნით. ამასთან, ხსენებული საყრდენი კედლის არსებობა აუცილებელია ტერიტორიაზე მაცხოვრებელი პირების უსაფრთხოებისათვის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული გარემოება ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ შეუფასებია. იმ პირობებში, როდესაც მხარე აპელირებს დემონტაჟით გამოწვეულ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების შესაძლო საფრთხეზე, მნიშვნელოვანია შესაბამის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა და ხსენებული საფრთხეების ცალსახად გამორიცხვა.

სადავო არ არის ის გარემოება, რომ შესაბამისი ნაგებობა განთავსებულია უნებართვოდ, თუმცა იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ კედლის მშენებლობა ამ ეტაპზე დასრულებულია და ამავდროულად არსებობს გარკვეული ეჭვი მისი დემონტაჟის შედეგად გარკვეული საფრთხეების (ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე) წარმოშობის თაობაზე, ადმინისტრაციულმა ორგანომ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის გზით უნდა შეაფასოს კაპიტალური კედლის დემონტაჟის შედეგად გამოწვეული შესაძლო მოსალოდნელი ზიანი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სადავო კედლის მიმდებარედ არსებული კიბე საჯარო სივრცეს წარმოადგენს, სადაც გადაადგილდებიან მოქალაქეები. ამდენად, ცალსახად მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის სწორად შეფასება, რათა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, უსაფრთხოების დაცვა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ერთ-ერთ ამონაცანას სწორედ ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო ქალაქთმშენებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს (მუხ. 2.2). ადმინისტრაციულ ორგანოს ხსენებული მიმართულებით არ უმსჯელია და სათანადო მტკიცებულებებით (მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნით) არ გამოურიცხავს სადავო კედლის დემონტაჟის შემთხვევაში მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები.

მოცემული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო კედლის დემონაჟის დავალების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია და შეუფასებია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რის გამოც კედლის დემონტაჟის დავალების ნაწილში სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 20 ოქტომბრის №... დადგენილება და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ ახალი ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალოს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი წესის დარღვევით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ვერ იქნა დამტკიცებული გასაჩივრებული აქტის კანონიერება. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ემუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი.

რაც შეეხება, სასარჩელო მოთხოვნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 15 დეკემბრის №1718 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისათვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვა მაღალი ხარისხით, თუმცა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, დამატებით არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ გააკეთა დასაბუთებული დასკვნა. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 15 დეკემბრის №1718 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძველიც.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მხარეები ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ1’’ და „უ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, ამავე კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით, და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ლ.ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინება, იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება - სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული ობიექტის (კაპიტალური კედლის) დემონტაჟის ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 20 ოქტომბრის №... დადგენილების ბათილად ცნობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 15 დეკემბრის №1718 ბრძანების ნაწილობრივ (სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული ობიექტების დემონტაჟის დავალების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 20 ოქტომბრის №... დადგენილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში) ბათილად ცნობის შესახებ, ლ.ფ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. ლ.ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

5. შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული ობიექტის (კედლის) დემონტაჟის დავალების ნაწილში სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 20 ოქტომბრის №... დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ ახალი ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალოს;

6. შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული ობიექტის დემონტაჟის დავალების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 20 ოქტომბრის №... დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 15 დეკემბრის №1718 ბრძანება;

7. დანარჩენ ნაწილში ლ.ფ-ი სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

8. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინება;

9. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ბ. შონია