დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 26.11.2025
საქმის ნომერი
ბს-440(2კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.11.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-440 (2კ-25) 26 ნოემბერი, 2025 წელი,ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ ...“ (მოსარჩელე)

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2024 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „...მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“, „მერია“ ან „კასატორი“) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“ ან „ინსპექცია“) მიმართ და მოითხოვა ინსპექციის 17.05.2023 წლის №001587, №001588, №001589, №001590, №001591 და №001592 დადგენილებების ბათილად ცნობა, ინსპექციისთვის მითითებული დადგენილებების საფუძველზე ჯარიმის სახით ცალ-ცალკე 15 000 ლარის, სულ 90 000 ლარის მოსარჩელისთვის დაბრუნების დავალება და მერიის 26.06.2023წ. №915 ბრძანების ბათილად ცნობა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.03.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

2.1. ბათილად იქნა ცნობილი ინსპექციის 17.05.2023 წლის №001588, №001589, №001590, №001591 და №001592 დადგენილებები 15 000 ლარით დაჯარიმების ნაწილში.

2.2. ბათილად იქნა ცნობილი მერიის 26.06.2023 წლის №915 ბრძანება, №001588, №001589, №001590, №001591 და №001592 დადგენილებების ნაწილში.

2.3. ინსპექციას დაევალა მოსარჩელეს დაუბრუნოს, №001588 სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, 23.05.2023 წელს სს „...ში“ №2692 საგადახდო დავალებით გადახდილი ჯარიმის თანხა 15 000 ლარის ოდენობით (ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773263).

2.4. ინსპექციას დაევალა მოსარჩელეს დაუბრუნოს, №001589 სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, 23.05.2023 წელს სს „...ში“ №2693 საგადახდო დავალებით გადახდილი ჯარიმის თანხა 15 000 ლარის ოდენობით (ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773263).

2.5. ინსპექციას დაევალა მოსარჩელეს დაუბრუნოს, №001590 სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, 23.05.2023 წელს სს „...ში“ №2694 საგადახდო დავალებით გადახდილი ჯარიმის თანხა 15 000 ლარის ოდენობით (ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773263).

2.6. ინსპექციას დაევალა მოსარჩელეს დაუბრუნოს, №001591 სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, 23.05.2023 წელს სს „...ში“ №2695 საგადახდო დავალებით გადახდილი ჯარიმის თანხა 15 000 ლარის ოდენობით (ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773263).

2.7. ინსპექციას დაევალა მოსარჩელეს დაუბრუნოს, №001592 სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, 23.05.2023 წელს სს „...ში“ №2696 საგადახდო დავალებით გადახდილი ჯარიმის თანხა 15 000 ლარის ოდენობით (ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773263).

2.8. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა პირველი და მეორე მოპასუხეების მიერ. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს:

4.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის, არქიტექტურის სამსახურის 15.06.2021 წლის №5450415 ბრძანებით, მოსარჩელეს მიეცა თანხმობა IV კლასის, მრავალფუნქციური კომპლექსის/შენობის მშენებლობისთვის.

4.2. ინსპექციამ მოსარჩელის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება, რომლის ფარგლებში დაფიქსირდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არქიტექტურის სამსახურის 15.06.2021 წლის №5450415 ბრძანებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა. აღნიშნულის გამო ინსპექციამ 17.05.2023 წელს მიიღო №001587, №001588, №001589, №001590, №001591, №001592 დადგენილებები მოსარჩელის თითოეული ეტაპისთვის 15 000 ლარით დაჯარიმების თაობაზე და მოსარჩელე დაჯარიმდა თითოეული სამართალდარღვევისთვის ცალ-ცალკე, ჯამში 90 000 ლარის ოდენობით.

4.3. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირის მიერ ერთდროულად ერთი მუხლით (მუხლის ერთი ნაწილით/პუნქტით) განსაზღვრული რამდენიმე სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, დამრღვევს აღნიშნული მუხლით განსაზღვრული ერთი სახდელი დაედება. ერთდროულად სხვადასხვა მუხლით (მუხლის სხვადასხვა ნაწილით ან პუნქტით) განსაზღვრული რამდენიმე (ორი ან მეტი) სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში კი თუ საქმეებს ერთდროულად ერთი და იგივე ადმინისტრაციული ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს, სამართალდამრღვევს უნდა დაედოს ერთი სახდელი იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევისათვის, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის საქმეები ერთდროულად ან/და ერთი და იგივე ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ არ განიხილება, ადმინისტრაციული სახდელი დამრღვევ პირს დაედება თითოეული სამართალდარღვევისათვის ცალ-ცალკე (სუსგ №ბს-177-170(კ-13), 26.12.2013წ.).

4.4. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენისა და შეთანხმებული არქიტექტორული პროექტის დარღვევის ფაქტი. ამავე დროს ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ერთსა და იმავე დღეს გამოვლენილი, ერთი და იმავე შინაარსის მქონე გადაცდომის ჩადენისთვის გამოცემული ექვსი დამოუკიდებელი დადგენილებით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 132-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის გამო ერთი და იგივე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ცალ-ცალკე დაჯარიმდა.

4.5. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ერთი და იმავე დარღვევის ჩადენის ფაქტზე სუბიექტისთვის პასუხისმგებლობის რამდენჯერმე დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს და არღვევს პირის კანონით გარანტირებულ უფლებებს. აღნიშნული პრინციპი ვლინდება მაშინ, როდესაც პირი ჩადის გადაცდომის ერთ ფაქტს, რაზეც ნაცვლად კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომის ერთხელ გამოყენებისა, ხდება სანქციის რამდენჯერმე დაკისრება ან სხვადასხვა პასუხისმგებლობის გამოყენება. ინსპექციას უნდა გაეთვალისწინებინა შესაბამისი კანონის ნორმები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებები და შემოწმების აქტების საფუძველზე უნდა გამოეცა ერთი დადგენილება და გამოეყენებინა ერთი სახდელი.

4.6. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია სადავო ინსპექციის 17.05.2023 წლის №001588, №001589, №001590, №001591 და №001592 დადგენილებების კანონშეუსაბამობა, რაც ცხადყოფს მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მერიის 26.06.2023 წლის №915 ბრძანების უკანონობას (№001588, №001589, №001590, №001591 და №001592 დადგენილებების ნაწილში). მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე წარმოეშვა სადავო დადგენილებების კანონიერებისა გადამოწმების ვალდებულება, რაც განსახილველ შემთხვევაში არ იქნა ჯეროვნად განხორციელებული.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მეორე მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.05.2025 წლის განჩინებით მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

9. საქმის მასალებში დაცული ინსპექციის 17.05.2023 წლის №001587, №001588, №001589, №001590, №001591, №001592 დადგენილებებით მოსარჩელე დაჯარიმდა სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებული მშენებლობისთვის, კერძოდ, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის თითოეული ეტაპისთვის (მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 ეტაპებისთვის) ცალ-ცალკე 15 000 ლარის, ჯამში 90 000 ლარის ოდენობით. მერიის 26.06.2023წ. №915 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი აღნიშნული დადგენილებების ბათილად ცნობის თაობაზე. სადავო არ არის და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია მოსარჩელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენისა და შეთანხმებული არქიტექტორული პროექტის დარღვევის ფაქტი. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანია დროში ერთდროულად გამოვლენილ სამართალდარღვევებზე თითოეული სამშენებლო ეტაპისთვის ცალ-ცალკე საჯარიმო სანქციის შეფარდების მართლზომიერება.

10. მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს ადგენს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი (შემდეგში „კოდექსი“). კოდექსის 132-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ.“ ქვეპუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევა იწვევს 15 000 ლარით დაჯარიმებას.

11. სამშენებლო სამართალდარღვევა (სამშენებლო სამუშაოების პროექტის დარღვევით განხორციელება) არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ერთ-ერთი სახე (საქმე №ბს-555(კ-20), 12.01.2023წ.), რომლის განხილვა-შეფასების პროცესში სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელ კონკრეტულ სამართლებრივ აქტებთან ერთად, სხვა მოწესრიგების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით რეგლამენტირებული ზოგადი პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს (სუსგ №ბს-1081(კ-21), 18.09.2023წ.). ხსენებული კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით, ხოლო ამავე კოდექსის 36-ე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით, ერთი პირის მიერ ორი ან მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელი მას დაედება თითოეული სამართალდარღვევისთვის ცალ-ცალკე. თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად განიხილავს ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი), სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევებისათვის. ამ შემთხვევაში ძირითად სახდელს შეიძლება დაემატოს ერთ-ერთი დამატებითი სახდელთაგანი, რომლებსაც ითვალისწინებენ რომელიმე ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამდგენი მუხლები.

12. სამშენებლო ინსპექტირების დროს ერთ ობიექტზე რამდენიმე სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში უნდა შედგეს ერთიანი სამართალდარღვევის ოქმი (სუსგ ͏№ბს-215-213(კ-12), 06.06.2013წ., №ბს-980(კ-19), 25.11.2021წ.). მოცემულ შემთხვევაში სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ერთი და იგივე ორგანოს - ინსპექციის მიერ ექვსი სხვადასხვა დადგენილებით განხორციელდა დროში ერთდროულად გამოვლენილ სამართალდარღვევებზე რეაგირება, ამასთან, გასაჩივრებული დადგენილებები შეიცავს ერთი და იგივე სახის სამშენებლო სამუშაოების შეუსრულებლობაზე (დარღვევებზე) მითითებას. შესაბამისად, მოსარჩელე მშენებლობის სხვადასხვა ეტაპისთვის დაჯარიმდა დროში ერთდროულად არსებული, ერთი და იგივე სამართალდარღვევ(ებ)ის ჩადენის გამო.

13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების მთავარი მიზანი არ არის დამრღვევის დასჯა (სუსგ №ბს-1390(კ-18), 12.09.2019წ.). ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, უწევს ორმაგი ფუნქციის შესრულება, ერთი მხრივ იგი არის საჯარო ინტერესების გამტარებელი, სამართალდარღვევაზე რეაგირების განმახორციელებელი, სანქციის დამკისრებელი სუბიექტი, ხოლო მეორე მხრივ, მას ეკისრება აქტის ადრესატის ინტერესების დაცვის ვალდებულება. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც საჯარო მმართველობის განმახორციელებელმა სუბიექტმა, უნდა გაითვალისწინოს როგორც საჯარო, ასევე კერძო პირის ინდივიდუალური ინტერესები. ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა უნდა უზრუნველყოს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, არც ერთი ინტერესის დაცვა არ უნდა მოხდეს მეორე ინტერესის არაპროპორციულად და გაუმართლებლად შეზღუდვის ხარჯზე (სუსგ №ბს-468-465(კ-17), 21.01.2020წ.).

14. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება მოითხოვს მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგების შესაბამისობას მისი გამოცემის როგორც ფაქტობრივ, ასევე სამართლებრივ საფუძვლებთან.

15. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

16. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2024 წლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე