დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 08.12.2025
საქმის ნომერი
ბს-466(კ-24)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-466(კ-24) 8 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 02 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა.ა.რ-კ).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა.ა.რ-კმა 2022 წლის 19 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 18 აპრილის №1000633327 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოსარჩელისთვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 02 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ უცხოელისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი უფლებამოსილია, მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი არ შეიცავს იმ შინაარსის ინფორმაციას, რაც დაადასტურებდა მოსარჩელისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობას სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად. ასევე არ დასტურდება მისი მხრიდან იმ საქმიანობის განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 02 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ ბინადრობის სამართლებრივი ბუნება, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, ადმინისტრაციულ ორგანოს კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან ყველაზე მისაღები გადაწყვეტილების შერჩევის დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს. სააგენტოს მიერ სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დადგინდა მოსარჩელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა. ამდენად, სააგენტომ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშედარების საფუძველზე მიიღო სადავო გადაწყვეტილება. სააგენტომ უპირატესობა მიანიჭა საჯარო ინტერესს, რადგან საკითხი ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოებას. მოქმედი სამართლებრივი რეგულაციებიდან გამომდინარე, სააგენტო მოკლებულია ისეთი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, რომლებიც სადავოს გახდის და გააბათილებს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალების მიხედვით, 2018 წლის 11 ოქტომბერს ა.ა.რ-კმა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 09 ნოემბრის SSG 0 18 00175939 წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ა.ა.რ-კისთვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 9 ნოემბრის №1000633327 გადაწყვეტილებით, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა’’ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა ა.ა.რ-კის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ა.ა.რ-კმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/7321-18), ა.ა.რ-კის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 9 ნოემბრის №1000633327 გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე №3/7321-18) შესულია კანონიერ ძალაში. ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქმის ხელახალი წარმოების ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 13 აპრილის SSG 9 22 00059167 წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ა.ა.რ-კისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის მინიჭება. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 18 აპრილის №1000633327 გადაწყვეტილებით ა.ა.რ-კს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს უცხოელზე სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემას, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის მე-17 მუხ. მე-10 პუნქტ.). საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (მე-13 მუხ. მე-5 პუნქტ.).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კონტრდაზვერვით საქმიანობად მიიჩნევა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, თუ უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და ამის შესახებ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა. განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის 2022 წლის 13 აპრილის SSG 9 22 00059167 წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. სადავო აქტი (სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 18 აპრილის №1000633327 გადაწყვეტილება) გამოიცა სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზემოაღნიშნული წერილის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იმ ინფორმაციას, რომელიც საფუძვლად დაედო სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები არ ქმნის მოსარჩელის მიერ საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის საფუძვლიან ვარაუდს.

გასათვალისწინებელია, რომ ...ის 2018 წლის 10 ოქტომბრის №05-11903 ცნობის თანახმად, სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე ა.ა.რ-კი არის ...ის ... საგანმანათლებლო პროგრამის მიმდინარე სტუდენტი. სწავლების დამთავრების სავარაუდო თარიღია 2023 წლის 20 ივლისი. ამასთან, მოსარჩელის სახელზე გაცემული იყო სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2017-2018 წლებში. მართალია, ბინადრობის ნებართვის ერთხელ გაცემა არ ავალდებულებს ორგანოს ყოველი შემდეგი მოთხოვნისას დააკმაყოფილოს წარდგენილი განცხადება, თუმცა მნიშნელოვანია, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის შედეგი იყოს და შესაბამის დასაბუთებას ეფუძნებოდეს. კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილზე მითითება, მისი შინაარსის გათვალისწინებით, არ ქმნის სადავო აქტის საკმარის დასაბუთებას. სააგენტოს არ დაუსაბუთებია საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების დადასტურების მიუხედავად, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო საფუძვლების არსებობა, არ დგინდება კერძო და საჯარო ინტერესების სათანადო ურთიერთშედარება.

ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 02 თებერვალს №02720 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ: 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 02 ნოემბრის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ: 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 02 თებერვალს №02720 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე