არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-704(კს-25) 18 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – შპს ,, ...’’
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 17 დეკემბერს შპს ,,...მა’’ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: 1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 3 ივლისის №2019/03/07 აქტი (შპს „...ში“ 2017 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 1 თებერვლამდე პერიოდში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი (გეგმიური) შემოწმების შესახებ (გარდა 7.1.1. პუნქტის მე-5 და მე-6 ქვეპუნქტებისა); 2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 9 ივლისის №2019/03/07-01 აქტი (შპს „...ში“ 2017 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 1 თებერვლამდე პერიოდში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი (გეგმიური) შემოწმების 2019 წლის 3 ივლისის №2019/03/07 აქტში ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების შესახებ); 3. ბათილად იქნეს ცნობილი სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება შპს „...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის (2019 წლის 3 ივლისის 2019/03/07 აქტის და 2019 წლის 9 ივლისის №2019/03/07-01 აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინებით შპს „...“-ს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქამეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შპს „...“-ს დირექტორს ჩაბარდა 2025 წლის 22 იანვარს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით (ს.ფ 99), ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქამეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე შპს „...“-ს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 2025 წლის 2 ივნისს, რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე დასმული თბილისის საქალაქო სასამართლოს შტამპით (ს.ფ 102).
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს „...“-ს მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მითითებით, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა იწურებოდა 2025 წლის 5 თებერვალს, სააპელაციო საჩივარი კი წარდგენილ იქნა 2025 წლის 2 ივნისს; ამრიგად, სააპელაციო პალატამ შპს „...“-ს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქამეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დატოვა განუხილველი.
შპს ,,...მა’’ 2025 წლის 1 ივლისს წარმოადგინა კერძო საჩვარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე და მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების დავალება;
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლა მათგან დამოუკიდებელი მიზეზით მოხდა, რამეთუ შპს ,,...ის’’ იმჟამინდელი დირექტორი შ.ბ-ე იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და სწორედ იქ ჩაბარდა მას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქამეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება; კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ პენიტენციური დაწესებულებიდან საჩივრის გაგზავნა ვერ ხდება შიდა რეგულაციიდან გამომდიმარე, ამიტომ კომპანიის იმჟამინდელი დირექტორი მოკლებული იყო შესაძლებლობას გაესაჩივრებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ 2024 წლიდან კომპანიის დამფუძნებელმა/პარტნიორმა დაიწყო პარტნიორთა კრების მოწვევა, ახალი დირექტორის დანიშვნის მიზნით; თუმცა, მხარე აღნიშნავს, რომ ეს პროცესი გაჭიანურდა; 2025 წლის 22 მაისს კი მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კომპანიის დირექტორის ცვლილების შესახებ და შ.მ-ე დაინიშნა ზემოაღნიშნულ პოზიციაზე;
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ შ.მ-ემ, დირექტორად დანიშვნისთანავე, შეიტანა საერთო სასამრთლოებში განცხადებები ინფორმაციის მოძიების მიზნით მიმდინარე და დასრულებულ საქმეებზე; მხარე მიუთითებს, სწორედ ამ განცხადების პასუხად, მიმდინარე წლის 30 მაისს ჩაბარდათ მათ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქამეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომელიც გაასაჩივრეს, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიერ მათი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხიველი;
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ კანონით დადგენილ ვადაში საჩივრის წარუდგენლობა გამოიწვია მათგან დამოუკიდებელი მიზეზის არსებობამ, რაც სასამართლოთა მიერ უნდა შეფასდეს, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,...ის’’ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექისის 70-78-ე მუხლებით დადგენილია სასამართლო შეტყობინების და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება სასამართლო აქტის მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სსკ-ის 74.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქამეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება შპს „...“-ს დირექტორს ჩაბარდა 2025 წლის 22 იანვარს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით;
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქამეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება შპს „...“-ს დირექტორს ჩაბარდა 2025 წლის 22 იანვარს, ხოლო შპს „...“-ს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 2025 წლის 2 ივნისს, რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შტამპით
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალქო საპეოცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო გარემოება, კერძოდ კომპანიის იმჟამინდელი დირექტორის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 65-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ შპს,,...ის’’ დირექტორის პენტენციურ დაწესებულებაში ყოფნის გამო გასაჩივრების ვადის გასვლა უნდა ჩაითვალოს საპატიო მიზეზად, ვინაიდან მსჯავრდებული მოკლებული იყო შესაძლებლობას საპატიმრო დაწესებულებიდან გამოეგზავნა საჩივარი; საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიის დირექტორს შიდა რეგულაციიდან გამომდინარე არ ჰქონდა უფლება კანონით დადგენილ ვადაში პენიტენციური დაწესებულებიდან გამოეგზავნა საჩივარი, რამეთუ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირები უფლებამოსილნი არიან წარმომადგენლის მეშვეობით მოახდინონ საკუთარი უფლებების რეალიზება; ამასთან, საქმის მასალებით არ იკვეთება კონკრეტული საპატიო გარემოება თუ რამ დააბრკოლა კომპანიის დირექტორი ჰყოლოდა წარმომადგენელი;
საქართველოს სამოქალაქო საპროსეცო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, საჭირო მტკიცებულებათა წარუდგენლობის პირობებში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა იმ საპატიო მიზეზის არსებობა, რომელიც შეუძლებელს გახდიდა საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროსეცო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე; ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის კოდექსის 70-ე - 78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობდა საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შეტანილი შპს ,,...ის’’ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,...ის’’ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 ივნისის განჩინება შპს ,,...ის’’ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,...ის’’ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა