დატოვებულია უცვლელად

ადმინისტრაციული 26.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1349(კ-24)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1349 (კ-24) 26 მარტი, 2026 წელი,ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ა-ე, ე. ა-ე, ემ. ა-ე, თ. ბ-ე, გ. ბ-ე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.10.2024 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ეკომიგრანტი ოჯახის განსახლებაზე უარი, საცხოვრებელი სახლის მშენებლობის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სასარჩელო მოთხოვნა

1. ნ. ა-ემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“), ე. ა-ემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე“), ემ. ა-ემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესამე მოსარჩელე“), თ. ბ-ემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეოთხე მოსარჩელე“) და გ. ბ-ემ (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „სააგენტო“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვეს:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სააგენტოს 17.01.2023 წლის IDP 3 23 00000023 ბრძანება;

1.2. დაევალოს მოპასუხეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეთა ოჯახის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხით - 50 000 ლარით უზრუნველყოფის თაობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.10.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ასევე, სააგენტოს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

2.1. ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 18.08.1989 წლის №192/15 გადაწყვეტილებით განისაზღვრა მოსარჩელეთა ოჯახის, დანარჩენ 40 ოჯახთან ერთად, გარდაბნის რაიონის ...ის ტერიტორიაზე გადასახლება.

2.2. საქართველოს პრეზიდენტის 22.12.1997 წლის №750 ბრძანებულებით აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის კრწანისის მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასასახლებელი ფართობის შეცვლის მიზნით გარდაბნის რაიონის სოფელ ...ს საკრებულოს ტერიტორიაზე, ...ის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს, სახელმწიფო საკუთრების მიწებიდან გამოიყო 20 ჰა მიწის ფართობი აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან 1989 წელს ჩამოსახლებული 75 ოჯახის დასასახლებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთვის საჭირო თანხის გამოძებნა აჭარიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ახალი სოფლის პირველი რიგის სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად.

2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.09.2013 წლის №3ბ/453-12 გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობას დაევალა რ. ს-ეის, ზ. ს-ეის, ჯ. ძ-ეისა და სხვათა (სულ 49 პირის) 13.03.2009 წლის №31/26 ადმინისტრაციული საჩივრის (განცხადების), როგორც სტიქიით დაზარალებულთათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ (მხოლოდ მოსარჩელეებთან მიმართებაში) საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით კანონით დადგენილ ვადაში ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცემა.

2.4. აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საქართველოს მთავრობის 03.11.2014 წლის №1979 განკარგულებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდეგში „სამინისტრო“) დაევალა სტიქიით დაზარალებული პირების/მათი ოჯახების განსახლების მიზნით სამოქმედო გეგმის შემუშავება და აღნიშნული გეგმის მიხედვით მათი განსახლების უზრუნველყოფა („ა“ ქვეპუნქტი); ამავე სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა მომდევნო წლების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტებში, ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებებისათვის შესაბამისი თანხების გასათვალისწინებლად წინადადებების წარდგენა („ბ“ ქვეპუნქტი).

2.5. საქართველოს მთავრობის 09.06.2017 წლის №1182 განკარგულებით, სააპელაციო სასამართლოს 12.09.2013 წლის გადაწყვეტილების აღსასრულებლად და საქართველოს მთავრობის 03.11.2014 წლის №1979 განკარგულების „ა“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით, სამინისტროს დაევალა 2017 და 2018 წლებში მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან, №1 დანართით გათვალისწინებული სტიქიით დაზარალებული 16 ოჯახისა და №2 დანართით გათვალისწინებული 20 ოჯახის საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფისათვის, თითოეულ ოჯახზე 50 000 ლარის გამოყოფა.

2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.11.2018 წლის №3/3440-18 გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელეთა განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 04.05.2018 წლის GOV 2 18 0014219 გადაწყვეტილება და სამინისტროს 21.05.2018 წლის №03-01/03/12342 აქტი, საქართველოს მთავრობას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში მოსარჩელეთა ოჯახის წევრების, როგორც სტიქიით დაზარალებულთათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და აღნიშნულთან დაკავშირებით ინდივიდუალური აქტის გამოცემა.

2.7. საქართველოს მთავრობის 25.07.2022 წლის №1316 განკარგულების თანახმად, საქალაქო სასამართლოს 22.11.2018 წლის გადაწყვეტილების აღსასრულებლად სააგენტოს დაევალა მოსარჩელეთა განსახლების საკითხთან დაკავშირებით ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება.

2.8. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტთა) მონიტორინგის 02.11.2022 წლის ოქმის თანახმად, ხულოში, სოფ. ...ში მონიტორინგის ჯგუფს დახვდა პირველი და მეორე მოსარჩელე, ხოლო დანარჩენი მოსარჩელეები ცხოვრობენ ქ. ბათუმში. ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის №8 ოქმის მიხედვით, პირველი მოსარჩელის ოჯახს ამ ეტაპზე უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ალტერნატიული საკუთრებების გამო.

2.9. სააგენტოს 17.01.2023 წლის IDP 3 23 00000023 ბრძანებით მოსარჩელეთა ოჯახს ამ ეტაპზე უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე ...ში (საკადასტრო კოდი: ...) და ქალაქ ბათუმში (საკადასტრო კოდი: ...) მდებარე ალტერნატიული საკუთრების გამო.

2.10. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეთა ოჯახის, როგორც ეკომიგრანტი ოჯახის, საცხოვრებელი საკითხის გადაწყვეტა დაწყებულია 1989 წლიდან და წლების განმავლობაში აღნიშნულ ოჯახს რაიმე საკომპენსაციო თანხა ან ფართი განსახლებისათვის არ მიუღია. შესაბამისად, ოჯახისათვის კომპენსაციის გაცემის საკითხის გადასაწყვეტად მხოლოდ ოჯახის ერთ-ერთი წევრის (მეოთხე მოსარჩელის) საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობის ფაქტზე მითითება დაუშვებელია. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ეწინააღმდეგება წლების განმავლობაში მოსარჩელე მხარის მიერ სხვადასხვა დავის ფარგლებში დადასტურებული უფლების, ოჯახისათვის საკომპენსაციო თანხის გაცემის მოპოვებული უფლების რეალიზებას.

2.11. მოსარჩელის ოჯახს კომპენსაციის მიღების უფლება დადასტურებული აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებებით დადგენილია ის გარემოება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ვალდებულების შესრულება, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახი 02.11.2022 წელს განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში კვლავ ხულოს რაიონის სოფელ ...ში, დაზიანებულ სახლში ცხოვრობს.

2.12. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდეგში „მინისტრი“) სადავო პერიოდში მოქმედ 13.11.2013 წლის №779 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებულ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურაზე“ და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არასწორად შეფასდა გარემოება მასზე, რომ ოჯახი არ საჭიროებდა კომპენსაციის გაცემას ან სხვაგვარად საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებასა და მოპასუხისთვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.10.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ასევე - სააგენტოს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის ხარჯის - 500 ლარის ანაზღაურება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

4.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე სრულად დაეთანხმა შეფასებებსა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

4.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა მინისტრის სადავო პერიოდში მოქმედი 13.11.2013 წლის №779 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებულ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ პირველ, მე-2 მუხლებზე, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ და „ო“ ქვეპუნქტებზე და დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის პოზიცია მოსარჩელეთა ოჯახების საკომპენსაციო თანხებით უზრუნველყოფის საკითხის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე სააგენტოს კომპეტენციის არარსებობაზე. პალატამ დამატებით მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 25.07.2022 წლის №1316 განკარგულებით სწორედ სააგენტოს დაევალა, მოსარჩელეთა განსახლების საკითხთან დაკავშირებით, არსებული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, მიეღო შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.

4.3. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა მასზე, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად შეაფასა მოსარჩელეთა ოჯახის საჭიროების არარსებობა კომპენსაციაზე ან სხვაგვარად საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებასა და მოპასუხისთვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. განსახილველი სარჩელის საგანია სტიქიით დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით თანხის ანაზღაურება, შესაბამისად, შეფასებას საჭიროებს:

სტიქიით დაზარალებულ პირთა სამართლებრივი დაცვის გარანტიები, მოსარჩელეთა სამართლებრივი მდგომარეობა და მათ სასარგებლოდ სააგენტოსთვის თანხის დაკისრების, როგორც სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების, წინაპირობების არსებობა.

8. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სოციალური სახელმწიფოს პრინციპი გამოხატულებას პოულობს სახელმწიფოს ამოცანათა ერთობლიობაში, რომლის უპირველეს ამოცანას საზოგადოების საერთო კეთილდღეობაზე ზრუნვა წარმოადგენს. სოციალური სახელმწიფოს პრინციპი შეიძლება განვიხილოთ იმ უმთავრესი ელემენტების არსებობით, როგორიცაა სოციალური თანასწორობა, სოციალური უზრუნველყოფა და სოციალური სამართლიანობა. ეს ელემენტები ქმნის ხელისუფლების სოციალური პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს მიმართულებებს, რომელთა შესრულებაც სახელმწიფოს არსებობისათვის მნიშვნელოვან ვალდებულებას წარმოადგენს (ცხადაძე ქეთევან, კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრინციპების რელევანტურობა ადმინისტრაციული სამართლისათვის, ადმინისტრაციული სამართალი, სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი, №2/2016, გვ. 7-8).

9. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე, ასევე ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. ადეკვატური საცხოვრებლის უფლება გათვალისწინებულია აგრეთვე „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 25-ე მუხლითა და „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლით. სახელმწიფოებმა სათანადო პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ არახელსაყრელ პირობებში მცხოვრებ ჯგუფებს (ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი, ზოგადი კომენტარი №4, 1991, მე-11 პუნქტი). სტიქიური მოვლენები მნიშვნელოვან და ხანგრძლივ გავლენას ახდენს საცხოვრებლის უფლებით სარგებლობაზე. ასეთი მოვლენები აზიანებს და ანადგურებს საცხოვრებელს, ცვალებადი პირობების გამო არსებულ საცხოვრებლებს ხდის საცხოვრებლად უვარგისს, ხელს უწყობს მიგრაციას კლიმატის გამო და ზოგიერთ შემთხვევაში დგება პირთა სრული გადასახლების საჭიროება, შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს უსაფრთხო და ადეკვატური თავშესაფარი (გაეროს გენერალური ასამბლეის ადამიანის უფლებათა საბჭო, №A/HRC/52/28, 23.12.2022, 64-ე პუნქტი).

10. კერძო საკუთრების ბუნებრივი საფრთხეებისგან დასაცავად ზომების მიღებისას, ხელისუფლება სარგებლობს შეფასების უფრო ფართო ზღვრით, ვიდრე სიცოცხლის დასაცავად საჭირო ზომებისას, შესაბამისად, ბუნებრივი კატასტროფები, რომლებიც ადამიანის კონტროლის ფარგლებს სცილდება, არ მოითხოვს სახელმწიფოსაგან ისეთივე ჩართულობას (Budayeva and Others v. Russia, №15339/02, №21166/02, №20058/02, №11673/02 და №15343/02, 20.03.2008, §174-175), თუმცა სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს საკანონმდებლო ზომები სათანადო საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად (გაეროს გენერალური ასამბლეის ადამიანის უფლებათა საბჭო, №A/HRC/52/28, 23.12.2022, 67-ე პუნქტი).

11. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, ყველას აქვს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება. ეკოლოგიური უფლებების კონსტიტუციურ-სამართლებრივ სივრცეში მოქცევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების, გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საზოგადოებრივი მონაწილეობისა და სხვა გარემოსდაცვითი მექანიზმების გამართული, ეფექტური მუშაობისა და კოორდინაციისათვის. ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების დადგენით, საქართველოს კონსტიტუცია ადასტურებს და განამტკიცებს კონსტიტუციურ ღირებულებათა წესრიგში მდგრადი ეკოლოგიური განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 04.10.2013 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/1/524, II-2).

12. „აჭარის ასს რესპუბლიკაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 06.05.1989 წლის №220 დადგენილების თანახმად, აჭარის ასს რესპუბლიკის მთიან ზონაში თოვლის ინტენსიური დნობის შედეგად წარმოქმნილმა ზვავებმა და მეწყერმა გამოიწვია მრავალი საცხოვრებელი სახლის დანგრევა და დაზიანება. იმის გათვალისწინებით, რომ სტიქიამ საცხოვრებლად უვარგისი და საშიში გახადა აჭარის მთიანი ზონის რიგი დასახლებული პუნქტები, დადგინდა ამ ზონის მოსახლეობის სხვა რეგიონებში განსახლების საჭიროება, ასევე, მიეთითა, რომ მათთვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთები დაუყოვნებლივ უნდა გამოყოფილიყო (დადგენილების პრეამბულა, მე-4, მე-7 პუნქტები).

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 14.06.1989 წლის №285 დადგენილებით დამატებით განისაზღვრა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებები, მათ შორის დამტკიცდა სტიქიურ უბედურებათა შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა ჩასასახლებლად ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დავალებები.

13. საქმის მასალებში დაცული ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 18.08.1989 წლის №192/15 გადაწყვეტილებით, პირველ და მესამე მოსარჩელეებს ნება დაერთოთ ეროზიის გამო ხულოს რაიონიდან მუდმივ საცხოვრებლად გარდაბნის რაიონის ...ში გადასვლაზე (ს.ფ. 103-109). საქართველოს პრეზიდენტის 22.12.1997 წლის №750 ბრძანებულებით შეიცვალა აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის კრწანისის მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისთვის დასასახლებელი ტერიტორია, კერძოდ, გარდაბნის რაიონის სოფელ ...ს საკრებულოს ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრების მიწებიდან გამოიყო 20 ჰა მიწის ფართობი აჭარიდან 1989 წელს ჩამოსახლებული 75 ოჯახის დასასახლებლად, ასევე შესაბამის სამინისტროებს დაევალათ სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო თანხების მოძიება და ტენდერის გამოცხადება (ს.ფ. 110).

14. ამდენად, სახელმწიფომ იკისრა 1989 წელს აჭარის მთიან რეგიონში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული პირების განსახლებისა და მათთვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ვალდებულება (შდრ. სუსგ №ბს-616 (კ-21), 21.07.2022წ.).

15. კანონიერ ძალაში მყოფი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.11.2018 წლის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა 03.05.2018 წელს განცხადებით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და 1989 წელს ხულოს რაიონში სტიქიით განცდილი ზიანის გამო მოითხოვეს: საცხოვრებელი სახლის აშენება ან საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად მთავრობის მიერ სათანადო სახსრების გამოყოფა 50 000 ლარის ოდენობით (ს.ფ. 47-49).

აღნიშნული განცხადება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 04.05.2018 წლის წერილით განსახილველად გადაეგზავნა სამინისტროს (ს.ფ. 49).

16. სამინისტროს 21.05.2018 წლის წერილით მოსარჩელეებს განემარტათ საცხოვრებელი სახლის მისაღებად ნორმატიულად დადგენილი განცხადების წარდგენის წესი; განემარტათ ისიც, რომ საკომპენსაციო თანხები გაიცა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სადაც მოსარჩელეები არ ყოფილან მოხსენიებული (ს.ფ. 49-50).

17. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.11.2018 წლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მთავრობის ადმინისტრაციის 04.05.2018 წლის და სამინისტროს 21.05.2018 წლის აქტები, საქართველოს მთავრობას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში მოსარჩელეებისთვის, როგორც სტიქიით დაზარალებულთათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და აღნიშნულთან დაკავშირებით აქტის გამოცემა (ს.ფ. 125-140). საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ (ს.ფ. 142-160, 162-167).

სწორედ ზემოაღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საქართველოს მთავრობის 25.07.2022 წლის №1316 განკარგულებით მოპასუხეს/სააგენტოს დაევალა მოსარჩელეთა, როგორც სტიქიით დაზარალებულთა, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვის მიზნით, განსახლების საკითხთან დაკავშირებით არსებული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება (ს.ფ. 168-169).

მოსარჩელეების მოთხოვნების სათანადო მოპასუხე სააგენტოა (შდრ. სუსგ №ბს-833(2კ-20), 22.02.2022წ; №ბს-921(კ-22), 23.04.2024წ.).

18. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია და აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ მოსარჩელეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ განხორციელებულა.

უფრო მეტიც, თავად სააგენტოს დეპარტამენტის 11.09.2023 წლის №IDP 4 23 00956871 წერილის თანახმად, მოსარჩელეთა ოჯახის არც ერთ წევრს, როგორც 1989 წლის ეკომიგრანტ ოჯახს, სახელმწიფოს მხრიდან ფულადი კომპენსაცია ან საცხოვრებელი ფართი არ მიუღია (ს.ფ. 102).

19. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები მოითხოვენ მოპასუხისთვის თანხის დაკისრებას, შესაბამისად, აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში „სასკ“) 24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელი (შდრ. სუსგ №ბს-616(კ-21), 21.07.2022წ.).

20. მოპასუხის ერთ-ერთი პრეტენზია არის ის, რომ მინისტრის 13.11.2013 წლის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურით“ (დანართი №1) (შემდეგში „განსახლების პროცედურა“) განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში იგი ეკომიგრანტ ოჯახებს აკმაყოფილებს საცხოვრებელი ფართით და არა ფულადი კომპენსაციით (ს.ფ.358). განსახლების პროცედურის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. განსახლების პროცედურის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი კი ადგენს, რომ სააგენტო საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებას ახორციელებს ამ ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სააგენტოს მიერ შესყიდვის გზით. მითითებული პროცედურის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლის შესყიდვა ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

21. როგორც ჯერ კიდევ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.11.2018 წლის №3/3440-18 გადაწყვეტილებით იქნა დადგენილი, მოსარჩელეების წინაშე სახელმწიფოს ვალდებულება გულისხმობდა გადაცემულ მიწის ნაკვეთზე სახლის მშენებლობას ან სახსრების გამოყოფას მშენებლობისთვის (ს.ფ. 46-49), რაც 1989 წლიდან დღემდე ვერ განხორციელდა.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მიზანს წარმოადგენს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის გამო სახელმწიფოს მიერ პოზიტიური ვალდებულების შესრულება თანხის ანაზღაურების გზით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნივთის (განსახლების პროცედურის საფუძველზე შესასყიდი საცხოვრებელი სახლის) ნაცვლად მისი ღირებულების მოთხოვნა თავსებადია სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში საცხოვრებელი სახლის შესყიდვის ვალდებულების განმარტების ფარგლებთან.

22. კასატორი სადავოდ მიიჩნევს კომპენსაციის ოდენობასაც. აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ 1989 წელს აჭარის რაიონში სტიქიით დაზარალებულმა 49 ოჯახმა აწარმოვა სასამართლო დავა საქართველოს მთავრობის მიმართ. კანონიერ ძალაში მყოფი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 12.09.2013 წლის გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობას დაევალა ამ ოჯახების საჩივარზე (განცხადებაზე) ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით (ს.ფ. 22-35). სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად საქართველოს მთავრობამ დაიწყო წარმოება და, საბოლოოდ, 09.06.2017 წელს გამოსცა №1182 განკარგულება 36 ოჯახისათვის კომპენსაციის მიკუთვნების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხის - თითოეულ ოჯახზე 50 000 ლარის გამოყოფის შესახებ (ს.ფ. 38-43). სადავო არ არის, რომ მოსარჩელეები არ წარმოადგენდნენ მითითებული სასამართლო დავის მონაწილე მხარეს და საქართველოს მთავრობის №1182 განკარგულებით გათვალისწინებულ პირებს.

შეფასებას საჭიროებს გარემოება, შესაძლებელია თუ არა წინამდებარე დავის მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილება იმავე ოდენობით, თუ მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ განსახლების პროცედურის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ნასყიდობის ფასის - 30 000 ლარის ფარგლებში.

23. კონპენსაციის ოდენობის საკითხზე მსჯელობისას საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს 1989 წელს აჭარის რაიონში სტიქიით დაზარალებული ეკომიგრანტების ერთ-ერთ საქმეზე, სადაც ანალოგიური მოთხოვნით იყო სარჩელი აღძრული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებაზე:

„ის, რომ გარკვეულ ეკომიგრანტებთან მოლაპარაკების წარმოების შედეგად შეთანხმება მოხდა სახელმწიფოს მხრიდან თითოეული ოჯახისათვის 50 000 ლარის მიკუთვნებაზე, არ წარმოშობს იმავე ვალდებულებას სხვა ეკომიგრანტების მიმართ, რადგან სათანადოდ არ დასაბუთებულა კომპენსაციის მიმღები ოჯახებისა და მოსარჩელეთა ოჯახების არსებითად მსგავს გარემოებებში ყოფნა“ (სუსგ №ბს-616(კ-21), 21.07.2022წ.).

ამდენად, იმავე მოთხოვნის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილებაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს მთავრობის №1182 განკარგულებით კომპენსირებულ პირთა და მოსარჩელეთა ოჯახების არსებითად მსგავს/განსხვავებულ მდგომარეობაში ყოფნა. სწორედ აღნიშნული გარემოებები განაპირობებს სარჩელის წარმატება/წარუმატებლობას.

24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი არ გულისხმობს პირთა ტოტალურ გათანაბრებას (სუსგ №ბს-965(კ-19), 11.11.2019წ.). ამასთან, განსხვავებული მოპყრობა არ უნდა იყოს თვითმიზანი. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს, შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 27.12.2010 წლის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე, II-3). სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა დაიცვას კერძო საკუთრება სტიქიური უბედურებებისგან, თუმცა კომპენსაციის პირობები უნდა შეფასდეს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ყველა სხვა ზომის გათვალისწინებით, სიტუაციის სირთულის, დაზარალებულ მესაკუთრეთა რაოდენობისა და სტიქიური უბედურებების შედეგად დახმარების გაწევასთან დაკავშირებული ეკონომიკური, სოციალური და ჰუმანიტარული საკითხების გათვალისწინებით (Budayeva and Others v. Russia, №15339/02, №21166/02, №20058/02, №11673/02 და №15343/02, 20.03.2008, §182).

25. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია და კასატორს დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია მასზე, რომ მოსარჩელეთა ოჯახი კომპენსაციის მიმღები ოჯახების არსებითად მსგავს გარემოებებში იმყოფებიან: ისინი ასევე დაზარალდნენ 1989 წელს აჭარის რაიონში განვითარებული მოვლენების შედეგად; მსგავსია მათი ეკონომიკური, სოციალური და ჰუმანიტარული მდგომარეობა, საჭიროებები; არ არსებობს განსხვავებული მოპყრობის გონივრული საფუძველი. შესაბამისად, დასაბუთებულია კომპენსაციის იმავე ოდენობით ანაზღაურება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე დავის მოსარჩელეთა მიმართ საქმეზე №ბს-833(2კ-20), 22.02.2022 წელს მიღებულ განჩინებაში საკასაციო პალატამ 09.06.2017 წლის №1182 განკარგულებით კომპენსაციების გაცემა შეაფასა როგორც „კონკრეტული მოქმედების განხორციელება ანალოგიურ პირობებში მყოფი სტიქიით დაზარალებული ოჯახების საკითხის გადასაწყვეტად“.

26. სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე საუბრისას აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფომ ეკომიგრანტი ოჯახი უნდა უზრუნველყოს არა უბრალოდ საცხოვრებელი ფართით, არამედ სათანადო საცხოვრებლით, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები, მათ შორის, უსაფრთხოებისა და სანიტარიული თვალსაზრისით, სახელმწიფო უზრუნველყოფს პირს არა უბრალოდ საცხოვრებლით, არამედ ღირსეული საცხოვრებლით (საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი) (სუსგ №ბს-616(კ-21), 21.07.2022წ.).

ღირსეული საცხოვრებლის პრინციპის დაცვა გულისხმობს არსებითად მსგავს გარემოებებში მყოფი ეკომიგრანტების მიერ მიღებული კომპენსაციის ოდენობით მოსარჩელეთა დაკმაყოფილებასაც.

27. სარჩელის უარყოფის საფუძველი ვერ გახდება ასევე კასატორის მითითება მასზე, რომ ერთ-ერთი მოსარჩელის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება. სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნაა სააგენტოს 17.01.2023 წლის №IDP 3 23 00000023 ბრძანების ბათილობა (სასკ-ის 22-ე მუხლი), რომლითაც მოსარჩელეებს განსახლების პროცედურის მე-2 მუხლის მე-12 (დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში ან ამ მუხლის მე-17 პუნქტის გათვალისწინებით ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას) და მე-17 (იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ოჯახს აქვს ფაქტობრივ მფლობელობაში საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე, რომლითაც სარგებლობს შეუზღუდავად, ოჯახს დააკლდება 6 ქულა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის კრიტერიუმში. აღნიშნული დეპარტამენტის მიერ წარედგინება კომისიას, რომელიც განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას 6 ქულის დაკლების თაობაზე. გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) პუნქტების საფუძველზე ამ ეტაპზე უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ...ში (საკადასტრო კოდი: ...) და ქალაქ ბათუმში (საკადასტრო კოდი: ...) მდებარე ალტერნატიული საკუთრების გამო (ს.ფ.178).

28. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ განსახლების პროცედურის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტი დასაშვებად თვლის იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობას, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი. ამდენად, პირის საკუთრებაში საცხოვრებელი ფართის ქონა იმთავითვე არ გამორიცხავს მისი, როგორც ეკომიგრანტის დაკმაყოფილებას. ამასთან, მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკუთრებაში სხვა საცხოვრებელი სახლის არსებობის შემთხვევაში ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები განიხილება ბოლო ეტაპზე. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ გარდაბნის რაიონში, სოფელ ...ს საკრებულოს ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი გამოიყო აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან ჩამოსახლებული 75 ოჯახის დასასახლებლად (ს.ფ. 103-110), რომელთა ნაწილი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის თანხით დაკმაყოფილდა საქართველოს მთავრობის 09.06.2017 წლის №1182 განკარგულებით (ს.ფ. 38-43). ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ 1989 წელს სტიქიით დაზარალებულ პირებს, რომელთა მიმართაც 1989 წლიდან დღემდე სახელმწიფოს მიერ საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ან მათი სხვაგვარად უზრუნველყოფის ფაქტი არ დგინდება. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ სახელმწიფოს მხრიდან კომპენსირებულ 1989 წლის ეკომიგრანტებს შორის არიან არა მხოლოდ სტიქიით დაზარალებული ის ოჯახები, რომლებსაც არ გააჩნდათ ალტერნატიული ფართი, არამედ ის ოჯახებიც, რომლებსაც შეძენილი ჰქონდათ საცხოვრებელი ფართი თავიანთი სახსრებით (იხ. სუსგ №ბს-616(კ-21), 21.07.2022წ.). გასაზიარებელია გასაჩივრებულ განჩინებაში მოცემული მსჯელობა მასზე, რომ მოსარჩელეთა, როგორც ეკომიგრანტების, წინაშე სახელმწიფოს ვალდებულების გამომრიცხველი ვერ იქნება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 1989 წლიდან დღემდე ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა შეძლო საკუთრების შეძენა. ამასთან, თავად მონიტორინგის ოქმი აღწერს იმ მძიმე პირობებს, სადაც უწევთ ცხოვრება მოსარჩელეთა ოჯახის წევრებს („ძველი ხის შენობა, რომელიც დგას ქვის არამყარ საძირკველზე. შენობა არის ძლიერ დეფორმირებული, კარ-ფანჯარა არ იკეტება, იატაკი საგრძნობლად დაწეული. ეზო და მიმდებარე ტერიტორია მეწყრული პროცესების ზეგავლენით უსწორმასწოროდ დატერასებული“ (ს.ფ.170-173)). სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა უცვლელად გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში „სსსკ“) 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.10.2024 წლის განჩინება.

30. რაც შეეხება მოპასუხისთვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაკისრებულ ადვოკატის ხარჯებს, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობდა მოპასუხისთვის მოსარჩელეთა მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების, სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ფარგლებში, დაკისრების წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.10.2024 წლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე