დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1132(კ-25) 26 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ.პ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 05 მარტს მოსარჩელე ნ.პ-ის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 16 დეკემბრის №... (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) გადაწყვეტილების, 2021 წლის 29 იანვრის №... (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილების, 2021 წლის 19 თებერვლის №71615 (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილების, 2021 წლის 18 იანვრის №... (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების (ქ. თბილისში, ...ში მდებარე 1500 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ნ.პ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია) მოთხოვნით.
სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდგომ (იხ. სხდომის ოქმი 18.05.2022 წ), მოსარჩელე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა დააფიქსირა შემდეგი ფორმულირებით: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 16 დეკემბრის №... (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) გადაწყვეტილება, 2021 წლის 29 იანვრის №... (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილება, 2021 წლის 18 იანვრის №... (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) გადაწყვეტილება და დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ...ში მდებარე 1500 კვ.მ სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ნ.პ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით, ნ.პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 29 იანვრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ.პ-ის საჩივართან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები, მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლი, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი და განმარტა, რომ კანონმდებელი მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ ერთ - ერთ დოკუმენტად განიხილავს საკომლო წიგნიდან ამონაწერს, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში წარდგენილი იყო მოსარჩელე მხარის მიერ და მიუხედავად აღნიშნულისა დოკუმენტი არ იქნა მიჩნეული საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად. პალატის მსჯელობით, სადავო აქტში არ არის მსჯელობა თუ რა დამატებითი მტკიცებულების წარდგენა იყო საჭირო მოსარჩელის მიერ, რაც მოპასუხისთვის საკმარისი საფუძველი იქნებოდა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის.
სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, მართალია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ფარგლებში ვერ იქნა მოძიებული სრულყოფილი ინფორმაცია მიწის რეფორმის მიმდინარეობისა და შემდგომი ეტაპის თაობაზე, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის მოუძიებლობა არ უნდა იქნეს მიჩნეული მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარის) განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძვლად.
რაც შეეხება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არგუმენტს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ...ის არქივის 2020 წლის 26 თებერვლის №AA2020002289-05 საარქივო ცნობაში მითითებულ და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის (რეგისტრირებულია 1996 წლის 26 თებერვლის №461 მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე) ნაკვეთების იდენტურობის თაობაზე, სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია, რომ 1996 წლის 26 თებერვლის №461 მიღება - ჩაბარების აქტში ფიქსირდება ნ.პ-ისთვის საკუთრებაში გადაცემული 0,13 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო ...ის არქივის 2020 წლის 26 თებერვლის №AA2020002289-05 საარქივო ცნობით დასტურდება ინფორმაცია კომლის პირად საკუთრებაში რიცხული 0,15 ჰა საკ ნაკვეთის შესახებ. ამასთან, მიუთითა, რომ №461 მიღება - ჩაბარების აქტის თანახმად, მიწის ნაკვეთი (0,13 ჰა) მიეკუთვნება სახნავი მიწის კატეგორიას, ხოლო №AA2020002289-05 საარქივო ცნობაში მიწის ნაკვეთზე (0,15 ჰა) ფიქსირდება შენობა, რაც თავის მხრივ, ასევე გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთების იდენტურობას.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო აქტების მიღებისას მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა, შეფასება, სადავო საკითხი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალ სრულყოფილ შესწავლას საჭიროებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი ფაქტობრივ გარემოებებზე დატალურად მიუთითებს, რომ საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილების გამოცემით დაიწყო სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმა, მიწის ნაკვეთების მასობრივი განსახელმწიფოებრიობის გზით. მიწები დაიყო სახელმწიფო მიწის და მიწის რეფორმის ფონდებად. მიწის ნაკვეთები პირველ რიგში გაიცემოდა მიწის რეფორმის ფონდიდან. 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილებით განისაზღვრა, რომ მიწების ადრინდელ მესაკუთრეებს ან მათ მემკვიდრებს მიწა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში მიეცემათ საერთო საფუძველზე. ამასთან შესაძლებლობის შემთხვევაში მათ პირველ რიგში გამოეყოფათ ყოფილი მიწებიდან ნაკვეთი ნორმის ფარგლებში. ამავე დადგენილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე, კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადის მათ კერძო საკუთრებაში. ადგილობრივი ბუნებრივ - საწარმოო პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა საკარმიდამო ფართობის გადიდება ბარში და ზეგანზე 0,75 ჰექტარამდე, ხოლო მთაში 3 ჰექტარამდე. დადგენილების მე-11 პუნქტის თანახმად, მიწების გაცემას ახდენს სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებს რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანო, საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდება სანოტარო წესით და რეგისტრირდება მიწების აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში.
წარმომადგენლის განმარტებით, მიწის ნაკვეთს იღებდა ოჯახის ერთ - ერთი სრულწლოვანი წევრი და მიღება - ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტაცია ფორმდებოდა მასთან. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის N503 დადგენილებით დამტკიცებული იყო მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტის ფორმა, რომელიც გამოიყენებოდა რეფორმის დასრულებამდე.
კასატორის მსჯელობით, განსახილველ შემთხვევაში, ნ.პ-ის სახელზე გაცემულია 1996 წლის 26 თებერვლის N461 მიღება - ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც, მცხეთის რაიონის სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის თავმჯდომარემ და სოფელ ...ის მეურნეობის ხელმძღვანელმა სოფელ ...ში მცხოვრებ ნ.პ-ის ჩააბარეს სარგებლობაში გამოყოფილი მიწა, სულ 0.13 ჰა, ერთ ნაკვეთად. მისივე განმარტებით, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის N31/67932 ცნობა, რომლის საფუძველზეც, დაინტერესებულმა პირმა მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე), შეიცავს ინფორმაციას, ...ის რეგიონულ არქივში დაცული, მცხეთის რაიონის ...ის საკრებულოს 2004 წლის 10 თებერვლით დათარიღებულ, რეფორმამდე არსებული და რეფორმის დროს გაცემული ნაკვეთების მეპატრონეების შესახებ. აღნიშნულ სიაში აღრიცხულია ნ.პ-ი, რომელსაც ერიცხება 0.13 ჰა მიწის ფართობი. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, კასატორს ცალსახად მიიჩნია, რომ ეს ორი უფლების დამდგენი დოკუმენტი გაცემულია ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთზე, ისინი ერთმანეთს ავსებს და მათში მითითებული მიწის ფართობები არ ჯამდება. აღნიშნული უფლების დამდგენი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი კი უკვე რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებაში, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის N31/67932 ცნობა ვერ იქნებოდა გამოყენებული N...განცხადებით სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე უფლების დამდგენ დოკუმენტად.
კასატორი აპელირებს საკანონმდებლო რეგულაციის დღეს მოქმედ რედაქციაზე და სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2010 წლის 26 თებერვლის NAA2020002289-05 საარქივო ცნობაზე მითითებით განმარტავს, რომ იგი არ მოიცავს რეფორმის წლებს, მასში ფიქსირდება შენობიანი მიწის ფართობი, ხოლო, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული არანაირი შენობა - ნაგებობა. კომლის წევრების ბ. და ა. პ-ის სახელზე ტექ.ბიუროში აღრიცხული სახლიანი მიწის ფართობი უკვე რეგისტრირებულია (... დაყოფის შემდეგ - ...), სწორედ, მოსარჩელისა და მისი დების თანასაკუთრებაში. ამდენად, მიიჩნევს, რომ 2020 წლის 26 თებერვლის NAA2020002289-05 საარქივო ცნობით გათვალისწინებული შენობიანი მიწის ფართობიც უკვე რეგისტრირებულია. მიიჩნევს, რომ ... საკადასტრო კოდით განხორციელებული რეგისტრაციის არარსებობის პირობებშიც კი, NAA202002289-05 (26.02.2020 წ.) საარქივო ცნობა ვერ იქნობოდა მიჩნეული N...განცხადებით სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე უფლების დამდგენ დოკუმენტად, რაც მისივე მოსაზრებით სასამართლოს არ გაუთვალისწინებია. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი თვლის, რომ სასამართლოს მიერ არასწორად არის შეფასებული საქმეში არსებული მტკიცებულებები და ითხოვს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფარგლებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინების გაუქმებას და სარჩელზე სრულად უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1996 წლის 26 თებერვლის №461 მიღება - ჩაბარების აქტის თანახმად, ნ.პ-ის საკუთრებაში გადაეცა მცხეთის რაიონი, სოფ. ...ში მდებარე 0,13 ჰა მიწის ნაკვეთი.
საჯარო რეესტრის 2009 წლის 25 აგვისტოს ამონაწერით დადგენილია, რომ 1996 წლის 26 თებერვლის №461 მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე, უძრავ ნივთზე, მდებარე მცხეთა, სოფელი ..., ს/კ ..., დაზუსტებული ფართობი: 1300 კვ.მ., 2007 წლის 23 მარტიდან რეგისტრირებულია ნ.პ-ის საკუთრების უფლება.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ...ის არქივის 2020 წლის 26 თებერვლის №AA2020002289-05 საარქივო ცნობის თანახმად, მცხეთის რაიონის ...ის სასოფლო საბჭოს სოფელ ...ის 1964-1966 წლების საკომლო წიგნის მონაცემებით, ნ.პ-ი (შვილიშვილი) ირიცხება ბ.პ-ის (ოჯახის უფროსი) კომლში. კომლის შემადგენლობაში ასევე ირიცხებიან: პ-ი ა. ვ-ის ძე (ვაჟიშვილი), პ-ი. მ. (რძალი), პ-ი. ნ (შვილიშვილი). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება: საცხოვრებელი სახლი აგებული 1953წ. (წლები მითითებული არ არის); 1964 წ. სულ მიწა 0,25 (გადახაზულია). 0,15, მათ შორის ნაგებობათა ქვეშ 0,02; 1965 წ. სულ მიწა 0,12, მათ შორის ნაგებობათა ქვეშ 0,02; 1966 წ. სულ მიწა 0,12 (გადახაზულია). 0,15, მათ შორის ნაგებობათა ქვეშ 0,02. დამატებითი ცნობები: შესწორებულია საკ. ნაკვეთი 0,15 გა (ასეა დოკუმენტში).
დადგენილია, რომ 2020 წლის 20 ივლისს, ნ.პ-ის წარმომადგენელმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ქ. თბილისში, ...ში მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ნ.პ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. №... განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები; საარქივო ცნობა №AA2020002289-05; მინდობილობის ასლი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 27 ივლისის №... გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №..., №... და №... მიმართვებით გამოითხოვა ინფორმაცია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან, ...ის რეგიონული არქივიდან და შემოსავლების სამსახურიდან. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ მიმართვებზე პასუხების მიღებამდე. ასევე განემარტა, რომ თავადაც შეეძლო დამატებით წარედგინა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ...ის რეგიონული არქივის 2020 წლის 6 აგვისტოს №31/67932 წერილის თანახმად, ...ის რეგიონულ არქივში დაცული, მცხეთის რაიონის ...ის საკრებულოს 2004 წლის 10 თებერვლით დათარიღებული, რეფორმამდე არსებული და რეფორმის დროს გაცემული ნაკვეთების მეპატრონეთა სიაში აღრიცხულია ნ.პ-ი, რომელსაც ერიცხება 0,13 ჰა მიწის ნაკვეთი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 16 დეკემბრის №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მის მიერ დასაზუსტებელი იყო სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულს თუ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.
დადგენილია, რომ 2020 წლის 30 დეკემბერს ნ.პ-ის წარმომადგენელმა №567923/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2020 წლის 16 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 18 იანვრის №... სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებით, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 29 იანვრის №... გადაწყვეტილებით, ნ.პ-ის წარმომადგენელს უარი ეთქვა 2020 წლის 30 დეკემბრის №567923/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატა უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ.პ-ის სარჩელი, რომლითაც ითხოვდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 16 დეკემბრის №... გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 18 იანვრის №... გადაწყვეტილების (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 29 იანვრის №... გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობას და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას. კერძოდ, სარჩელი დაკმაყოფილდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 29 იანვრის №... გადაწყვეტილების ნაწილში და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობასთან ერთად სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ.პ-ის საჩივართან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელე ნ.პ-ის მიერ არ გასაჩივრებულა როგორც სააპელაციო, ასევე შემდგომ საკასაციო წესით, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, პალატის შეფასების საგანია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 29 იანვრის №... გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) კანონიერება და ასევე მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობა.
სადავო საკითხზე მსჯელობის მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს საკითხისადმი რელევანტურ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება - მოვალეობებს. საჯარო რეესტრი არის საჯარო - სამართლებრივი ინსტიტუტი, სადაც რეგისტრირდება ცალკეული კერძო - სამართლებრივი უფლებები, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის, საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი.
"საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო - სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტით განიმარტა, რომ სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს. კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ” პუნქტით სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მარეგისტრირებელ ორგანოს ეკისრება გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა და სწორი სამართალშეფარდება, რაც კანონიერი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა. ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოს ეკისრება კონკრეტული სარეგისტრაციო დოკუმენტების (სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას) გამოკვლევაც, იმ ფარგლებში, რომელიც აუცილებელია კონკრეტულად ამ დოკუმენტების ან/და სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობის დასადგენად. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლებს ითვალისწინებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლები.
საჯარო რეესტრის როლი და მნიშვნელობა საკუთრების უფლების წარმოშობისა და ზოგადად სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით ძალიან დიდია. საჯარო რეესტრი, როგორც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო წარმოადგენს უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის ერთადერთ სამართლებრივ საშუალებას. შესაბამისად, უძრავი ქონების ბრუნვის სტაბილურობის დაცვა სწორედ რეესტრის მონაცემების სანდოობის უზრუნველყოფით ხდება. სამოქალაქო ბრუნვა სტაბილურობასთან ერთად სათანადო სიმარტივით უნდა გამოირჩეოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ბრუნვა არ შეფერხდეს ზედმეტი ტრანზაქციული ხარჯებითა და არაგონივრული დაყოვნებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნება უძრავი ქონების ეფექტიანად განკარგვას. სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს საკუთრების უფლებით სარგებლობასა და განკარგვაზე ზედმეტი ბარიერების შემოღებისგან.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება №3/4/550 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საჯარო რეესტრის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს კანონიერებისა და ყველა ფაქტობრივი გარემოების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების პრინციპების დაცვით, მხოლოდ ასე შეიძლება უზრუნველყოფილი იქნას საკუთრების უფლების დაცვა. მით უფრო, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტით საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სწორედ საკუთრების უფლების სრულყოფილად რეალიზებისთვის შექმნილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ქმნის როგორც საკუთრების უფლების მოპოვების, ასევე მისით სარგებლობისა და განკარგვის საკანონმდებლო და ფაქტობრივ შესაძლებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, კასაციის ძირითადი მოტივაცია ემყარება იმ არგუმენტს, რომ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2020 წლის 26 თებერვლის №AA2020002289-05 საარქივო ცნობა არ მოიცავს რეფორმის წლებს, მასში ფიქსირდება შენობიანი მიწის ფართობი, ხოლო სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული არანაირი შენობა - ნაგებობა. ამასთან, 2020 წლის 26 თებერვლის №AA2020002289–05 საარქივო ცნობით გათვალისწინებული შენობიანი მიწის ფართობიც უკვე რეგისტრირებულია (... დაყოფის შემდეგ - ...).
სადავო საკითხზე მსჯელობის მიზნით, საკასაციო პალატა მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა - დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია (შემდგომ − განაწილების სია) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია (შემდგომ − საგადასახადო სია), სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი.
გასაზიარებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონმდებელი („მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტით) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ ერთ - ერთ დოკუმენტად განიხილავს საკომლო წიგნიდან ამონაწერს, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, წარდგენილი იყო მხარის მიერ, აღნიშნული დოკუმენტი არ იქნა მიჩნეული საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად. სადავო აქტში არ არის მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა დამატებითი მტკიცებულების წარდგენა იყო საჭირო მოსარჩელის მიერ, რაც მოპასუხისთვის საკმარისი საფუძველი იქნებოდა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განსახორციელებლად. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ კომლისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ, საქართველოში გატარებული მიწის რეფორმის მიმდინარეობისა (1992-1999 წლები) და შემდგომ ეტაპზე, ინფორმაცია მოძიებული ვერ იქნა, არ უნდა გამხდარიყო ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უფლების დამდგენი დოკუმენტის უგულვებელყოფის საფუძველი. მართალია, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ფარგლებში ვერ იქნა მოძიებული სრულყოფილი ინფორმაცია მიწის რეფორმის მიმდინარეობისა და შემდგომი ეტაპის თაობაზე, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის მოუძიებლობად არ უნდა იქნეს მიჩნეული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძვლად. რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს აპელირებას სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ...ის არქივის 2020 წლის 26 თებერვლის №AA2020002289-05 საარქივო ცნობაში მითითებული და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის (რეგისტრირებულია 1996 წლის 26 თებერვლის №461 მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე) ნაკვეთების იდენტურობის თაობაზე, აღნიშნულზე მსჯელობის ფარგლებში სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ 1996 წლის 26 თებერვლის №461 მიღება - ჩაბარების აქტში ფიქსირდება ნ.პ-ისთვის საკუთრებაში გადაცემულ 0,13 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო ...ის არქივის 2020 წლის 26 თებერვლის №AA2020002289-05 საარქივო ცნობით დასტურდება ინფორმაცია კომლის პირად საკუთრებაში რიცხული 0,15 ჰა საკ. ნაკვეთის შესახებ. გასათვალისწინებლად მიიჩნია, რომ №461 მიღება - ჩაბარების აქტის თანახმად, მიწის ნაკვეთი (0,13 ჰა) მიეკუთვნება სახნავი მიწის კატეგორიას, ხოლო №AA2020002289-05 საარქივო ცნობაში მიწის ნაკვეთზე (0,15 ჰა) ფიქსირდება შენობა, რაც თავის მხრივ, ასევე გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთების იდენტურობას. რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული შენობა - ნაგებობა და ამასთან, 2020 წლის 26 თებერვლის №AA2020002289-05 საარქივო ცნობით გათვალისწინებული შენობიანი მიწის ფართობიც უკვე რეგისტრირებულია (ს/კ ... დაყოფის შემდეგ - ...), აღნიშნულზე საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: დადგენილია, რომ ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებით (სააღრიცხვო ბარათი №..., 1978წ.), ქ. თბილისში, ...ში, ...ის ...ის) ქუჩა №1-ში მდებარე 2420 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა - ნაგებობები (ლიტერები „ა“, „ბ“,„გ“, „დვც“) აღრიცხულია ბ.პ-ის (ლიტერ „ბ“-ს 1/2), ა.პ-ის (ლიტერ „ბ“-ს 1/2) და ო.პ-ის (ლიტერ„ა“) სახელზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 27 აპრილის №... გადაწყვეტილებით, №... საკადასტრო კოდით, დარეგისტრირდა ნ.პ-ის, ნა.პ-ის ნი.პ-ის და ო.პ-ი თანასაკუთრებაში. ამასთან, მითითებული მიწის ნაკვეთი დაიყო 1155 კვ.მ. (№...) და 1265 კვ.მ. (№...) მიწის ნაკვეთებად, რომელთაგან 1265 კვ.მ. წარმოადგენს ნ..., ნა... და ნა. პ-ების თანასაკუთრებას. №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობიც შეადგენს 2420 კვ.მ.-ს და რომელზეც განთავსებულია შენობა - ნაგებობები, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია - სარგებლობისა და საკუთრების ხელშეკრულება №21-32270, დამოწმების თარიღი 18.09.1979 წ და სააღრიცხვო ბარათი №..., აღრიცხულია 1978 წელს. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) განმარტავს, რომ 2020 წლის 26 თებერვლის №AA2020002289-05 საარქივო ცნობით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე (0,15 ჰა) განთავსებული იყო ერთი მცირე ზომის შენობა, რომელიც არსებული მდგომარეობით დანგრეულია.
შესაბამისად, საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაციას და საქმის მასალებით დადასტურებულად ვერ მიიჩნევს №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული (2420 კვ.მ.) და №AA2020002289-05 (26.02.2020 წ.) საარქივო ცნობით გათვალისწინებული (0,15 ჰა) მიწის ნაკვეთების იდენტურობას. მითითებული გარემოება არ არის გამოკვლეული და გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, რაც ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო აქტების მიღებისას მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა, სადავო საკითხი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალ სრულყოფილ შესწავლას საჭიროებს. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ საკითხის ხელახლა განხილვისა და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ფარგლებში, მარეგისტრირებელმა ორგანომ უნდა დაიცვას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, სადავო საკითხი გადაწყვიტოს მხოლოდ საქმის გარემოებებისა და არსებული მასალების სათანადო გამოკვლევის შედეგად. მოპასუხემ, საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის აუცილებელია, რომ ზუსტად მოახდინოს იმ ქონების იდენტიფიკაცია, რომელიც უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე კონკრეტულ პირს ეკუთვნის. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარის) უფლებისდამდგენი დოკუმენტი მისი გამოცემის მატერიალური და ფორმალური კანონიერების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.
საკასაციო პალატა თვლის რომ, სარეგისტრაციო სამსახურმა სადავო გადაწყვეტილება - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 29 იანვრის №... გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ, სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება).
პალატა აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. ამასთან, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.
საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა და სამართლებრივ ნორმათა საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნ.პ-ის მოთხოვნის გაბათილებისათვის საჭიროა ბევრად მეტი და მყარი მტკიცებულებების არსებობა, ვიდრე განსახილველ შემთხვევაშია წარმოდგენილი კასატორის მიერ. პალატა თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთ საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ...) საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 07 აგვისტოს N... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2025 წლის 07 აგვისტოს N... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე