დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-265(2კ-25) 15 იანვარი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. გ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. გ-ამ 2016 წლის 31 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 აპრილის №... დადგენილებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 3 აგვისტოს №1-1452 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 18 აპრილის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ განიხილა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის ა. გ-ას მიმართ შედგენილი 2015 წლის 27 ნოემბრის №... მითითება და 2015 წლის 18 დეკემბრის №... შემოწმების აქტი, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა არაერთი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მიშენება განხორციელებული იყო კანონიერად და არ არსებობდა მოსარჩელის დაჯარიმებისა და მისთვის უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის დავალების საფუძველი.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო დადგენილება არის უკანონო, ვინაიდან იგი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დარღვევით, კერძოდ, მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ მიშენება საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული იყო წლების წინ სხვა პირის მიერ, მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების შეძენამდე. ა. გ-ას მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო საჯარო რეესტრიდან გამოეთხოვა საჭირო დოკუმენტაცია, დაეთვალიერებინა შემთხვევის ადგილი. ამასთან, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ა. გ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფოსთან თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ა. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 აპრილის №... დადგენილებით ა. გ-ას მართლზომიერად დაეკისრა ჯარიმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობისათვის და მართლზომიერად დადგინდა უნებართვო ნაგებობის დემონტაჟი, რამეთუ ა. გ-ამ მითითებით განსაზღვრულ ვადაში დარღვევა არ გამოასწორა და არც მისი გამომრიცხავი ან/და საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგენია ადმინისტრაციულ ორგანოში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. გ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 აპრილის №... დადგენილება ა. გ-ას 10000 ლარით დაჯარიმების ნაწილში, ასევე, ჯარიმა ქ. თბილისში, ...ს ქ. №15-ში, ს/კ ... არსებულ შენობა-ნაგებობაზე უნებართვო მიშენების განხორციელებისათვის განისაზღვრა 8000 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში ა. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქმეში წარმოდგენილი ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ამოღებულ საინვენტარიზაციო გეგმაზე მითითებით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სადავო მიშენება წარმოებულია საინვენტარიზაციო გეგმაზე არსებული შენობისაგან დამოუკიდებლად. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტი ვერ უარყოფდა ადმინისტრაციული ორგანოს მითითებას მშენებლობის ადგილმდებარეობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე სამართალდამრღვევად სწორად იქნა მიჩნეული, თუმცა ჯარიმის ოდენობასთან დაკავშირებით პალატამ არ დაადასტურა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 აპრილის №... დადგენილების კანონიერება და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი განმარტება ჯარიმის ოდენობის თაობაზე, ემყარებოდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველ ნაწილის არასწორ განმარტებას. სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია აპელანტის მიმართ ჯარიმის 10000 ლარის ოდენობით გამოყენება და მიიჩნია, რომ ჯარიმის ოდენობის განსაზღვრა უნდა მომხდარიყო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 აპრილის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო პალატამ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ სახელმწიფო თანასაკუთრების ობიექტზე ნაწარმოები უნებართვო მშენებლობა სამართალდარღვევის ჩამდენი პირის 10000 ლარით დაჯარიმების წინაპირობას წარმოადგენდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო პალატის არგუმენტაცია მოსარჩელისათვის დაკისრებული ჯარიმის 8000 ლარამდე შემცირების თაობაზე და მიიჩნია, რომ სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფოს თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე ჩადენილი სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომის იმპერატიულად განსაზღვრის პირობებში, არ არსებობდა მოსარჩელისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელის ოდენობის - 10000 ლარის 8000 ლარამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა 2019 წლის 18 სექტემბერს მიღებულ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებას ითვალისწინებდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირისთვის, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლები იყო, აგრეთვე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილისთვის. საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ა. გ-ა არის როგორც სოციალურად დაუცველი, აგრეთვე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებლის პერიოდული ცვალებადობის გამო, საჭირო იყო საქმეში არსებული 2016 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით დადგენილი სარეიტინგო ქულის სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროისათვის გადამოწმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ა. გ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 აპრილის №... დადგენილება ა. გ-ას 10000 ლარის დაჯარიმების ნაწილში და ა. გ-ა გათავისუფლდა ადმინისტრაციული სახდელის, ჯარიმის 10000 ლარის გადახდის ვალდებულებისგან. დანარჩენ ნაწილში ა. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა ჩადენილია 2019 წლის 15 იანვრამდე, ასევე, სადავო აქტი - 2016 წლის 18 აპრილის №... დადგენილება კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. ამასთან, სააპელაციო პალატის მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე ა. გ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი (რეგისტრირებულია 2003 წლიდან), ხოლო სოციალურ დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, ა. გ-ას ოჯახის აქტიური სარეიტინგო ქულა შეადგენს 69740 ერთეულს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამშენებლო სამართალდამრღვევი პირის - ა. გ-ას მიმართ უნდა გავრცელებულიყო „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის №4964-Iს საქართველოს კანონით დადგენილი შეღავათი და ა. გ-ა გაათავისუფლა დაკისრებული ჯარიმის - 10000 (ათი ათასი) ლარის გადახდის ვალდებულებისაგან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი ადმინისტრაციული ორგანოები არ ეთანხმებიან მიღებულ გადაწყვეტილებას და მიუთითებენ, რომ ბუნდოვანია მოსარჩელის ადმინისტრაციული სახდელის - ჯარიმის (10000 ლარის) გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება იმ პირობებში, როდესაც სასამართლო ადგენს აქტის უკანონობას ჯარიმის დაკისრების ნაწილში. კასატორები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს. კასატორები დამატებით აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლოს, საკასაციო პალატის მითითების გათვალისწინებით, უნდა ემსჯელა ა. გ-ასთვის მხოლოდ ფაქტობრივად დასაკისრებელი ჯარიმის სხვაობის - 2000 ლარისაგან გათავისუფლებაზე და არა სახდელის გადახდისაგან სრულად გათავისუფლებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დეტალურად გასცეს პასუხი მხარის თითოეულ არგუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ არგუმენტს არ აქვს რაიმე ზეგავლენა მისი მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61). ამგვარი სახის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა განიმარტოს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფადაც (ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებსა და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. მითითებული კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის სადავო სამართალურთიერთობის პერიოდში (2016 წლის აპრილი) მოქმედი რედაქციის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ამავე ნორმის მე-4 ნაწილის „გ“ ნაწილის მიხედვით, ამ თავით არ რეგულირდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით განსაზღვრული I−IV კლასების შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული საკითხები (ამოქმედდა 2019 წლის 3 ივნისიდან).
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის 1-ელი ნაწილის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით თუ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში. ხოლო დასახელებული ნორმის მე-5 ნაწილით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. დასახელებული მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. მე-13 ნაწილის თანახმად კი, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №15-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ...) ა. გ-ასა და სახელმწიფოს თანასაკუთრებას წარმოადგენს. მითითებულ ქონებაზე ა. გ-ას საკუთრების უფლება მ. ა-ასაგან 2015 წლის 17 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა. 2015 წლის 11 ნოემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №15-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (ს/კ ...) დაათვალიერეს, რა დროსაც სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული დამხმარე ნაგებობა დააფიქსირეს. 2015 წლის 27 ნოემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ა. გ-ას მიმართ შეადგინა №... მითითება. აღნიშნული მითითებით ა. გ-ას ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა №15-ში მდებარე შენობა-ნაგებობაზე უნებართვო მიშენების დემონტაჟი ან სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა დაევალა, რისთვისაც 20 დღის ვადა განესაზღვრა. 2015 წლის 18 დეკემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტმა შეადგინა №... შემოწმების აქტი, რომლითაც ა. გ-ას მიერ 2015 წლის 27 ნოემბრის №... მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობა დააფიქსირა, რის საფუძველზეც ა. გ-ა, მიშენების უნებართვოდ განხორციელებისათვის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 აპრილის №... სადავო დადგენილებით 10000 (ათი ათასი) ლარით დაჯარიმდა. ამავე დადგენილებით მას განხორციელებული მიშენების დემონტაჟი დაევალა.
დადგენილია, რომ ა. გ-ამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 აპრილის №... დადგენილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. საჩივარში საჩივრის ავტორი აღნიშნავდა, რომ იგი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, ასევე, სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედა, ცხოვრობს ნათესავთან, სადაც ააგო შენობა-ნაგებობა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ შეძლებდა დაკისრებული ჯარიმის გადახდას.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 3 აგვისტოს №1-1452 ბრძანებით ა. გ-ას 2016 წლის 28 აპრილის №154697/12 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 აპრილის №... დადგენილება. ბრძანებაში მიეთითა, რომ გასაჩივრებული დადგენილება კანონიერია, შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე და 25-ე მუხლებს, ასევე, „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 47-ე, 74-ე, და 78-ე პუნქტებს და 36-ე მუხლს. ბრძანებით ასევე განიმარტა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევების ფაქტების გამოვლენა წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ვალდებულებას და სამშენებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობა გამონაკლისებს არ ითვალისწინებდა, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას გაეთვალისწინებინა საჩივრის ავტორის სოციალური მდგომარეობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო- სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა- ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარით. ამავე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის წარმოება უძრავ ქონებაზე, რომელიც კერძო, სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის თანასაკუთრების ობიექტია, გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
საკასაციო პალატა მოიხმობს სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებას (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 03/02/2020 N 139 დადგენილებით), რომლის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტით, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. ხსენებული დადგენილების 36-ე მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. პალატა ასევე კასატორთა ყურადღებას მიაქცევს 2019 წლის 18 სექტემბერს მიღებულ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლითაც დადგინდა ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა (მუხ. 1). მითითებული კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია, აგრეთვე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი − დევნილი.
ნიშანდობლივია, რომ გარდა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის №4964-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტისა, მითითებული ნორმატიული აქტით დადგენილი შეღავათის სამშენებლო სამართალდარღვევების მიმართ გავრცელებისათვის ასევე აუცილებელია ამავე კანონით გათვალისწინებული იმ წინაპირობების კუმულაციურად არსებობა, როგორიცაა: 1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილი უნდა იყოს 2019 წლის 15 იანვრამდე; 2. ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ უნდა იყოს აღსრულებული. მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელე ა. გ-ას მიმართ დასტურდება ზემოთ მითითებული სამივე წინაპირობის არსებობა, რაც „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის №4964-Iს საქართველოს კანონით დადგენილი შეღავათის ა. გ-ას მიმართ გავრცელების შესაძლებლობას განაპირობებდა. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სადავო დადგენილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სახდელის - ჯარიმის სახით 10000 (ათი ათასი) ლარის გადახდის ვალდებულებისგან ა. გ-ას გათავისუფლების შესახებ.
რაც შეეხება კასატორთა პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით ნაცვლად საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 აპრილის განჩინებით მითითებულ გარემოებებზე მსჯელობისა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 აპრილის ხსენებული განჩინებით სრულად გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, სააპელაციო პალატა, მოსარჩელე ა. გ-ას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, უფლებამოსილი იყო სრულად ემსჯელა სააპელაციო საჩივარზე 2023 წლის 20 ივლისის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით. აღნიშნულზე თავად სააპელაციო პალატაც ამახვილებს ყურადღებას გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე